|
"საქართველო "
"ჩურჩული" და შიდაპოლიტიკური ზრდილობა (აშშ-ს პოლიტიკის შინასამზარეულოს გამო)
ჯანსაღ საზოგადოებაში აზრებიც განსხვავებულია და პოზიციებიც. დაპირისპირებები, ეჭვები, უნდობლობა არსებობს და არ იმალება. მაგრამ საზოგადოების ძალა იმაშია, რომ ურთიერთმოპირისპირეები და ურთიერთმოეჭვეები საზოგადოების ერთიან დემოკრატიულ სტრუქტურაში ორგანულად ეწერებიან და ერთიანი კანონის ჩარჩოებში ერთიანი სახელმწიფოებრივი მიზნის სასარგებლოდ მოქმედებენ. შეერთებულ შტატებში რამდენიმე ძლიერი ეთნიკური და რელიგიური თემი არსებობს. მათი შინაგანი სოლიდარობა დიდია და, მაშასადამე, მათი ურთიერთგანსხვავებულობის ხარისხიც. მაგრამ დიდია მათი მაკავშირებელი სახელმწიფოებრიობის ფაქტორიც, რომელიც მათი შეწყობილი პროდუქტიული მოქმედების გარანტიას ქმნის. მკითხველს გავაცნობთ (შემოკლებით) ამ თემისადმი მიძღვნილ წერილს ბრიტანული თHE EჩONOMIშთ-ის ერთი აწ უკვე დროგადასული ნომრიდან, რომელიც ამ თემისადმი ფაქიზი მიდგომის ნიმუშსაც წარმოადგენს და ტონის შერჩევისასაც. როცა მეგობრების შინაგან პრობლემებზე მსჯელობთ, საუბარი ეხება პოლიტიკური საზოგადოებრიობის დამოკიდებულებას "ახალი კონსერვატორების", ანუ ბუშის ყველაზე ახლობელი ჯგუფის პოლიტიკისადმი, რომელიც (ეს ჯგუფი) ძირითად ებრაული წარმოშობისა და სარწმუნოების ამერიკელებისაგან შედგება. "ჯიმ მორანს, დემოკრატ კონგრესმენს ვირჯინიის შტატიდან ენამახვილის რეპუტაცია აქვს. მაგრამ მისი ბოლო BON MOთ (მოსწრებული სიტყვა. რედ.) შეიძლება სავარძლად დაუჯდეს. 3 მარტს ამ ირლანდიელმა კათოლიკემ თქვა, ერაყის მოახლოებული ომი შეიძლება ამერიკელი ებრაელების მოწყობილი იყოსო. "ებრაული თემის მძლავრი მხარდაჭერა რომ არა, შეიძლება ერაყში ომისკენ საქმე არც წასულიყოო". "მისტერ მორანის ამ კომენტარის მისვლას ვაშინგტონის პოლიტიკის მთავარი ნაკადის ყურადღებამდე დიდი დრო დასჭირდა და ამ ხნის მანძილზე ავტორმა უკვე მრავალი ბოდიში მოიხადა. მაგრამ იგი დღესაც ყველა აღმსარებლობის რესპუბლიკელებისა და დემოკრატების კრიტიკის ქარცეცხლში დგას. რეაქცია, რომელმაც უკვე მოიცვა ადგილობრივ რაბინთა მოთხოვნები, რომ იგი გადადგეს, თეთრი სახლის საყვედურები და შეგონებები კონგრესის ლიდერთა მხრიდან, მოგვაგონებს მისისიპელი სენატორის ტრენტ ლოტის საქმეს, რომელმაც არაპირდაპირი ქება უძღვნა სეგრეგაციას და ამის გამო იძულებული გახდა რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერობიდან გადამდგარიყო. "მისტერ მორანი ამბობს, გადადგომას არ ვაპირებო. მაგრამ მის პოზიციას ასუსტებს მისი არც თუ უხინჯო პოლიტიკური ბიოგრაფია. 2001 წელს მან მკვეთრად მოიხსენია არიელ შარონი ამერიკელ მუსლიმანთა საბჭოს შეკრებაზე. მას აკრიტიკებენ იმისთვისაც, რომ, თითქოს, პოლიტიკური შემოწირულობები მიუღია (და შემდეგ დაუბრუნებია ეს თანხები) მუსლიმანური ორგანიზაციებისგან, რომლებიც ფედერალური ხელისუფლების მიერ ეჭვმიტანილები არიან ტერორისტულ ჯგფუებთან კავშირის გამო. "მისტერ მორანი მარტო როდია თავის ამ ეჭვებში იმის თაობაზე, თუ რატომაა, რომ ბუშის ადმინისტრაციაში შემავალი ამდენი "ქორი", თავდაცვის მდივნის მოადგილის პოლ ვოლფოვიცისა და პენტაგონის სათავდაცვო კომიტეტის თავმჯდომარის რიჩარდ პერლის ჩათვლით, ებრაელები არიან. თანდათანობით არაერთი მემარცხენე და მემარჯვენე საჯაროდ იწყებს იმის გამოთქმას, რასაც ერთი-ორი ზომიერი მანამდე მხოლოდ ჩურჩულით წარმოთქვამდა: რომ ერაყის ომის საქმეს წინ სწევენ "მტკიცე ხაზის" ებრაელი მომხრენი, რომელთაც უფრო აინტერესებთ ისრაელის დაცვა, ვიდრე ამერიკის ეროვნული ინტერესებისა. "მემარცხენე-ცენტრისტმა ბრიტანელმა პოლიტიკოსმა შირლი უილიამსმა, რომელიც გათხოვილია ერთ-ერთ გავლენიან ამერიკელ ინტელექტუალზე, რიჩარდ ნოიშტადტზე, ლორდთა პალატას განუცხადა, რომ "ბუშის ადმინისტრაციის პოლიტიკას გარკვეული ზომით მუხტს აძლევს ის, რასაც მე ფუნდამენტალისტური ქრისტიანული და ფუნდამენტალისტური ებრაული დაწოლა უნდა ვუწოდო - ისეთივე ძლიერი, როგორც თვით ისლამური ფუნდამენტალიზმია". რაბინ მაიკლ ლერნერს, რომელიც ებრაულ ჟურნალს "ციკკუნს" რედაქტორობს, ობსტრუქცია მოუწყეს ომისსაწინააღმდეგო თავყრილობაზე სან-ფრანცისკოში, რადგან სპონსორებმა არ ისურვეს "პროისრაელური განწყობის" ორატორის სმენა. "მემარცხენეებში ვერც ერთიდისკუსია ისე ვერ ჩაივლის, რომ ვიღაცამ არ ახსენოს "ნეოკონსერვატორთა (ბუშის ახლობელი ჯგუფის წევრთა. რედ.) მოქმედება, რომელთაც მჭიდრო კავშირი აქვს ისრაელთან და უკვე მრავალი წელია გეგმავენ ყველაფერს, რაც ახლა ხდება". ჯერ კიდევ 1996 წელს ამერიკის გამოჩენილმა ებრაელებმა, ამჟამად ბუშის მაღალმა თანამდებობის პირებმა, რომელნიც დაკავშირებულნი იყვნენ ნათანიაჰუსთან, შეადგინეს მოხსენებები და რეკომენდაციები, რომლებშიც სადამ ჰუსეინის გადაგდებას ითხვოდნენო. "მემარჯვენეებშიც ომის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიტიკოსი, პატ ბუხანანი ამერიკის პოლიტიკაში ებრაული ლობის დაუძინებელი კრიტიკოსიცაა. 1990 წელს, მისი აზრით, სპარსეთის ყურის ომის დაწყებაში დიდი როლი აქვთ ისრაელის თავდაცვის სამინისტროს და მის ამერიკელ მეგობრებს. ამჟამად მას დაარსებული აქვს ჟურნალი, რომელშიც ცდილობს კონსერვატული მოძრაობა გაათავისუფლოს ნეოკონსერვატორთა გავლენისაგან, რომელნიც ძირითადად ებრაელები არიან. წერილი მთავრდება სიტყვებით: "1930-იან წლებში, როცა ანტისემიტიზმი მოდებულიც იყო ამერიკაში და პატივცემულიც, ჩარლზ ლინდბერგი და მისი თანამოაზრენი გულს იმჯიღავდნენ და აცხადებდნენ, ებრაული ინტერესი ცდილობს, გერმანიასთან უმიზნო ომში შეგვითრიოსო. დღეს ამერიკაში სოფლის კლუბებსაც და უნივერსიტეტებსაც ხელი აღებული აქვთ (ეთნიკურობისა და სარწმუნოების მიხედვით. რედ.) ადამიანთა შეზღუდვაზე და ქვოტების დაწესებაზე. მაგრამ ზოგს ჯერ კიდევ ჰსურს ბნელი ებრაული ძალები დაინახოს, რომლებიც ამერიკელებს ითრევენ უსარგებლო საგარეო ოპერაციებში. მისტერ მორანი, ისევე როგორც მისტერ ლოტი, შემაზუხებელი შეხსენება ბრძანდება ამერიკის წარსულის ერთი ბნელი ნაწილისა".
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |