"საქართველო "
# 6 (1794)
25 მარტი - 8 აპრილი 2003 წელი

ქართველი პატრიოტი ორმაგად საყრდენია დასავლური დემოკრატებისათვის - (ინტერვიუ ნოდარ ნათაძესთან)

მანანა ლობჯანიძე

- ბატონო ნოდარ, ჩვენი მოსახლეობა ცოტა არ იყოს შიშობს, ერაყიდან რაკეტა არ გვესროლონო. თქვენ რა აზრისა ხართ ამ თემაზე?

- შიში გამართლებულია. ერაყს ჩვენთან ჯიჰადი ანუ საღვთო ომი აქვს გამოცხადებული შევარდნაძის განცხადების პასუხად. ერაყს რაკეტები აქვს და როგორც ჩვეულებრივ, ისე ბაქტერიულ და ქიმიურ იარაღს ფლობს. ჩვენ დაცვა არ გვაქვს. მოგეხსენებათ, არც სარდლობა და ე.წ. სახელმწიფო ხელმძღვანელობა გვყავს. არა მგონია, ერაყს საჩვენოდ ეცალოს. მაგრამ რუსეთს სცალია. მთავარი საშიშროებაა, რუსეთმა არ შემოგვიყაროს ბაქტერიები იმ იმედით, რომ თუ "საქმე გასკდა", ეს აქტი სადამ ჰუსეინს მიეწერება. ამ თემაზე უკვე ვისაუბრეთ ორი კვირის წინ.

- ამერიკელებმა ამ ბოლო წლებში რამდენჯერმე გადაგვარჩინეს რუსეთის აგრესიას და ახლაც გვიცავენ. გვაქვს უფლება, დღეს თანადგომაზე უარი ვუთხრათ? ხომ ფაქტია, რომ დღეს მათ გასაჭირი ადგათ.

- ეგ კითხვა მაშინ დგება, თუ ამერიკელებს პრაქტიკულად ვჭირდებით და თანადგომას გვთხოვენ. ჩვენ მათ არ დავჭირებივართ და არც თანადგომისთვის მოუმართავთ.

- საკითხს მორალური მხარეც აქვს. ვმონაწილეობთ თუ არა, პრინციპში, კაცობრიობის ერთობლივი ამოცანების გადაწყვეტაში?

- სავსებით მართალი ბრძანდებით. ასე გიპასუხებთ: პრინციპში - ვმონაწილეობთ. სხვანაირად შეუძლებელია და დაუშვებელია. ვმონაწილეობთ ჩვენ რეალურ შესაძლებლობათა და რისკთა პროპორციის დაცვით. ეს თემა საზოგადოებაში არ ტრიალებს და, სხვათა შორის, არც რეალური გეოსტრატეგიული თემა ტრიალებს. რა ინტერესი მონაწილეობს ამ ომში? მედიაში ამ საკითხის მინიშნებასაც კი ვერ ნახავთ.

- მხოლოდ ნავთობის ხსენებაა მოდაში.

- დიახ, მაგრამ ეს ნაკლებ არსებითია. აქ საქმე ეხება ორ უმნიშვნელოვანეს არეალს: ახლო აღმოსავლეთსა და შუა აზიას. გარდა ამისა, მიმდინარეობს ისტორიის ექსპერიმენტი. ერთი მხარე თავის მიწასთან კონტაქტში იბრძვის, ანთეოსივით, მეორე - შორს, მაგრამ ორივეს ინტერესი სასიცოცხლო მასშტაბისაა. როგორი აღმოჩნდება და როგორად გამოჩნდება ერთის და მეორის ფსიქიკური რესურსი? გარდა ამისა, გამოჩნდება დასავლეთის ლიდერი სუპერძალის პერსპექტიული დამოკიდებულების ნიშნები მოკავშირისადმი, ამ შემთხვევაში - თურქეთისადმი ერთის მხრივ და შედარებით მცირე ხალხთა ეროვნული ბრძოლისადმი, ამ შემთხვევაში - ქურთების ბრძოლისადმი მეორეს მხრივ. თურქულ-ამერიკული ურთიერთობა, ალბათ, არ დარჩება ისეთი, როგორიც მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე ჩამოყალიბდა. თურქეთი, ალბათ, აღარ განიხილება როგორც ერთადერთი დასაყრდენი და მოკავშირე რუსეთის ძალის წინაშე. ეს არსებითია ჩვენი ქვეყნის ამოცანათა გააზრებისათვის. თუ გავიხსენებთ საკუთარი თავის იმ "ლუსტრაციას", რომელიც საქართველოს პარლამენტის დიდმა ნაწილმა მოახდინა ამას წინათ ამერიკელებთან ხელმოწერილი ხელშეკრულების რატიფიკაციის გაჭიანურებით, მაშინ უნდა ვთქვათ ასე: დღეს ამერიკელებისთვის ნათელი ხდება (ან, ყოველ შემთხვევაში, ნათელი უნდა გახდეს) ისიც, რომ მისი ნამდვილი პოტენციური მოკავშირე ამ რეგიონში და ნამდვილი მედასავლეთე მხოლოდ საქართველოა, და ისიც, რომ საქართველოში მისი ნამდვილი მოკავშირე და ნამდვილი მედასავლეთე მხოლოდ ქართველი პატრიოტი, ე.წ. ქართველი ნაციონალისტია, და არა ის, ვინც შემთხვევით სარგებლობს, რათა "საბაზრო ეკონომიკისა" და "დასავლური ღირებულებების" ცნებები ატრიალოს, მაგრამ რეალურად არ ფიქრობს - და ვერც იფიქრებს, - რომ რუსეთის იმპერიული ფარვატერიდან თავისუფალი ზღვის სივრცეში გამოცურვას.

- გამორიცხავთ, რომ პარლამენტის რეაქციული ნაწილისათვის თვით შევარდნაძეს ჰქონდეს ჩუმად ნათქვამი, რუსეთს არ აწყენინოთ, ამერიკელებთან ხელშეკრულების რატიფიკაცია მაქსიმალურად გააჯანჯლეთო?

- არ გამოვრიცხავ. უფრო მეტი: ვერც გამოვრიცხავ. მაგრამ ეს "ინსტრუქცია" - თუკი იგი მართლაც შედგა, - დამარცხდა. და დამარცხდება კიდეც ამას იქით ყოველთვის. საბედნიეროდ, საშუალო და საშუალოზე ნაკლები დონის ადამიანთა გულ-გონებაში, - და არა მხოლოდ მოწინავეთა გულ-გონებაში, როგორც ადრე - დასავლეთი დღეს უფრო მძლავრ ფაქტორად არის აღბეჭდილი, ვიდრე რუსეთი. ეს შეფარდება ამას იქით აღარასოდეს შეიცვლება.

- როგორ ფიქრობთ, შევარდნაძე ამ სიტუაციაში როგორ უნდა იქცეოდეს? როგორ მოიქცეოდა გონიერი და ერთგული კაცი მის ადგილას?

- იგი გადადგამდა ყველა საჭირო პრაქტიკულ ნაბიჯს, რომელიც ჩვენს რეგიონში ჩვენი დიდი მოკავშირის - შეერთებული შტატების - გაძლიერებას სჭირდება, მაგრამ არ მისცემდა ამას ისეთ სააფიშო ფორმას, რომელსაც მოჰყვება ახლო აღმოსავლეთის ქვეყანასთან ომის მდგომარეობაში ყოფნა. თვით ეს სააფიშო ფორმა ბადებს ეჭვს, რომ აქ რუსული დავალება მონაწილეობს. ასეთი კაცი ხელს მოაწერდა ამერიკელებთან შეთანხმებაზეც საქართველოში მათი სამხედრო მოსამსახურეების იურიდიული სტატუსისა და მდგომარეობის შესახებ, მაგრამ დათქვამდა და ფორმალიზებულად დააფიქსირებდა, რომ ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის არდაქვემდებარება საქართველოს სასამართლოსადმი გაუქმდება მაშინათვე, როგორც კი საქართველოს სასამართლო პასუხისმგებლობის, კვალიფიკაციისა და პატიოსნების გარკვეულ მინიმალურ ნიშნულს მიაღწევს. პერსპექტივისთვის კი დასახავდა ისეთი ვითარების მიღწევას, როგორიც ევროპაში ამერიკელთა დგომის მარეგულირებელ კანონმდებლობაშია დაფიქსირებული.



(c) გაზეთი "საქართველო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი


2003 წელი

მოგვწერეთ opentext@flashmail.com