"საქართველო "
# 4
25 თებერვალი - 11 მარტი, 2003 წელი

საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 1 მარტის სხდომის ოქმი: საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო დოკუმენტი

გაგრძელება. დასაწყისი "საქართველო" #1, 2 2003 წ.

თავმჯდომარე. უკვე საკმარისია, საკმარისი.

ნ. ნათაძე. რაც სამართლებრივ სახელმწიფოში გამორიცხულია, ამის კვალიფიკაცია გითხარით რა არის?

თავმჯდომარე. საკმარისია. ვუყაროთ კენჭი. გამორთეთ. ვუყაროთ ბატონ ნათაძის წინადადებას კენჭი. საკმარისია. რაღაც ზღვარი ხომ უნდა ჰქონდეს ლაპარაკს, ბატონო ნოდარ!

ნ. ნათაძე. რას ჰქვია, საკმარისია.

თავმჯდომარე. ვუყაროთ კენჭი ბატონ ნათაძის წინადადებას. ვინ არის მომხრე, რომ მის მიერ დასმული საკითხი იყოს პირველ საკითხად? (კამათი დარბაზში). ყურადღება. გთხოვთ, ვუყაროთ კენჭი. მე-4 მიკროფონი, კი ბატონო.

გ. ბარამიძე. ბატონო ვახტანგ, ძალიან გთხოვთ, კარნახის საფუძველზე ნუ მიგყავთ სხდომა, ეს შენიშვნაა, პირველ რიგში. რატომ? იმიტომ, რომ შესვენება ჩვენ ავიღეთ და ეს თქვენ უნდა გხსომებოდათ. ახლა, რაც შეეხება თვითონ პროცედურას. ჩვენი აზრით, პროცედურა თავიდანვე წავიდა არასწორად. რატომ? იმიტომ, რომ როგორც წესი, დღის წესრიგს მთლიანობაში ეყრება კენჭი მხოლოდ იმ სახით, როგორითაც მას წარმოადგენს კოლეგია. კოლეგიამ დღის წესრიგში არ შეიტანა პირველ საკითხად "სნგ"-ში შესვლის რატიფიკაცია. აქედან გამომდინარე, მაგ საკითხის გარეშე უნდა გამოტანილიყო დღის წესრიგი დასამტკიცებლად.

თავმჯდომარე. გასაგებია.

გ. ბარამიძე. ამას ამაგრებს ბატონი ედუარდის გამოსვლა იმასთან დაკავშირებით, რომ საკითხი არის უაღრესად მნიშვნელოვანი. უაღრესად მნიშვნელოვან საკითხს მხოლოდ და მხოლოდ კანონიერი გადაწყვეტილება თუ გადაწყვეტს.

თავმჯდომარე. გასაგებია.

გ. ბარამიძე. ვინაიდან პარლამენტი მიჩვეულია ნახევარფაბრიკატულ მუშაობას, რომლის ყველაზე უარესი შედეგი არის ჩვენი მინისტრთა კაბინეტი, რომელიც ერთგვარი ნახევარფაბრიკატია თავისი კანონიერების თვალსაზრისით, ამას ნუღარ გავაკეთებთ.

თავმჯდომარე. ბატონო გია...

გ. ბარამიძე. ერთი წუთით, ბატონო ვახტანგ, სულ თქვენ ლაპარაკობთ. (ხმა დარბაზიდან). კანონის თვალსაზრისით...

(ყვირილი დარბაზიდან: რა უფლება აქვს ასე რომ ლაპარაკობს).

გ. ბარამიძე. ბატონო თამაზ, თქვენ ლიტერატორი ბრძანდებით, მე ვთქვი...

(ყვირილი დარბაზში).

თავმჯდომარე. მოითმინეთ, დაწყნარდი.

(კამათი დარბაზში).

გ. ბარამიძე. ბატონო თამაზ, თქვენ ლიტერატორი ბრძანდებით. მე ვთქვი, რომ კანონის თვალსაზრისით არის ნახევარფაბრიკატი და რატომ? იმიტომ, რომ დამტკიცება სჭირდება დანიშნულ მთავრობას. ძალიან ჩვეულებრივი იყო ჩემი აზრი და არანაირი შეურაცხყოფა არ არის მასში.

თავმჯდომარე. მოვემზადოთ კენჭისყრისათვის, საკმარისია.

გ. ბარამიძე. არ არის საკმარისი. მერე ხმალაძის საკითხი უნდა განვიხილოთ. მერე თავისი შინაარსიდან გამომდინარე ბატონი ნოდარის საკითხი უნდა გამოვიდეს იმიტომ, რომ წესი რატიფიკაციის შესახებ უნდა უსწრებდეს რატიფიკაციას. ჩვენ ხომ არ ვმალავთ ჩვენს დამოკიდებულებას "სნგ"-დმი. რაც შეეხება ბატონი ედუარდის გამოსვლას, მან ვერ დაგვარწმუნა, რომ საკითხი მაინცა და მაინც დღეს არის განსახილველი. ემოცია ასეთ საკითხს არ უხდება, ბატონო ედუარდ. მხოლოდ და მხოლოდ ემოციები იყო თქვენი არგუმენტები.

თავმჯდომარე. კარგით. ახლა კენჭი ვუყაროთ ბატონ ნათაძის წინდადებას, ვინც არის მომხრე, გთხოვთ, დავუჭიროთ მხარი.

გ. ბარამიძე. კაცო, ჩვენ ვითხოვთ, რომ კანონიერად ვუყაროთ კენჭი ყველაფერს.

თავმჯდომარე. კარგით, გამორთეთ რა. კანონიერად ვუყრი, დიახ, დაბრძანდით.

(ხმა დარბაზიდან: ჯერ კოლეგიის მიერ მიღებულ დღის წესრიგს ვუყაროთ კენჭი). მოითმინეთ რა, კაცო. კენჭი ეყრება. ვინ არის მომხრე ბატონი ნოდარ ნათაძის წინადადებისა. დაუჭირეთ მხარი, ვისაც გნებავთ. გთხოვთ, ჩართოთ (მომხრეა 70, წინააღმდეგი 89, შეიკავა 7-მა. 166).

ახლა, მე მინდა, გთხოვოთ, არის კიდევ ერთი წინადადება, "რესპუბლიკელების" წინადადება, ვუყაროთ კენჭი. შევიტანოთ, თუ არა დღეს განსახილველად?

(ხმაური დარბაზში). ნუ ყვირიხართ. მე-5 მიკროფონი. განმარტებისათვის ბატონი ქართლოს ღარიბაშვილი.

ქ. ღარიბაშვილი. ბატონებო... (ყვირილი დარბაზში).

თავმჯდომარე. დაწყნარდი. (ყვირილი დარბაზში).

ქ. ღარიბაშვილი. ბატონებო, ახლა აქ ლაპარაკი იყო დიქტატის შესახებ, მაგრამ დიქტატის პირობები უფრო თქვენგან მოდის, ვიდრე ჩვენგან. ამიტომ პარლამენტში არსებობს... პარლამენტი იმიტომ არის პარლამენტი, რომ აქ არსებობს ერთადერთი გზა საკითხის გადაწყვეტისა. (ხმაური დარბაზში). ეს არის კენჭისყრის პროცედურა. თუ აქეთ მხარეს უმრავლესობაში ვარ და მაქეთ მხარეს, უმცირესობაში ხართ, ეს არც ჩვენი ბრალია და არც თქვენი. ახლა მე მინდა კანონი წავიკითხო, ამ კანონის შედგენაში უმცირესობის, ოპოზიციის წარმომადგენლებს, კერძოდ, დღევანდელი რესპუბლიკური ფრაქციის წარმომადგენლებს ლომის წილი მიუძღვით. (ხმა დარბაზიდან: სწორია). მე თავიდან, როდესაც ეს სახელმწიფო ხელისუფლების კანონი იხილებოდა, ასეთი რედაქციის წინააღმდეგი ვიყავი, რაც ახლა მინდა წაგიკითხოთ. მაგრამ კანონი, როგორც თქვენ ამბობთ, და ეს ასეა, კანონი არის კანონი. მე ხელში მიჭირავს კანონი, რომელსაც ჰქვია: სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ. ამ კანონში დაფიქსირებულია მუხლი მე-9, ბოლო აბზაცი, "დეპუტატის უფლებამოსილება შეიძლება შეწყდეს მხოლოდ პარლამენტის მოტივირებული დადგენილებით დეპუტატის გადადგომის, მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის არსებობის, სასამართლო წესით მისი ქმედუუნაროდ აღიარების შემთხვევაში, აგრეთვე იმ თანამდებობაზე არჩევის ან დანიშვნისას, რომელიც კანონით შეუთავსებელია დეპუტატის საქმიანობასთან". მე ამ საკითხთან დაკავშირებით იმიტომ გამოვედი და მომავალშიც არავის არ ეწყინოს არაიურისტებს, რომ მომავალშიც კანონების შედგენის დროს, პროექტების შედგენის დროს, თუ არა გვყავს ჩვენ აქ იურისტები, უნდა მოვიწვიოთ, ექსპერტ-იურისტები, რომ იმათ კარგად განსაზღვრონ ეს ყველაფერი. მოგიყვანთ ერთ მაგალითს, აი ამ მუხლიდან გამომდინარეობს. თუ განაჩენი შევიდა ვინმეს მიმართ, დეპუტატის მიმართ კანონიერ ძალაში, ერთ-ერთი საფუძველი რაც არის, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პარლამენტმა ავტომატურად უნდა შეუწყვიტოს მას უფლებამოსილება. პარლამენტს აქვს უფლება შეუწყვიტოს მას უფლებამოსილება, პარლამენტს აქვს უფლება, არ შეუწყვიტოს უფლებამოსილება (ხმა დარბაზიდან). მოიცათ, მოიცათ. ახლა ჩემი მოსაზრება ამ შემთხვევაში, ბატონო კაკო, უფრო კომპეტენტურია, ვიდრე თქვენი მოსაზრება, კანონებს როცა ეხება. (ხმაური დარბაზში).

ახლა გითხრათ მეორე საკითხი. მე, ქართლოს ღარიბაშვილს, დეპუტატს, პარლამენტის წევრს უფლება მაქვს გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება, როცა პარლამენტი ღებულობს მოტივირებულ დადგენილებას რომელიმე დეპუტატის მიმართ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, როცა იგი არჩეულია რაიმე თანამდებობაზე, რომელიც პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელია. მე მივდივარ წინააღმდეგი, როგორც მაშინ წავედი წინააღმდეგი, რომ პარლამენტმა მას შეუწყვიტოს უფლებამოსილება და იმ დეპუტატებს, რომლებიც დაინიშნენ ამ თანამდებობაზე, შესაბამისად დღესაც არიან პარლამენტის წევრები. ეს არის კანონი და ამ კანონს ვერავინ ვერსად ვერ გაექცევა. რამდენი ხმაურიც არ უნდა იყოს ამის გარშემო, მე ვერავინ ვერ მაიძულებს, ხმა მივცე იმას, რასაც არ მინდა მივცე ხმა.

თავმჯდომარე. გასაგებია. საკმარისია.

ქ. ღარიბაშვილი. იგივე კანონიდან გამომდინარე ეს საკითხი საერთოდ არ შეიძლება დაისვას დღის წესრიგში.

თავმჯდომარე. ვინ არის მომხრე, რომ დღეს ეს საკითხი შევიტანოთ დღის წესრიგში? (ხმაური დარბაზში). მოითმინეთ. ვინ არის მომხრე, რომ რესპუბლიკელების მიერ დასმული საკითხი დღეს... (ხმაური დარბაზში). მოითმინეთ კაცო, თქვენ მე კანონს ვერ დამარღვევინებთ. (კამათი დარბაზში). ბატონებო, მოვემზადოთ კენჭისყრისათვის. ნუ ყვირიხართ. იურიდიული კომისიის სახელით შეგახსენეთ კანონი. მოვემზადოთ კენჭისყრისათვის.

(ყვირილი დარბაზში). გთხოვთ მოვემზადოთ. განმარტება არის აქ და საკმარისია. მოიცათ, მოიცათ. ზომა აქვს ყველაფერს.

(ხმა დარბაზიდან: ნამდვილად ზომა აქვს ყველაფერს. ჩვენ დავსვით საკითხი...). თქვენ რომ დასვით, მერე რა გინდათ?

(ხმა დარბაზიდან: და განმარტებისათვის ქართლოს ღარიბაშვილს ეძახით? ჩაგვირთეთ მიკროფონი). გაძლევთ განმარტებისათვის 3 წუთს. მე-3 მიკროფონი.

ვ. ხმალაძე. უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა, რომ ამდენი ნერვების და ძალისხმევის შემდეგ, როგორც იქნა იმ საკითხის განმარტების საშუალება მომეცა, რომელსაც ჩვენ ვსვამთ. თავისი პოზიციიდან შეაფასა ის, თუ როგორ შეიძლება და რა არ შეიძლება, და თქვა, რომ ეს ასე არ არის... ბუნებრივია, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვყავს კონსტიტუციური სასამართლო, სადაც შეიძლებოდა ამ საკითხის გადატანა და განხილვა, მაგრამ ეს ისეთი საკითხია და ეს მუხლი ისე ნათლად არის ჩამოყალიბებული, რომ აქ ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს. მე წაგიკითხავთ... (ხმა დარბაზიდან: ორი აზრი ყველაფერზე შეიძლება არსებობდეს). რა თქმა უნდა, ბატონო გიგა, ოღონდ ამ შემთხვევაში ერთი - აზრია და მეორე შემთხვევაში - უაზრობა. ზოგადად ორი აზრია, რა თქმა უნდა. მე წაგიკითხავთ: "დეპუტატის უფლებამოსილება შეიძლება შეწყდეს მხოლოდ პარლამენტის მოტივირებული დადგენილებით დეპუტატის გადადგომის, მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის არსებობის, სასამართლოს წესით მისი ქმედითუუნაროდ აღიარების შემთხვევაში, აგრეთვე იმ თანამდებობებზე არჩევის ან დანიშვნისას, რომელიც კანონით შეუთავსებელია დეპუტატის საქმიანობასთან". კანონით დეპუტატის საქმიანობასთან შეუთავსებელი თანამდებობები არის ჩამოთვლილი და მკაცრად განსაზღვრული. აქ, ამ პარლამენტში, როდესაც დაისვა ეს საკითხი წინა ხელისუფლების არჩევის დროს, შემდეგ იყო სხვა კამათები, მაშინ არც ბატონ ქართლოს ღარიბაშვილს, არც უმრავლესობას აზრად არ მოსვლია კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა ეს საკითხი. დეპუტატი, რომელიც არჩეული იყო თანამდებობაზე იმავ წუთში ტოვებდა სადეპუტატო მანდატს. აქედან გამომდინარე, კანონი, რომელიც მე წავიკითხე, რადგან საქართველოში შეჩერებული არის კონსტიტუცია, ეს არის კონსტიტუციური ძალის მქონე კანონი, მისი დარღვევა ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია კონსტიტუციის დარღვევით, არის უკანონო, ხოლო ამ გადაწყვეტილების მიმღებნი - არიან კონსტიტუციის დამრღვევნი. კონსტიტუციის დარღვევა ნებისმიერ ქვეყანაში კვალიფიცირდება, როგორც ღალატი.

თავმჯდომარე. საკმარისია.

ვ. ხმალაძე. ეს არის ცალსახად, ჩვენ ვაფიქსირებთ კიდევ ერთხელ... (გამოურთეს მიკროფონი).

თავმჯდომარე. ბატონებო, კენჭისყრაზე ვაყენებთ რესპუბლიკელების მიერ... უკაცრავად, უკაცრავად, კარგით, კარგით. (ხმაური დარბაზში). კენჭისყრაზე დავაყენოთ საკითხი. ვინ არის მომხრე, რომ დღეს განვიხილოთ ეს საკითხი. (კამათი დარბაზში). შეწყვეტილია კამათი. არა, არა. გთხოვთ. (ხმაური დარბაზში). დაიბნა ხალხი. შეჩერდეს საკითხი, ვერ გაიგო ხალხმა. (ხმაური დარბაზში). ვინ არის მომხრე, რომ რესპუბლიკელების მიერ დასმული საკითხი დღეს განვიხილოთ? (ცხარე კამათი დარბაზში). დაწყნარდით. გთხოვთ, ჩართეთ, ვინ არის რესპუბლიკელების წინადადების მომხრე. (მომხრეა - 74, წინააღმდეგი - 94, თავი შეიკავა 4-მა. 175).

კანონი ასე არ არის, უფლებამოსილება რომ უწყდება, პარლამენტი დადგენილებას იღებს, როგორ არ იცით ეს, კაცო. მოითმინეთ. მე ვთხოვ ბატონ ედუარდს, დღის წესრიგის პირველ საკითხს შევუდექით უკვე და... (ხმა დარბაზიდან). არა, არავითარი შესვენება, მოითმინეთ რა. ვინ არის მომხრე, რომ გავაგრძელოთ მუშაობა? (ხმაური დარბაზში). არ გინდათ. ბატონო ფრიდონ, თქვენც დაგჭირდებათ აქ დრო, არ გინდათ. არა, არა. დაბრძანდით და ვიმუშაოთ. (ხმაური დარბაზში). ვიმუშაოთ. (ცხარე კამათი დარბაზში). ყურადღება, დღის წესრიგი დამტკიცებულია და ვიმუშაოთ. (ხმაური დარბაზში). გთხოვთ დაბრძანდით, ვმუშაობთ. დავანებოთ ამ ფორმალიზმს თავი, რომელსაც საფუძველი არა აქვს. ბატონო დეპუტატებო, ნუ აფიქრებინებთ ვინმეს, რომ საკითხის განხილვას ხელოვნურად უშლით ხელს. საკითხზე, პრობლემაზე ვიმსჯელოთ, ეს სჯობია. (ხმა დარბაზიდან: შეკითხვა მაქვს სახელმწიფოს მეთაურთან). დამთავრდა. შეკითხვები შემდეგ, როცა მოისმენთ.

ე. შევარდნაძე. მე ამ დარბაზში არა ერთხელ მითქვამს, რომ თუ გვინდა, რომ ჩვენ წარმოვადგენდეთ ხალხს პარლამენტში, მაშინ შევეცადოთ ელემენტარული წესრიგი დამყარდეს თვით პარლამენტში. (ხმა დარბაზიდან).

თავმჯდომარე. მოითმინეთ.

ე. შევარდნაძე. მე არ აგყვებით თქვენ, რამდენიც არ უნდა იყვიროთ, არ აგყვებით. მე ვიცი, თქვენი ანგარიში რა არის და მე ჩემი ანგარიში მაქვს. (ხმა დარბაზიდან). რა თქმა უნდა.

თავმჯდომარე. მოითმინეთ.

ე. შევარდნაძე. არავინ კანონს არ არღვევს. ყველაფერი მიდის იმ კანონის მიხედვით, თუ კანონს ვუწოდებთ იმას, რაც ჩვენ მიღებული გვაქვს ხელისუფლების შესახებ. რაც ჩაწერილია, იმას ჩვენ ვასრულებთ სიტყვასიტყვით, ერთი ნაბიჯით არ გადაგვიხვევია და არც გადავუხვევთ. (ხმა დარბაზიდან). მე ძალიან ვთხოვ ყველას, თუ გვინდა, რომ იყოს პარლამენტში გამოხატული ორი აზრი, ორი პოზიცია, უნდა დავიოკოთ ნერვები და შევეგუოთ იმ აზრს, რომ შეიძლება უმრავლესობამ გაიმარჯვოს, ხდება ასე, ხომ. (ხმა დარბაზიდან). მე ძალიან გთხოვთ... და შეწყდეს ყოველგვარი ყვირილი, წამოყვირება. მე მგონი ეს ჩვევა პირველი კლასიდან უნდა გვქონდეს გამოყოლილი. მე ძალიან გთხოვთ შევეგუოთ იმ აზრს, რომ პარლამენტში არსებობს უმცირესობა და არსებობს უმრავლესობა. არაფერი უსაშველო ამაში არ არის. ასეა ყველა ქვეყანაში, სადაც პარლამენტი მუშაობს და ფუნქციონირებს. (ხმა დარბაზიდან). გსიამოვნებთ, თუ არ გსიამოვნებთ, მე ძალიან გთხოვთ, ამას შევეგუოთ და პატივი ვცეთ იმ რეალურ შეფარდებას, რაც არსებობს ჩვენს საზოგადოებაში, რაც არსებობს პარლამენტში. თუნდაც ხელოვნურია, ვთქვათ, მაშინ ხალხი შეცდა და აირჩია ეს პარლამენტი, მაშინ დავითხოვოთ უნდა პარლამენტი. (ხმა დარბაზიდან).

თავმჯდომარე. სირცხვილია, მართლა სირცხვილია.

ე. შევარდნაძე. მე არ აგყვებით. ჩემ თავს მივეცი დღეს პირობა, რომ ამ თქვენ წამოძახილებს და რეპლიკებს არ ავყვე. ახლა არსებით საკითხთან დაკავშირებით.

ჩემს ბარათში, რომელიც თქვენ დაგიგზავნეთ, ჩემი შეხედულებები ჩამოყალიბებულია. მე არა ერთხელ მითქვამს იმის თაობაზე, თუ როგორ დავუკავშირდით ჩვენ თანამეგობრობას. მე ძალიან ვთხოვ ყველას, მათ შორის ბატონ ნოდარ ნათაძეს, როდესაც ასეთ საკითხებს ვიხილავთ, არ უნდა მოგიბრუნდეს ენა, რომ ილაპარაკო სახელმწიფოს გადატრიალებაზე, გადატრიალებაზე ზევიდან თუ ქვევიდან...

ნ. ნათაძე. ფაქტია, რა არ უნდა ილაპარაკო, ფაქტია.

ე. შევარდნაძე. მადროვეთ, მადროვეთ. მე სხვა სიტყვებზე აღარ გედავებით, რაც ჩვენში დარჩეს. აქ არის ჩვეულებრივი პროცედურა და დღეს პარლამენტმა უნდა გამოხატოს თავისი დამოკიდებულება, მხარს ვუჭერთ თუ არ ვუჭერთ იმას, რასაც ხელი მოაწერა სახელმწიფოს მეთაურმა. აი, ეს ელემენტარული საკითხი გადაწყდეს. მე წეღან უკვე მოგახსენეთ, რას ნიშნავს, ძალიან ბევრს ნიშნავს გაჭირვებაში მყოფი ხალხისათვის, ყველასათვის და ნურავინ ნუ შეეცდება ეს დამძიმებული განწყობილება ხალხისა გამოიყენოს იმისათვის, რომ რაღაცა ახალი ტალღა გამოიწვიოს არასტაბილურობისა. მე გთხოვთ დინჯად, მშვიდად, თუ რამ არსებითია განსახილველი, განვიხილოთ, თუ არა და დავაყენოთ საკითხი კენჭისყრაზე და გამოვხატოთ დამოკიდებულება, ვინ არის მომხრე და ვინ არის წინააღმდეგი. რატომ გვიკვირს, რომ ასე დგას საკითხი. ნურავინ ნუ ნერვიულობს. მე რამდენჯერმე დავმარცხდი პარლამენტში, შემოვიტანე წინადადება და არ გავიდა. (ხმა დარბაზიდან).

თავმჯდომარე. ძალიან გთხოვთ ნუ აწყვეტინებთ ლაპარაკს და რეპლიკებს...

ე. შევარდნაძე. არავითარი ტრაგედია ამაში არ არის, რომ დღეს გავიდეს უმრავლესობის აზრი, ხვალ შეიძლება უმცირესობას დავუჭიროთ მხარი, თუ ის ლოგიკური იქნება, არგუმენტირებული იქნება და დასაბუთებული იქნება. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ დღეს საკითხი უნდა გადაწყდეს... (ხმა დარბაზიდან). ახლა მოგიწოდებთ ყველას, თუნდაც ელემენტარული ეთიკის პირობებში. გმადლობთ.

თავმჯდომარე. ახლა...

(დ. ბერძენიშვილი ადგილიდან: შეკითხვა მაქვს, ბატონო ედუარდ).

ე. შევარდნაძე. ეს მე მინდა, ოფიციალურად განვაცხადო, აი ეს ადგილიდან წამოძახილი...

(დ. ბერძენიშვილი ადგილიდან: მიკროფონთან ვდგავარ, შეკითხვა მაქვს სახელმწიფოს მეთაურთან, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც ახლა ისაუბრა).

ე. შევარდნაძე. თანახმა ვარ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. სხვა შემთხვევაში არ გიპასუხებთ.

თავმჯდომარე. მე-3 მიკროფონი.

დ. ბერძენიშვილი. ამ საკითხის განხილვასთან დაკავშირებით მაქვს, თქვენი სიტყვებიდან გამომდინარე, შეკითხვა. თქვენ ბრძანეთ, რომ კანონს არავინ არღვევს და სახელმწიფო ხელისუფლების კანონით ჩვენ ვცხოვრობთ. მე მაინტერესებს, სახელმწიფო ხელისუფლების კანონში და ჩვენს რეგლამენტში მკაცრად, მკაფიოდ როცა არის განმარტებული, რომ შეთავსებადობა არ შეიძლება იმ ხალხისათვის, ეს არის თუ არა კანონის დარღვევა?

თავმჯდომარე. ეს სხვა თემაა.

დ. ბერძენიშვილი. რას ჰქვია სხვა თემაა. მე მაინტერესებს, უშიშროების სამინისტროს შექმნა იყო თუ არა სახელმწიფო ხელისუფლების კანონის დარღვევა? სახელმწიფო ხელისუფლების კანონში ჩვენ გვიწერია, სადაზვერვო-საინფორმაციო ბიურო და ფაქტობრივად არსებობს უშიშროების სამინისტრო. ბევრი სხვა რამ ასეთი იყო. მე მაინტერესებს დღეს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გამგებლები და აღმასრულებელი ხელისუფლების ზედა ეშელონებში მომუშავე ხალხის ხმა აი ამ გადაწყვეტილებაში, იქნება თუ არა კანონდარღვევა?

ე. შევარდნაძე. ახლავე გიპასუხებთ. ჯერ ერთი, რომ ეს საკითხი პარლამენტმა უკვე განიხილა. ეს საკითხი დღის წესრიგში შევიტანოთ თუ არ შევიტანოთ და პარლამენტმა გადაწყვიტა, რომ დღეს არ შევიტანოთ დღის წესრიგში. საერთოდ კი, ეს საკითხი განსახილველია. როცა მოვა დრო და როცა კოლეგია იქნება, თუ პარლამენტი იქნება და გადაწყვეტს, რომ დღის წესრიგში შევიტანოთ, შევიტანოთ და ვიმსჯელოთ. ისე კი ჩვენ პრეცედენტები გვქონდა ასეთი. მე შეგახსენებთ, ქალბატონი ირინა 2 თუ 3 თვე იყო პარლამენტის შემადგენლობაში, როცა ის ვიცე-პრემიერი იყო.

(ხმა დარბაზიდან: არ მიმდინარეობდა მაშინ...)

ე. შევარდნაძე. არავითარი საპარლამენტო კრიზისი ამას არ გამოუწვევია. (ხმაური დარბაზში). მოიცათ, მოიცათ. მე თქვენ გეთანხმებით, პრობლემა ასეთი არსებობს და პარლამენტმა ეს საკითხი უნდა განიხილოს, მაგრამ დღეს არ განიხილავს. ახლა ხელშეკრულებასთან დაკავშირებით (ხმა დარბაზიდან: დიახ, დიახ, ზუსტად, თუ შეიძლება).

თავმჯდომარე. ბატონო დეპუტატებო, ასე ხელოვნურად სხვა საკითხებზე გადასვლა, საკითხიდან გვერდის ავლა ჩვენ... (ხმა დარბაზიდან). არა, მოითმინეთ. ჯერ ერთი წესის დარღვევაა ის, როცა სიტყვა არა გაქვს მოცემული და ადგილიდან ლაპარაკობ. მე-7 მიკროფონი.

რ. მიმინოშვილი. ბატონებო...

თ. ჩხეიძე. ეს ახლა ადგა და ჩვენ 2 საათია ვდგავართ.

თავმჯდომარე. ბრძანეთ.

რ. მიმინოშვილი. ბოდიშს ვიხდი, ქალბატონო თამარ. ბატონებო, ხელისუფლების შესახებ კანონზე იყო აქ მსჯელობა. რატომღაც ყურადღებას არ აქცევენ ამ კანონის დასაწყისს. იქ წერია, რომ დეპუტატის უფლებამოსილება წყდება პარლამენტის უფლებამოსილებით, მოტივირებული გადაწყვეტილებით. სანამ ეს გადაწყვეტილება არ არის მიღებული, ყველა არის პარლამენტის წევრი და პარლამენტის წევრის მიერ მიცემული ხმა არის კანონიერი. ასე რომ, ამ საკითხის დასმა შეიძლება, რა თქმა უნდა, და მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც პარლამენტი გადაწყვეტს, რომ ის დეპუტატები გასული არიან პარლამენტიდან, მაშინ იქნება მათი ხმა უკანონო, თუ ისინი ხმას მისცემენ. ასე რომ ამას არავითარი განმარტება არ სჭირდება. პარლამენტმა უარყო ამ საკითხის დღეს განხილვა. ამას უნდა დავემორჩილოთ. მე მეჩვენება, ბატონებო, რომ ზოგიერთ პარლამენტარს სურს დღევანდელი სხდომის ჩაშლა. ჩვენ შეგვიძლია რიგი დავაყენოთ, უმრავლესობის სახელით ვამბობ მე ახლა, აი 121 კაცი დავდგებით მიკროფონთან რიგში, დავიკავებთ ყველა მიკროფონს და ვილაპარაკებთ მთელი დღე. თქვენ თუ გგონიათ, რომ ჩვენ ლაპარაკი არ შეგვიძლია, ძალიან ცდებით. ამიტომ ბატონ სპიკერს ვთხოვ, რომ დააყენოს პირდაპირ კენჭისყრაზე საკითხი, გადავიდეთ უკვე დღის წესრიგის პირველ საკითხზე და ამით დავამთავროთ. მოვნიშნოთ დრო, რამდენ ხანს იქნება კამათი, ერთი საათი იქნება, თუ რამდენ ხანს იქნება, როგორც კი გავა ეს დრო, შევწყვიტოთ კამათი და ვუყაროთ კენჭი. (ხმაური დარბაზში). ეს არის უმრავლესობის მოთხოვნა.

თავმჯდომარე. ბატონო დეპუტატებო! (ხმა დარბაზიდან: შეკითხვები გვაქვს). მოითმინეთ. ჩვენ არა გვაქვს უფლება... (ხმაური დარბაზში). ბატონებო, ჩვენ ასე გავაკეთოთ, მე... ყურადღება იყოს. ჩვენ ასე გავაკეთოთ, ფრაქციების მიხედვით... ახლა ერთი ფრაქციიდან 10 კაცი გამოვიდეს, ამას აზრი არა აქვს. მეორე. ნუ აფიქსირებთ იმას, რომ პარლამენტის სხდომის ჩაშლა გვინდა, ნუ ყვირიხართ, უნდა ვიმუშაოთ, როგორც საჭიროა, ამიტომ ჩვენ უნდა განვსაზღვროთ... (ხმა დარბაზიდან: შეკითხვა მაქვს ბატონ ედუარდთან, (ხმაური დარბაზში). ბატონო ედუარდ, გთხოვთ დაბრძანდეთ. წერილობითი შეკითხვები სჯობია (ხმაური დარბაზში). წესიერად მოიქეცით, არ იქცევით წესიერად. ეს თქვენი ფიზიონომია ისტორიას რჩება. (ხმაური დარბაზში). ყურადღება იყოს. ეს პარლამენტის სახე არ არის. პარლამენტი ამ პირობებში მუშაობს...

ე. შევარდნაძე. მე კიდევ გთხოვთ თქვენ. კიდევ ერთი ელემენტარული საკითხი უნდა განვმარტოთ. ეს მაინც პარლამენტია და არა ქუჩა და დაემორჩილეთ იმ წესს, რომელიც პარლამენტში უნდა იყოს. (ყვირილი დარბაზში). მე უკვე გითხარით თავიდან. თუ ეს ეხება ხელშეკრულებას, მე გიპასუხებთ. (ხმა დარბაზიდან: ეხება, კი ბატონო, ეხება).

თავმჯდომარე. ბატონო ედუარდ, თქვენთანაც ბოდიშს მოვიხდი, ასე... მოითმინეთ, ყვირილით საქარველოს ბედი როგორც გადაწყდა და გადაწყდება, თქვენ იცით. შეწყდეს ეს ლაპარაკი, დაწყნარდით. (ხმა დარბაზიდან). ჩვენ ასე... ბატონ ჭაბუასაც აქვს შეკითხვა. არ მოვუსმინოთ? (ხმაური დარბაზში). ბატონო ედუარდ, გთხოვთ დაბრძანდეთ. (ყვირილი დარბაზში). სხდომას ვინც შლის, ეს არაფერი გასარკვევი არ არის. ბატონებო, არის წინადადება, უმრავლესობის სახელით ბატონმა მიმინოშვილმა დააყენა საკითხი, რომ პირდაპირ დავიწყოთ... (ყვირილი დარბაზში). პირდაპირ ვუყაროთ კენჭი რატიფიკაციას, არის ასეთი წინადადებაც. (ხმაური დარბაზში). ვუყაროთ კენჭი, კენჭი ვუყაროთ. (ტაში დარბაზში). ბატონო ირაკლი... (ი. წერეთელი ყვირის ადგილიდან: რუსეთი, ელცინი). (ხმაური დარბაში). აი ჩვენი პარლამენტიც. (ცხარე კამათი დარბაზში). ყურადღება იყოს.

ე. შევარდნაძე. არ მესმის არაფერი.

(ხმა დარბაზიდან: დაიწყეთ, ბატონო ვახტანგ, ერთსაათიანი დებატები).

თავმჯდომარე. მოიცადეთ. ბატონო დეპუტატებო, მე გთავაზობთ ასეთ ვარიანტს. დებატებს... (ცხარე კამათი დარბაზში). ყურადღება იყოს. (განუწყვეტელი ზარი დარბაზში, ხმაური გრძელდება). ბატონებო, ბატონო დეპუტატებო, დავემსგავსოთ დეპუტატებს და პარლამენტს. დაბრძანდით ადგილზე. საკითხის განხილვას ყვირილი კი არა, აზროვნება უნდა. (ხმაური დარბაზში. ფ. საყვარელიძე ადგილიდან: ხომ ხედავთ, რომ კაცი აზროვნებს).

ე. შევარდნაძე. თუ შეიძლება, ვახტანგ, ერთი წუთით, ერთი სიტყვა. აქ არსებითი ხასიათის შეკითხვა გამომიგზავნა ბატონმა ივლიანემ. ვუჭერ თუ არა მე მხარს პარლამენტში ხელშეკრულების დამტკიცებას, რატიფიკაციას, განხილვის გარეშე? არ ვუჭერ მხარს, მაგრამ ისე, როგორც აქ კეთდება, არ შეიძლება. ეს არც განხილვაა და არც მსჯელობა არ არის. ალბათ, უნდა დაბრძანდეთ, სიტყვა ითხოვოთ, გამობრძანდეთ და დაასაბუთოთ თქვენი მოსაზრება, რატომ ხართ წინააღმდეგები. მე ჩემი მოსაზრება გამოვთქვი. ვისაც სურს გამოვიდეს და გამოთქვას თავისი აზრი, ტრიბუნა აქ არის და შეგიძლიათ აქედანაც გამოთქვათ. მე ასე ვფიქრობ. გმადლობთ.

თავმჯდომარე. მეც ამ აზრისა ვარ.

ე. შევარდნაძე. ყვირილი უნდა შეწყდეს. ყვირილი და ღრიალი პარლამენტში უნდა შეწყდეს და ეს უნდა იცოდეს მთელმა ხალხმა, მთელმა საქართველომ, ვის ხელშია საქართველოს ბედი. (ყვირილი დარბაზში. გ. ხავთასი ადგილიდან: ნუ გვიყვირიხართ).

ე. შევარდნაძე. უკაცრავად, მიკროფონია ჩართული.

თავმჯდომარე. ის, რაც აქ ხდება, თქვენ გგონიათ, რომ ეს არ ჩანს. წყნარად იყავით. (ცხარე კამათი დარბაზში). თუ გინდათ კამათი, ვიკამათოთ.

ე. შევარდნაძე. თქვენ განხილვა გინდათ, თუ არ გინდათ.

(ხმა დარბაზიდან: გვინდა, მაგრამ ბატონი ვახტანგი არ გვაძლევს საშუალებას).

ვ. რჩეულიშვილი. ჩამოდი მერე, კაცო, და გამოდი თუ გინდა. (ხმა დარბაზიდან: თქვენთან მაქვს შეკითხვა). (ხმაური დარბაზში).

ე. შევარდნაძე. მე უკვე გითხარით ერთხელ, თქვენ არ გვაძლევთ მუშაობის საშუალებას. მე უკვე... არ გიპასუხებთ, რამდენიც არ უნდა იყვიროთ ადგილიდან. ნუთუ თქვენ ვერ გრძნობთ, რომ ეს თქვენი სისუსტის ბრალია. (ხმა დარბაზიდან). ალბათ, ალბათ, ამიტომ მე ძალიან გთხოვთ, თუ გინდათ განხილვა, თუ არა და ვუყაროთ კენჭი და დამთავრდება.

(ხმა დარბაზიდან: დავიწყოთ განხილვა).

თავმჯდომარე. ბატონებო, თუ არ მომცემთ საშუალებას... მოითმინეთ რა, მე გთავაზობთ ასეთ რეჟიმს. შევისვენოთ ნახევარი საათი და შემდეგ... (ხმაური დარბაზში). მოიცათ კაცო, მოიცათ, თქვენ... და შემდეგ კამათში გამოვლენ ფრაქციების წარმომადგენლები ყველა მხრიდან. უმრავლესობა იკრიბება ოვალურ დარბაზში.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2003 წელი

მოგვწერეთ opentext@flashmail.com