|
"საქართველო "
ვ. ნ. შონია - ვი. ბოროტების სათავე, ანუ როგორ შეთითხნეს "მეგრელთა საქმე"
გაგრძელება. დასაწყისი "საქართველო" #8-16, 2002, #1, 2 2003 წ.
მეორე ფრონტის გახსნის შემდეგ ჩვენი მოკავშირეები დიდ წინააღმდეგობას წააწყდნენ და დახმარებაც გვთხოვეს. სტალინმა გასცა ბრძანება. აღმოსავლეთის ფრონტზე გერმანელებს სასტიკად შევუტიეთ და ვაიძულეთ, დასავლეთის ფრონტიდან მოეხსნათ ჯარები და ჩვენსკენ გადმოესროლათ... დასავლეთის ფრონტზე პრაქტიკულად გერმანელებმა შეწყვიტეს წინააღმდეგობა. შეიქმნა საშიშროება, რომ ბერლინს მოკავშირეთა ჯარები აიღებდნენ, მაგრამ ჯარები ელბასთან შეჩერდნენ და ერთი ნაბიჯიც არ გადმოუდგამთ, წინ, სანამ ჩვენები არ შეუერთდნენ. ამ ფაქტის გამო ჩერჩილი გაშმაგებული წერდა რუზველტს: ბერლინიდან რაც უფრო შორს ჩამოვართმევთ რუსეთს ხელს გამარჯვებისათვის, მით უკეთესი იქნება ევროპისათვისო. რუზველტმა ამ წერილს ყურადღება არ მიაქცია. მაშინ ჩერჩილმა მოკავშირეთა ჯარების სარდალს გენერალ ეიზენჰაუერს მიმართა თხოვნით, რომ სასწრაფოდ დაეწყო შეტევა. ეიზენჰაუერმა უპასუხა, რომ მას რუზელტის გარეშე ამ საკითხის გადაწყვეტა არ შეუძლია. ჩერჩილმა ახლა სთხოვა ინგლისის ჯარების სარდალს გენერალ მონტგომერს, რომ სასწრაფოდ დაეწყოთ შეტევითი ოპერაციები. მაგრამ მონტგომერმაც ვერ გადაწყვიტა ეს საკითხი, ვინაიდან გაერთიანებულ ჯარებს ეიზენჰაუერი სარდლობდა. როგორ გგონიათ, რატომ არ დაიძრა მოკავშირეთა ჯარები ბერლინის ასაღებად? როგორც მოგვიანებით გაირკვა, სტალინმა რუზველტს მისწერა დაახლოებით ასეთი შინაარსის წერილი: "ამ ომში რუსეთმა ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო, ამიტომ ისტორიის კანონზომიერება მოითხოვს, რომ ბერლინი რუსებმა აიღონ. თუ თქვენ ამაში მხარს არ დაგვიჭერთ, მაშინ ჩვენ მეორედ მოგვიწევს ბერლინის აღება და შესაძლოა სხვა ქვეყნების განთავისუფლებაც. თუ მხარს დაგვიჭერთ, როცა ბერლინს ავიღებთ და გერმანიასთან ომს დავამთავრებთ, მერე დაგეხმარებით იაპონიასთან ომის მალე დამთავრებაში". ჩერჩილმა ამ წერილის შესახებ, იაპონიასთან ომის დამთავრების შემდეგ გაიგო და მიხვდა, რომ სტალინმა ერთხელ კიდევ გააცურა. განა სტალინის პოლიტიკურ ნიჭზე არ მეტყველებს ის ფაქტი, რომ მთელი ომის განმავლობაში, გერმანიამ იაპონია ვერაფრით ომში ვერ ჩაითრია? 15 წუთი ესაუბრა სტალინი იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრს - იოსუკე მაცუოკოს და ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ იაპონია, გერმანიასთან ერთად ომში არ ჩაბმულიყო. დღეს არავინ არ იცის, თუ რა უთხრა სტალინმა მაცუოკოს, - ეს აზრი სულ აწვალებდა ჰიტლერსაც. მან კატეგორიულად მოსთხოვა კანარისს გაეგო სტალინის და მაცუოკოს საუბრის შინაარსი, მაგრამ ვერ მიაღწია ამას". - რას გვეტყვით ხრუშჩოვზე? ჩაურთო კითხვა ბატონმა ანზორმა. მოლოტოვმა უპასუხა: ..."იგი უთუოდ ნიჭიერი კაცი იყო, მაგრამ გაუნათლებელი და საშინლად თავხედი." - რას გვეტყვით ბერიაზე? დაისვა კითხვა. მოლოტოვმა უპასუხა: ..."ბერია უნიჭიერესი კაცი იყო. არაადამიანური ენერგიის მქონე და შრომისმოყვარე. შეეძლო კვირაობით დაუძინებლად ემუშავა... რაც შეეხება ბრალდებას, რომ ბერია უცხოეთის აგენტი იყო - მტკნარი სიცრუეა, მას საბჭოთა კავშირის წინაშე დანაშაულთან ერთად დიდი დამსახურებაც ჰქონდა". ბატონი ანზორი უსვამს ასეთ კითხვას: "რატომ არ დაუჭირეთ მხარი ბერიას, როცა სტალინის სიკვდილის შემდეგ პოლიტბიუროში დაჯგუფება დაიწყო?". მოლოტოვი პასუხობს: ..."ბერიამ დამირეკა და შემომთავაზა მათ ჯგუფს დავხმარებოდი, მე პირიქით ვურჩიე, ჩვენი პოზიცია დაეჭირა, არ დამიჯერა და ყურმილი დამიკიდა. ეგონა, ხრუშჩოვის ჯგუფს ადვილად გაუსწორდებოდა, მაგრამ ხრუშჩოვი მასზე უფრო ეშმაკი აღმოჩნდა. ჩემთვის რომ დაეჯერებინა, ისტორია სხვანაირად დატრიალდებოდა". - რაზე გწყდებათ გული ყველაზე მეტად? იყო მომდევნო კითხვა. მოლოტოვმა უპასუხა: - "პარტიიდან რომ გამრიცხეს. მე ლენინის ხელმოწერილი მანდატი მაქვს. კომუნისტურ პარტიას მთელი ჩემი არსებით ვემსახურებოდი, მთელი ჩემი სიცოცხლე შევწირე და არავის ჰქონდა უფლება, მე პარტიიდან გავერიცხე და #1 მანდატი ბრეჟნევისთვის მიეცათ. მე თავს დღემდე ლენინური პარტიის წევრად ვთვლი. საწევროსაც ყოველთვიურად წესის მიხედვით ვიხდიდი. ახლა, მადლობა ღმერთს, ანდროპოვმა აღმადგინა პარტიის რიგებში. ეს იყო ჩემთვის ბოლო წლებში ყველაზე ბედნიერი წუთები...
როგორ დაიღუპა ბერია?
ბერიას დაღუპვაზე სხვადასხვა აზრი არსებობს. იგი ჯერჯერობით კრემლის საიდუმლოებას წარმოადგენს. ხრუშჩოვის მიერ გამოთქმული აზრი ბერიას დაპატიმრებაზე, როგორც ირკვევა, არ შეეფერება სინამდვილეს. მიუხედავად ამისა, გვინდა გავაცნოთ იგი მკითხველს, იმ სახით, რა სახითაც გამოქვეყნდა ჟურნალ "ოგონიოკის" 1990 წლის მე-6 ნომერში.
ნ. ს. ხრუშჩოვის მოგონებიდან: "ბერიას დაპატიმრება დავავალეთ ამხ. მოსკალენკოს, ხუთი გენერლისაგან შემდგარ ჯგუფთან ერთად. როგორც მოსკალენკო, ისე ხუთივე გენერალი უნდა ყოფილიყო შეიარაღებული და ისინი კრემლში უნდა გაეტარებინა ბულგანინს, იმ დროს სამხედროებს, რომლებიც კრემლში შედიოდნენ, უნდა დაეტოვებინათ იარაღი კომენდატურაში. მოთათბირების შემდეგ მოსკალენკოს ჯგუფს შეუერთდა მარშალი ჟუკოვი, და კიდევ რამდენიმე კაცი (გ. კ. ჟუკოვმა ეს არ დაუდასტურა სერგო ბერიას - ლ. პ. ბერიას შვილს - შეხვედრისას). ერთი სიტყვით, კაბინეტში შევიდა არა ხუთი კაცი, არამედ ათი, ან უფრო მეტი. მალენკოვი რბილად მიმართავს ჟუკოვს: "მე, როგორც სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, გაძლევ განკარგულებას - დააკავოთ ბერია". ჟუკოვმა უბრძანა ბერიას: "ხელები მაღლა!". მოსკალენკომ და სხვებმა მოიმარჯვეს იარაღი, რადგან ბერიას შეეძლო წასულიყო პროვოკაციაზე. ბერიამ ხელი სტაცა თავის პორტფელს, რომელიც იდო მის ზურგს უკან, ფანჯრის რაფაზე, მე ბერიას ვტაცე ხელი, რათა არ ეხმარა იარაღი, თუკი იგი ჰქონდა პორტფელში. შემდეგ, როცა შევამოწმეთ, არავითარი იარაღი მას არ ჰქონდა, არც პორტფელში და არც ჯიბეში. მან უბრალოდ გააკეთა, ასე ვთქვათ, რეფლექსური მოძრაობა. ბერია მაშინვე აიყვანეს დაცვის ქვეშ და მოათავსეს მინისტრთა საბჭოს შენობაში, მალენკოვის კაბინეტის გვერდით.
"ოგონიოკი" #6, 1990 წ.
საინტერესოა, რატომ არ ახსენებს ხრუშჩოვი იმას, რომ ბერია ბერლინის აჯანყების ჩასაქრობად იყო წასული. ირკვევა, რომ ხრუშჩოვის ეს მონათხრობი, ასევე მისი სასამართლო პროცესიც იყო სრული სიცრუე. ახლა მკითხველს მინდა გავაცნო ბერიას დაღუპვის თაობაზე ის ცნობა, რომელიც გადმომცა ბატონმა ილია ბარქაიამ. ამ უკანასკნელს ეს ვერსია გაგონილი ჰქონდა მაღალი ჩინის მისივე კოლეგებისაგან.
აი, ეს ვერსიაც: ცნობილია, რომ ყოველი წლის 25 ივნისს მოსკოვის გარნიზონი მიდის "ლაგერში", მოსკოვთან ახლომდებარე საკურორტო ზონაში. 1953 წლის 18 ივნისს ბერიამ მოიწვია დიდი ჩეკისტების თათბირი. სსრ კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე იყო კრუგლოვი; მოადგილეები იყვნენ: ვ. ნ. მერკულოვი, ვ. გ. დეკანოზოვი, ბ. ზ. ქობულოვი, ს. ა. გოგლიძე, პ. ი. მეშიკი, ლ. ვ. ვლადიმირსკი. ბერიამ მოწვეულ დიდ ჩეკისტებს გააცნო ის ღონისძიება, რომელიც უნდა განეხორციელებინა შინაგან საქმეთა სამინისტროს. იგი მდგომარეობდა შემდეგში: როგორც კი მოსკოვის გარნიზონი გადავიდოდა ქალაქიდან, მთელი ძალაუფლება ხელში უნდა აეღო შინაგან საქმეთა სამინისტროს. რა თქმა უნდა, პირველ კაცად დაჯდებოდა თვითონ. ხოლო დანარჩენ დიდ თანამდებობებს დაურიგებდა თათბირის მონაწილეებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოლოტოვის და ზოგიერთ სხვათა ხელისუფლებიდან ჩამოშორება არ იყო გათვალისწინებული. შემუშავდა მოქმედების გეგმა. მასალები ბერიამ სეიფში ჩაკეტა. 1953 წლის 19 ივნისს ბერლინში მოხდა აჯანყება. გერმანიის მოსახლეობის თითქმის ყველა ფენა მოიცვა სახალხო პროცესმა. ისინი იარაღით ხელში გამოვიდნენ და უნდოდათ დაემხოთ ოტო გროტევოლის მთავრობა. გროტევოლმა დახმარებისათვის მიმართა საბჭოთა მთავრობას. ბერლინის აჯანყების ჩაქრობა ბერიას დაევალა. იგი გააცილეს თვითმფრინავზე: ხრუშჩოვმა, ბულგანინმა, მალენკოვმა და სხვებმა. იმავე დღეს კრუგლოვმა გასცა საიდუმლო და ყოველივე 18 ივნისის თათბირის შესახებ ხრუშჩოვს მოახსენა. ბატონი ილიას თქმით, ეს მოხდა შემდეგნაირად: "კრუგლოვი, როგორც კი ბერია ბერლინში გაფრინდა, გამოცხადდა პირდაპირ კრემლში. იქ გაიგო, რომ მთელი პოლიტბიუროს შემადგენლობა დიდ თეატრში პრემიერაზე დასასწრებად წასულიყო. იგი პირდაპირ თეატრისაკენ გაეშურა. შევიდა ლოჟაში, სადაც ისხდნენ პოლიტბიუროს წევრები. მოლოტოვი პრემიერას არ ესწრებოდა. კრუგლოვი ჩქარი ნაბიჯით მივიდა სულ ახლოს ხრუშჩოვთან და მოახსენა: ..."ნიკიტა სერგის ძევ, თავს უშველე, ბერიას სურს მთელი პოლიტბიუროს დაპატიმრება". ყველა პანიკამ მოიცვა, სპექტაკლის დაწყებას ხუთი წუთი უკლლდა. პოლიტბიუროს წევრებმა თეატრი დატოვეს. კრუგლოვი, ბულგანინი, ხრუშჩოვი და მათი დაცვა შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიჭრნენ. ქობულოვი და დეკანოზოვი იქვე დააკავეს. ბერიას კაბინეტი გატეხეს, სეიფი გააღეს, კრუგლოვის ნათქვამი გამართლდა. სეიფში აღმოჩნდა 18 ივნისის თათბირის მასალები და მოქმედების გეგმა. დააპატიმრეს ბერიას მოადგილეები, 18 ივნისის სხდომის ყველა მონაწილე, გაჩხრიკეს მათი ბინები, პატიმრობაში აიყვანეს მათი ოჯახები. შს სამინისტროში ყველაფერი აირია. უცნაური დაპატიმრებები გაუგებარი რჩებოდა. ბერიას კაბინეტიდან მიმავალი ყველა ხაზი გადაჭრეს. პეტრე შარიას ჰქონდა საიდუმლო ხაზი, რომლითაც საჭირო შემთხვევაში შეეძლო დაკავშირებოდა ბერლინში მყოფ ბერიას. პეტრემ მოახერხა ამ ხაზით დაკავშირებოდა შეფს და მოახსენა: ..."იცოდე, ცუდად არის საქმე. თავს უშველე, შენი მოადგილეები დაიჭირეს. კაბინეტები და ბინა გაჩხრიკეს". როგორც აღვნიშნეთ, ბერიას დაღუპვაზე არსებობს სხვადასხვა ვერსია. ერთ-ერთის მიხედვით, ბერია დარწმუნებული იყო რა თავის თავში, ბატონი ილიას თქმით, გამოფრინდა მოსკოვში. მივიდა რა კრემლში, კაბინეტში შესვლისას ბულგანინის მცველებმა ავტომატის ხიშტი ჩასცხეს, მძიმედ დაჭრეს, შემდეგ წაიყვანეს საავადმყოფოში და იქვე გარდაიცვალა (ეს ვერსია მას მაღალი ჩინის მქონე კოლეგებისაგან ჰქონდა გაგონილი). მეორე ვერსიის მიხედვით, ბერია არც ჩამოსულა მოსკოვში. მან აქ გამოგზავნა თავისი ორეული. თვითონ კი სახის პლასტიკური ოპერაციის გაკეთების შემდეგ ოტო გოტევოლის დახმარებით წავიდა ბრაზილიაში. ამაზე ორიოდე წლის წინ იყო ცნობილი მწერლის გურამ ფანჯიკიძის პუბლიკაცია გაზეთში. ამ ვერსიის მიხედვით მოვლენას ხსნიან შემდეგნაირად: ბერიას მის თანხლებთა შორის მუდამ დაჰყავდა ორეული, რომლიც წვერს და ულვაშს ატარებდა. თუ ულვაშს და წვერს მოიშორებდა, ეს კაცი ზუსტად ბერიას ასლი იყო. ამ ვერსიის თანახმად ბერიამ, როგორც კი პეტრე შარიასაგან შეიტყო საქმის ვითარება, მოსკოვში გამოუშვა თავისი ორეული. ეს არ იცოდა ამალის არცერთმა წევრმა. შერემეტიევოს აეროდრომზე როცა დაეშვა ბერლინიდან წამოსული დელეგაცია და როგორც კი თვითმფრინავიდან გადმოვიდნენ "ბერია" და მისი თანხმლებნი, ავტომატური იარაღით გაუხსნეს ცეცხლი და ყველანი დახოცეს. რაც შეეხება სასამართლოს, როგორც აღვნიშნეთ, ეს იყო სრული ფალსიფიკაცია. იქ გამოიყვანეს ბერიას მეორე ორეული, რუსი ეროვნების კაცი, გვარად კალუგინი. მას დიდ ჯილდოს შეპირდნენ, რათა ეთამაშა ეს როლი. მან ეს მისია მართლაც ჩინებულად შეასრულა, მაგრამ ბერიას მაგივრად ჯილდოდ შუბლში ტყვია მიიღო. ბერიას სასამართლოზე მოწვეული იყო საქართველოდან მიტროფანე კუჭავა (ზუგდიდის ყოფილი რაიკომის პირველი მდივანი გრ. ჩაჩიბაიას შემდეგ). კუჭავა მართლაც დაესწრო სასამართლო პროცესს. მან მოახერხა ახლო მისვლა და დარბაზიდან "ბერიას" გადაულაპარაკა მეგრულად. განსასჯელის სკამზე მყოფი "ბერია" პასუხის ნაცვლად უაზრო თვალებით ჩააშტერდა კუჭავას. კუჭავა დარწმუნდა, რომ საბრალდებო სკამზე ბერია არ იჯდა. ბატონმა მიტროფანემ ეს ამბავი გვიან, სულ გვიან გაამხილა ძალზე ვიწრო წრეში. მაშინ ხრუშჩოვი ხელისუფლებას ჩამოშორებული იყო. ბერიას დაპატიმრების შემდეგ სსრ კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა კრუგლოვი. 1953 წლის სექტემბერში ხრუშჩოვი ინდოეთს ეწვია. ამ დროს კრუგლოვი ეახლა მოლოტოვს და უთხრა: "ვიაჩესლავ მიხაილოვიჩ, ხრუშჩოვს აქვე დავაპატიმრებთ, მოკიდეთ ხელი ქვეყნის მართვას". მოლოტოვი, ცხადია, არ ენდო კრუგლოვს და ცივი უარით გაისტუმრა. ხრუშჩოვი როცა დაბრუნდა ინდოეთიდან, მას ეახლა მოლოტოვი და უთხრა: "ნიკიტა სერგეევიჩ, რად მიგზავნი აგენტებს? მე არ მინდა ძალისმიერი მეთოდით ხელისუფლების სათავეში მოსვლა. თუ კი ხალხი ამირჩევს, ეს სხვა საქმეა" (ეს ის დროა, როცა კრემლის მესვეურებში დაჯგუფება ნათლად გამოიკვეთა და ურთიერთობა მეტად დაიძაბა). ხრუშჩოვს გაუკვირდა ყოველივე და მოლოტოვს უთხრა: "რას ამბობთ, ვინ აგენტებს გიგზავნით და ამიხსენით, საერთოდ რაზეა ლაპარაკი". მაშინ მოლოტოვმა გაუმხილა მასთან კრუგლოვის ვიზიტი და ის წინადადება, რაც მას კრუგლოვმა შესთავაზა. ხრუშჩოვმა შუბლზე ხელი იტკიცა. თან ჩაილაპარაკა - ღმერთო ჩემო, რას გადავრჩენილვარ! ხრუშჩოვი მაშინვე გაუსწორდა კრუგლოვს. იგი იმ დღის შემდეგ არავის უნახავს. ახლახან გამოცემულ წიგნში "გვიყვება ბერიას ვაჟი", მკითხველი გაეცნობა თუ რა აუტანელი სულიერი და ფიზიკური ტანჯვა გამოსცადეს რეპრესიის წლებში ბერიას მეუღლემ და ვაჟიშვილმა. ამაზე ჩვენ გვქონდა საუბარი. ბერიას დაღუპვის შემდეგ, არც მეგობრები, ახლობლები და ნათესავები დაინდეს. რეპრესიების მსხვერპლი გახდა ბერიას ერთ-ერთი ბიძაშვილი - ივანე კვარაცხელია და მისი ოჯახი.
ივანე პეტრეს ძე კვარაცხელია
ივანე პეტრეს ძე კვარაცხელია დაიბადა 1897 წელს წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯგალში, სოფლის მღვდლის პეტრე კვარაცხელიას ოჯახში. ივანეს გარდა პეტრე მღვდელს კიდევ ხუთი შვილი ჰყავდა. პეტრეს მეზობლად მცხოვრებ ბასა კვარაცხელიას ოჯახში დიდი უბედურება ტრიალებდა. მას 2-დან 11 წლამდე ასაკის შვიდი შვილი მოუკვდა. აღნიშნულმა დაამწუხრა მთელი სოფელი. მეზობლებმა და მახლობლებმა ბასას და მის ცოლს თავის მოკვლის საშუალება არ მისცეს. ამ ამბის შემყურე პეტრემ არც აცია, არც აცხელა და სამი თვის ივანე შვილად მისცა ბასას. იზრდებოდა პატარა ივანე, ბუთხუზა, ჯანმაგარი, მკვრივი, ამასთან არაჩვეულებრივი მეხსიერების და უნარის მქონე. გავიდა რვა წელი და ბასას ოჯახში დაიბადა ვაჟი. მას სოლომონი დაარქვეს. აღორძინდა ოჯახი. ივანე ფეხბედნიერი გამოდგა, ბასას ოჯახში კიდევ ვაჟი დარბოდა. ცხრა წლის ივანე ჯგალის დაწყებით სკოლაში მიიყვანეს. მან ოთხი კლასის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა სოფ. ხაბუმის ორკლასიან სასწავლებელში. აღნიშნული სასწავლებლის ხუთებზე დამთავრების შემდეგ სენაკში აგრძელებს სწავლას. შემდეგ შედის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიულ ფაკულტეტზე. ეს ის დროა, როცა ბერია საქართველოს პოლიტსამმართველოს უდგას სათავეში.
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |