"საქართველო "
# 15 (1803)
ოთხშაბათი, 24 სექტემბერი 2003 წელნ

დარვინიზმი და მორალი (რატომ არ გადაშენდნენ ალტრუისტები?)

დარვინისტების, ტრადიციულად, დაუძლეველის შემდეგი კითხვა: ხომ ფაქტია, რომ ადამიანს, ისევე როგორც ზოგ ცხოველს, ახასიათებს სიკეთის ქმნა, რომლისთვისაც ჯილდოს ვერიღებს. როგორ ეგუება ეს ევოლუციას ბუნებრივი შერჩევის გზით? რატომ არ გაქრა დღემდე სიკეთის გენი, თუკი იგი, როგორც წესი, თავისი გარჯის საზღვაურს ვერ ღებულობს? ჩვეულებრივ პასუხი ასეთია: მე რომ სიკეთეს ვიქმ, სხვაც დაახლოებით ასევე იქმს სიკეთეს ჩემს მიმართ. მაგრამ ეს პასუხი უკმარისია, რადგან სიკეთეს ყველა ინდივიდი არ იქმს, არამედ ბევრია "მატყუარა" და მუქთა მჭამელი". ამის ახსნა, თითქოს, შემდეგია: ალბათ, არსებობს (და რეალურადაც ვხედავთ, რომ არსებობს) მატყუარისა და მუქთახორის დასჯა. მაგრამ მაშინ ჩნდება კიდევ ახალი კითხვა: დასჯას ხომ გარჯა სჭირდება. რატომ ვიხარჯები მე ამ დასჯის განსახორციელებლად (საზოგადოების ინტერესებში), როცა პირადად ჩემთვის ამის საზღაურად ვერაფერს ვიღებ?

ამ თეორიული ჩიხიდან გამოსვლა სცადა ლოს-ანჯელესელმა ანთროპოლოგმა რ. ბოდიმა. მან კომპიუტერში გაათამაშა ისეთი "საზოგადოების" ბედი, რომელიც შედგება ერთმანეთში "არსებობისათვის მებრძოლი" ჯგუფებისაგან, ხოლო ყოველი ჯგუფი შედგება სამი ტიპის "ინდივიდებისგან": "ალტრუისტებისგან", "მუქთახორებისგან" ანუ სხვათა სიკეთის გამომყენებლისაგან და სიკეთის არმქმნელისაგან, და "დამსჯელისაგან", ანუ იმისგან, ვინც სიკეთესაც იქმს და მის არმქმნელსაც "სჯის".

სანამ ჯგუფები პატარა იყო, მათ "დამსჯელებიც" არ სჭირდებოდათ, ისე ხდებოდა მათში "ალტრუისტების" გაბატონება. "მუქთახორობას" აქ დიდი ასპარეზი არ ჰქონდა. "ალტრუიზმი" კი ეხმარებოდა ამ პატარა ჯგუფს სხვა ასეთსავე ჯგუფებთან "მეტოქეობაში" და, ამგვარად, არაპირდაპირ ეხმარებოდა თავის ყველა წევრსაც, "მუქთახორას" ჩათვლით, მაგრამ როცა ჯგუფები გაზარდეს, "მუქთახორები" გაბატონდნენ (ანუ "ინდივიდის" მიერ "მუქთახორობით" მოპოვებულმა სარგებლობამ ჯამურად გადააჭარბა "ჯგუფის" მიერ ამის გამო განცდილ ზარალს. მაგრამ როცა პატარა ჯგუფებში "დამსჯელები" ჩართეს, ამან სწრაფი შედეგი მოიტანა: მათი მოქმედების ნაყოფმა - "მუქთახორობის" დართგუნვამ - სწრაფად გადაწონა ის "ხარჯი", რომელიც "დამსჯელებს" თავის ამ ფუნქციის შესრულებაში უნდა გაეღოთ. ეს ეფექტი განსაკუთრებით ძლიერია მაშინ, როცა "მუქთახორების" რიცხვი მცირეა.

ამ მონაცემებიდან პრაქტიკამდე დიდი მანძილია, მაგრამ იგი გადაულახავი არ არის. მაგალითად, დადგენილია, რომ თუ ადრე კაცობრიობაში 150-180 კაციან ჯგუფში "დამსჯელები" არ იქნებოდნენ, ამ ჯგუფში "ალტრუისტული" გენი ჩაკვდებოდა. ცჯადია, რომ სინამდვილისგან ამ კომპიუტერულ თამაშს ისღა აშორებს, რომ მისი "პერსონაჟები" ერთგვაროვან სივრცეში ცხოვრობენ, რეალური პირველყოფილი და ახალი ადამიანები კი - დასერილსა და არაერთგვაროვან გეოგრაფიულ სივრცეში, სადაც ყველა ყველას ვერ ხვდება.

THE ECONOMIST-ის ეს ცნობა ფრიად საგულისხმოა ჩვენი ქვეყნისათვის. კითხვა დგას: როგორია "ალტრუიზმის გენის" პერსპექტივა, როცა გარშემო, განსაკუთრებით კი მაღალ სართულებში საყოველთაო "მუქთახორული" გენი სუფევს?



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2003 წელი

მოგვწერეთ opentext@flashmail.com