|
"საქართველო "
იქნება თუ არა ნავთობხანძრები ერაყში?
კუვეიტიდან რომ უკან იხევდნენ წინა ომის დროს, სადამ ჰუსეინის ჯარებმა 700 კუვეიტური ნავთობჭაბურღილი ააფეთქეს. ხანძრების ჩაქრობას 9 თვე დასჭირდა და მეხანძრეთა არა სტანდარტული შრომა, არამედ შემოქმედებითი გმირობა მოითხოვა. ზარალი კუვეიტელებმა 20 მილიარდ დოლარად იანგარიშეს. იმისვე ეშინიათ ამერიკელებს ერაყში. თუ (როცა) საქმე დამარცხებისკენ წაუვა, ჰუსეინი ნავთობჭაბურღილების აფეთქებას ბრძანებს და ამისთვის მუხტები უკვე ადგილზე მიტანილიც აქვსო. მეხანძრეთა მომავალ სამუშაოს ის გაართულებს, რომ ერთი ჭაბურღილი მეორეს არ ჰგავს და ნავთობს ერაყში, კუვეიტისგან განსხვავებით, უმრავლეს შემთხვევაში გაზიც ახლავს. ერაყის საბადოები ("ნავთობის მინდვრები") გიგანტური ზომითაც გამოირჩევიან, მაგალითად, კირკუკისა (ჩრდ. ერაყში, ქურთების მხარეში), რომელსც ახლა ქურთების თვალიც ადგას და თურქებისაც. ამ უზარმაზარი საბადოსთვის ცეცხლის წაკიდება ნამდვილ ჯოჯოხეთს შობს, მით უმეტეს, რომ მთიან და ჭაობიან ჩრდ. ერაყში ყველა ადგილი ძნელი მისადგომია მეხანძრეთა ტექნიკისათვის. ერაყში სხვაა თვით საბადოთა ხარისხიც: რაც უფრო ძველია საბადო, მით ნაკლებია მასში წნევა და უფრო დიდია ალბათობა, ზედაპირზე გაჩენილმა ცეცხლმა ეს წნევა ისე დასცეს, რომ ამოტუმბვა შეუძლებელი გახდეს. მაგრამ, THE ECONOMIST-ის სიტყვით, სრულებით არაა ჯერჯერობით უეჭველი არც ის, რომ ჰუსეინი თავისი ქვეყნის "სიცოცხლის სისხლს" - ნავთობს - წასახდენად გაიმეტებს, და არც ის, რომ ჯარისკაცები ასეთ ბრძანებას შეარულებენ.
(c) გაზეთი "საქართველო"
2003 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |