"საქართველო "
# 5 (1793)
11 - 24 მარტი 2003 წელი

"ბუზი ბაღდადიდან მოვაო". მოვა თუ არა რაკეტაც?

მანანა ლობჯანიძე

ინტერვიუ ნოდარ ნათაძესთან

- ბატონო ნოდარ, დღეს ყველაზე აქტუალური თემაა ხელფასების მომატება 115 ლარამდე. რა აზრისა ხართ ამ მოვლენაზე?

- აქტუალური არა, პოპულარული. უფრო აქტუალური თემებიც არსებობს. ჟვანიას "პროექტი" არა მხოლოდ არარეალისტურია, არამედ უაზროც. ხელფასების მომატება ეკონომიკის აუმუშავებლად ან ვერ შედგება, ან კატასტროფულ უკუშედეგებს მოგვცემს. უფრო მოსალოდნელია, რომ ვერ შედგება. თუ შედგება - ვთქვათ, ფულის ნიშნების დაბეჭდვით და დარიგებით, - მისი უკუშედეგი იქნება ინფლაცია, თუ იგი შედგება ვთქვათ, რკინიგზის, ფოთისა და ბათუმის პორტების, მიწის მასივების გაყიდვით, ეს იქნება ცნობილი ხალხური სიბრძნის რეალიზაცია, რომელიც ლექსშია გამოხატული:

"ღმერთმა მოგცა ბატის ტვინი, ინდაურის გონება,

ერთ კვირაში შეგაჭამა მამაშენის ქონება".

მოგახსენებთ ფრჩხილებში, რომ ობიექტების პრივატიზაცია და, მით უმეტეს, გაყიდვა ბიუჯეტის მიმდინარე საჭიროებათა სამსახურისათვის საერთოდ დაუშვებელია: ეს მძიმე ოპერაცია მხოლოდ ახალ სტრატეგიულ ეკონომიკურ გზათა გასაკვალავად იხმარება. ხელფასის გაზრდა ჟვანიას და მის ამფსონებს მხოლოდ ერთი გზით შეუძლიათ: თუ წინა წლების ნაქურდალს შინიდან მოიტანენ და სახელმწიფოს შემოსწირავენ, მაგრამ შარშანდელი ნაქურდალის წელს მოტანა მათ, მოგეხსენებათ, არ უყვართ.

- როგორც ჩანს, თქვენ ამ ახალგაზრდა გუნდის დიდი პატივისმცემელი არა ხართ.

- ეს "გუნდი" აღარც ისე ახალგაზრდაა, მაგრამ ასაკის არაპროპორციულად გაიძვერაა. არ დაგავიწყდეთ, იგი თანამონაწილეა ყველა სახელმწიფო ღალატისა, რომელიც შევარდნაძეს ჩადენილი აქვს სოხუმის დაცემის აქეთ, მათ შორის "ესენგეში" შეთრევისაც. მათ საქართველოს "ესენგეში" შესვლისათვის ხმა აქვთ მიცემული 1994 წელს. მაგრამ გავაგრძელოთ ჩვენი თემა. ხელფასების მომატებას არ ეყოფა იმ 30 მილიონი ლარის დაზოგვა, რომელიც მთავრობამ დაუკონკრეტებლად "მიიყუჩა" ბიუჯეტში თავისი ჯიბისთვის ან არჩევნების კიდევ ერთხელ გაყალბებისათვის. ამას სჭირდება, პირველ ყოვლისა, ეკონომიკის გაცოცხლება, შემდეგ - გადასახადების რეალური აკრება, შემდეგ კორუფციის რეალურად დათრგუნვა, კონტრაბანდულის ჩათვლით და ბევრი რამ სხვა. რეზო შავიშვილი, მოგეხსენებათ, დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დინჯი, პატიოსანი და რეალისტურად მოაზროვნე კაცია. მის აზრს მოგახსენებთ: დღევანდელი მახინჯი საგადასახადო სისტემის პირობებშიც კი - სისტემისა, რომლის შემოღებაში ჟვანიას და მის გუნდს, მართალია, ჭირიანი ლომების, მაგრამ მაინც ლომების წილი უდევთ - წელიწადში ორი მილიარდიდან სამ მილიარდამდე ლარის ამოღება თავისუფლად შეიძლებაო. როგორ შეიძლება, ანუ რა და რა სვლებით და რა კონტროლის წყალობით შეიძლება, ეს, დამერწმუნეთ, შავიშვილმა კარგად იცის. ვერც საგადასახადო სისტემის შეცვლაზე, ვერც გადასახადების ამკრები მოხელეების შეცვლაზე ჟვანია, ცხადია, ვერ ილაპარაკებს. პირველისთვის ცოდნა არ ეყოფა, მეორე მისი თანამოსაქმე- - მონკავშირელებისაგან შედგება და მისთვის ხელშეუხებელია. ჯორბენაძესთან დისკუსიაში მას ორი კოზირიღა აქვს - ერთი ის, რომ ეკრანზე ლაპარაკს არ აცლის, მეორე ის, რომ ჯორბენაძე დღეს შევარდნაძის გუნდშია და ამიტომ, როგორც იტყვიან, პირი წყლით უნდა ჰქონდეს სავსე.

- ე. ი. თქვენ ფიქრობთ, რომ მინიმალური ხელფასების 115 ლარამდე გაზრდის გეგმა პირწმინდა პოპულისტური ბლეფია?

- ეს არის უსვინდისოთა ხრიკი უტვინოთა მოსატყუებლად. სამწუხაროდ ასეა. ხელფასების გაზრდა საქართველოს შეუძლია მრავალკეცად, მაგრამ არა ამ გზით, არამედ, ვიმეორებ, ეკონომიკის გაცოცხლების გზით, მაგრამ სასაცილო სხვა რამეა: შევარდნაძის მხრიდან ამ კანონს შეიძლება ვეტო ვერც დაედოს და არც დაედოს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ პოპულისტური შოუს ერთი უცვლელი მონაწილე თვითონ შევარდნაძეცაა, არამედ იმიტომაც, რომ შევარდნაძე და მისი ყოფილი ლეკვები მოჩვენებით ოპოზიციობანაში არიან, და არა ნამდვილში. მოგიყვანთ ანალოგიას. შევარდნაძის პირველი გამონაყოფია რჩეულიშვილი თავისი ბრიყვი "პარტიითურთ", რომელსაც შევარდნაძემ თავი აგინებინა. მაგრამ გაჭირვება რომ დაუდგა, კვლავ თავის ორგანიზმში დააბრუნა და საარჩევნო მოკავშირედ გაიხადა. მინიმალური ხელფასის გაზრდის პრობლემასთან დაკავშირებით შევარდნაძისა და ჟვანიას გუნდის "დაპირისპირებასაც", ჩემის აზრით, ასეთივე მექანიზმი აქვს: თუ შევარდნაძემ ვეტო არ დაადო ხელფასის მომატების კანონს, მაშინ საქართველოში მკვეთრი მაკროეკონომიკური ჩავარდნა მოხდება და შევარდნაძე "ხელებდაბანილი" გააგრძელებს საქართველოს "ვერშემდგარ სახელმწიფოდ" გადაქცევის რუსულ პროგრამას. ჟვანია იქნება ის ხურდა ფული, რომელიც ამ ოპერაციაში დაიხარჯება. ხოლო თუ შევარდნაძემ კანონს ვეტო დაადო, ამით ჟვანია პოპულარობას მოიპოვებს ჩაუხედავი მასის თვალში, "მდიდარს ართმევს, ღარიბს აძლევსო", ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ჩაითვლება, ეს წართმევა-მიცემა მას "არ დააცალესო". რუსულ პროგრამას ასეთ შემთხვევაში გუნდის უმცროსი წევრი, ჟვანია და არა უფროსი წევრი - შევარდნაძე - გააგრძელებს.

- არც ერაყის თემა მიგაჩნიათ აქტუალურად?

- პირიქით. იგი უაქტუალურესია, რადგან უშუალოდ საქართველოს ეხება. შევარდნაძის კომკავშირული მეტიჩრობა, ერაყთან საომრად რომ მიიწევს საქართველოს ხარჯზე, მხოლოდ მოუფიქრებლობისგან არ წარმოდგება. ვშიშობ, რომ მას უფრო დიდი მიზეზი და უფრო საშიში შესაძლო შედეგი აქვს. სადამ ჰუსეინს რომ არც ბირთვული იარაღის შექმნა შეუძლია, არც ქიმიურისა და არც ბაქტერიოლოგიურის, ეს, მე მგონი, სადავო არ უნდა იყოს. ჰუსეინი საშიშია არა როგორც შემქმნელი იარაღის, არამედ როგორც რუსული იარაღის აბრა, ფირნიში. უფრო მეტად კი იგი საშიშია, როგორც რუსული შესაძლო ქმედების ფირნიში. მისი იარაღი რომ რუსულია, ეს, ასე ვთქვათ, ნახევრად "ზრდილობიანი" თემაა და მასზე ლაპარაკი ოფიციალურ პირს შეუძლია, თუკი მოისურვა. მაგრამ რუსეთმა რომ "გაბრაზებული" სადამ ჰუსეინის ფიგურა შეიძლება აბრად გამოიყენოს იმისთვის, რომ მისი სახელით თვითონ ჩაიდინოს სამხედრო, დივერსიული თუ ტერორისტული დანაშაული, ეს უაღრესად "უზრდელური" თემაა, რომელიც ნებისმიერი ქვეყნის ოფიციალური პირისთვის აღკვეთილია. ახლა რიტორიკული კითხვით მოგმართავთ: რომელია დედამიწის ის წერტილი, სადაც რუსეთს ყველაზე მეტად სჭირდება დარტყმის მიყენება აკრძალული ხერხით? ესაა საქართველო, რომელიც რადიაციულ ან ქიმიურ უდაბნოდ, ან, უკეთეს შემთხვევაში, ბაქტერიოლოგიურად ინფიცირებულ ზონად უნდა იქნას გადაქცეული იმ მიზნით, რომ შუა აზიისაკენ დასავლეთის მსვლელობა შეაჩეროს. რადგან დღეს დასავლეთის და, პირველ ყოვლისა, აშშ-ის მსოფლიო წონისა და როლის ბედი სწორედ შუა აზიაში წყდება. მოგეხსენებათ: თუ შუა აზია, რომელიც ევრაზიაში შესაძლებელი ყველა დიდი ომის ბუნებრივი ზურგია, თავისი უზარმაზარი რესურსებით, კვლავ ყოფილი "სოციალისტური ბლოკის" სივრცეში მოექცა, ამით შესაძლებელი ხდება ამ ყოფილი ბლოკის რეალური მეტოქეობა დასავლეთთან ან თუნდაც მხოლოდ აშშ-სთან და, ამგვარად, ჩნდება ამ ბლოკის ყოფილ წევრთა შორის ახალი სამხედრო ალიანსის შეკვრის ცდუნებაც, რომელიც 1952-1953 წლებში კორეის ომში განცდილმა ერთობლივმა დამარცხებამ დაშალა. ამიტომ მე ეჭვი მაქვს, უფრო მეტიც, - ვვარაუდობ, რომ შევარდნაძის ეს "ზედმეტი ინიციატივა" - ხაზს ვუსვამ, ინიციატივა, რომელიც ამერიკელებს არაფრად არ სჭირდებათ გამარჯვებისათვის - რუსული დავალების შესრულებაა. ეს არის ერთობლივი რუსულ-შევარდნაძისეული ოპერაცია საქართველოსათვის "ერაყის" ნიღბით გამანადგურებელი დარტყმის მიყენების მიზნით. ნუ გავიწყდებათ, რომ ჩინეთი დღეს ის აღარაა, რაც 1953 წელს იყო. იგი სწრაფად მზარდი გიგანტია. წლიური ეკონომიკური ზრდა მას 8+ აქვს. თუ ასე გაგრძელდა, 2020 წელს მისი ეკონომიკა აშშ-ს დღევანდელ ეკონომიკას გაუტოლდება თავისი მოცულობით.

- ძალიან ძნელი დასაჯერებელია სუბიექტურად. ვაჟა-ფშაველასი არ იყოს, კითხვა ჩნდება:

"ეგრე მუხთალი ღალატი?! ეგრე უღმერთოდ ტყუება?!"

თუ გახსოვთ, ეს სიტყვები "ბახტრიონიდან" არის.

- დიახ, სუბიექტურად ამის რწმუნება მეც მიჭირს. მაგრამ ლოგიკას თავისი ძალა აქვს. მოგიყვანთ კიდევ ანალოგიას, რომელზეც უკვე გვქონია საუბარი ადრე. 2001 წლის აგვისტოში გილაევის რაზმი პანკისიდან აფხაზეთში გადაიყვანეს ავტობუსებით. თან "რუსთავი-2"-ის საშუალებით მაქსიმალურად გაახმაურეს ეს სამხედრო საიდუმლოება, ისევე როგორც არაერთი სხვა. თუმცა, როგორც იტყვიან, "ენაზე არავინ ეწეოდა", საქართველოს ჭაღარა პრეზიდენტიც მაშინ "დაეთანხმა" ამ ყელის გამომჭრელ ინფორმაციას (რა ვუყოთ, ტყუილის თქმას, ეტყობა, მისი ორგანიზმი ვერ იტანს!). თან გაშალეს უზომო საპროპაგანდო კამპანია, გილაევი თავისი 600 კაცით ხვალ სოჭს დაიკავებს კბილებამდე შეიარაღებულ მეზობელ ქვეყანაში და ზეგ - ტუაფსესო. ამ დროს მწიფდებოდა 11 სექტემბრის ტერაქტი და რუსეთის სპეცსამსახურებმა, რომელთაც ინფორმაცია, ალბათ, არ აკლიათ, სწორად გათვალეს, ამერიკელებს აზიაში ომი ექნებათ და, "იმედია", ავღანეთში ისევე ჩაეფლობიან დიდი ხნით, როგორც ჩვენ ჩავეფალითო. აი, ამ "ტაიმაუტის" პერიოდისათვის უმზადებდნენ რუსეთს საბაბს ღია სამხედრო დარტყმისათვის საქართველოზე. მაგრამ ამერიკელები ავღანეთში არ ჩაეფლნენ. პირიქით, ომი მალე დაამთავრეს მოგებით და 24 სექტემბერსვე ოფიციალურად განაცხადეს, რუსეთის აგრესიის შემთხვევაში "საქართველოს დავიცავთო". დიახ, დავიცავთო. რუსეთ-შევარდნაძის ოპერაცია ჩავარდა, საქართველო გადარჩა და გილაევი მშვიდობიანად დაბრუნდა პანკისში. ახლა ამ ოპერაციის გართულებული და დამძიმებული ვარიანტი მზადდება შევარდნაძის "მეტიჩრობის" ნიღბით. აბა, წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ ერთი კარგად დამიზნებული "ერაყული" რაკეტა სომხეთის ატომური ელსადგურის სახურავში ჩაერჭო! სომხეთი გაწყდება, მაგრამ მომავალში შეივსება, რადგან სომხებს დიდი დიასპორა ჰყავთ. აზერბაიჯანიც გაწყდება, მაგრამ ისიც შეივსება თურქული მოდგმის ახალი მოსახლეობით. საქართველოს კი დიასპორა არ ჰყავს და იგი ვერავისით შეივსება უცხო ხალხთა გარდა. ხედავთ, სადაა შეთქმულება საქართველოს ისტორიის დასამთავრებლად? ესეც თქვენ მიერ ნახსენები "მუხთალი ღალატი" და "უღმერთოდ ტყუება". მეთანხმებით?

- გმადლობთ საუბრისათვის.

- მაპატიეთ, ერთსაც დავძენ. შეერთებული შტატები დღეს ის ერთადერთი ძალაა, რომელიც საქართველოს რუსეთის პირდაპირი ღია დარტყმისაგან იცავს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს არ შეუძლია არ ჩაებას იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია ამ სუპერძალის გამარჯვებისათვის ამ რეგიონში. მაგრამ ასეთი აუცილებლობა არ არსებობს. გარდა ამისა: საქართველოს ხელისუფლებას არა აქვს უფლება, საქართველო დაუცველი დატოვოს მხოლოდ ამერიკელების იმედზე. საჭიროა, ჯერ ერთი, საკუთარი შეიარაღებული ძალის შექმნა, რისი შესაძლებლობაც საქართველოს აქვს, ოღონდ არა დღევანდელი მოღალატე და კორუმპირებული ხელისუფლების ხელში. მეორეც, საქართველოს შეუძლია თავის დაცვა პოლიტიკური გზითაც, სახელდობრ, საერთაშორისო საზოგადოებრიობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მუდმივი ინფორმირებით იმაზე, რომ საქართველო რუსეთის პირდაპირი დარტყმის საშიშროების წინაშე დგას.

რუსეთი დღეს დაქვეითებულია, საქართველო იურიდიულად დამოუკიდებელია. ამიტომ რუსეთს დღეს აღარ შეუძლია მსოფლიო აზრის ფეხებზე დაკიდება ახალ ღია აგრესიაზე წასვლით. ეს გზა - საკუთარი თუნდაც მცირე რეალური შეიარაღებული ძალის შექმნა და ამავე დროს მსოფლიო საზოგადოებრიობის მუდმივი ინფორმირება აგრესიის საშიშროებაზე - დაცვის მეორე, დამატებითი საშუალებაა ჩვენი ქვეყნისთვის. მაგრამ ერთგული ხელისუფლება ვალდებულია ეს საშუალებაც გამოყენებული ჰქონდეს.

- ლოგიკურია. მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ლოგიკურია, კითხვა დგება: ამ, პრინციპში, ამოცნობად მრავალსვლიან კომბინაციას, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგაა მიმართული, არამედ დასავლეთის წინააღმდეგაც, რუსეთი ხომ არ "თამაშობს", ანუ ხომ არ სიმულანტობს იმ მიზნით, რომ დასავლეთს დათმობები გამოსძალოს?

- მართალი ბრძანდებით. ეს ყოველთვის უნდა ვივარაუდოთ. ღმერთმა ქნას, ასე იყოს! მაგრამ ყოველთვის უმჯობესია უარესი ვივარაუდოთ და მზად ვიყოთ, ვიდრე, პირიქით, უკეთესი ვივარაუდოთ და მოულოდნელად უარესი მოხდეს.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2003 წელი

მოგვწერეთ opentext@flashmail.com