|
"საქართველო "
"ნატოს სტანდარტები" - მითი და სინამდვილე ირაკლი ხართიშვილი
ჩვენი გაზეთის უკანასკნელი თვეების ნომრებში გამოქვეყნებულ წერილებში შევეცადეთ გვეჩვენებია, რომ დასავლური (და საერთოდ მსოფლიოს ქვეყნების) სამხედრო მშენებლობის გამოცდილების გათვალისწინებით, საკუთარი თავდაცვის უზრუნველსაყოფად რეალურად მზრუნველ ხუთმილიონიან სახელმწიფოს მშვიდობიანობის დროს რეგულარულ შეიარაღებულ ძალებში მამრობითი სქესის სამხედროვალდებული ახალგაზრდობის გაწვევისა და მომზადების, აგრეთვე რეზერვისტების გადამზადების პროცესები ისე უნდა ჰქონდეს აწყობილი და დარეგულირებული, რომ კრიზისულ სიტუაციებში ან ომიანობის დროს ერთი კვირის განმავლობაში საველე და ტერიტორიული თავდაცვის ჯარებში შეეძლოს 500-550 ათასი ადამიანის მობილიზება. სახმელეთო ჯარების თითოეულ ბატალიონს, ბრიგადას, დივიზიას ან საარმიო კორპუსს, თავისი შემადგენლობისდა მიხედვით, გააჩნია განლაგებისა და საბრძოლო მოქმედების გარკვეული ტერიტორიულ-სივრცული მაჩვენებლები როგორც ფრონტში, ასევე სიღრმეშიც. ასეთივე მაჩვენებლები გააჩნიათ საბრძოლო ავიაციის თითოეულ რგოლს, ესკადრილიას, პოლკს ან საავიაციო ფრთას, ავიადივიზიას, აგრეთვე საზღვაო ძალების საბრძოლო ხომალდების (კატარღების) დივიზიონსა და ესკადრას, სამხედრო-საზღვაო ბაზას. ასეთ პირობებში საქართველოს ტერიტორიისთვის დაახლოებით 500-ათასიანი შეიარაღებული ძალები, პლიუს სამოქალაქო თავდაცვის ძალები და საშუალებები, მეტად შთამბეჭდავი ძალა იქნებოდა ქვეყნის თავდაცვის უზრუნველსაყოფად და ნებისმიერ პოტენციურ აგრესორს დააფიქრებდა, ღირებული იქნებოდა თუ არა მისთვის საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის განხორციელება. როგორც ადრე აღვნიშნავდით, ამასვე გვირჩევდნენ 1996 წლის აპრილის დასაწყისში თბილისში კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში ჩატარებული ნატოს ბლოკის პირველი წარმომადგენლობითი ღია კონფერენციის მონაწილე ნატოელი ექსპერტები და ჩვენში მომუშავე ამავე ქვეყნების სამხედრო ატაშეები. მაგრამ ასეთი გეგმების განხორციელებას წინ ეღობება ის გარემოება, რომ 500-ათასიან შეიარაღებულ ძალებს სჭირდება შესაბამისი რაოდენობისა და ხარისხის ჯავშანსატანკო ტექნიკა, საველე და სანაპირო არტილერია, საარმიო და ტაქტიკური ავიაცია, ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო შეიარაღება, საინჟინრო შეიარაღება, დაზვერვის, კავშირგაბმულობის, მიზანჩვენების, მართვისა და სატრანსპორტო საშუალებები, მცირე ხომალდები და კატარღები, ხომალდსაწინააღმდეგო და წყალქვეშა ნავსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსები და ა. შ. ამ შეიარაღების შეძენისა და ექსპლუატაციისთვის ფინანსური სახსრებისა და დროითი ფაქტორის გარდა, დამაბრკოლებელ გარემოებებს წარმოადგენს ის, რომ 1990 და 1992 წლებში მაშინდელი ევროთათბირის (ამჟამად ეუთო-ს) ეგიდით პარიზსა და ტაშკენტში დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოსთვის გამოყოფილი ჯავშანსატანკო ტექნიკისა და საველე არტილერიის მაქსიმალური დასაშვები რაოდენობები (კვოტები) - 220 საბრძოლო ტანკი, 220 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა და 285 საველე საარტილერიო სისტემა - მიზერულადაც კი ვერ აკმაყოფილებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვითი აუცილებლობის მოთხოვნილებებს. შედარებისთვის, სტრატეგიული კვლევების ლონდონის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 2000 წელს 5,2-მილიონიანი ფინეთის სახმელეთო ჯარების შეიარაღებაში ნაჩვენები იყო 230 საბრძოლო ტანკი, საბრძოლო და საბრძოლო უზრუნველყოფის 1065-მდე მოჯავშნული მანქანა, 1940-მდე 100 მმ-ზე მეტი ყალიბის საარტილერიო სისტემა; 7,1-მილიონიანი შვეიცარიის არმიის შეიარაღებაში კი - 560-მდე საბრძოლო ტანკი, 1540-მდე მოჯავშნული მანქანა, 1090-ზე მეტი საველე არტილერიის ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, და ა. შ. საქართველოს სამხედრო მშენებლობის ამ მიმართულებით განვითარების ნაცვლად, უკვე 1998 წლიდან იმავე ექსპერტების დაჟინებული რეკომენდაციებითა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებებით, ჩვენში დაიწყო სულ უფრო ინტენსიური ლაპარაკი მცირერიცხოვანი, მობილური, პროფესიული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებაზე, რაც ვითომდაც ნატოს ბლოკის სტანდარტებს შეესაბამება და ქვეყნის თავდაცვისათვის სავსებით საკმარისია. ვინაიდან ამ წლებში ქართულ საზოგადოებაში აღნიშნულ მოსაზრებას ბევრი ადამიანი ნდობით მოეკიდა, ამიტომ შევეცდებით ჩვენს მკითხველს ვაჩვენოთ, როგორია სინამდვილეში ნატოს მონაწილე ქვეყნების მშვიდობიანობის დროის რეგულარული შეიარაღებული ძალებისა და ომის დროს გამოსაყვანი შეიარაღებული ძალების რიცხოვნება და რა ძირითადი ფაქტორებით არის ისინი გათვალისწინებული. პირველ ცხრილში ნაჩვენებია სწორედ ამავე ლონდონური წყაროს მონაცემები ნატოს ბლოკის რიგი სახელმწიფოების მოსახლეობისა და შეიარაღებული ძალების შესახებ 1991 და 2000 წლებში. მთლიანობაში კი 90-იანი წლების დასაწყისში ნატოს მსხვილი ევროპული სახელმწიფოების: საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იტალია, თურქეთი, ესპანეთი - მოსახლეობა შეადგენდა დაახლოებით 344,6 მლნ ადამიანს, სამობილიზაციო რესურსი იყო დაახლოებით 84,5 მლნ ადამიანი, ხოლო მათგან ომიანობის დროს ბლოკის სამხედრო ხელმძღვანელობა გეგმავდა სულ დაახლოებით 9,6 მლნ ადამიანის გამოყვანას. ამას ემატებოდა აშშ და კანადიდან გადმოსროლილი გაძლიერების ჯარები, აგრეთვე ნატოს მცირე ევროპული სახელმწიფოების შეიარაღებული ძალები და, შესაბამისად, მოსახლეობასთან შედარებით დაბალი პროცენტული მაჩვენებლის მიუხედავად (2-4+), რაოდენობრივად მაინც შთამბეჭდავად გამოიყურებოდა (იხ. ცხრილი 1). ასეთ პირობებში, ცივი ომის მეორე ნახევარში, ნატოს ბლოკის ხელმძღვანელობის გეგმებით, დასავლეთ გერმანიის საზღვრისპირა რაიონებში აღმოსავლეთ გერმანიისა და ჩეხოსლოვაკიის მახლობლად, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ განლაგებული იყვნენ ბრიტანული რკინის არმია, სამი დასავლეთგერმანული, ორი ამერიკული, თითო-თითო ჰოლანდიური და ბელგიური საარმიო კორპუსები, რომელთაც ევალებოდათ მუქარის პერიოდში საზღვრის მთელ გაყოლებაზე მათთვის დანიშნულ სამოქმედო ზოლებში გაშლა და იქ ვარშავის ხელშეკრულების ჯარების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების წარმოება. ამას ითვალისწინებდა "მეწინავე მიჯნებზე თავდაცვის" ბლოკური კონცეფცია, რათა არ დაეშვათ ვარშავის პაქტის ჯარების არათუ დასავლეთით საფრანგეთისა და ესპანეთის მიმართულებით გაჭრა, არამედ თავად გფრ ტერიტორიის სიღრმეში გარღვევაც. დასავლეთ გერმანიის ტერიტორიის ძირითადი ნაწილი შედიოდა ცენტრალური ევროპის საომარ მოქმედებათა თეატრში, რომელზედაც განლაგებული იყო ნატოს ბლოკის არმიების ორი კოალიციური ჯგუფი. არმიების ჩრდილოეთის ჯგუფში შედიოდა ბრიტანული რკინის არმია, თითო-თითო დასავლეთგერმანული, ჰოლანდიური და ბელგიური საარმიო კორპუსები, ერთი ტაქტიკური საავიაციო სარდლობა და სხვა ჯარები. მის სამხრეთით განლაგებული არმიების ცენტრალურ ჯგუფში შედიოდა ორ-ორი დასავლეთგერმანული და ამერიკული სარამიო კორპუსი, კანადური ჯავშანსატანკო ბრიგადა, კოალიციური ტაქტიკური საავიაციო სარდლობა და სხვა ჯარები. შესაბამისად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სარდლობის გეგმებით, ნიდერლანდებისა და ბელგიის სამხედრო ხელმძღვანელობას ევალებოდა გფრ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონში განლაგებული თითო-თითო კორპუსის დაკომპლექტება, რაც შედარებით ნაკლები რიცხვის რეზერვისტების მობილიზებას ითვალისწინებდა. ჰოლანდიური კორპუსის საბრძოლო შემადგენლობაში 1980-იან წლებში შედიოდა სამი მექანიზებული დივიზია (სამი ჯავშანსატანკო და ექვსი მექანიზებული ბრიგადა), აგრეთვე ერთი ცალკეული ქვეითი ბრიგადა; ბელგიური კორპუსის შემადგენლობაში - ერთი ჯავშანსატანკო და სამი მექანიზებული ბრიგადა, ერთი საპარაშუტო ("კომანდოსების") პოლკი, აგრეთვე საბრძოლო უზრუნველყოფის სხვა ერთეულები. თავად ამ ქვეყნების ტერიტორიაზე მსხვილმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების გაჩაღება მოსალოდნელი არ იყო, ხოლო მოწინააღმდეგის დესანტებთან და სადაზვერვო-დივერსიულ ჯგუფებთან ბრძოლის ამოცანების გადაწყვეტა ადგილობრივი (ტერიტორიული) თავდაცვის ჯარებს ეკისრებოდა. სწორედ ასეთი მოკრძალებული ამოცანებით იყო განპირობებული თავად ამ ქვეყნების ომიანობის დროის შეიარაღებული ძალების მოკრძალებული რიცხოვნებაც - მოსახლეობის 1,7-3,3+. ნიდერლანდებისა და ბელგიის ანალოგიურად, დანიაც ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის საზღვრებიდან დასავლეთ გერმანიის ტერიტორიით იყო დაშორებული და, შესაბამისად, მისი სარდლობის წინაშე საკუთარი ტერიტორიის თავდაცვის შედარებით მოკრძალებული ამოცანები იდგა, სადაც ასევე ნაკლებ სავარაუდო იყო მოწინააღმდეგის მსხვილი დაჯგუფებების შეჭრა. ამიტომ, დანიის სახმელეთო ჯარების საბრძოლო შემადგენლობაში შედიოდა ერთი დივიზიის შტაბი, ხუთი მექანიზებული და სამი ქვეითი ბრიგადა, ორი ცალკეული სადაზვერვო ბატალიონი, ტერიტორიული თავდაცვის ხუთი პოლკი და სხვა ერთეულები. ხოლო მთლიანად შეიარაღებულ ძალებში ომიანობის დროს დანიური სარდლობა გეგმავდა მოსახლეობის სულ 3,4+-ის მობილიზებას. მათგან განსხვავებით, ნორვეგია უშუალოდ ემეზობლებოდა საბჭოთა კავშირს, ანუ დღევანდელი ტერმინი რომ ვიხმაროთ, "ცხელ რაიონში" მდებარეობდა. ამიტომ ამ ქვეყნის სარდლობა და ნატოს ბლოკის ხელმძღვანელობა გეგმავდნენ ომიანობის დროს ნორვეგიის ტერიტორიის თავდაცვის უზრუნველსაყოფად მისი მოსახლეობის 3,3+-ის მობილიზებას, რასაც დაემატებოდა ჯერ ნატოს მობილური ძალების რამდენიმე გაძლიერებული ბატალიონი, ხოლო შემდეგ დამატებით გაძლიერებას ბრიტანული და ამერიკული ჯარების გადმოსროლა. ნორვეგიის ტერიტორიაზე თავდაცვითი მოქმედების წარმოებაში ნატოს ბლოკის სარდლობას დიდად დაეხმარებოდნენ ნეიტრალური სკანდინავური ქვეყნები - შვედეთი და ფინეთი, რომელთა სარდლობებიც თავისი ტერიტორიისა და სუვერენიტეტის დასაცავად ომიანობის დროს გეგმავდნენ შეიარაღებულ ძალებში მოსახლეობის 10-12+-ის მობილიზებას. ასეთ პირობებში საეჭვო იყო, რომ საბჭოთა მოტომსროლელ დივიზიებს ადვილად დაეძლიათ ფინური და შვედური არმიების წინაამდეგობა და ხმელეთიდან მსხვილმასშტაბიანი შეჭრა განეხორციელებიათ ნორვეგიის ტერიტორიაზე. ამიტომ ნატოს სარდლობა ამ თეატრზე უფრო მეტად მოელოდა მოწინააღმდეგის მხრიდან საზღვაო და საჰაერო დესანტების გადმოსხმას და ძირითადად მათთან საბრძოლველად ამზადებდა ნორვეგიულ და კოალიციურ ჯარებს. მაგრამ ამჯერად ჩვენთვის აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ნატოს ბლოკში ცივი ომის პერიოდში ჯარების რიცხოვნებასთან დაკავშირებით არანაირი "სტანდარტები" არ არსებობდა, არამედ თითოეული სახელმწიფო, ბლოკის სარდლობასთან შეთანხმებით და ამ უკანასკნელის ხელმძღვანელობით, კონკრეტული ამოცანებიდან გამომდინარე, გეგმავდა ომიანობის დროს შეიარაღებული ძალების რიცხოვნებას და ატარებდა შესაბამის ღონისძიებებს. ნატოს ბლოკში მიღებული პროექტით, ე. წ. "ცხელი რაიონიდან" დაშორებული მცირე სახელმწიფოების სარდლობები შეიარაღებულ ძალებში ითვალისწინებდნენ მოსახლეობის 1,7-3,4+-ის მობილიზებას, ხოლო "ცხელი რაიონის" სახელმწიფოები, ნეიტრალური ქვეყნების მსგავსად, მოსახლეობის დაახლოებით 10+-ის მობილიზებას. ცივი ომის დასრულების, ვარშავის პაქტისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნატოს ბლოკის უმეტეს სახელმწიფოებში მნიშვნელოვნად შეამცირეს შეიარაღებული ძალების რიცხოვნება, ძირითადი შეირაღება, სამობილიზაციო და საბრძოლო მზადყოფნა. მაგრამ ამ პირობებშიც უცვლელი დარჩა მოსალოდნელ სამხედრო მუქარებზე ადექვატური რეაგირების ფუძემდებლური პრინციპი. ამ პრინციპის მიხედვით, თუკი 2000 წელს ნიდერლანდების, ბელგიისა და დანიის სარდლობები ომიანობის დროს გეგმავდნენ შეიარაღებულ ძალებში მოსახლეობის სულ 0,5-2,8+-ის მობილიზებას, ნორვეგიაში ეს მაჩვენებელი მაინც 5,6+-ია. თანაც ასეთი დაბალი რიცხობრივი მაჩვენებლის გამომწვევი მიზეზების უფრო თვალსაჩინოდ წარმოსაჩენად, მეორე ცხრილში მოვიყვანთ ნატოს ბლოკის ევროპულ ნაწილში განლაგებულ შეიარაღებასა და მისი შესაძლო მოწინაღმდეგის ევროპულ ტერიტორიაზე განლაგებულ შეიარაღებას ცივი ომის მიწურულსა და 2000 წელში (ცხრ. 2). აღნიშნული ცხრილი მიახლოებითია, მაგრამ მაინც კარგად გვიჩვენებს ძალების განაწილებას და ნატოს ბლოკისადმი პოტენციურ სამხედრო მუქარებს ცივი ომის ბოლოს და დღევანდელ ეტაპზე. მასში არ არის ნაჩვენები რუსეთის აზიურ ნაწილში და აშშ კონტინენტზე განლაგებული შეიარაღება, არც დღევანდელი ირანის შეიარაღებათა რაოდენობა, რომელიც სავარაუდო კონფლიქტში შესაძლოა თურქეთის საწინააღმდეგოდ რუსეთის მხარეზე მოვიაზროთ, მაგრამ თავად ირანს ასეთ პირობებში სპარსეთის ყურის რაიონში შეექმნება სერიოზული სამხედრო მუქარა თუნდაც მხოლოდ აშშ "სწრაფი გაშლის ძალებისგან" და ბუნებრივია, მას თავად დასჭირდება რუსეთისა და სხვა მოკავშირეების დახმარება. ომს ასეთი კანონები აქვს და ეს ბუნებრივია. საგარეო სამხედრო მუქარის მნიშვნელოვნად შემცირების შედეგად ნატოს ბლოკის უმეტესი სახელმწიფოების წინაშე ალიანსის ხელმძღვანელობა სვამს უკვე ახალ ამოცანებს. მაგალითად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჟურნალის "ზარუბეჟნოე ვოენნოე ობოზრენიე"-ს (რომელიც თავის სტატიებს ამზადებს დასავლურ ღია სამხედრო გამოცემებში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით) 1996 წლის 10-ე ნომერში გამოქვეყნებულ წერილში "ბელგიის სახმელეთო ჯარები", ვკითხულობთ: "ბელგიის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ცივი ომის დასრულების შემდეგ გაატარა რეფორმები შეიარაღებულ ძალებში, რომელთა ძირითადი მიზანიც იყო მცირერიცხოვანი, მობილური მაღალეფექტური შეიარაღებული ძალების შექმნა, რომელსაც შეეძლებოდა ქვეყნის აუცილებელი მონაწილეობა ლოკალური კონფლიქტების აცილებასა და დარეგულირებაში როგორც ნატოს პასუხისმგებლობის ზონაში, ისე მის გარეთ". ამის შესაბამისად, როგორც ზემოთ ვნახეთ, ომიანობის დროს ბელგიის შეიარაღებული ძალების რიცხოვნება შეამცირეს 191 300 ადამიანამდე, რაც ქვეყნის მოსახლეობის სულ 1,9+-ს შეადგენს, ხოლო ამ შემცირებული ჯარების საბრძოლო შემადგენლობაში 2000 წელს ნაჩვენები იყო სახმელეთო ჯარების ერთი მექანიზებული დივიზია (სამი მექანიზებული ბრიგადით), საბრძოლო უზრუნველყოფის დივიზია, "კომანდოსების" საპარაშუტო ბრიგადა და ერთი მსუბუქი საავიაციო ბრიგადა (ორი ტანკსაწინააღმდეგო და ერთი სადაზვერვო სავერტმფრენო ბატალიონებით), ტერიტორიული თავდაცვის ჯარების 11 მსუბუქი ქვეითი ბატალიონი; საჰაერო ძალების შვიდი საბრძოლო და ორი სასწავლო-საბრძოლო ესკადრილია, ორი სატრანსპორტო, ორი სასწავლო და ერთი ბრძოლის ველზე მეთვალყურეობის საავიაციო ესკადრილია; საზღვაო ძალების საბრძოლო და ნაღმსაწინააღმდეგო ბრძოლის ესკადრები. მათ შეიარაღებაში ნაჩვენებია 140 საბრძოლო ტანკი, 141 მოჯავშნული სადაზვერვო მანქანა, 230 ქვეითთა საბრძოლო მანქანა და 350 ჯავშანტრანსპორტერი (სულ 580 მოჯავშნული საბრძოლო მანქანა), 230 საბრძოლო უზრუნველყოფის მოჯავშნული მანქანა, 242 საველე საარტილერიო სისტემა და 100 ერთეული 81-მმ ნაღმსატყორცნი, 480-მდე ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი, 50-ზე მეტი თვითმავალი საზენიტო დანადგარი და 180-მდე მსუბუქი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი, 28 დამრტყმელი, 18 სადაზვერვო და 40-მდე სხვა დანიშნულების ვერტმფრენი, 165 საბრძოლო და სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავი, 80 სატრანსპორტო და საბრძოლო უზრუნველყოფის თვითმფრინავი, სამი მსხვილი წყალზედა საბრძოლო ხომალდი, 11 ნაღმსაწინააღმდეგო ბრძოლის ხომალდი, 12 დამხმარე გემი და სხვა შეიარაღება. ასეთია თუნდაც "მცირერიცხოვანი, მობილური და ეფექტური" ბელგიური შეიარაღებული ძალები, რომლის მიზანიცაა ბელგიის ტერიტორიიდან მრავალი ასეული და ათასეული კილომეტრის მოშორებით "ლოკალური კონფლიქტების აცილებასა და დარეგულირებაში მონაწილეობა". მაგრამ თავად ბელგია რომ მდებარეობდეს ე. წ. "ცხელ რაიონში", მას რომ ჰქონდეს ტერიტორიები დაკარგული და მოსახლეობა საკუთარ ქვეყანაში დევნილად ქცეული, მაშინაც მისი სარდლობა მხოლოდ ასეთი მცირერიცხოვანი ჯარების შექმნით შემოიფარგლებოდა, თუ უფრო მეტ ღონისძიებებს მიმართავდა საკუთარი ინტერესებისა და უფლებების დასაცავად? და თუ კი ნატოს ბლოკის სარდლობა მოთხოვდა მას შემოფარგლულიყო ისევ მხოლოდ მცირერიცხოვანი ჯარების მშენებლობით და მეტი ზომებისათვის არ მიემართა, მაშინ თანამედროვე სამხედრო საქმეში კარგად გაცნობიერებული ბელგიური ხელმძღვანელობა როგორ გადაწყვეტილებას მიიღებდა? მაგალითად, ჟურნალ "ზარუბეჟნოე ვოენნოე ობოზრენიე"-ს 1991 წლის მე-2 ნომერში გამოქვეყნებულ წერილში "მორსკაია სტრატეგია" ვკითხულობთ, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ აშშ საზღვაო ძალების ხელმძღვანელობა ფიქრობდა თავისი სამხედრო-საზღვაო ფლოტის გააქტიურებას თავად საბჭოთა კავშირის (რუსეთის) ჩრდილო-დასავლეთ საზღვრების მახლობელ წყლებში, მაგრამ "სკანდინავური ქვეყნების უარყოფითმა პოზიციამ, რომლებიც ობიექტურად აფასებენ ნორვეგიისა და ბარენცის ზღვებში ამერიკული ფლოტის ღრმა წინსვლის მთელ საშიშროებას, აიძულა ამერიკელები, მოცემულ ეტაპზე უარი ეთქვათ კოლის ნახევარკუნძულის მიმართულებით შეტევითი მოქმედებების გეგმების შემუშავებაზე". სამწუხაროდ, ჩვენთან "ნატოს სტანდარტებად" ასაღებენ იმას, რაც არათუ ნატოს ბლოკში, არამედ სამხედრო საქმეში ჩახედული ხელისუფლების მყოლ და საკუთარი თავის პატივისმცემელ არც ერთ ქვეყანაში სიზმრადაც კი არ მოეჩვენებათ. ამავე დროს საქართველოს ხელისუფლება, ე. წ. პოლიტიკური სპექტრის უდიდესი ნაწილი, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და არასამთავრობო ორგანიზაციები თავიანთი ნორვეგიელი, შვედი და ფინელი კოლეგებივით მფრთხალები და ლაჩრები არ გამოდგნენ და უკანმოუხედავად დაუჭირეს მხარი კავკასია-ცენტრალური აზიის მიმართულებით "შეტევითი მოქმედებების" განვითარებაში იმათ, ვინც კარგად იციან რას ნიშნავს თუნდაც "ნატოს სტანდარტების" "მცირერიცხოვანი, მობილური და ეფექტური" შეიარაღებული ძალების ნამდვილი საბრძოლო შემადგენლობა და შეიარაღება (ახლა ეს ჩვენც ვიცით, თუნდაც ბელგიის მაგალითზე), ჩვენ კი თუნდაც ამ "ძალების" მეათედით დაკმაყოფილებას გვირჩევენ, ანუ უბრალოდ, გვატყუებენ.
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |