"საქართველო "
# 2 (1790)
სამშაბათი, 28 იანვარი, 2003 წ.

ებრაელები, არაბები, დასავლელები: ობიექტური ინფორმაცია - ისტორიიდან

ჟურნალ EIR მოგვითხრობს (შესაძლებელია, ტენდენციური შერჩევით, მაგრამ მაინც მოგვითხრობს) ფაქტებს უახლესი ისტორიიდან, რომლებიც დღევანდელი სისხლისმღვრელი კონფლიქტის ფონს ქმნიან.

ერთი ასეთი ფაქტია ნაწყვეტი ელიოტ რუზველტის (პრეზიდენტ ფ. დ. რუზველტის ძისა და თანაშემწის) წიგნიდან "მისეული ხედვა", სადაც მოთხრობილია II მსოფლიო ომის ეპოქის დიპლომატიური და პოლიტიკური პროცესების ეპიზოდები, რომელთაც დასავლეთის ომისშემდგომი პოლიტიკა ჩამოაყალიბეს (ეს წიგნი სსრკ-შიც გამოქვეყნდა თითქმის გამოსვლისთანავე). ერთი ეპიზოდია რუზველტისა და ინგლისის პრემიერ-მინისტრის უ. ჩერჩილის საუბარი 1941 წლის მარტში, ანუ სამი თვით უფრო ადრე, ვიდრე გერმანია-საბჭოთა კავშირის ომი დაიწყებოდა, ანუ ისეთ დროს, როცა აშშ-ი ის-ისაა აპირებს ომში ჩაბმას. საუბარი ეხება კოლონიალიზმის ბედს მომავალ მსოფლიოში (ორივე მოსაუბრემ ძალიან კარგად იცის, რომ მოკავშირენი გაიმარჯვებენ და მომავალ მსოფლიოს მოაწყობენ, როგორც საჭიროდ ჩათვლიან). აი, ეს ადგილი:

- "ლაპარაკი მამამ (პრეზ. რუზველტმა. რედ.) დაიწყო.

"რა თქმა უნდა, ომის შემდეგ სტაბილური მშვიდობის დამყარების ერთ-ერთი ძირითადი პირობა იქნება ვაჭრობის მაქსიმალური შესაძლებელი თავისუფლება. ...არავითარი ხელოვნული ბარიერები! რაც შეიძლება ნაკლები ისეთი ეკონომიკური შეთანხმებები, რომლებიც ვისმე შეღავათს აძლევს, თავისუფალი შესაძლებლობები (ეკონომიკური. რედ.) ექსპანსიისათვის...".

"ჩერჩილი მოუსვენრად ამოძრავდა თავის სავარძელში. მან მძიმე კილოთი წარმოთქვა: "ინგლისური იმპერიის სავაჭრო შეთანხმებები...

"მამამ გააწყვეტინა: "დიახ, ლაპარაკი იმპერიის ამ სავაჭრო შეთანხმებებს ეხება. მათ გამოა, ინდოეთისა და აფრიკის ხალხები, მთელი კოლონიური ახლო აღმოსავლეთისა და შორეული აღმოსავლეთის ხალხები რომ ჯერჯერობით ასე ჩამორჩენილები არიან".

ჩერჩილს კისერი აუწითლდა და იგი წინ წამოიხარა. "ბატონო პრეზიდენტო, ინგლისი წამითაც კი არ ფიქრობს, დაკარგოს თავისი მომგებიანი მდგომარეობა ბრიტანულ დომინიონებს შორის. ვაჭრობა, რომელმაც ინგლისის სიდიადე შექმნა, გრძელდება, და იგი გრძელდება იმ პირობებით, რომლებსაც ინგლისის მინისტრები განსაზღვრავენ".

მამამ დინჯად მიუგო:

"დიახ, უინსტონ, სწორედ აქ სადღაც, ამ თემის მიდამოებშია, ალბათ, ჩვენი უთანხმოების პუნქტი. მე უყოყმანოდ მწამს, რომ თუ ჩვენ გვიწერია ოდესმე მივაღწიოთ მყარი მშვიდობის მოპოვებას, იგი უნდა მოიცავდეს ჩამორჩენილი ქვეყნების განვითარებას. რა უნდა მოვიმოქმედოთ ამისთვის? ამას ვერ გავაკეთებთ მეთვრამეტე საუკუნის მეთოდებით".

"ვინ ამბობს, მეთვრამეტე საუკუნის მეთოდებითო?"

"თქვენი ყველა მინისტრი, რომელიც ისეთ პოლიტიკას გვირჩევს, როდესაც კოლონიური ქვეყნიდან წამოვიღებთ ნედლეულს, მაგრამ სამაგიეროს არაფერს მივცემთ იმ ქვეყნის ხალხს. მეოცე საუკუნის მეთოდები გულისხმობს ინდუსტრიის შეტანას ამ კოლონიებში. მეოცე საუკუნის მეთოდები მოიცავს ხალხთა სიმდიდრის გაზრდას მათი სასიცოცხლო სტანდარტის ამაღლების გზით, მათი განათლების, მათში სანიტარიის შეტანის გზით, იმის უზრუნველყოფით, რომ თავისი ნედლეულის სანაცვლოდ მათ რაღაცა მიიღონ..."

პრემიერ-მინისტრს აპოპლექსიის ფერი დაედო.

"თქვენ ახსენეთ ინდოეთი" - ამოიღრინა მან.

"დიახ, მე ვერ დავიჯერებ, რომ ჩვენ შეგვიძლია ვეომოთ ფაშისტურ მონობას და ამავე დროს არ ვიმუშაოთ ხალხთა განთავისუფლებისათვის ჩამორჩენილი კოლონიური პოლიტიკისაგან მთელ მსოფილოში... მშვიდობა შეუთავსებელია რომელიმე დესპოტიზმის გაგრძელებასთან. მშვიდობის სტრუქტურა მოითხოვს და მიაღწევს ხალხთა თანასწორობას".

როგორ უნდა განვითარებულიყო დეკოლონიზაციის ამერიკული პროგრამის და კოლონიალიზმის შენარჩუნების იმ (იმ დროს ჯერ კიდევ არსებული) ბრიტანული პროგრამის დაპირისპირების ფონზე მოვლენები ახლო აღმოსავლეთში და, კერძოდ, დღევანდელი იზრაელის რეგიონში? EIR-ის ავტორი, საუდიელი არაბი ჰუსეინ ალ-ნაზიმი შეგვახსენებს, რომ ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში ამერიკელები ახლო აღმოსავლეთს განიხილავდნენ, როგორც ინგლისურ ინტერესთა სფეროს და მხოლოდ მას შემდეგ, რაც I მსოფლიო ომის დამთავრებიდან რამდენიმე წლის თავზე საუდის არაბეთში ნავთობის ზღაპრული მარაგი აღმოჩნდა, დაიწყო მათი აქტიური შეღწევა ამ ზონაში. ამერიკელების უპირატესობა ამ პროცესში ის არის, რომ მათ შეუძლიათ სამჯერ მეტი შეაძლიონ ნავთის პატრონ ქვეყანას, ვიდრე ინგლისელები აძლევენ, და ისინი ასეთ ქვეყანას ელაპარაკებიან როგორც პარტნერს, და არა კოლონიას ან დომინიონს. II მსოფლიო ომის დროს უკვე მიმდინარეობს სისხლიანი ბრძოლა ებრაელ ახალმოსახლეებსა და ადგილობრივ, არაბ მაცხოვრებლებს შორის. ინგლისს, რომელმაც პალესტინა 1917 წელს დაიკავა, არაბი ავტორის სიტყვით, ორმაგი პოლიტიკა ჰქონდა: ერთის მხრივ, იგი ებრაელებს ჰპირდებოდა ებრაული სახელმწიფოს შექმნას ებრაელთა ისტორიულ მიწაზე (ანუ სიონიზმის მიზნის განხორციელებას), ხელს უწყობდა და უშვებდა ებრაელების შემოსახლებას ევროპიდან და წვრთნიდა ებრაულ სამხედრო კადრებს, მეორეს მხრივ იგი აღუთქვამდა არაბებს დამოუკიდებლობას და ამ რეგიონში (ახლო აღმოსავლეთში) ერთიანი არაბული სახელმწიფოს შექმნას. შემდეგში თანდათანობით გაირკვა, რომ ინგლისელთა დაპირებებში რეალური პირველი იყო (ებრაელებისადმი დაპირება), და არა მეორე, მაგრამ არა იმდენად რეალური, რომ ინგლისელებსა და ებრაელებს შორის წინააღმდეგობა არ არსებულიყო. კარგა ხნის განმავლობაში და კარგა მწვავედ ებრაელებს ბრძოლა ჰქონდათ არა მხოლოდ არაბებთან, არამედ ინგლისელებთანაც, მანამდე, სანამ ინგლისელების შეიარაღებული ძალები საბოლოოდ გავიდოდნენ ამ რეგიონიდან და იზრაელის სახელმწიფოს შექმნა გამოცხადდებოდა (1948 წ.).

ებრაელების ლოგიკურად შესაძლებელ ორ პოზიციას თავისი ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხში უაღრესად ურთიერთპოლარული ხასიათი აქვს. ერთია: "არაბებმა არ ისურვეს დათანხმება იმაზე, რომ აქ ებრაულმა სახელმწიფომ იარსებოს. მათ დღესაც ჩვენი და ჩვენი სახელმწიფოს ფიზიკური განადგურება სწადიათ. ამიტომ ჩვენი შესაძლებელი პოლიტიკა ერთია: თავის ძალით დაცვა და დარტყმაზე დარტყმით პასუხი, უფრო მეტიც - არაბებისათვის თვით დარტყმის შესაძლებლობათა წართმევა მათი ორგანიზაციული და ტექნიკური ინფრასტრუქტურის წინასწარვე განადგურების სახით". მეორეა: "უნდა დავაღწიოთ თავი იზოლაციას ამ რეგიონში. უნდა არაბებთან თანაცხოვრების გზა ვიპოვოთ, ერთობლივი ეკონომიკური ინტერესების (ერთობლივი წამოწყებების) შექმნის ჩათვლით უნდა დავუშვათ პალესტინაში არაბული სახელმწიფოს შექმნაც". საქმის არსის გასაგებად უნდა გავითვალისწინოთ, რომ პრემიერ-მინისტრი ისჰაკ რაბინი, რომელიც მოკლეს იმის გამო, რომ მეორე არჩევანი გააკეთა და მის პრაქტიკაში გატარებას ცდილობდა, ადრე იყო თავდაცვის მინისტრი და არჩევანის პირველი ვარიანტის გატარებას ცდილობდა ცეცხლითა და მახვილით, მისი პოზიციის შეცვლა, EIR-ის ავტორის ჰ. შლანგერის სიტყვით (რომელშიც იგი რაბინის ქვრივის მემუარებსაც იმოწმებს) განაპირობა იმის დანახვამ, რომ ძალით მოწინააღმდეგე არ ტყდება (პირიქით, მწარდება), ერთის მხრივ, და თვით ებრაული პერსონალი არაა ფსიქოლოგიურად განწყობილი საიმისოდ, რომ რეპრესიული პოლიტიკა თავის ცხოვრებაში სისტემად აქციოს. ამავე დროს იზრაელის პოლიტიკისათვის მის ყველა ეტაპზე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ქვეყნის საგარეო პრესტიჟის ინტერესები: მას არ ჰსურს, რომ უცხოელთა თვალში (ისევე როგორც თავის საკუთარ თვალში) დათმოს ჰუმანური და დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი.

ფაქტორთა ამ რთული კვანძის არსებობის პირობებში საინტერესოა მოვიყვანოთ ისეთი გაწონასწორებული და ინფორმირებული ჟურნალის აზრი, როგორიცაა THE ECONOMIST. იზრაელის, არაბებისა და დასავლელების ურთიერთობას იგი, ზოგად ხაზებში, ასე აფასებს (ამერიკული და ევროპული პოზიციების საკმაოდ მკაფიო ურთიერთგამიჯვნით).

თუ პალესტინელი "თავისმკვლელი ტერორისტების" სისხლიანმა მოქმედებამ ებრაელი მოსახლეობის წინააღმდეგ ევროპელ მთავრობათა მხრიდან მკაცრი დაგმობა გამოიწვია, სამაგიეროდ ებრაელთა მკაცრმა საპასუხო დარტყმებმა და, განსაკუთრებით, მათმა უარმა, რომ არაფატის წარმომადგენლები გაუშვან ტონი ბლეირის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე ლონდონში, რომელსაც მიზნად ჰქონდა მშვიდობის გზათა ძიება. ინგლისელები ყოველ ნაბიჯზე ლამობენ იმის ცხადყოფას, რომ არ არიან ამერიკელთა კუდები და რომ სავსებით სერიოზულად ეკიდებიან პალესტინაში მშვიდობის აღდგენის პრობლემას. ასეთია ზოგადად ევროპელთა პოზიცია ამერიკელებისგან განსხვავებით, რომლებიც - ასე ჩანს - უსიტყვოდ ემხრობიან იზრაელს და თანხმობას უცხადებენ მის ქმედებას ისე, როგორც თვითონ ჰსურს. დღეს კამათი იმდენად შორსაა წასული, რომ როგორც არაბები არიან დარწმუნებულნი, რომ ამერიკელები იზრაელს ემხრობიან, ისე არიან ებრაელები, ლამის, დარწმუნებულნი, რომ ევროპა არაბებს ემხრობა. და ამით მათ ტერორისტებს ახალისებს. ებრაელები ევროპელებს ბრალად სდებენ "ორმაგი სტანდარტების" გამოყენებას ადამიანთა უფლებების დაცვის საქმეშიც. როცა ისინი მკაცრად გმობენ ებრაულ რეპრესიებს პალესტინელებთან მიმართებაში, მაგრამ უყურადღებოდ ტოვებენ არც თუ იშვიათად არაბულ სახელმწიფოთა არადემოკრატიულ მოქმედებას საკუთარ დისიდენტებთან ურთიერთობაში. ამ ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ თუ ამერიკელები იზრაელს 55 ქულას აძლევენ (ასი შესაძლებლიდან), როგორც ადამიანის უფლებათა პატივისმცემელ სახელმწიფოს, ევროპელები აძლევენ მხოლოდ 38 ქულას, იმ დროს როცა ერაყს 25 ქულას აძლევენ.

ყოველივე ამის შედეგად დღეს ებრაელებში გავრცელებულია აზრი, რომ ევროპა - ეს "ჰოლოკასტის" ("ყოვლად დაწვის" - ასე ეწოდება ჰიტლერის მიერ ჩატარებულ გენოციდს ებრაელთა მიმართ) ჩამდენი ერთადერთი კონტინენტი - დღესაც გაჟღენთილია ანტიებრაული განწყობილებით. ის ფაქტი, რომ გახშირებულია სინაგოგების ხელყოფა და სხვა ანალოგიური აქციები, ჟურნალის აზრით, ამგვარი დასკვნის საფუძველს არ იძლევა (რადგან მათი ავტორები ევროპაში მაცხოვრებელი ახალგაზრდა მუსლიმანები არიან). მაგრამ ჟურნალი ფიქრობს, რომ ევროპელთა კრიტიკულ პოზიციას იზრაელისადმი სხვა, უფრო ღრმა საფუძველი აქვს: მათ ვერ უპატიებიათ ებრაელებისათვის ის, რომ 1948 წელს თავისი სახელმწიფოს შექმნით ლტოლვილები შექმნა, 1967 წელს ტერიტორიები შეიმატა და ამჟამად იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ებრაულ დასახლებებს ქმნის (ანუ ვერ უპატიებიათ ის, რაც სიონიზმის, როგორც ებრაული სახელმწიფოს აღდგენის კონცეფციის, დედაძარღვია). მათ მიაჩნიათ, რომ კლინტონისეული წინადადება - "დათმეთ მიწა მშვიდობის ფასად" - მათ უნდა მიეღოთ.

დღეს, ჟურნალის სიტყვით, არსებობს აზრი, თითქოს მშვიდობა დამყარდება, თუ ამერიკელებმა ცოტა "შეჭეჭყეს" ებრაელები და ევროპელებმა მეტ-ნაკლებად "ჩაუშვეს" პალესტინელები. შობის წინა დღეებში ამერიკელები და ევროპელები თითქოს შეთანხმდნენ იმაზე, რომ მოინახება რაღაცა შუალედური გარიგება, რომლის თანახმადაც სამ წელიწადში შეიქმნება პალესტინური სახელმწიფო. არის აზრიც, რომ საქმე გაადვილდება სადამ ჰუსეინის მეორე დამარცხების ფონზე. მაგრამ ჟურნალის აზრით, ეს არარეალისტურად სხივოსანი იმედია. თუ თვით არაფატს არ უნდა - ან არ შეუძლია - პალესტინელები დაითანხმოს მშვიდობაზე, როგორ შეძლებენ ამას ევროპელი დიპლომატები? მეორე მხრივ, ამერიკელებსაც მიაჩნიათ, რომ ევროპელების წარმოდგენა მათს უნარზე, იზრაელი ამა თუ იმ დათმობაზე დაითანხმონ, ძალიან გაზვიადებულია.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2003 წელი

მოგვწერეთ opentext@flashmail.com