|
"საქართველო "
ჩრდილოეთ კორეა და შეერთებული შტატები
"ფაინენშელ ტაიმსი" გვიხასიათებს იმ რეალურ ფონს, რომელზედაც იშლება ამ ორი პოლარულად ურთიერთგანსხვავებული სახელმწიფოს კონფლიქტი - მეომრული ოპტიმიზმით (მდაბიურად რომ ვთქვათ - ბაქიბუქით) აღბეჭდილი ქადილი კორეელთა მხრიდან და უცნაურად გულჩვილი დაყვავება ერაყში ომის მომლოდინე ამერიკელების მხრიდან. საქმის ერთი მხარე ნათელია, თუმცა არა სავსებით: კორეელებს თითქმის აქვთ უკვე ბირთვული იარაღი და თითქმის აქვთ უკვე მოქმედების საკმარისი რადიუსის მქონე რაკეტები, რომლებიც ამ ბირთვულ მუხტს აშშ-ს დასავლეთ სანაპირომდე მიიტანენ. თუ ერაყში აღმოჩენილი რაკეტების მოქმედების რადიუსი 25+-ით აჭარბებს დაშვებულს (150 კმ), კორეის შესახებ არსებობს ცნობა, რომ მას მოქმედების 6000 კმ-ის რადიუსის მქონე რაკეტა აქვს. ჯერ კიდევ 2000 წელს ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ გააფრთხილა ხელისუფლება, რომ "ტაეპო-დონგ-2" კორეულ რაკეტას ძალუძს რამდენიმე ასეული კილოგრამი ტვირთის ჩატანა ალასკაზე ან ჰავაის კუნძულებზე და უფრო ნაკლებისა - აშშ დასავლეთ შტატებში. თუ სამსაფეხურიანად გადაკონსტრუირდა, იგი იქაც რამდენსამე ასეულ კგ. ტვირთს ჩაიტანს. "ტაეპო-დონგ-1" ტიპის კორეულმა რაკეტამ ერთხელ უკვე გადაუფრინა იაპონიას (მისი რადიუსი იყო 2000 კმ.) ამერიკელთა ოფიციალური ინსტანციები ამ ესოდენ დამაფრთხობელ ინფორმაციას გაზვიადებულად თვლიან: იაპონიაზე გადაფრენილი რაკეტა 1960-იანი წლების კონსტრუქციისა იყოო და, ამდენად, ნაკლებ საშიშიაო. იგი ვერც საკმარის ტვირთს ზიდავს და ვერც ქალაქისოდენა მიზანს მოარტყამსო. არც ისაა უეჭველი, რომ ბირთვული ბომბი უკვე აქვს ან მალე ექნებაო. მაგრამ ამ დამამშვიდებელ კილოს მძლავრად ეწინააღმდეგება ინფორმაცია კორეელთა ინტენსიური მზადების შესახებ ბომბისა და სათანადო რაკეტების წარმოებისათვის და მათი მიღწევების შესახებ ამ სფეროში. ასე რომ ამერიკელთა რბილი კილო - მათი ოფიციალური ინსტანციების მიერ ხიფათის უარყოფა ან შერბილება - დიპლომატიის ელემენტი უფრო ჩანს, ვიდრე ინფორმაციისა. კორეა - არაერთი კომენტარით - უფრო საშიშია ამერიკელებისათვის, ვიდრე ერაყი. ჩვენი პოლიტიკის ნაკლია არა მისი ერთმხრივობა, არამედ მისი ერთგანზომილებიანობა, მხოლოდ ერაყზე კონცენტრაციაო - ამბობს ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი. ამერიკელთა სტრატეგიაში შედის არა მხოლოდ ხიფათისადმი ოპტიმისტური დამოკიდებულება, არამედ იმის იმედის აფიშირებაც, რომ კორეის კონფლიქტი დიპლომატიური გზით გადაწყდება. ბუნებრივია, რომ ამერიკელები ცდილობენ პრობლემის გადაჭრაში მაქსიმალურად ჩააბან გაერო. ასევე ბუნებრივია, რომ რუსები ცდილობენ თავისი მოკავშირე კორეა მაქსიმალურად მოზღუდონ გაეროს ყურადღებისგან და აპირებენ ვეტოს დადებას უშიშროების საბჭოს ყველა შესაძლო განცხადებაზე, რომელიც კორეელებისთვის სასიამოვნო არ იქნება.
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |