"საქართველო "
# 4
25 თებერვალი - 11 მარტი, 2003 წელი

ევროპელები ვერ გაექცევიან ერთად ყოფნას

ამ სათაურით "ფაინენშელ ტაიმსი" აქვეყნებს ფ. სტივენსის ფელეტონს, რომელშიც შეფასებულია ევროპული ერთიანობის შექმნის პროცესის დღევანდელი დღე და პერსპექტივა. თუმცა დღეს ერაყთან დაკავშირებით ევროპელებს შორის მკვეთრი წინააღმდეგობები გამოვლინდა, ევროპის "საკონსტიტუციო კავშირის" ტექსტზე მუშაობა გრძელდება (იგი მინდობილი აქვს საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ჟისკარ დ ესტენს და მის ჯგუფს). ევროკავშირს მოუწევს გადაწყვეტა, თუ როგორი უნდა, რომ იყოს. მისი არჩევანი ძევს რეალურ ქმედით ერთიანობასა და ბუტაფორულ ფორმალობას შორის.

სადამ ჰუსეინისადმი დამოკიდებულებაზე წარმოშობილმა დავამ ევროპელებს დაანახვა, ჯერ ერთი, ის, რომ პოლიტიკურ ინსტიტუტთა შექმნა ვერ ცვლის პოლიტიკური ნების ერთიანობას, როგორც ურთიერთდაახლოების ფაქტორს. მეორეც, ის, რომ რაც არ უნდა ძლიერი იყოს მცდელობა ევროპის ერთი ხმით ალაპარაკებისა, წამყვან ფაქტორად მაინც ეროვნულ სახელმწიფოთა საკუთარი ინტერესები რჩება. მართალია, ევროპელებს მეტი აქვთ საერთო ინტერესები, ვიდრე დღეს, ერაყის გამო შექმნილი განხეთქილების ფონზე ჩანს, მაგრამ ისტორია გვეუბნება, რომ ევროპელებს არასოდეს არ ექნებათ მსოფლიო პოლიტიკის ერთიანი ხედვა. მაგალითად, საფრანგეთი არასოდეს არ აიღებს ხელს თავის არჩეულ როლზე, რომ შეერთებული შტატებისადმი დამოკიდებული პოზიციის გაცხადების პირველი მესიტყვე იყოს, ისევე როგორც ინგლისი არ შეელევა თავის როლს, რომ ევროპაში შეერთებული შტატების პირველ მეგობრად იყოს მიჩნეული. რაც შეეხება გერმანიას, მას ერთხანს კიდევ მოუხდება "თავისი წარსულის დემონთა საზოგადოებაში ცხოვრება", ანუ თავმდაბლად გასუსულ მდგომარეობაში ყოფნა იმ დანაშაულთა გამო, რაც ჰიტლერის ხელქვეით ჩაიდინა.

ჟისკარ დ ესტენს ეს ესმის და ამიტომ თავის კონსტიტუციურ შემოქმედებაში იგი პირველ მიზნად ისახავს ევროპის ეროვნულ სახელმწიფოთა მთავრობების თანხმობის მექანიზმთა შექმნას იმის მიხედვით, თუ როგორ მიდის მუშაობა დღეს, ავტორი ასკვნის, რომ მომავალი საკონსტიტუციო კავშირი იქნება არა ევროპელთა რიგითი მასის ნების გამოხატულება და ორგანიზაციის ფორმა, არამედ "ევროკრატიისა" - ეროვნულ სახელმწიფოთა პარლამენტარებისა, მინისტრებისა და ელიტის სხვა ელემენტებისა. ეს იქნება არა ევროპის შეერთებული შტატები, არამედ, უფრო, ეროვნულ სახელმწიფოთა ევროპა. ჯერჯერობით გაურკვეველია, მაგრამ არსებითია საკითხი, თუ რა იქნება ევროპა საბოლოოდ - ერთიანი ორგანიზმი, რომელსაც საკუთარი გულისცემა და სუნთქვა აქვს, თუ ისეთი წარმონაქმნი, რომელიც მხოლოდ ევროპის ეროვნულ სახელმწიფოთაგან მოწოდებული ჟანგბადით ისუნთქებს. ამ ორი მიდგომის კომბინაცია - თუ საქმე ასე განვითარდა - მოგვცემს ერთგვარ ჰიბრიდულ წარმონაქმნს, რომელსაც ერთიანობის ამ ორივე სახის ნიშნები ექნება. და თუმცა ჟისკარ დ ესტენი თავის შრომას სიამოვნებით ადარებს ხოლმე ამერიკის შეერთებული შტატების დამფუძნებელი მამებისას, მაინც ფაქტად რჩება რადიკალური განსხვავება მათს ამოცანებს შორის: ის, რასაც ისინი ქმნიდნენ, იყო კონსტიტუცია, ეს კი, რასაც ახლა ევროპელები ესწრაფიან, არის კონსტიტუციური ხელშეკრულება სუვერენულ სახელმწიფოთა შორის. ამიტომაც დღეისათვის გაკეთებული მონახაზი ახალი დოკუმენტის პირველი მუხლებისა იწყება არა ხელისუფლების ინსტიტუტებისა და მათი ფუნქციების დასახელებით და აღწერით, არამედ ეროვნულ სახელმწიფოებსა და კავშირის ხელისუფლებას შორის უფლებამოსილებათა განაწილების აღწერით - მაგალითად, ერთიანი ბაზარი და საფინანსო პოლიტიკა კავშირის კომპეტენციაა, თავდაცვა ცალკე სახელმწიფოთა მთავრობების კომპეტენციაა და ა.შ. მუდმივი არჩევანის პრობლემა, რომელიც ყველა ცალკეული ზოგადევროპული ინსტიტუტის შექმნისას ავტორებს ელით, არის არჩევანი ქმედითობასა და კონტროლირებადობას შორის, ვინაიდან ერთის ხარისხის გაზრდა მხოლოდ მეორის ხარისხის კლების ხარჯზეა შესაძლებელი.

ბევრი პრობლემა დაუდგებათ ევროპელებს მაშინ, როცა მათ დღევანდელ კავშირს ათი ახალი ყოფილი კომუნისტური წევრი შეუერთდება. ახალი 25-წევრიანი კრებული უკვე სხვა კრებული იქნება, ვიდრე დღევანდელი 15-წევრიანია. საბოლოო ჯამში, ავტორი კავშირის პერსპექტივას ოპტიმისტურად უყურებს.

* * *

ქართველი მკითხველისათვის არსებითია იმის გათვალისწინება, რომ ევროკავშირის ქმნადობის პროცესს ჩვენი ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. საქმე მხოლოდ ის არ არის,რომ იქმნება სახელმწიფოთა არაძალადობითი ნაყოფიერი თანამშრომლობის ახალი ტიპი და იქმნება მსოფლიო წონის მქონე ახალი ალიანსი, რომელშიც ახლო თუ ცოტა შორ მომავალში ყოფნა ჩვენც გვიწევს (ღმერთმა ინებოს!). ევროპის სახელმწიფოთა თავისუფალი კავშირის მაგალითს რუსეთი, რომელიც ჯერჯერობით აგრესიულ იმპერიულ სახელმწიფოდ რჩება, იყენებს საბაბად და "ნიმუშად" არათავისუფალი, ძალადობითი კავშირის შექმნის მცდელობისათვის, რომლის პირველი რგოლი - რუსულ-ბელარუსული - მან უკვე შექმნა და მძიმე ჯაჭვად გადაქცევას უპირებს. დღეს მიმდინარეობს მუშაობა ამ კავშირში უკრაინისა და ყაზახეთის მოზიდვისათვის (რასაც შორს მწვდომი გეოსტრატეგიული შედეგები აქვს). საქართველოს, ყველა სხვა დასკვნასთან ერთად, აქედან იმ დასკვნის გამოტანაც ჰმართებს, რომ მან ინტენსიურად უნდა იმუშაოს ამიერკავკასიური რეგიონული კავშირის, შავი ზღვისპირეთის რეგიონული კავშირის და, - სამომავლოდ - ქართულ-ჩრდილოკავკასიური კავშირის (ალიანსის) შექმნაზე.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2003 წელი

მოგვწერეთ opentext@flashmail.com