|
"საქართველო "
უცნაური პუბლიკაცია
მკითხველმა იცის, რომ ჟურნალ THE ECONOMIST ღრმად, პრინციპულად და შეურიგებელი მორალური პოზიციით აშუქებს ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენებს - ჩეჩენი ხალხის ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის და ულმობელ რეპრესიულ ზომებს რუსეთის მხრიდან. ამ ფონზე ჟურნალის 8 თებერვლის ნომერში დაბეჭდილია ადვერტისმენტი (რეკლამა), რომელიც გვიხატავს რუსეთის ერთ-ერთი დიდი ოლიგარქის, ეროვნებით ჩეჩნის მალიქ საიდულაევის და მისი ფირმის "მილანის" ქველმოქმედებას ჩეჩნეთში ნორმალური ცხოვრების მატერიალურ საფუძველთა აღდგენის მიმართულებით. საქმე ეხება წყალმომარაგების, მედმომსახურების, საცხოვრებელი სახლების აღდგენას და ყოფითი დახმარების სხვა ფორმებს. ფირმა "მილანს" საქმე აქვს მაღალ ტექნოლოგიებთან და იგი, ფირმა "THE SOODWILL"-თან ერთად, პიეზო-კვარცის ფილების მსოფლიო წარმოების 20 პროცენტს აკონტროლებს. საიდულაევი 38 წლისაა, იგი გროზნოშია დაბადებული და ცდილობს კავშირი არ დაკარგოს ეროვნულ ხალხურ ტრადიციასთან. ეს მასალა დაბეჭდილია განსხვავებული შრიფტით და "ადვერტისმენტის" სტატუსით, რაც მკითხველს მკაფიოდ მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ჟურნალის პოზიციის გამოხატულება არ არის. სკრუპულოზურად აწონილ-დაწონილი ტექსტი არ ახსენებს არც ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას, არც რუსეთის არმიის მხეცობას, არც საქმის იურიდიულ მხარეებს. უფრო მეტიც: აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ჩეჩნეთი ბრძოლით მიყენებულ ჭრილობათა მოშუშებას საჭიროებს, მაგრამ არა იმაზე, რით დამთავრდება, რამდენ ხანს გაგრძელდება და რატომ (ვისი ბრალით) გაგრძელდება ჭრილობათა მიყენების პროცესი.
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |