"საქართველო "
# 4
25 თებერვალი - 11 მარტი, 2003 წელი

ბლიქსის პოზიცია მოულოდნელი არ იყო

უშიშროების საბჭოში ინსპექტორთა ხელმძღვანელის ჰანს ბლიქსის ზემოხსენებული პოზიცია მოულოდნელი არ იყო. მის გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე გაზ. "ფაინენშელ ტაიმსი" წერდა, რომ "გაერთიანებული ერები (გაერო) მოელიან, რომ იგი გააკრიტიკებს ერაყს მისი არასაკმარისი თანამშრომლობის გამო ინსპექტორებთან. მაგრამ ისინი არ ფიქრობდნენ, რომ იგი წარმოადგენს უჭოჭმანო განცხადებას, რომ ინსპექციის საქმე ჩაიშალა". როგორც უკვე ვიცით (იხ. აქვე ზემოთ), ეს მოლოდინი გამართლდა. რომელია ის უთანხმოების წერტილები, რომელმაც უპრეცედენტოდ გაყო გაეროს უშიშროების საბჭოც, ნატოც და ევროკავშირიც და მათ ყოფს დღესაც, როცა, ერთის მხრივ, ბუში მოუწოდებს თავის მეომრებს, გამოვაჩინოთ, რომ "ხერხემალი გვაქვსო", და ბლეირი თავისი ქვეყნის შეიარაღებულ ძალთა ერთ მესამედს ერაყთან საომრად გზავნის, ხოლო მეორე მხრივ საფრანგეთი და გერმანია დაჟინებით ითხოვენ, სადამ ჰუსეინს ჭკუაზე მოსასვლელად კიდევ დრო მივცეთო, და პუტინი (რომელსაც პრაქტიკულად არავინ არაფერს აღარ ეკითხება. რედ.) ინტერვიუში აცხადებს, შესაძლოა გაეროს ახალ (უფრო მკაცრ) რეზოლუციას ვეტო დავადოთ, "თუ აუცილებელი აღმოჩნდაო" და ამ დროს პოზიციათა განლაგება ასეთია: ბლეირი ამბობს, ომს ვერ გამოვრიცხავთ, როგორც უკანასკნელ საშუალებას, რადგან "გაეროს ავტორიტეტის დაცვა გვმართებსო". მის მდგომარეობას ის ართულებს, რომ გაეროს "ზურგი", ახალი რეზოლუციის სახით, მას სჭირდება თავისი პოზიციის განსამტკიცებლად თვით ინგლისში, რომელსაც გაეროს სანქციის გარეშე ერაყში ომი მაინცდამაინც არ ჰსურს. ასევე მოითხოვენ გაეროს რეზოლუციას ესპანეთი, იტალია და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანათა უმრავლესობა. ესენიც გაეროს ავტორიტეტის დაცვის აუცილებლობას იმოწმებენ. ამ ორჭოფულ ფონზე ხდება უნიკალური მოვლენა - ნატოს გამწარებული დებატები, რომლებიც ეწინააღმდეგება "კონსენსუსის კულტურას" ამ ორგანიზაციაში და პოზიციათა პოლარიზაცია იმაზე, ვინ ჩაებმება ომში და ვინ არ ჩაებმება იმ შემთხვევაში, თუ თურქეთს სამხედრო დარტყმას მიაყენებენ (პრაქტიკულად - ერაყი მიაყენებს). საფრანგეთი, გერმანია და ბელგია ამ ეტაპზე უარს ამბობენ ომში დაბმაზე, რადგან ურჩევნიათ, ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს გაერომ და არა ნატომ (დღეისათვის გერმანიას უკვე ნათქვამი აქვს, ნატოს ამ სამხედრო ნაბიჯს არ გამოვეთიშებითო). ამავე დროს არსებობს ვარაუდი, რომ ეს კაბინეტური თამაში (რეპეტიცია სიტუაციისა: როგორ რეაგირობს ნატო, თუ ერთ-ერთმა წევრმა, ვთქვათ, თურქეთმა თავდასხმა განიცადა, ვთქვათ, სირიის მხრიდან) ამერიკელების ჩანაფიქრს ემსახურება. ამ არაპირდაპირი გზით მოიპოვონ ევროპელთა ტოტალური პოლიტიკური მხარდაჭერა (სხვა მათ არ სჭირდებათ და არც ჰსურთ. რედ.) მომავალ ომში. "ფაინენშელ ტაიმსი" იმოწმებს ნატოში აკრედიტებული ერთ-ერთი ელჩის სიტყვებს "მას შემდეგ, რაც 11 სექტემბრის შემდეგ ამერიკელებმა დაინახეს, რომ ნატო უუნაროა და გადაწყვეტილებათა მისაღებად საუკუნეები სჭირდება, ამჯერად აშშ ცდილობს ნატო გამოიყენოს თავის ომში ერაყის წინააღმდეგ. აი, რა არის დღესდღეობით ნატოში ატეხილი დავის არსი". ("საქართველოს" მკითხველს ახსოვს ჩვენი პუბლიკაციები ევროპული პრესის მასალებისა, საიდანაც, წინააღმდეგ ამ მსჯელობისა, ჩანს, რომ ევროპელებს დიდად ეწადათ ამერიკელთა აზიურ ოპერაციაში ჩაბმა, მაგრამ ამერიკელებმა, პრაქტიკულად, მარტო ბრძოლა არჩიეს. "ერთმხრივობა" ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბრალდებაა, რასაც დღეს ამერიკის პოლიტიკას ევროპელები უყენებენ. რედ.). ვაშინგტონი ევროპელთა ამ პოზიციას - განსაკუთრებით, გერმანელებისას - აფასებს როგორც ნატოელი მოკავშირის "ჩაშვებას" (LEთთING DOჭN) და როგორც უმადურებას იმის თაობაზე, რომ ამერიკის სამხედრო "ქოლგამ" ევროპა 60 წლის მანძილზე რუსეთისაგან (სსრკ-სგან) დაიცვა. ევროპელების აზრით, "საფრანგეთი და გერმანია ვერც კი ხვდებიან, რა დიდი ზიანი მიაყენეს ნატოს". მათ იგი, ფაქტობრივად, დაშალეს ისეთ დროს, "როცა ნატო, სსრკ-ს დაშლის შემდეგ, ახალ როლს ეძებდა, როცა მას შემცვლელი არ ჰყავს და როცა ევროპა მზად არ არის საკუთარი თავის დაცვის პასუხისმგებლობა იტვირთოს".

გერმანიის ხელისუფლება არბილებს თავის პოზიციას იმ არგუმენტაციით, რომ გაეროს უკვე არსებული რეზოლუცია კმარა ერაყის განსაიარაღებლად, მით უფრო, თუ ინსპექტორთა რაოდენობას გავზრდით, და რომ გერმანია წინააღმდეგია გაეროს გარეშე ომისა, და არა ყოველივე ომისა ერაყში. გარდა ამისა, შროდერი პრინციპულად წინააღმდეგია "წინმსწრობი დარტყმებისა", რაც ამერიკელებმა თავის თავდაცვის დოქტრინაში შეიტანეს. კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ შროდერის ეს წინააღმდეგობა ამცირებს ევროპაში გერმანიის გავლენის შესაძლებლობებს და, პირიქით, საფრანგეთისას ზრდის, რადგან მას უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება აქვს.

საფრანგეთის პრეზიდენტი შირაკი უფრო რბილად ეწინააღმდეგება ომს, იგი მას მხოლოდ "უკანასკნელ გამოსავლად" თვლის და გერმანიასა და რუსეთთან ერთად აცხადებს, რომ ეცდება უშიშროების საბჭოში მიაღწიოს ისეთი რეზოლუციის მიღების გადავადებას, რომელიც ომის სანქციას გასცემს. ამ აზრს იზიარებს ჩინეთიც. ფრანგებს იმედი აქვთ, რომ, დიპლომატიური მუშაობის შედეგად, მიაღწევენ იმას, რომ უშიშროების საბჭოს დღევანდელი 15 წევრი ქვეყნიდან უმრავლესობა ასეთი რეზოლუციის წინააღმდეგი იქნება.

"ფაინენშელ ტაიმსის" სიტყვით, ფრანგებმა იციან, რომ სადამ ჰუსეინი ფლობს ჯილეხისა და ყვავილის ვირუსებს და რომ მას 150 კმ-ზე უფრო დიდი რადიუსის რაკეტებიც აქვს. მაგრამ მათ არ სჯერათ, რომ იგი ახლოა მისული ბირთვული იარღის შექმნასთან და რომ ალ-ყაიდასთან მჭიდრო კავშირი აქვს. ამავე გაზეთის სიტყვით, შირაკი ცნობილია, როგორც ოპორტუნისტი. მაგრამ ამ კერძო შემთხვევაში იგი ხელმძღვანელობს პრინციპებით, რომლებიც გაზიარებულია მისი ქვეყნის პოლიტიკური საზოგადოებრიობის მიერ: "წინმსწრობი დარტყმების" დაუშვებლობის პრინციპით და გაეროს როლისა და პრესტიჟის დაცვისა და გაზრდის აუცილებლობის პრინციპით.

მაინც, გაზეთის აზრით, საფრანგეთის პოლიტიკას ორი "ორჭოფულობა" მოსდევს. პირველი. რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ინსპექტირება, როცა ამერიკელთა შეიარაღებული ძალები უკვე პოზიციებზე დგანან და იქ უსასრულოდ ვერ დარჩებიან? მეორე. გაურკვეველია, აპირებს თუ არა შირაკი, ფრანგები გაარიდოს ყველანაირ სამხედრო აქციას ერაყში. ვინც შირაკს იცნობს, ის, გაზეთის სიტყვით, არ გამორიცხავს, რომ შირაკი, თავისი მყარი საპარლამენტო უმრავლესობისაგან დაიმედებული, ერთ მშვენიერ დღეს არ გამოვა ტელევიზიით და არ განაცხადებს, რომ ემიჯნება ამერიკელთა პოლიტიკას ერაყის მიმართ, რითაც იგი (შირაკი) შექმნის დიდ ბზარს ევროპაში და ამერიკული ერთპიროვნული პოლიტიკის წინააღმდეგ წარმართული ევროპული კამპანიის მესიტყვე გახდება.

შექმნილი ვითარება, გაზეთის სიტყვით, მძიმე მდგომარეობაში აყენებს ბლეირს, რომლის ქვეყანა მზადაა ომისთვის გაეროს ზურგით, მაგრამ არა ომისათვის ასეთი ზურგის გარეშე.

მოსალოდნელია, რომ ახალი რეზოლუციის ტექსტის პროექტის შედგენას აშშ და ბრიტანეთი თებერვლის დამლევამდე მოუნდებიან. ადვილი მოსალოდნელია, რომ ომი დაიწყოს გაეროს სანქციის გარეშეც: ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ამერიკელებს ომის ასეთი ფორმა ურჩევნიათ საკითხის გაეროში გატანას და იქ ვეტოს მიღებას. მეორეც, იმიტომ, რომ არაა აუცილებელია უსანქციო ომი უბედურებას მოასწავებდეს. შესაძლოა, ამერიკელებმა და მათმა მოხალისე მოკავშირე ქვეყნებმა სწრაფი გამარჯვება მოიპოვონ და ბაღდადის ქუჩები მათ მიესალმონ, როგორც "განმათავისუფლებლებს". მაშინ, გაზეთის მიერ დამოწმებული დიპლომატის აზრით, შესაძლებელია ბუშმა მაგიდაზე დადოს ახლო აღმოსავლეთის ყოვლისმომცველი დარეგულირების კონკრეტული გეგმა.

"საქართველოს" რედაქციისაგან. თუ ვითარება ისე წარიმართა, როგორც "ფაინენშელ ტაიმსის" ეს უკანასკნელი პროგნოზი ვარაუდობს, შესაძლებელია, ეს ახლო აღმოსავლეთში ჩრდილოეთის გავლენის აღკვეთის გადამწყვეტი ეტაპი აღმოჩნდეს. საყურადღებოა, რომ ახლა, მოსალოდნელი ომის წინადღეებში, პრესა აღარ ლაპარაკობს საკუთრივ სანავთობე ინტერესებზე, რომლებიც მონაწილე ან არმონაწილე ქვეყნებს ერაყში აქვთ და რომლებს "საქართველოს" მკითხველი იცნობს ჩვენი წინა პუბლიკაციებიდან.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2003 წელი

მოგვწერეთ opentext@flashmail.com