|
"საქართველო "
რით იმართლებს თავს შროდერი
გერმანიის კანცლერის შროდერის უარი, მონაწილეობა მიიღოს ერაყის წინააღმდეგ მიმართულ აქციაში და მხარი დაუჭიროს ამერიკულ პოზიციას გაეროში, გერმანიაში მრავალ უკმაყოფილებას იწვევს. შროდერი პასუხობს, რომ გერმანიას სრულებითაც არ უნდა ჰრცხვენოდეს თავისი ამ პოზიციისა. საერთაშორისო სიტუაცია შეცვლილია და დღეს გერმანია "სამშვიდობო" მოქმედებების მეორე მონაწილეა მასშტაბების მხრივ მსოფლიოში (პირველია აშშ). მისი წვლილი ამ საქმეში წლიურად 2 მილიარდი ევროს ხარჯს იწვევს. ქრისტიან-დემოკრატებს, რომლებიც ამერიკელებისათვის მხარდაჭერას მოითხოვენ, იგი "ომის გამჩაღებლებს" უწოდებს და თვლის, რომ ამერიკელთა მხარდაჭერით ამ ვითარებაში გერმანია შეასუსტებდა თავის ტრადიციად ქცეულ მეგობრულ ურთიერთობას საფრანგეთთან. ფაშიზმისგან გერმანიის განთავისუფლებაში და გერმანიის გაერთიანებაში ამერიკელთა როლის კიდევ ერთხელ მადლიერებით მოხსენიების ფონზე შროდერმა ბუშის ერაყული პოლიტიკა კრიტიკის საგნად გაიხადა მორალურადაც, პოლიტიკურადაც და ინტელექტუალური დონის მხრივაც, თუმცა არ ავიწყდება იმის ხსენება, რომ ამერიკულ-გერმანული კავშირი საკმარისად მყარია, რათა "აზრთა განსხვავებულობის პერიოდებს გაუძლოს". ამერიკელთა შედარებით რბილ პოზიციას ჩრდ. კორეის მიმართ, რომელიც თითქმის დაუფარავად ემზადება ბირთვული იარაღის წარმოებისათვის, შროდერი ორმაგი სტანდარტის გამოვლენად თვლის. ამავე დროს იგი აღნიშნავს, რომ ერაყთან ომით გაფუჭდება დასავლელთა ურთიერთობა მუსლიმანებთან და ხიფათი შეექმნება იზრაელს. "ფაინენშელ ტაიმსის" ცნობით, შროდერის ეს პოზიცია მოწინააღმდეგეთა მიერ ფასდება როგორც "მოყვარულისა" (არაპროფესიონალისა) და, აქედან გამომდინარე, როგორც სადამ ჰუსეინზე დიპლომატიური ზეწოლის შემამსუბუქებელი. "ფაინენშელ ტაიმსი" ფრთხილად და "საყოფაცხოვრებო ტონალობაში" იმოწმებს გერმანელთა ერთ-ერთ მთავარ მოტივსაც, რომელიც მათს პროამერიკულ განწყობილებას მართავს - შიშს, რომ ამერიკელები, თუკი რამე ეწყინათ, ევროპიდან წავლენ. ამჯერად საუბარია იმაზე, რომ გერმანელ მოსახლეობას აინტერესებს ამერიკული ბაზების დარჩენა ადგილზე, რასაც, მაგალითად, მხოლოდ ერთი ავიაბაზის მიდამოებში, სადაც 44 ათასი სული ამერიკელი იმყოფება, ჰოსპიტალისა და სხვა მომსახურე სტრუქტურების ჩათვლით (ამ რიცხვში შედიან ოჯახების წევრებიც) წლიურად 1 მილიარდი ევროს შემოსავალი მოაქვს. სულ გერმანიაში 70-80 ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა დისლოცირებული. არსებული სოციალური ჰარმონია ცოტა არ იყოს კითხვის ქვეშ დააყენა ერთი-ორი ამერიკელი პოლიტიკოსის გამოსვლამ, რომელთაც გაკვრით ახსენეს გერმანიიდან ამერიკელი შეიარაღებული ძალების გასვლის თემა.
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |