"საქართველო "
# 2 (1790)
სამშაბათი, 28 იანვარი, 2003 წ.

საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 1 მარტის სხდომის ოქმი

1994 წლის მარტში საქართველო განახლებულ რუსულ იმპერიაში - "ესენგეში" ("დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში") შეთრეული აღმოჩნდა. ასოცდაექვსმა პარლამენტარმა ხმა მისცა დადგენილებას "ესენგეს წესდებასთან საქართველოს შეერთების შესახებ". უკვე ისტორიის სანაგვეზე მყოფი რუსული კომუნისტური იმპერიალიზმისა და მისი ქართული აგენტურის ამ უბადრუკმა ასოცდაექვსმა მონამ არა მხოლოდ ეროვნული თავმყოვარეობა დათმო, როცა თავისი ქვეყანა ფეხქვეშ გაუგდო მის ულმობელსა და უღირს ისტორიულ მტერს, არამედ ისიც ვერ გაითვალისწინა, რომ საქართველოში ხელისუფლების დემოკრატიულად შეცვლისთანავე პასუხისმგებლობა მოელის, როგორც სახელმწიფო მოღალატეს. რამდენიმე ნაძირალამ იმ ასოცდაექვსიდან სხვადასხვა დროს თავის გამართლება სცადა იმით, რომ "ესენგე" მკვდრადნაშობი გაერთიანება იყო და ასეთად დარჩა, რის გამოც მასში შესვლას საქართველოსთვის დიდი ზიანი არ მოუტანია (დანარჩენებმა დღემდე დუმილი არჩიეს). ეს არაა მართალი. თუმცა "ესენგე"-ს რუსული იმპერიის გაცოცხლება არ შეეძლო და ვერც შეძლო, და თუმცა ვერ ამუშავდა (და ვერც ამუშავდებოდა) ის მრავალნაირი კაბალური შეთანხმებები ათასნაირი საერთო "სივრცეების" შესახებ (ეკონომიკური, "სათავდავცვო", საბაჟო, ინფორმაციული და სხვა), რომლებიც ამ დროისთვის "ესენგეს" წევრებს შორის უკვე არსებობდა, "ესენგეში" ყოფნამ (რომელიც, სხვათა შორის, რუსეთს საშუალებას აძლევს, ჩვენს ქვეყანას "ახლო საზღვარგარეთი" უწოდოს და არა ნამდვილი "საზღვარგარეთი" და შესაბამისადაც მოექცეს) საქართველოს ის ზიანი მოუტანა, რომ საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზები იმყოფება, საქართველო დემოკრატიული და ზეგანვითარებული მსოფლიოს მიერ წლების მანძილზე განიხილება როგორც რუსეთის სამხედრო ეტლზე მიბმული მაჩანჩალა, და არა როგორც მოკავშირე, და, აქედან გამომდინარე, მის მიმართ ტარდება დამოუკიდებელი ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარების მშვიდობიანი შეფერხების პოლიტიკა, როგორც დღეს (დროებით) უვნებელყოფილი აგრესიული სუპერსახელმწიფოს პოტენციური ნაწილის მიმართ. "ესენგეში" საქართველოს ყოფნის წყალობით აფხაზეთში, "ესენგეს" მანდატით, რუსეთის ჯარი დგას, რომლის საფარქვეშ ომის დამთავრებიდან დღემდე გალის რაიონში ორი ათასზე მეტი ადამიანი დაიხვრიტა ან ტანჯვით მოიკლა - კაცი, ქალი, ბავშვი და მოხუცებული. ასე რომ იმ 126 პარლამენტარიდან, რომლებმაც "ესენგეში" საქართველოს შესვლას ხმა მისცეს, თითოზე 16 ადამიანის მკვლელობა მოდის.

ვაქვეყნებთ საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინოსა და ზიზღისაღმძვრელ დოკუმენტს - პარლამენტის სხდომის ოქმს, რომელიც 126 არაკაცის მიერ საქართველოს ღია ღალატით - 126 ხმით "საქართველოს "ესენგეს" წესდებასთან შეერთების" დადგენილების შესახებ.

 

ნ. ნათაძე

 

 

 

* * *

სხდომას თავმჯდომარეობს საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვ. გოგუაძე.

თავმჯდომარე. გთხოვთ დაბრძანდეთ. მოგესალმებით. მშვიდობიან დღეს გისურვებთ და შევუდგეთ მუშაობას. მოვემზადოთ რეგისტრაციისათვის. გთხოვთ ჩავრთოთ სარეგისტრაციო აპარატი. მიმდინარეობს რეგისტრაცია. ბატონო დეპუტატებო, ჩვენ რეგისტრაციას საკმაოდ ხშირად გავივლით, ალბათ. ხალხმრავალი დასწრება არის და მიუხედავად ამისა, რეგისტრაცია გაიარა სულ 122 დეპუტატმა. დარბაზში გაცილებით მეტი ჩანს. ე. ი. ზოგმა არ გაიარა ან ვერ გაიარა რეგისტრაცია.

დღეს ჩვენ ძალიან დატვირთული დღე, ძალიან დიდი პროგრამა გვაქვს. გუშინ შედგა, გარკვეული აზრით, კოლეგიის სხდომა. ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას. საინფორმაციო საშუალებები ამბობენ - ხან დაამტკიცა, ხან არ დაამტკიცაო. ეს ცნებები არ არის რეალური ცნებები, რადგან კოლეგიას, სამწუხაროდ არა აქვს დამტკიცება- არდამტკიცების, დადგენილების მიღების, კენჭისყრის პრაქტიკაც არა გვქონია ჩვენ. ყველაფერს ვაღწევდით შეთანხმებით, კონსენსუსის პრინციპით. გუშინ ვერ შევთანხმდით, უმცირესობა, - მე მგონი, ეს არის საწყენი გამოთქმა - ოპოზიცია ვთქვათ? კი, ბატონო, ოპოზიცია წინააღმდეგი წავიდა იმ ცვლილებებისა, რაც დღის წესრიგში არის. უმრავლესობამ შემოიტანა წინადადება, რომ დღეს პირველ საკითხად იყოს ის საკითხი, რომელიც არის და დარიგებული გაქვთ თქვენ ამ ცვლილებით. დანარჩენი საკითხები იყო წინა სხდომებზე დამტკიცებული და რაც დამტკიცებულია, იმას არ ამოვიღებთ, ცხადია. მაგრამ უმრავლესობა გვთავაზობს, რომ აი, უაღრესად აქტუალური საკითხი, რომელიც აღელვებს პოზიციას, ოპოზიციას, ყველას აღელვებს დღეს ეს პირველი საკითხი და, მე ვიცი, რომ აქ, ალბათ, მწვავე კამათიც გვექნება, კამათი საჭიროც არის, ამიტომ შემოთავაზებულია დღის წესრიგი. დარიგებული გაქვთ. აქ არის 26 საკითხი. ახლა არის წინადადება, რომ ვუყაროთ კენჭი დღის წესრიგის წარმოდგენილ პროექტს. განცხადებებისათვის... მე-5 მიკროფონი.

ნ. ნათაძე. განცხადება დღის წესრიგთან დაკავშირებით. ჩვენ...

თავმჯდომარე. უკაცრავად, ბატონო ნოდარ, რადიომსმენელებისათვის ყველამ გამოაცხადეთ თქვენი გვარი.

ნ. ნათაძე. ჩვენს გასულ შეხვედრაზე, რომელიც შედგა ხუთშაბათს, საკითხი, რომელიც გამოაქვს ჩვენს კომისიას, თავდაცვის კომისიას, იდგა რიგით მესამე, მესამე და უკანასკნელი საკითხი იყო ის. ორი საკითხი ჩავამთავრეთ, მესამე საკითხამდე ვერ მივედით. ეს საკითხი სპეციფიკურია და ჩემი თხოვნაა, რომ ეს საკითხი დღეს განვიხილოთ პირველად, როგორც წინა სხდომიდან დარჩენილი. მე მინდა დავასაბუთო გარკვეული ფაქტით. ეს საკითხი ეხება პატარა ცვლილებების შეტანას კანონში სხვადასხვა ხელშეკრულებების რატიფიკაციის შესახებ. მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი კომისიის აზრით, საქართველოში უცხო ქვეყნის ჯარების შემოყვანის უფლება ან საქართველოში მყოფი უცხო ჯარების ამოქმედების უფლება უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის პრეროგატივა. ახლა ფაქტი, რომლის გამოც მე გარკვეული ეჭვი მაქვს. პირველ ივნისს ამ ჩვენმა პარლამენტმა მიიღო შემდეგი დადგენილება, რომ საქართველოში რუსეთის ჯარების ყოფნას არა აქვს არავითარი იურიდიული საფუძველი, რომ ეს არის მექანიკური გაგრძელება იმ ანექსიისა და ოკუპაციისა, რომელიც მოხდა 21 წლის თებერვალში, რომ ეს ჯარები გაყვანილი უნდა იქნენ კონკრეტულ ვადაში, მითითებულია ვადა, და რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ევალება სათანადო განცხადება გაუკეთოს რუსეთის მხარეს. ეს განცხადება გაკეთდა, მაგრამ მოხდა უცნაური ფაქტი, ჩვენი დადგენილების ტექსტი არ დაბეჭდილა ქართულ ენაზე. მე ვამახვილებ ყურადღებას, არ დაბეჭდილა ქართულ ენაზე. დაბეჭდილია რუსულ ენაზე, გარკვეული ნაბიჯების შედეგად მაშინვე, მაგრამ ქართულად არ დაიბეჭდა. ჩვენს უწყებაში წერია მხოლოდ დადგენილება #125, მოცემულია ამ დადგენილების სათაური, მაგრამ ტექსტი არ არის. წერია: ტექსტი თან ერთვის. რას ერთვის, ვის ერთვის, გაუგებარია. მე სხვანაირად ვერ ავხსნი, პირდაპირ გეტყვით, ამ უკანონობის, ამ კანონსაწინააღმდეგო ფაქტს, თუ არა ტენდენციით, რომ ყველა დადგენილება, პარლამენტის ყველა აქტი, რომელიც თავისი შინაარსით ანტიიმპერიულია და რომელიც მიმართულია საქართველოს თავისუფლებისაკენ, საერთოდ მოპარული იქნეს ისტორიიდან. მე სხვა სიტყვა აქ არ მეგულება. ამიტომ მე მაქვს ეჭვი, რომ ამ საკითხის ჩავარდნა ჩვენს წინა სხდომაზე, რომლის მექანიკა ასეთი იყო, ჯერ ვიცე-სპიკერმა რჩეულიშვილმა საკმაოდ არაკორექტულად, არაკორექტული გამოთქმებითა და არაკორექტული შინაარსით, ასე ვთქვათ, გაისეირნა პარლამენტის ზოგ-ზოგი წევრის მისამართით, ამას მოჰყვა არეულობა, ამას მოჰყვა, ბუნებრივია, ემოციური რეაქცია და შემდეგ თვით პარლამენტის თავმხდომარის და სახელმწიფოს მეთაურის, ბატონ ედუარდ შევარდნაძის წინდადებით, როცა ჯერ კიდევ ნახევარი საათი აკლდა ჩვენი მუშაობის სარეგლამენტო დროს, შემოიტანა წინადადება, რომ ეს სხდომა შეწყდეს. მანამდე პატივცემული უმრავლესობის წარმომადგენლები ადგნენ, არ ვიცი წინასწარ იყვნენ დარიგებულნი თუ არა, ადგნენ და დაიწყეს გასვლა დარბაზიდან. ამიტომ ჩემი აბსოლუტურად კატეგორიული მოთხოვნა არის - ის საკითხი, ჩვენი კომისიის მიერ გამოტანილი საკითხი, დღეს განხილული იქნეს პირველი.

თავმჯდომარე. მე გთხოვთ, უფრო მოკლედ თქვით თქვენი წინადადებები. მე ჩავინიშნე და ყველას ვუყრით კენჭს. ჩვენი მექანიზმი ასეთია, ყველა წინადადებას ეყრება კენჭი. ამიტომ თხოვნაა, უფრო მოკლედ ჩამოვაყალიბოთ ჩვენი წინადადებები. მე-3, მე-4, მეორე, მე-3, მე-3 და მე-4 ისევ.

ვ. ხმალაძე. ბატონებო, მე მინდა გაგაცნოთ ფრაქცია "რესპუბლიკელების" განცხადება, რომელიც ეხება პარლამენტის მუშაობას საზოგადოდ და კერძოდ დღევანდელი დღის წესრიგსაც.

თავმჯდომარე. გამოვაქვეყნოთ.

ვ. ხმალაძე. საქართველოს პარლამენტს, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს მისაღები აქვს ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის გადაწყვეტილებები. ამ დროს კი მის შემადგენლობაში არის 2 ათეულამდე წევრი, რომლებსაც საქართველოს პარლამენტის არჩევნების დებულებისა და სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ კანონის თანახმად, ანუ იმ კანონთა თანახმად, რომლებიც შეადგენენ არსებული ხელისუფლების ლეგიტიმურობის საფუძველს, უფლება არა აქვთ იყვნენ პარლამენტის შემადგენლობაში და გავლენა მოახდინონ მის გადაწყვეტილებებზე. პირველ რიგში, ეს ის პირებია, რომლებიც დანიშნულნი არიან ხელმძღვანელ თანამდებობებზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოთა სისტემაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პარლამენტის ყოველი გადაწყვეტილება, მიღებული ამ პირთა მონაწილეობით, უკანონოდ და, მაშასადამე, იურიდიული ძალის არმქონედ ჩაითვლება. მოვითხოვთ, რომ პარლამენტმა შეასრულოს კანონი და შეუწყვიტოს სადეპუტატო უფლებამოსილება ზემოთ დასახელებული კატეგორიის პირებს. თვით მათ კი მოვუწოდებთ, ნუ გამოიყენებენ სამართლებრივ ნიჰილიზმს, ნუ დაელოდებიან პარლამენტის გადაწყვეტილებას და თავად მოიხსნან სადეპუტატო უფლებამოსილება. მე მინდა დავამატო ამას, რომ მთლიანად მხარს ვუჭერ ბატონ ნოდარ ნათაძის წინადადებას, რომ ის საკითხი, რომელიც წინა კვირაში დამტკიცებული დღის წესრიგის თანახმად რიგით დღეს პირველი უნდა ყოფილიყო, განხილულ იქნეს. მხოლოდ მანამდე გადაწყდეს ჩვენი პარლამენტის წევრების უფლებამოსილების საკითხი. გმადლობთ.

თავმჯდომარე. მე-4, მე-2, მე-3, მე-3.

ვ. ადამია. დღევანდელ სხდომაზე ერთი სასიამოვნო გარემოება ალბათ აღსანიშნავია და მითუმეტეს აღსანიშნავი იქნება, თუ ჩემს მერე გამომსვლელებიც გაუსვამენ ხაზს იმას, რომ ჩემს წინ გამოსული კოლეგების განცხადებები აბსოლუტურად მისაღები და ანგარიშგასაწევია. მე ვუერთდები მათ და მაქვს ჩემი მხრივ დამატება.

ჯერ ხაზი უნდა გავუსვა იმას, რაზეც იყო გუშინ კოლეგიის სხდომაზე საუბარი; ეს გახლდათ იმის ხაზგასმა, რომ აღნიშნული სხდომების დღის წესრიგი ამოწურული არ არის და ყოვლად გაუგებარია, პირველ საკითხად რატომ გამოდის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წესდებასთან საქართველოს რესპუბლიკის შეერთების შესახებ საკითხი და უფრო მეტ გაკვირვებას იწვევს ის, რომ საკითხი გამოაქვს სახელმიფოს მეთაურს, ბატონ ედუარდ შევარდნაძეს. გაკვირვებას იმიტომ იწვევს, რომ ჩვენ ხშირად აღვნიშნავთ ამ დარბაზში, რომ თავად ჩვენა ვართ კანონის დამრღვევნი ხშირად. ამ სპექტრში იშვიათად მოხვედრილა სახელმწიფოს მეთაური და ესოდენ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვისას ძალზე გულსატკენი იქნება, ბატონო ედუარდ, თუ თქვენ კანონის დამრღვევად მოგვევლინებით და ამჟამად ამ საკითხთან დაკავშირებით სწორედ ასეთად მოგვევლინებით, ვინაიდან საგარეო ურთიერთობის კომისიას რეგლამენტით უნდა განეხილა ეს საკითხი, ხოლო რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ეს საკითხი განხილული კომისიის სხდომაზე არ ყოფილა. რეგლამენტი გვავალდებულებს მსგავსი საკითხები კომისიის სხდომაზე იქნეს განხილული, შემდეგ კომისიამ გაგვიკეთოს მოხსენება ამაზე და თავად საკითხზე შემდგომ გადავიდეთ. არაფერს ვამბობ იმაზე, რაც ასევე რეგლამენტის უხეში დარღვევაა. დღეს შეიძლებოდა საკითხი დამდგარიყო მხოლოდ დღის წესრიგში შესწორების შეტანის თაობაზე. აქედან გამომდინარე, ბატონო ედუარდ, ჩემი უმორჩილესი თხოვნაა თავად თქვენვე მოხსნათ ეს საკითხი დღეს და იგი განსახილველად გადავიტანოთ თქვენი აშშ-დან დაბრუნების შემდგომ. ალბათ მანამ კომისიაც მოასწრებს განხილვას, ჩვენც მოვასწრებთ, დეპუტატებიც და ეს უპატივცემულო დამოკიდებულება რეგლამენტისადმი და ეს შეუსაბამობაც მოიხსნება. წინასწარ გიხდით მადლობას.

თავმჯდომარე. მე-2, მე-3, მე-3, მე-3, მე-7.

ფ. საყვარელიძე. უპირველეს ყოვლისა, ბატონო ვახტანგ, პატივცემულო სპიკერო, სიამოვნებით მინდა აღვნიშნო ჩვენი დარბაზის სიმრავლე. მე აქ ვხედავ დღეს ძალიან ბევრ უცნობ სახეს და მიხარია, რომ დღის განმავლობაში შესაძლებლობა მომეცემა გავიცნო ის დეპუტატები, ვისი გაცნობაც აქამდე ვერ მოვახერხე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს სიმრავლე გამოწვეული არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსადმი ზრუნვით.

თავმჯდომარე. რა თქმა უნდა.

ფ. საყვარელიძე. და დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ დეპუტატები, ყველა ჩვენთაგანი დღეს ძალიან გონივრულ და აწონილ გადაწყვეტილებებს მივიღებთ.

ახლა რაც შეეხება საქმის არსს. პარლამენტის მიერ დღის წესრიგი დამტკიცებულია წინა სხდომაზე, ის დღის წესრიგი დამთავრებული არ არის და ამიტომ, ბუნებრივია, დღის წესრიგი უნდა გაგრძელდეს იმ საკითხიდან, რომელზედაც ის პროვოკაციულად იქნა შეწყვეტილი. უფრო სწორად, მესამე საკითხიდან, რომელზეც ბატონი ნოდარი საუბრობდა. ამრიგად, პირველი საკითხი უნდა იყოს ეს საკითხი და შემდეგ მას უნდა მოჰყვეს ყველა დანარჩენი სხვა საკითხი. ხოლო როდესაც საკითხი ისმება, რომ ვიღაცას შემოაქვს წინადადება დღის წესრიგში ახალი საკითხის და თან პირველ საკითხად ჩასმის შესახებ, ჩვენ უნდა გავარკვიოთ, ვინ არის ეს ვიღაცა. ვიღაცას ნუ მიწყენთ, იმიტომ, რომ რამდენადაც თქვენ განაცხადეთ საკითხი შემოიტანა საპარლამენტო უმრავლესობამო, საპარლამენტო უმრავლესობა არ არის მოხსენებული არც რეგლამენტში და არც სახელმწიფო ხელისუფლების კანონში. ამდენად ეს არ არის იურიდიულად გაფორმებული რაღაც ფორმა, ორგანიზაცია და ამდენად საკანონმდებლო ინიციატივის უფლებაც არა აქვს. აქედან გამომდინარე, თვით საკითხის დასმაც კი იურიდიულად არასწორია. გთავაზობთ მესამე საკითხიდან დავიწყოთ, ე. ი. მე-3 საკითხი გახდა პირველი საკითხი ახლა, ბატონი ნოდარი რომელზედაც ლაპარაკობდა, და გავაგრძელოთ დღის წესრიგი, ტყუილად ნუ ვხარჯავთ დროს. გმადლობთ.

თავმჯდომარე. მე-5 მიკროფონი.

ნ. დევდარიანი. ბატონ ფრიდონს მე მგონი ცოტა უხერხულად გამოუვიდა. გამოდის, რომ, - საპარლამენტო უმრავლეობას დავანებოთ თავი, რომელიც იურიდიულად გაფორმებული არ არის, - ერთ დეპუტატს, დავუშვათ ფრიდონ საყვარელიძეს, მეტი უფლებები აქვს, ვიდრე დეპუტატთა ჯგუფს. მე ვფიქრობ, ისევე, როგორც ნებისმიერ დეპუტტს შეუძლია დღის წესრიგში შესწორების შემოტანა... (ხმა დარბაზიდან). მე არ გაგაწყვეტინეთ, ჩათვალეთ, რომ მე შემოვიტანე, რა მნიშვნელობა აქვს. უმრავლესობა, იცით ხომ, ვინ არის (ხმა დარბაზიდან). კი ბატონო, ჩათვალეთ, რომ მე შემოვიტანე, თუ ასე გირჩევნიათ (ხმაური დარბაზში).

თავმჯდომარე. უკაცრავად, უკაცრავად. მე-2 მიკროფონი. ადგილიდან წამოძახება არ იყოს. (ხმა დარბაზიდან). კი, ბატონო, დღის წესრიგთან დაკავშირებით მივეცი მე ეს განცხადება, მე-2 მიკროფონი.

თ. დიასამიძე. დღეს წყდება უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი. მე მიმაჩნია, რომ ამ სხდომის ტელეტრანსლაცია უნდა მოხდეს პირდაპირ და ხალხმა უნდა იხილოს, ვინ და როგორ წყვეტს თავის ბედს, რომელმაც შეიძლება განსაზღვროს საქართველოს განვითარება ათეული წლების განმავლობაში. ამიტომ მე საკითხს ვსვამ, არ ვიცი ეს რადიოთი გადაიცემა თუ არა...

თავმჯდომარე. გადაიცემა.

თ. დიასამიძე. მაგრამ არ არის საკმარისი; ცუდად არის რადიოფიცირებული საერთოდ ქვეყანა, მითუმეტეს პროვინციები და მიმაჩნია, რომ უნდა გადაიცეს ის პირდაპირ. (ხმა დარბაზიდან). შუქი შეიძლება დავზოგოთ, ამისათვის ერთი დღე, ენერგია რამენაირად გამოვძებნოთ და ხალხს ვაჩვენოთ, ჩვენ როგორ ვწყვეტთ მათ ბედ-იღბალს.

თავმჯდომარე. მოგახსენებთ. მინდა გითხრათ, რომ გუშინ უმრავლესობამაც დასვა ეს საკითხი, რომ გადავცეთ პირდაპირი ტრანსლირებით და ითქვა, რომ ამაზე ატყდება ახალი ამბავი, რომ აი ახლა მოგინდათ მაინცა და მაინც და სხვა და სხვა. რადიოტრანსლაცია მიდის, მაგრამ ეს იწერება ყველაფერი და მთლიანად გადაიცემა ტელევიზიით. შეიძლება ერთხელ კი არა, სამჯერაც გადაიცეს. მე-4 მიკროფონი.

რ. კალაძე. ბატონო პარლამენტარებო, მე ვსვამ საკითხს, კენჭისყრაზე დადგეს საკითხი საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 1-3 მარტის სხდომის დღის წესრიგის შესახებ, რომელიც წარმოდგენილია და გთხოვთ, ბატონო ვახტანგ, ვუყაროთ კენჭი.

თავმჯდომარე. გმადლობთ. მე-7. წინასწარ მინდა იცოდეთ, ვინც მიკროფონებთან დგანან, ამის შემდეგ მე არავის არ ვაძლევ სიტყვას. თანახმა იქნებით? მე-7.

თ. კოპალეიშვილი. პირველი, ბატონო ვახტანგ, მე მინდა პროცედურული საკითხი დავაყენო. არ შეიძლება ასეთნაირად, როდესაც ჩვენ დღის წესრიგი უნდა განვიხილოთ და ამ დროს ვისმენთ რაღაც განცხადებებს, რაღაც არგუმენტაციას წინა სხდომების ჩაშლისა თუ ჩაუშლელობის შესახებ. ჯერ დავამტკიცოთ დღის წესრიგი, ვუყაროთ კენჭი წარმოდგენილ ვარიანტს და შემდეგ შევიტანოთ შესწორებები, თუ ასეთი შესწორებები იქნება საჭირო.

თავმჯდომარე. კი, ბატონო.

თ. კოპალეიშვილი. ეს ერთი, მეორე. მე მინდა პარლამენტს მოვუწოდო საპარლამენტო ეთიკის დაცვისაკენ. არც ერთი გამომსვლელის მიმართ არ ყოფილა არავითარი რეაქცია, გარდა ნანა დევდარიანისა. ნანა დევდარიანი გამოვიდა და იმ წუთში მას მოჰყვა საშინელი რეაქცია. ნუ მივაყენებთ ერთმანეთს შეურაცხყოფას, არაერთხელ მითქვამს მე ეს. დავიცვათ საპარლამენტო ეთიკა. ყველას აქვს თავისი აზრის თავისუფლად გამოთქმის უფლება და ეს უფლება...

თავმჯდომარე. გასაგებია.

თ. კოპალეიშვილი. ახლა რაც შეეხება დღის წესრიგს. ის არგუმენტაცია, რომელიც აქ იყო წარმოდგენილი, რომ წინა სხდომის დღის წესრიგი ავტომატურად უნდა გადმოვიდეს. ჩვენ გუშინ, კოლეგიის სხდომაზე, მივიღეთ საკმაოდ არგუმენტირებული დასაბუთება იმის შესახებ, რომ ეს რეგლამენტით გათვალისწინებული არ არის. კოლეგიის სხდომა ყოველი კვირის დღის წესრიგს ამტკიცებს ცალ-ცალკე. ამიტომ ახლა იწყება ახალი დღის წესრიგი, ახალი კვირა და ახალი დღის წესრიგი უნდა დამტკიცდეს. ასე რომ, არავითარი ძველის გამოტანის პრაქტიკა ჩვენს პარლამენტს არ ჰქონია. მე რაც აქ ვესწრები, მაისიდან მე დეპუტატი ვარ, არც ერთხელ ასეთი პრაქტიკა არ გვქონია. მაინცა და მაინც დღეს ხდება ეს.

თავმჯდომარე. რა თქმა უნდა.

თ. კოპალეიშვილი. ახლა რაც შეეხება იმას, რომ კომისიას არ განუხილავს ეს საკითხი. ეს გასაგებია, მაგრამ შეგახსენებთ დეპუტატებს, იმავე რეგლამენტით სახელმწიფოს მეთაურს აქვს უფლება დამოუკიდებლად შემოიტანოს ესა თუ ის საკითხი და, გარდა ამისა, პარლამენტსაც აქვს უფლება კომისიის განხილვის გარეშე გამოიტანოს საკითხი და განიხილოს. გმადლობთ.

თავმჯდომარე. მე-4. (ხმა დარბაზიდან). გასაგებია, არა, ამის შემდეგ მივიღოთ ორგანიზაციული გადაწყვეტილება. ჩვენი მთავარი მექანიზმი პარლამენტის მართვისა არის კენჭისყრა. რომელ აზრსაც დაუჭერს პარლამენტი მხარს კენჭისყრის სახით, იმ გზას დავადგებით. მე გამონაკლისის წესით კვლავ ქალბატონებს... (ხმა დარბაზიდან). ვნახოთ, თუ შევწყვიტოთ, ამასაც კენჭი ვუყაროთ.

ი. სარიშვილი. ბატონო ვახტანგ, აქ ბატონმა ნოდარმა ბრძანა სრულიად სამართლიანად, რომ სხდომა ჩაიშალა და ის საკითხი უბრალოდ ამიტომ ვერ გავიდა. ამიტომ პარლამენტმა ალბათ, პირველ რიგში, თუ რაღაც სამართლიანობა არსებობს, კენჭი უნდა უყაროს იმას, წესით ესეც არ არის კენჭისაყრელი, მაგრამ ის მესამე საკითხი, იმ დღეს რაც იყო, იყოს თუ არა პირველი დღეს. ეს ერთი.

რაც შეეხება ამ პირველ საკითხს, მე არ ვიცი ახლა... ახლა მე ამაზე არ ვლაპარაკობ და როცა დაიწყება ამაზე ლაპარაკი, მაშინ უფრო ღრმად შევეხები ამ საკითხს. დღეს, ახლა ამ წუთში ჩვენი ფრაქციის სახელით, ეს არის ფრაქცია "ეროვნულ-დემოკრატი", რადიომსმენელებისათვის, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ამ საკითხის დღის წესრიგში შეტანა არანაირი შედეგების გათვალისწინებით არ შეიძლება. ამის არგუმენტაციას მოგახსენებთ მაშინ, როდესაც ამ საკითხზე იქნება საუბარი. და ახლა ძალიან გთხოვთ, საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდით ჩვენ, სუყველა, ახლა მე არ მინდა დამნაშავის დასახელება, წინა სესიაზე რაც მოხდა იმის შემდეგ და ეს რევანშისტული დაძახებები - ვისი დრო დამთავრდა და ვისი დრო არ დამთავრდა - არ არის საჭირო პარლამენტში. მასე გამსახურდია კომუნისტებს ეუბნებოდა - თქვენი დრო დამთავრდაო. და არ იყო ადამიანური და არც ის იქნება ადამიანური, ვიღაცამ რომ გვითხრას - ჩვენი დრო დამთავრდაო. არ არის ეს სწორი. ერთი და იგივე შეცდომის დაშვება არ არის საჭირო და ამიტომ ძალიან გთხოვთ, ბატონ ნოდარსაც პატივი ვცეთ, ჩვენ თავსაც პატივი ვცეთ და რის გამოც მოხდა, ჩვენი ეჭვით, იმ სხდომის ჩაშლა, იმ საკითხს ვუყაროთ ჯერ კენჭი, იყოს თუ არა ის პირველი და წესით ეს კენჭის საყრელი არც უნდა გამხდარიყო.

 



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2003 წელი

მოგვწერეთ opentext@flashmail.com