|
"საქართველო "
ერაყის ომის წინ
საკვანძო საკითხად ერაყის მომავალი ომისადმი მსოფლიოს დამოკიდებულებისათვის - როგორც ღიასთვის, ისე გამოუცხადებლობისთვის - დღემდე რჩება ის, თუ როგორ მოეკიდებიან ამერიკის სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის ამასწინანდელ გამოსვლას გაეროში, რომელშიც მან მოინდომა იმის დამტკიცება, რომ ერაყს მასობრივი განადგურების იარაღი აქვს და მას მალავს. ჟ. THE ECONOMIST იმ აზრისაა, რომ პაუელის სიტყვას სუსტი მხარეებიც აქვს და ძლიერიც და რომ ჭეშმარიტება სადღაც შუაშია იმათ შორის, ვინც ფიქრობს, რომ პაუელმა მთავარი დაამტკიცა, და იმათ შორის, ვინც ფიქრობს, რომ მან ყველაფერი ვერ დაამტკიცა, რისი დამტკიცებაც უნდოდა. სკეპტიკოსები კითხვებს სვამენ: რატომ დღემდე დასავლეთის დაზვერვებმა ვერ გამოაქვეყნეს აკრძალული რაკეტებისა და მასობრივი მკვლელობების იარაღების ვერც ერთი ფოტო? როგორ ხდება, რომ ამდენი წლის მანძილზე ვერც დაზვერვის ცენტრალურმა სამმართველომ (აშშ), ვერც მოსადმა (ისრაელი) და ვერც სხვამ ერთი ასპროცენტიანი ნივთმტკიცებაც კი ვერ იპოვა, ან რატომ უნდა დავუჯეროთ "გადმომრბენ" ერაყელ სამხედრო მოსამსახურეებს, რომ ერაყს აკრძალული იარაღის მობილური ლაბორატორიები აქვს? და ასე შემდეგ. მეორეს მხრივ, ამერიკელთა მიერ მოპოვებული სატელიტური ფოტომასალა და მოსმენილი რადიოსაუბრები ცხადყოფენ, რომ ერაყელებს რაღაცა დასამალი აქვთ. ასე რომ, ჯამში, ჟურნალის აზრით, "ან სულელი უნდა იყოთ, ან არამზადა", რომ დაიჯეროთ ის კონტრარგუმენტები, რაც ჰუსეინის მხარეს მოჰყავს თავის გასამართლებლად. მართლაც, როგორ უნდა დაიჯეროთ, რომ ერაყელმა დიქტატორმა მილიარდობით დოლარები იზარალა (ემბარგოს შედეგად), თავისი ხალხი გატანჯა და თავი საფრთხეში ჩაიყენა მხოლოდ სიჯიუტის გამო, რომელიც ხელს უშლის, ინსპექტორებთან რეალურ თანამშრომლობას დაეთანხმოს? სრულებით დაუჯერებელია, ჟურნალის აზრით, ერაყელთა განცხადებაც. მას აქეთ, რაც 1998 წელს ინსპექტორები ქვეყნიდან გავაძევეთ, ჩვენი აკრძალული იარაღი ჩვენ თვითონ გავანადგურეთო. რადგან "ქმედებათა ისეთი ჩამონათვალის მქონე ქვეყანა, როგორიც ერაყს აქვს, უდანაშაულობის პრეზუმპციას ვერ იმსახურებს". ამგვარად, ჟურნალს მიაჩნია, რომ ე.წ. "მტკიცების ტვირთი" ამ შემთხვევაში სადამ ჰუსეინს აწევს: ამერიკელებმა კი არ უნდა დაამტკიცონ, რომ მას აკრძალული იარაღი აქვს, არამედ მან უნდა დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ ასეთი იარაღი არა აქვს.
სხვა დასავლელთა პოზიცია
"საქართველოს" წინა ნომრებში ჩვენ მოვიყვანეთ მასალა ამავე ჟურნალიდან, სადაც ლაპარაკი იყო იმაზე, რა არის ამერიკელებისთვის უკანასკნელი და ყველაზე მძლავრი "კოზირი" ევროპელთა დასარწმუნებლად, რომ მათი პოლიტიკის კვალზე უნდა იარონ: ესაა ევროპელთა ძვალ-რბილში გამჯდარი შიში, რომ ამერიკელებმა შეიძლება მათ ზურგი შეაქციონ და გიგანტური ბირთვული არსენალით შეიარაღებულ რუსეთს პირისპირ შეატოვონ. ამ "ჩარჩო-ფაქტორის" ფონზე თამაშდება ამერიკულ-ერაყული კონფლიქტისადმი დანარჩენი დასავლელების დამოკიდებულების დრამა, ფრანგებს, ჟურნალის აზრით, "სჩვევია" ხმაურის ატეხა ამერიკულ-ბრიტანული ინიციატივების გამო მანამდე, სანამ ამ ინიციატივებს შეუერთდებოდეს. მაგრამ ამჯერად საქმე ცოტა სხვაგვარადაა. პრეზიდენტ შირაკს, ჟურნალის აზრით, სრულებით არ სჭირდება ამერიკული ვერსიის სიტყვა-სიტყვით დაჯერება, რათა დარწმუნებული იყოს იმაში, რომ სადამ ჰუსეინი სანდო არ არის. მაგრამ მისი მიზანია ის, რომ ცოტა "ფრთები მოუკვეცოს" თავის ზეძლიერ მოკავშირეს, და არა ის, რომ ერაყის პრობლემა სხვა კალაპოტში გადაიყვანოს.
სხვა არაბთა და მუსლიმანთა პოზიცია
სხვა არაბული ქვეყნების უმრავლესობა, როგორც ჩანს, შეურიგდა მომავალი ომის გარდუვალობას, როგორც ფაქტს, და ცდილობს შეძლებისდაგვარად, ამ კონფლიქტის პირობებში თავისი საკუთარი ინტერესები წინ წაწიწოს. კუვეიტისა და ერაყის უდაბურ საზღვარზე მიწის ნაკვეთების ფასმა მკვეთრად აიწია, რადგან დამბანდებელნი მოელიან, რომ ომის დამთავრების შემდეგ აქ გაცხოველებული მიმოსვლა და სხვა კავშირ-ურთიერთობები გაჩაღდება. თურქეთის მმართველი პარტიის ლიდერმა ერდოგანმა მცდელობა არ მოაკლო პარლამენტის დაყოლიებას იმაზე, რომ ამერიკის შეიარაღებულ ძალებს თურქეთის ტერიტორიის გამოყენების ნება დართონ. თავისი პოზიციის ამ შეტრიალებას (ადრე ის ომის წინააღმდეგიც იყო) თავისი ხალხის თვალში იგი იმით ამართლებს, რომ "ჩვენი მორალური პრიორიტეტია მშვიდობა, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური პრიორიტეტია ჩვენი საყვარელი თურქეთი". მიუხედავად არაბული ხალხების მზარდი მტრული დამოკიდებულებისა ამერიკელების მიმართ, არაბი ლიდერებიც ლამობენ აჰყვნენ ამერიკულ სტრატეგიას, რომელსაც კაცობრიობის ინტერესთა დაცვის სახე აქვს. და ამ პოზიციით ხეირი ნახონ. თუმცა ომის შედეგად ეგვიპტემ შეიძლება დაკარგოს ის 6-8 მილიარდი დოლარი, რომელიც ტურიზმის შედეგად შემოსდის წლიურად, მას იმედი აქვს კომპენსაციისა იმით, რომ საუდის არაბეთისგან დახმარება მიიღო და ამან შეაძლებინა - ამერიკელთა რჩევის შესაბამისად, - თავისი ფულის თავისუფალი კურსის გამოცხადება. ამ ფაქტორებმა იკმარა იმისათვის, რომ ეგვიპტის სამთავრობო პრესაში ერაყის დაცვის კურსი მისი სიჯიუტის დაგმობის კურსით შეცვლილიყო. ერთადერთი არაბული ქვეყანა, რომელიც, ჯერჯერობით, ერაყის ერთგულ მომხრედ რჩება, არის სირია. მაგრამ "ცინიკოსი" ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ ამის მიზეზია ის მილიონი დოლარი დღიური შემოსავალი, რასაც სირია იღებს ერაყის ნავთობის უკანონო (ანუ არსებულ ემბარგოს საწინააღმდეგო) ექსპორტისაგან თავისი ტერიტორიის გავლით.
ვის რა უნდა და რატომ?
პაუელის მიერ უშიშროების საბჭოსთვის წარდგენილი მასალა საკმაოდ მრავალმხრივია და უხვია. იგი მოიცავს მოძრავი ბიოლოგიური ლაბორატორიების მონაცემებსაც, რაკეტებისასაც და ბირთვული ბომბის დამზადების მცდელობასაც. მაგრამ ამ მონაცემთათვის ნდობის გამოცხადება-არგამოცხადება მხოლოდ მათს ხარისხზე დამოკიდებული როდია. როლს თამაშობს ის ფონიც, რომელზედაც მათი მიწოდება ხდება. 11 სექტემბრის ტერაქტამდე არც ამერიკელებში, არც სხვებში არ იყო იმის განწყობილება, რომ არაბებისაგან მასობრივი მოსპობის იარაღთა და მათი მიტანის საშუალებათა წარმოებაზე მიღებული ცნობები სერიოზულად მიეღოთ. ახლა ასეთი განწყობილება არის. იკვლევენ არა იმდენად იმას, აქვს თუ არა სადამს ასეთი აკრძალული იარაღი, რამდენადაც იმას, არის თუ არა იგი განწყობილი მის საწარმოებლად (რაც, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო სახიფათოა). კამათის სვადასხვა მონაწილეს, ჟურნალის სიტყვით, სხვადასხვა მოტივები ამოძრავებს. თუ ამერიკელები ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ გულგრილად უყურებდნენ გაეროს ახალი რეზოლუციის მიღება-ვერმიღების საკითხს, დღეს მათთვის ამ რეზოლუციამ დიდი მნიშვნელობა შეიძინა. რადგან ამერიკელ ხალხს ბევრად ურჩევნია ასეთი რეზოლუციით ომი მის გარეშე ომს. ბლეირისთვისაც მას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს დაუწყნარებს მას ოპოზიციას ინგლისში. საინტერესოა, რომ არაბ რეჟიმებსაც, მიუხედავად ბუშის წინააღმდეგ მიმართული მათი კრიტიკული გამოსვლებისა, თურმე, სინამდვილეში სწადიათ ამერიკელებმა ერთპიროვნულად მოაგვარონ თავისი განზრახვა - ჩამოაგდონ ჰუსეინი, - რადგან არ ჰსურთ არაბთა თვალში ახალი შარავანდით შემოსილი ჰუსეინი თავის გვერდით. რუსეთს და საფრანგეთს აგრეთვე ურჩევნიათ გაეროს თანადგომით წარმოებული ომი მისი თანადგომის გარეშე წარმოებულს, რადგან ეს უკანასკნელი იქნებოდა ამერიკის მეტისმეტად დიდი გავლენისუნარიანობის მაჩვენებელი, რაც მათ არ ჰსურთ.
რა ელის ერაყს ომის შემთხვევაში
სპარსეთის ყურის ომის შემდეგ ერაყი ფეხზე არ წამომდგარა. მოსახლეობის 60+-ის (16 მილიონი სულის) სიცოცხლე ასი პროცენტით დამოკიდებულია ხელისუფლებისგან მიღებულ დახმარებაზე. გამოთვლილია, რომ ომის შემთხვევაში 5,4 მილიონ სულს გადასარჩენად დასჭირდება პროდუქტების მიწოდება გარედან. სამაგიეროდ ომის შემდეგ ამერიკელები აპირებენ წალეკონ ერაყი ჰუმანიტარული დახმარებით, რომლის დასაწყობება განზრახულია იორდანიაში ან კუვეიტში.
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |