"საქართველო "
# 15 (1803)
ოთხშაბათი, 24 სექტემბერი 2003 წელნ

ჩინელი სტუდენტები ინგლისში

თუ დავუჯერებთ THE ECONOMIST-ს (მისი დაჯერება კი, ალბათ, გვმართებს), ბრიტანეთის უნივერსიტეტები ახლოდან ცუდად გამოიყურება: ზედმეტად ხალხმრავალი, სალაროდაცლილი და დემორალიზებული, მაგრამ შორიდან ისინი მიმზიდველად ჩანან, განსაკუთრებით - ჩინეთიდან, სადაც შვილებისთვის საზღვარგარეთული განათლების მიცემა ძალიან მოდაშია. ინგლისის 143 ათასი უცხოელი სტუდენტიდან 18 ათასი ჩინელია. ყველაზე უფრო ისინი ეტანებიან ბიზნესის და ბუღალტერიის შესწავლას, მეორე ადგილზე საინჟინრო სპეციალობები დგას. ფულს აკურატულად იხდიან (დაახლოებით 8 ათას ფუნტს წლიურად). პროფესორთა აზრით, ადგილობრივ სტუდენტებზე უფრო გონებამკვირცხლნი და შრომისმოყვარენი არიან. მაგრამ მათ სხვა უნდათ, ვიდრე ისაა, რასაც ბრიტანული უნივერსიტეტები სთავაზობენ. მაგალითად, მათ არ უყვართ დისკუსია აუდიტორიაში და უყვართ ზეპირობა. საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც სხვაგვარნი არიან: არ უყვართ დალევა, არ იციან საჭმლის მომზადება (განსაკუთრებით, თუ ერთშვილიან ოჯახს ეკუთვნიან, რაც ჩინეთში წესია, და ამით განებივრებულნი არიან), მით უფრო, რომ შინ წასაღები საჭმელი ძალიან იაფია. იმდენად მცირედ ეკონტაქტებიან ინგლისელ კოლეგებს, რომ საყოფაცხოვრებო ინგლისური ავიწყდებათ იმასთან შედარებით, რაც მანამდე იცოდნენ. ინგლისურად მეტყველებისას ყოვნდებიან სიტყვების შესარჩევად და ხშირად სულაც დუმან, რითაც ნერვებს უშლიან სხვებს. შინ მიჩვეულნი არიან იმას, რომ აუდიტორიის გარეთ პროფესორი და სტუდენტი ტოლებივით არიან. ინგლისში რომ ეს ურთიერთობა სხვაგვარია, ეუცხოებათ. ინგლისის და სხვა ინგლისურენოვანი ქვეყნების, მაგ. ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის უნივერსიტეტები დაინტერესებულნი არიან იმაში, რომ მოერგონ თავის ამ მრავალრიცხოვანი მუშტრების გემოვნებას.

არანაკლებ პოპულარულია, მაგრამ ბევრად უფრო ძვირია ჩინელი ბაშვების სწავლება საზღვარგარეთულ სკოლა-ინტერნატებში. ამ ხარჯის გაღება მხოლოდ ძალიან შეძლებულ ჩინელებს შეუძლიათ - როგორც თეთრი, ისე შავი ფულის პატრონებს. გასაგზავნი ბავშვები, ჩვეულებრივ, ერთშვილიანი ოჯახის შვილები არიან ხოლმე (ამას მოითხოვს კანონი ქალაქელი ოჯახებისაგან), რომლებსაც მშობლები ზედ დაჰკანკალებენ, და ძალიან განებივრებულნი არიან, რის გამოც აუარებელ ფულს ფლანგავენ ხოლმე. ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც საზღვარგარეთ ინტერნატში სწავლას მიმზიდველს ხდის მშობლებისათვის ისაა, რომ საზღვარგარეთ აღებული ატესტატი დიდად უწყობს ხელს ჩინეთშივე უნივერსიტეტში შესვლას, სადაც ძალიან მძიმე საგამოცდო პროგრამაა ხოლმე.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2003 წელი

მოგვწერეთ opentext@flashmail.com