"24 საათი "
# 13
ორშაბათი, 23 იანვარი, 2006 წელი

ნოდარ ლადარია: მომავალ ორშაბათამდე !

"საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა არანაირი არგუმენტი სახალხო დამცველ სოზარ სუბარზე არ ჭრის," - გვამცნობს 19 იანვრის "24 საათი". ამ შემთხვევაში ყველაზე საინტერესო სიტყვაა "არგუმენტი". რამდენიმე მათგანი გაზეთშივეა მოცემული, მაგრამ საინტერესო ისაა, რაც გაზეთში ვერ მოხვდა, სამაგიეროდ, მთელმა საქართველომ გაიგონა სატელევიზიო საინფორმაციო გადაცემებში. "არგუმენტი" ეკუთვნის უმრავლესობის დეპუტატს, ტლაშაძეს. აღარ მახსოვს, რა ჰქვია ამ ქალბატონს, არც იმაზე დავდებ თავს, რომ მისი გვარი სწორად გადმოვეცი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს. შესაძლებელია უკვე განზოგადებული ცნება შემოვიღოთ - "ტლაშაძის არგუმენტი" - ან სულაც არგუმენტირების საზომი ერთეული დავაწესოთ: "ერთი ტლაში". ეს ერთეული, ელექტროტევადობის საზომის, ფარადას მსგავსად, ძალიან დიდი, თითქმის მიუღწეველი უნდა იყოს. დანარჩენი არგუმენტების ძლიერება კი პიკოტლაშებით (ერთი მეტრილიონედი), ნანოტლაშებით (ერთი მემილიარდედი) ან, უკიდურეს შემთხვევაში, მიკროტლაშებით (ერთი მემილიონედი) თუ გაიზომება.

ახლა კი უნდა დავასაბუთოთ, რომ არგუმენტაციის უსუსურობის ხსენებული ერთეული მართლაც ძალიან დიდია. მაშ ასე, ქ-ნმა ტლაშაძემ ბრძანა, რომ მომავალ წელს სახალხო დამცველს მოუწევს იმის ახსნა, თუ რატომ დადო პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფიცი სწორედ დავით აღმაშენებლის და არა ვიღაც... ნუ, რა ვიცი... მოკლედ, ვიღაც იმის საფლავზე. დიახ, სწორედ ასე თქვა. თუმცა ბრჭყალები არ გამომიყენებია, მაგრამ ეს წმინდა ფორმალობაა: უბრალოდ, საკუთარ მეხსიერებას ვეყრდნობი, რომელსაც ჯერ-ჯერობით არ ვუჩივი, და არა წერილობით წყაროს ან ელექტრონულ ჩანაწერს. განვიხილოთ დეპუტატის სიტყვები არგუმენტაციის უსუსურობის თვალსაზრისით და მივხვდებით, რატომაა ეს დონე ძნელად მისაღწევი ჩვეულებრივი ადამიანისთვის:

1. რატომ უნდა ახსნას სახალხო დამცველმა სად დადო ფიცი საქართველოს პრეზიდენტმა? ეს არც სახალხო დამცველის დანიშნულებაში შედის და არც არავის შემატებს რამეს. თანაც გაუგებარია, რატომ უნდა მოხდეს ეს მაინცდამაინც მომავალ წელს.

2. რა ფუნქციას ასრულებს ამ შემთხვევაში დავით აღმაშენებელი? რისი სიმბოლოა XI-XII საუკუნეთა მიჯნაზე მცხოვრები ეს პერსონაჟი, როცა საქმე ეხება კონკრეტულ საკანონმდებლო პრობლემას - საქართველოში რელიგიური ორგანიზაციებისათვის თანასწორი უფლებების მინიჭებას? ყოველ შემთხვევაში, მე მხოლოდ ერთ მომენტს ვიხსენებ: მეფეს სამი დღე დასჭირდა იმის მისახვედრად, რომ მუსლიმანთა შევიწროება კარგს არაფერს მოუტანდა სახელმწიფოს. უფრო მეტსაც ვიტყვი: სამი დღეც არ დასჭირვებია, თავიდანვე იცოდა - უბრალოდ, თბილისის ამღებ ლაშქარს ტრადიციისამებრ დაუტოვა საძარცვად ქალაქი, რის შემდეგ სახელმწიფო წესრიგის, ანუ უფლებათა აღდგენის პერიოდი დაიწყო. ასე რომ, დავით აღმაშენებლის მაგალითი სწორედ სოზარ სუბარის პოზიციას ამაგრებს.

3. ეს ფიცი მაინც რაღა დოზანაა. იქნებ მართლმადიდებლობის დამცველები ცოდვაში არ ჩამითვლიან, თუ სახარებას მოვიხმობ. მაცხოვარი ამბობს: "ხოლო მე გეტყვი თქუენ: არა ფუცვად ყოვლადვე, ნუცა ცასა, რამეთუ საყდარი არს ღმრთისაი; ნუცა ქუეყანასა, რამეთუ კვარცხლბეკი არს ფერხთა მისთაი; ნუცა იერუსალემსა, რამეთუ ქალაქი არს მეუფისა დიდისაი; ნუცა თავსა შენსა ჰფუცავ, რამეთუ არ ძალ-გიც ერთისა თმისა განსპეტაკებად გინა დაშავებად. არამედ იყავნ სიტყუაი თქუენი ჰეი ჰე და არაი არა; ხოლო უმეტესი ამათსა უკეთურისაგან არს" (მათე, 5, 34-37). გასაგებია? ფიცი არ არის მაგიური ქმედება, ფიცი საერთოდ არაფერი არ არის - აი, ქრისტიანული მცნება და სარწმუნოება. მაგრამ პრეზიდენტი მართლაც ფიცს დებს, ასევე ფიცს დებენ მეომრები სამსახურში შესვლისას, მოწმეები სასამართლოში და ა. შ. რას ნიშნავს ეს? - მხოლოდ იმას, რომ მოცემული მომენტიდან სუბიექტზე ვრცელდება გარკვეული პასუხისმგებლობა.

სააკაშვილის ღონისძიება გელათის ტაძარში მართლაც უცნაური რამ იყო. ათას რამეს ნიშნავდა - შესაძლოა, საქართველოს რეგიონებისადმი რევერანსს, ან ტრადიციების ბუნდოვანი ცნების მიმართ გადახდილ ხარკს, ან საკუთარი ძალაუფლებით ტკბობას. ვინ იცის, კიდევ სად წაგვიყვანს ამაზე მსჯელობა. საქმე ისაა, რომ ეს მსჯელობა ვერასოდეს გამოვა სოციალური ანთროპოლოგიის ან სულაც ფსიქოლოგიის ფარგლებიდან და ვერასოდეს შეაღწევს იურიდიულ სფეროში. რატომ ღელავს ქ-ნი ტლაშაძე?

4. აი, ყველაზე მნიშვნელოვან პუნქტამდეც მივედით: ვისი საფლავი იგულისხმა ქ-ნმა ტლაშაძემ? ვიღაც იმისი... მაგრამ ძნელია თქმა, ძნელია, რადგან ერთხელ უკვე დაუსტვინეს გოჩა ფიფიას. არა, ვითარება არ გამოსწორებულა, მაგრამ მაინც რატომ უნდა დაგისტვინონ. იმ ნაგულისხმევი საფლავის პატრონები კი სწორედ უთქმელობამ თუ დეპუტატის ენაბრგვილობამ გაამრავლა: ვინ განისვენებს ამ ქართველი პარლამენტარის მიერ შეგინებულ უსახელო საფლავში, გაბრიელ სუნდუკიანი, ოვანეს თუმანიანი, ტიგრან პეტროსიანი, სერგო ფარაჯანოვი თუ სულაც საიათ-ნოვა? ან იქნებ "ურიის ჭონტოლი, ანდრე ჟიდი", ასე რომ იხსენიებდნენ საბჭოთა სუკის დაკვეთილ სტატიებში გამოჩენილი ქართველი მწერლები, რომელთა მემკვიდრენი დღეს სასამართლო დავით არიან გართულნი?

ოთხი პუნქტი, ოთხი სვეტი, რომელზეც საქართველოს პარლამენტისა და, კაცმა რომ თქვას, ჩვენი საზოგადოების კარგა მოზრდილი ნაწილის მენტალობაა დაფუძნებული - უფრო სწორად კი მენტალური ქაოსი, რომელიც დღეს სახალხო დამცველს უპირისპირდება. ეს გონებრივი ქაოსი ყველაზე ადეკვატურად ქ-ნი ტლაშაძის ტირადაში გამოიხატა, მაგრამ არც სხვებმა დააკლეს. ვნახოთ და გავზომოთ.

ხათუნა გოგორიშვილი, მაგალითად, სოზარ სუბარს ამგვარად საყვედურობს: "ასე რატომ არ აღშფოთდი, როდესაც სამსარში უნივერსიტეტის სტუდენტები ჯოხით სცემეს, ან იმაზე რატომ არ აცხადებ პროტესტს, რომ მართლმადიდებლები კუმურდოში ფეხის შედგმასაც კი ვერ ბედავენ". რას იზამ, ქ-ნო ხათუნა, მოსახლეობა პროვოკატორებს სცემს ხოლმე - ამას ალბათ პოლიციამ უნდა მიხედოს. ჩვენ კი უფრო ის გვაინტერესებს, სამსარის ინციდენტის დროს (რომელიც არ მოხდებოდა, რომ არა ქართველ სამღვდელო პირთა მოუფიქრებელი ინიციატივა), რა სატელეფონო საუბრები გქონდათ ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან? სამსარის ამბებზე უკვე წერდა "24 საათი" და მეც მომიხდა გამოხმაურება - უნცაური და უაზრო ჯვაროსნული ლაშქრობა იმათ წინააღმდეგ, ვისაც საპატრიარქოს პრესცენტრის წარმომადგენელი, ზურაბ ცხოვრებაძე, გაზეთის 19 იანვრის ფურცლებზე "სომეხ მონოფიზიტებს" უწოდებს. ცხოვრებაძე ცალკე შემთხვევაა, რაც შეეხება ქ-ნ გოგორიშვილის "არგუმენტს", აქ მეტად პრიმიტიული და, მე ვიტყოდი, წვრილმანი კრიმინალების საყვარელი ხერხია გამოყენებული: "რა გინდა, ბიძია? პატარებს ჩაგრავ?". პატარა და სუსტი კი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაა, რომლის შესახებ პროფესორი ზურაბ კიკნაძე გაზეთის ამავე ნომერში სრულიად სამართლიანად აღნიშნავს: "კონკორდატი (ასე დავარქვათ ამ ხელშეკრულებას) არაფერს მატებს მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც საქართველოში "დე-ფაქტო" ისედაც განუზომლად უფრო ძლიერია, ვიდრე რომელიმე კონფესია". საინტერესოა, როგორ ხდება, რომ განუზომლად ძლიერი კონფესია ასე "იჩაგრება"? როგორ ხდება, რომ ხან ბიზნესმენების დახმარება სჭირდება საკუთარი ქონებრივი მდგომარეობის გამოსასწორებლად, ხანაც ქურდებისა? მაგრამ გავიმეტოთ ქ-ნ გოგორიშვილისთვის რამდენიმე "მიკროტლაში" და სხვა "არგუმენტებსაც" მივხედოთ.

რომან კუსიანი რიტორიკული კითხვების ჟანრმა გაიტაცა: "მართლმადიდებელი ეკლესია საკონსტიტუციო შეთანხმებით მონიჭებული უფლებების რეალიზებას რომ ვერ ახერხებს, ამაზე რატომ არაფერს წერთ თქვენს ანგარიშში? სხვადასხვა სექტები უკანონო მშენებლობას რომ ეწევიან და პროექტებს არც ერთ უწყებასთან არ ათანხმებენ, რატომ ამაზე არ იღებთ ხმას?" - აქაც შეიძლება რამდენიმე პუნქტის გამოყოფა. ჯერ ერთი, რა კავშირი აქვს ამ ორ შეკითხვას ერთმანეთთან? ეკლესია თავისი უფლებების რეალიზებას ვერ ახერხებს, რაღაც იდუმალი "სექტები" კი უკანონო მშენებლობებს ეწევიან. რაო, საკონსტიტუციო ხელშეკრულებით მართლმადიდებელი ეკლესიისთვის "უკანონო მშენებლობის უფლებაა" განსაზღვრული? არ ვიცი, ვის გულისხმობს ბ-ნი კუსიანი "სექტებში", მაგრამ მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქები გაცილებით უფრო ადრე ახდენდნენ იმას, რაც მხოლოდ ახლახან წამოიწყო საქართველოს სახელმწიფომ - კრიმინალთა უკანონო ქონების ექსპროპრიაციას. ეპისკოპოსი გერასიმე ამის ნათელი დადასტურებაა. ან იქნებ ის მოგვახსენოს ბ-ნმა კუსიანმა, რომელი "სექტა" შეძლებს ას მილიონ ამერიკულ დოლარად ღირებული "სამლოცველო სახლის" წამოჭიმვას მთელი თბილისის თავზე? არც კი ვიცი, მოუგო კუსიანმა გოგორიშვილს "მიკროტლაშებით" თუ არა - ალბათ მოუგო, რადგან გოგორიშვილის "არგუმენტი" ოდნავ ვერაგი მაინც იყო.

ყველაზე ნაკლები "მიკროტლაში", როგორც მოსალოდნელი იყო, ლევან ბერძენიშვილს ერგო. მაგრამ არა იმიტომ, რომ რაღაც განსაკუთრებული არგუმენტი იპოვა, - მას, უბრალოდ, გემოვნება ეყო, თავი აერიდებინა რელიგიური თემატიკისთვის. "24 საათის" შეკითხვაზე პასუხისას ამ თემას მან მხოლოდ რამდენიმე სიტყვა დაუთმო: "მართლმადიდებლობაში პრობლემები შეიძლება არის, შეიძლება - არა. ვინაიდან საკითხზე ჯერ-ჯერობით ზეპირი ლაპარაკი მიმდინარეობს". აჰა, ecce verbum! ან, თუ გნებავთ, ფრანგულად იყოს - c'est le mot! აი, სიტყვა! - ლაპარაკი მართლაც ზეპირია. მაგრამ რესპუბლიკელთა ინტონაციაში სულაც არ ჩანს, რომ ამ ლაპარაკის უფრო მაღალ დონეზე აყვანის სურვილს გრძნობდნენ. პირიქით, ცოტა ქვემოთ ლევან ბერძენიშვილი, რომელმაც მიიჩნია, რომ თავისი ინტელექტუალური რენომე საკმარისად გაამყარა, თვითონ უმატებს ზეპირი ლაპარაკის ტკაცუნა ბუხარში ორიოდე ხმელ ნაპობს: "სუბარს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა არ აინტერესებს და უფლებების ყველაზე დიდ დამრღვევად საპატრიარქო გამოჰყავს. არადა ეს ასე არ არის". ორი, როგორც თვითონ ბ-ნი ბერძენიშვილი ამბობს, "ზეპირი" განცხადება: სუბარს უფლებების დაცვა არ აინტერესებს... ო-ო! მეორე კი ერთობ ნუგბარი რამაა! ჯერ პირველს მივხედოთ: სუბარს უფლებების დაცვა არ აინტერესებს - განაჩენი გამოტანილია და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. თანაც დამამძიმებელი გარემოებაც სახეზეა: "ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ სალარიძის ომბუდსმენობა სანატრელი იქნებოდა!" - ამბობს ბ-ნი ბერძენიშვილი და აზრსაც არ უშვებს, რომ შეიძლება ვიკითხოთ: ვისთვისაა, ბატონო, სანატრელი? სოფისტიკაა, ჩემო ბატონო, ეს ყველაფერი. არა გჯერათ? აი, ახლა კი მეორე განცხადების დრო დადგა, რომელიც, როგორც მოგახსენეთ, მეტად ნუგბარი რამაა. ჩამოვაყალიბოთ ის, როგორც დებულებათა ლოგიკური ჯაჭვი: სუბარი ამტკიცებს, რომ ადამიანის უფლებათა ყველაზე დიდი დამრღვევი საპატრიარქოა (თქვა სუბარმა, რომ ყველაზე დიდია? არ ვიცით, მაგრამ ეს მტკიცება ჩვენს სინდისზე არაა); ამის შემდეგ ბერძენიშვილი ამბობს, რომ ეს ასე არაა. სახელდობრ რა არაა ასე? - თუ აზრთა დინებას აღმა მივყვებით, ბერძენიშვილი ამბობს შემდეგს: საპატრიარქო არაა ადამიანის უფლებათა ყველაზე დიდი დამრღვევი. ხომ გახსოვთ ანეგდოტი მფრინავი სპილოს შესახებ: "არა, არწივივით კი ვერ მოიქნევს ფრთებს, მაგრამ, რაც შეუძლია, დაფრინავს". შესანიშნავი ნაბიჯია: მაშინაც კი, როცა ამაზე ბევრს არ ფიქრობს, მაინც იტოვებს უკან დასახევ გზას - აი, ჭეშმარიტი სოფისტის მაღალი, ავტომატიზმამდე ასული ხელოვნება.

ბ-ნი ბერძენიშვილი მარტო არაა: ჩვენს პოლიტიკოსებს ამ ბოლო დროს ეტყობათ რაღაც ნარნარი ცეკვა საპატრიარქოს გარშემო. ხან ივლიანე ხაინდრავა ნათლისღების წყლით აპირებს ქურდების გამოსწორებას, ხან გიგა ბოკერია ცდილობს, ნამუსი მოსწმინდოს ეპისკოპოს გერასიმეს და მის საეჭვო "დელიშკებს" კრიმინალებთან. მაინც რა ხდება? რატომ მიიჩნევს ეს არცთუ უჭკუო ხალხი, რომ საქმე მათი პოლიტიკური აღმასვლის მნიშვნელოვან გარანტს ეხება? პასუხი მოულოდნელად მარტივია: საკმარისია გადავიკითხოთ რადიო "უცნობის" გადაცემის 16 იანვარს გამოქვეყნებული ანგარიში ლაშა და კალენდარი.

ლაშა ბუღაძემ ძველ და ახალ სტილზე სასაუბროდ ორი პატივცემული პიროვნება მოიწვია: კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე და მომღერალი თამარ ჭოხონელიძე. მეტად გონიერი არჩევანია. სწორედ რომ გაუმართლა ლაშა ბუღაძესაც და ჩვენც, თორემ, აბა, ასეთ სიბრძნეს სად მოვისმენდით: "ვფიქრობ, ხალხი 1 იანვარსაც ზეიმობს და 14 იანვარსაც. ისე კი, მეცნიერებამ ახლა დაიწყო ამ კალენდართან და ორ განმასხვავებელ კვირასთან ბრძოლა და შესაძლებელია ეს თარიღები სულ მალე გამთლიანდეს და ერთმანეთს დაემთხვას". ამას, ქ-ნი ჭოხონელიძე ამბობს. არ ვიცი, რას ნიშნავს თარიღების გამთლიანება, მაგრამ ერთი რამ კი მაფიქრებს: ასე თუ გაგრძელდა, ფემინისტური განწყობები კიდევ დიდხანს ვერ დაიმკვიდრებს საფუძველს ჩვენში. არც ბ-ნი ჩხეიძე ჩამორჩება: "საზოგადოებას არ უნდა ეგონოს, რომ საეკლესიო ახალი წელი 14 იანვარია. ეს მხოლოდ ახალი კალენდრის მიხედვით. ძველი კალენდრის მიხედვით, რელიგიური ახალი წელი პირველ სექტემბერს დგება". აბა, თავში ასეთი დომხალით რას გაარკვევ: ძველი კალენდრის მიხედვით კი არა, ბატონო, ძველი ლიტურგიული წიგნები იწყება პირველი სექტემბერით. ლიტურგიულ წელზეა საუბარი და არა კალენდარულ წელზე, ისევე როგორც შეიძლება ვილაპარაკოთ აკადემიურ, ფინანსურ და ა. შ. წელზე. ეს დეტალებია.

მთავარი კი ისაა, ბატონებო, რომ ჩვენი პოლიტიკოსების მისწრაფება მართლმადიდებლობისკენ, მათი ერთობ დელიკატური განწყობა საპატრიარქოს მიმართ მხოლოდ ერთი რამითაა განპირობებული: ქართველი საზოგადოების მასობრივი რელიგიური უმეცრებითა და უკულტურობით. სწორედ ამ უკულტურობის არეალში შედის ის ყბადაღებული 87 პროცენტი, რომელიც ნდობას უცხადებს მართლმადიდებელ ეკლესიას, თუმცა ამ წილის რაოდენობრივი დადგენის შესახებ არც ერთ ჩვენგანს არასოდეს მოუსმენია ერთი და დამაჯერებელი ვერსია. ეს არ გვადარდებს...

მაგრამ გულს ნუ გაიტეხთ! გავიხაროთ, მეგობრებო, - რაში გვჭირდება ამდენი თავის ტკივილი? აი, მამუკა ხერხეულიძემ 20 იანვარს ძალუმი მარჯვენა ჩაავლო არსენა ოძელაშვილსა და კახა ბენდუქიძეს. მართალია, ტექსტიდან ვერაფერი გავიგე, რადგან სულ მეშინოდა, ან ერთი არ დაახრჩოს, ან მეორე არ გააბრტყელოს-მეთქი. მაგრამ ხომ შეიძლება მომავალში რამდენიმე დამატებითი ტენდერი გამოცხადდეს, საგაზეთო ფართი დაკავებული აღმოჩნდეს და ჩვენც გადავრჩეთ ამ მღელვარებას.



(c) გაზეთი " 24 საათი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი




2006 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com