"საქართველო "
# 4
25 თებერვალი - 11 მარტი, 2003 წელი

გლობალიზაციის მომხრეთა თვალსაზრისი

გლობალობა, ანუ დედამიწის შემჭიდროება და მის ნაწილთა ყოველმხრივი ურთიერთობის გაცხოველება, რაც დღევანდელ დღეს ერთი, ორი და ოცი საუკუნის წინანდელისაგან ასხვავებს, ფაქტია, გლობალიზაცია, ანუ ამ პროცესის ბუნებრივი გაგრძელება და გაღრმავება, ჩვენი ნებისგან დამოუკიდებელი პროცესია. მაგრამ გლობალიზმი, ანუ ამ პროცესისთვის ტაშის დაკვრა, მისი ხელშეწყობა და მისთვის წინააღმდეგობის არგაწევის ქადაგება, ყოველი ცალკეული ადამიანის საკუთარი ნებისა და გადაწყვეტილების საგანია. "საქართველოს" რედაქციას მიაჩნია, რომ ამ ობიექტურ პროცესს თავისი პლუსებიც და თავისი მეტად სახიფათო მინუსებიც აქვს და რომ ჯანსაღ სახელმწიფოს მის მიმდინარეობაში ჩარევა და მარეგულირებელი როლის შესრულება ძალუძს კიდეც და ჰმართებს კიდეც. მაგრამ არსებობს მრავალი სხვადასხვა თვალსაზრისი და ჩვენი ქვეყნის მომავლით დაინტერესებულ მკითხველს ყველა ამ თვალსაზრისის გაგება ჰსურს. ვაქვეყნებთ (თავისუფალი გამოცემის სახით) კემბრიჯისა და იელის უნივერსიტეტთა პროფესორის პიტის შენიშვნას "ფაინენშელ ტაიმსიდან".

გერმანიაში რომ 1834 წელს საბაჟო კავშირი შეიქმნა (ანუ გერმანულ სამეფო-სამთავროებს შორის საბაჟო საზღვრები რომ გაუქმდა) სასოფლო-სამეურნეო ბავარიაში მყოფმა სუსტმა მრეწველობამ წააგო (დანარჩენ გერმანელ მეწარმეთა კონკურენციის გამო), სოფლის მეურნეებმა კი მოიგეს. 1980-იანი წლებიდან ათიოდე წლის მანძილზე ბავარიაში მრეწველობაც სწრაფად განვითარდა და დღეს იქ სულ მოსახლეზე ოცჯერ მეტი შემოსავალი მოდის, ვიდრე 1830 წელს. ამ წინსვლაში, რა თქმა უნდა, თავისი წილი აქვს ტექნოლოგიების განვითარებასაც ნიჭიერ ადამიანთა შრომით, მუშახელის დახელოვნებასაც (რაც აგრეთვე ნიჭს მოითხოვს) და ნიჭიერ მენეჯმენტსაც. ავტორს მიაჩნია, რომ გლობალიზაციის პროცესის მოწინააღმდეგეთა უკმაყოფილება იმავე ტიპის მოვლენაა, რაც ბავარიელი მეწარმეების უკმაყოფილება იყო 1834 წელს. "დღევანდელი საერთაშორისო ეკონომიკური წესრიგის ზოგი კრიტიკოსი სამართლიანად იწუნებს კანონებს ვაჭრობის, ინტელექტუალური საკუთრებისა და ზოგი სხვა სფეროს შესახებ, რომლებიც უსამართლო უპირატესობას აძლევენ მდიდარ ერებს. სხვები სამართლიანად ითხოვენ ტრანსფერებს იმათ სასარგებლოდ, ვინც ძალიან ღარიბია და მოდერნიზაციის პროცესში მყოფი ეკონომიკის ბორბლებში მოქცეულია. მაგრამ ზოგიერთები უპირისპირდებიან გლობალიზაციას, როგორც ასეთს. იმის თქმა, რომ გლობალიზაციას წერტილი უნდა დაესვას, იმის თქმას უდრის, რომ ვისარგებლოთ ჩვენ წინაპართა არჩევნით, რომლებმაც მსოფლიოში მიმდინარე პროცესების მიყოლა გადაწყვიტეს. და ამავე დროს, მათი ამ გადაწყვეტილების შედეგად მიღწეულ კეთილდღეობაში მონაწილეობაზე უარი ვუთხრათ დღევანდელ ღარიბებს. აბა, ჰკითხეთ ბავარიელებს, რამდენს უნდა დღეს 1830-იანი წლების შემოსავლის ამარა ყოფნა?

ავტორის მსჯელობა გვერდს უქცევს დღეს საყოველთაოდ ცნობილ იმ ფაქტს, რომ გლობალიზაციის პროცესში არსებობენ "მომგები" და "წამგები" ქვეყნები, ანუ ისეთები, რომლებმაც წარმოებებისა თუ მომსახურეობის ამა თუ იმ სფეროში დედამიწაზე გაბატონებული პოზიცია დააკავეს. და ისეთები, რომლებმაც თავის წილად თანამედროვე ტექნოლოგიების (ამ სიტყვის ფართო აზრით) ვერც ერთი უბანი ვერ დაისაკუთრეს.

"საქართველოს" შემთხვევა ექნება არაერთხელ ესაუბროს მკითხველს თანამედროვე მსოფლიოსათის ამ უმნიშვნელოვანეს თემაზე.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2003 წელი

მოგვწერეთ opentext@flashmail.com