|
"საქართველო "
ქართულ-ოსური კრიმინალური დაჯგუფება კვლავაც არსებობს ნანა ძველაია
ცხინვალი რომ ნაქურდალი ავტომობილების გასაღების ბაზრად იქცა, ეს კარგა ხანია, ცნობილია. რიგი ღონისძიებებისა გატარდა დანაშაულის აღსაკვეთად, თუმცა, როგორც შიდა ქართლის რეგიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსი ალეკო სუხიტაშვილი აცხადებს, ვითარება დამამშვიდებელი ნამდვილად არ გახლავთ. - არაერთ საქმეზე წარმოებული გამოძიების შედეგები ადასტურებს, რომ კვლავ არსებობს ქართულ-ოსური კრიმინალური დაჯგუფება. გასულ წელს ერთი ჯგუფის რამოდენიმე წევრი დააკავეს, მაგრამ ღონისძიებები ამ მიმართულებით კვლავაც გასატარებელია. დანაშაულებრივი ჯგუფები ბლოკპოსტების ავლით მაინც ახერხებენ გატაცებული ავტომობილების სხვადასხვა გზებით ცხინვალში გადაყვანას. გზების მთლიანად გადაკეტვა დღეს არსებული ძალებით შეუძლებელია, თუმცა პერიოდული კონტროლი მაინც ხორციელდება, ძირითადად პროფილაქტიკური ღონისძიებები ცენტრალურ საავმტომობილო გზებზე ხდება, რათა არ მოხდეს განსაკუთრებული მძიმე დანაშაული, როგორიცაა ყაჩაღობა. ჩვენდა საბედნიეროდ, მიმდინარე წელს არცერთი დანაშაული არ არის რეგისტრირებული. - ბატონო ალეკო, თუ სწორად გაგიგეთ, შიდა ქართლის რეგიონში არცერთი დანაშაული არ მომხდარა მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის განმავლობაში? - არა, ეს მხოლოდ ყაჩაღობას ეხება, თორემ მხოლოდ 2003 წლის იანვრის თვეში 68 დანაშაული დაფიქსირდა, რაც სამი ერთეულით ნაკლებია გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით. ეს ჩვენი მუშაკების მონდომებული მუშაობის შედეგად შეიძლება ჩაითვალოს. თუ გასულ წელს დანაშაულთა გახსნის საერთო რაოდენობა 55,4%-ს შეადგენდა, წელს ეს 64,7%-მდე გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამმართველოს პირადი შემადგენლობა რაიონულ დანაყოფებთან ერთად მთლიანად გადასულია 2 ცვლიან სადღეღამისო მუშაობაზე, თუმცა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის თვალსაზრისით საკმაოდ მძიმე ვითარება გვაქვს. შს სამინისტრო შესაძლებლობის ფარგლებში გვეხმარება, მაგრამ ეს არ კმარა. - გამოსავლის ძებნაზე არ გიფიქრიათ, თუ სამინიტროს დახმარება არასაკმარისია? - მინდა შემთხვევით ვისარგებლო და თხოვნით მივმართო ხელისუფლების წარმომადგენლებს, დახმარება გაუწიონ შს სამმართველოს რაიონულ განყოფილებებს. დარწმუნებული ვარ, შიდა ქართლის ყველა რაიონის გამგეობას ექნება გარკვეული შესაძლებლობა ამისათვის, რაც დიდად წაგვადგება დღეს მუშაობაში.
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |