"ახალი 7 დღე "
# 26
6-13 ივლისი, 2007 წელი

მხატვრული ლიტერატურა - წიგნის თაროზე, ყველაფერი დანარჩენი - ინტერნეტში

ნათია იმერლიშვილი

ჩვენი დროის სიახლეთა უმრავლესობას საზოგადოება ხშირ შემთხვევაში ეჭვით, უნდობლად, ერთი სიტყვით, უარყოფითად ხვდება. გამონაკლისთა სიაში პირველ ადგილს იტნერნეტი იკავებს. საზოგადოებამ ერთხმად აღიარა ინტერნეტის უპირატესობა. დღეს დრო ფული ღირს, ინტერნეტი კი ფულის დაზოგვას უზრუნველყოფს. ალბათ, სწორედ, ეს არის ის მაგიური ძალა, რომლითაც ამ გლობალურმა ქსელმა დაატყვევა ხალხი და ერთ დროს მისთვის საყვარელი წიგნიც კი თაროზე შემოადებინა. იქნებ - სამუდამოდაც.

წიგნი უძველესი დროიდან ინფორმაციისა და ცივილიზაციის გავრცელების ყველაზე პოპულარული წყარო იყო. პირველი ნაბეჭდი წიგნი XV საუკუნეში გუტენბერგმა გამოსცა და მას შემდეგ საზოგადოება წიგნის საშუალებით ეცნობა ისეთი ფილოსოფოსებისა და მწერალ-პოეტების შემოქმედებებს, როგორიც არიან, მაგალითად: მაკიაველი, რუსო, დარვინი ან სულაც ვიქტორ ჰიუგო და ჰემინგუეი.

წიგნის როლი კაცობრიობის ისტორიაში განუზომელია. ადამიანის მთელი სულიერი სამყარო აიგება ცალკეული შთაბეჭდილებებისგან, მაგრამ ცოდნის ძირითად მასას ჩვენ უნდა ვუმადლოდეთ წიგნებს, ჩვენ მიერ წაკითხულსა და შესწავლილს, - ამბობდა გერმანელი მწერალი შტეფან ცვაიგი. გოეთეს აზრით კი, არ არის ისეთი წიგნი, რომლისგანაც ადამიანი რამე კარგს არ ისწავლის.

საბეჭდი მანქანის გამოგონებამ და წიგნების გამრავლებამ გამოიწვია ბიბლიოთეკების შექმნის აუცილებლობა. დღეს ის ინფორმაციის შენახვისა და დამუშავების ცენტრად ითვლება. რამდენიმე ათეული წლის წინ საზოგადოება ვერც კი წარმოიდგენდა, თუ ბიბლიოთეკას გამოუჩნდებოდა შემცვლელი ინფორმაციის მოპოვებასა და დამუშავებაში. ელიტური საზოგადოება ყოველთვის ლიტერატურულ სალონებსა და ბიბლიოთეკებში იკრიბებოდა, უზიარებდა ერთმანეთს საკუთარ შეხედულებასა და გულისტკივილს, ბიბლიოთეკის მრავალმხრივ დანიშნულებაში მაშინ ეჭვი არავის ეპარებოდა.

1969 წელს აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ეგიდით შეიქმნა პროგრესულ გამოკვლევათა ბიურო (Aდვანცედ ღესეარცჰ Pროჯეცტ Aგენცყ - AღPA). თავდაცვის სამინისტრომ მას დაავალა, შეექმნა იმგვარი საკომუნიკაციო ქსელი, რომელიც შეუფერხებლად შეძლებდა ფუნქციონირებას საომარი მოქმედებების პირობებშიც კი.

1969 წლის 29 ოქტომბერს განხორციელდა ორი კომპიუტერის დისტანციური დაკავშირების პირველი მცდელობა. ერთმანეთთან დააკავშირეს 599 კმ-ით დაშორებული სტენფორდისა და კალიფორნიის უნივერსიტეტების კომპიუტერები. მოგვიანებით მათ კიდევ ორი კომპიუტერი შეუერთდა. სწორედ ამ ოთხი კომპიუტერის ურთიერთდაკავშირების საფუძველზე შეიქმნა პირველი გლობალური ქსელი სახელწოდებით - AღPANEთ, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საერთაშორისო გლობალური ქსელის - ინტერნეტის - შექმნას.

XIX საუკუნეში ინტერნეტისა და ბიბლიოთეკის ფუნქციები იმდენად დაემსგავსა ერთმანეთს, რომ ხალხი ილია ჭავჭავაძის პოემებსაც კი ინტერნეტით კითხულობს.

რატომ აიტაცა საზოგადოებამ ინტერნეტი? ხომ არ შეუქმნა მან საფრთხე ბიბლიოთეკების არსებობას? როგორ უნდა შევაყვაროთ ბავშვს წიგნი, როცა მისი ბაბუა ინტერნტით სარგებლობს? ამ და სხვა კითხვებით მივმართეთ თბილისის მოსახლეობას და ჩავატარეთ მცირე გამოკითხვა თემაზე: ინტერნეტი თუ ბიბლიოთეკა?

1. თქვენი აზრით, შეცვალა თუ არა ბიბლიოთეკა ინტერნეტ-კაფემ?

ქ-ნი ლია, 58 წლის, მკერავი:

შეცვალა, მაგრამ, ჩემი აზრით, ისევ ბიბლიოეკა სჯობს იმიტომ, რომ წიგნს დადებითი აურა აქვს, მისი კითხვისას მშვიდდები, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი შვილები ინტერნეტ-კაფეს ამჯობინებენ.

ხათუნა, 17 წლის, სტუდენტი:

რა თქმა უნდა, შეცვალა იმიტომ, რომ მასში ხედავენ უპირატესობას. იქ არის თამაშები, ფილმები, ვიდეო-კლიპები და სხვა, რა თქმა უნდა, ინტერნეტისკენ მიიწევს გული.

2. მიგაჩნიათ, რომ ინტერნეტი წიგნის მტერია?

ქ-ნი ლიანა, 62 წლის, ექთანი:

დიახ, მტერია! რადგან ინტერნეტმა თითქმის მთლიანად წაართვა მომხმარებელი ბიბლიოთეკას.

ქეთი, 25 წლის, მდივანი:

მე არ ვთვლი, რომ მტერია, ჩემი აზრით, მეგობარი უფროა, რადგან ინტერნეტი ჩემი სამუშაოს განუყოფელი ნაწილია - ის რომ არ იყოს, მე, ცხადია, ვერ ვირბენდი აქეთ-იქით ბიბლიოთეკებში.

3. რა უპირატესობას ხედავთ ინტერნეტში, ბიბლიოთკასთან შედარებით?

სანდრო, 20 წლის, სტუდენტი:

უპირატესობა ის არის, რომ ძალიან სწრაფია, ბიბლიოთეკაში კი წიგნის გამოწერას დიდი დრო სჭირდება, თანაც, რომ მოგიტანენ, შეიძლება, ის არ აღმოჩნდეს, რომელიც გინდოდა, ინტერნეტში კი ინფორმაციას ეძებ საკვანძო სიტყვით და ყველაფერი ადვილად გამოდის.

ბ-ნი რეზო, 42 წლის, ინჟინერი:

ინტერნეტის ერთადერთი უპირატესობა არის სისწრაფე, თორემ რომელ წიგნს შეედრებოდა?

4. სახლში გაქვთ ინტერნეტი და ბიბლიოთეკა?

სოფო, 27 წლის, იურისტი:

კი, ორივე მაქვს.

ანი, 18 წლის, სტუდენტი:

ბიბლიოთეკა მაქვს, თანაც საკმაოდ მდიდარი, ინტერნეტი კი, სამწუხაროდ, არა.

5. კვირაში დაახლოებით რამდენჯერ სარგებლობთ ინტერნეტით და რამდენჯერ - ბიბლიოთეკით?

მანანა, 38 წლის, ექიმი:

ინტერნეტით - ძალიან ხშირად, ბიბლიოთეკით ამ ბოლო დროს თითქმის აღარც ვსარგებლობ.

გიორგი, 16 წლის, მოსწავლე:

რა თქმა უნდა, ინტერნეტით უფრო ხშირად ვსარგებლობ, მინიმუმ კვირაში ოთხჯერ, ბიბლიოთეკით კი - თითქმის არასოდეს. ძალიან იშვიათად სასწავლო წიგნს თუ მივაკითხავ.

როგორც დავინახეთ, გამოკითხულთა დიდმა ნაწილმა, განსაკუთრებით კი - ახალგაზრდობამ, მაინც ინტერნეტმომსახურება ამჯობინა, მთელი ქვეყნის ოსტატობა, ჭკვიანი კაცების ნაცადი - წიგნებშია მოცემული... უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა, მაგრამ არც მხოლოდ წიგნებიდან გამოხედვა შეიძლება, - ვფიქრობ, ილია ჭავჭავაძის ამ მოსაზრებებს ადასტურებს ის, რომ დღევანდელი საზოგადოება ინტერნეტიდან იყურება.

გაზეთი ახალი 7 დღე დაინტერესდა თავად ბიბლიოთეკებისა და ინტერნეტ-კაფეების თანამშრომელთა შეხედულებებით. ამის გასარკვევად ჯერ ბიბლიოთეკას ვესტუმრე, რომელიც გადაჭედილი იყო ახალგაზრდობით, შემდეგ კი - ინტერნეტ-კაფეს, სადაც იგივე მდგომარეობა დამხვდა. ჩვენ ჩავატარეთ პატარა ექსპერიმენტი და ერთი და იმავე კითხვებით მივმართეთ თბილისის აკაკი წერეთლის სახელობის ბიბლიოთეკის გამგეს, ქალბატონ ელენე კასრაძეს და თბილისის ერთ-ერთი ინტერნეტ-კაფეს ოპერატორს, ქალბატონ ნინოს. მათ პასუხებს შორის დამთხვევებისა და განსხვავებების აღმოჩენა კი თქვენთვის მოგვინდია.

1. დღეში დაახლოებით რამდენ მომხმარებელს ემსახურებით?

ქ-ნი ელენე (ბიბლიოთეკა):

აუარება ხალხი გვაკითხავს, თუმცა ყველას ვერ ვაკმაყოფილებთ სხვადასხვა მიზეზით. დღეში დაახლოებით 1000 კაცი მაინც იქნება. დარბაზი მუდამ სავსეა.

ქ-ნი ნინო (ინტერნეტ-კაფე):

ბევრი. ყველა კომპიუტერი დაკავებულია, თითქმის დღის განმავლობაში (დარბაზში 25 კომპიუტერია - ავტ.) რამდენიმე პარტია იცვლება ხოლმე, რიგებიც ყოფილა.

2. ძირითადად, რა ასაკის მომხმარებელი გყავთ?

ქ-ნი ელენე (ბიბლიოთეკა):

ყველა ასაკის მომხმარებელი გვყავს, მოსწავლეები, სტუდენტები, უფროსი თაობის წარმომადგენლოები, თუმცა, ძირითადად, მაინც სტუდენტობა გვსტუმრობს.

ქ-ნი ნინო (ინტერნეტ-კაფე):

თითქმის ყველა ასაკის მომხმარებელი შემოდის. უფრო ახალგაზრდობა. ბოლო დროს იმატა ბავშვების რაოდენობამ.

3. რა ასაკიდან იწყებენ ბიბლიოთეკაში (ინტერნეტში) სიარულს?

ქ-ნი ელენე (ბიბლიოთეკა):

რა დროიდანაც ბავშვი სწავლობს კითხვას, დაახლოებით 7 წლის ასაკიდან.

ქ-ნი ნინო (ინეტერნეტ-კაფე):

5 წლის ასაკიდან. რა თქმა უნდა, თამაშით იწყებენ.

4. მომხმარებელი, ძირითადად, რა მიზნით გაკითხავთ?

ქ-ნი ელენე (ბიბლიოთეკა):

გამომდინარე იქიდან, რომ მომხმარებელი, ძირითადად, სტუდენტია, სწავლის მიზნით მოდის, ავალებენ და იმიტომ. ინფორმაციის მოსაძიებლად ნაკლებად მოდიან.

ქ-ნი ნინო (ინტერნეტ-კაფე):

ძირითადად, ინფორმაციის მოსაძებნად. ნახულობენ თავიანთთვის საინტერესო საიტებს. ბაშვები დადიან სათამაშოდ, ხშირად ფილმების სანახავად

5. რა ღირს თქვენი მომსახურება?

ქ-ნი ელენე (ბიბლიოთეკა):

საკმაოდ იაფი, 2 ლარი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ძალაშია.

ქ-ნი ნინო (ინტერნეტ-კაფე):

1 საათი ღირს 1 ლარი. დღეში ხან 5 ლარს იხდიან. თუ ბევრი სამუშაო აქვთ, რამდენიმე დღე სხედან და მუშაობენ, რაც საკმაოდ ძვირი უჯდებათ.

საკითხის საბოლოოდ შესაჯამებლად მივმართეთ საქართველოს საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორს, ბატონ ლევან თაქთაქიშვილს.

- ბოლო დროს საზოგადოების დიდი ნაწილი იტერნეტმომსახურებაზე გადავიდა. ბიბლიოთეკის დარბაზებს ხომ არ დაეტყო მკითხველის სიმცირე?

- არა, პირიქით. ინტერნეტმა მკითხველი მოიზიდა. ხალხს ხელი შეუწყო კატალოგების ელექტორნული ვერსიების არსებობამ. აქ მოუსვლელად ეცნობიან არსებულ ლიტერატურას და კატალოგებს. მალე ინტერნეტით შესაძლებელი გახდება წიგნის ყიდვაც. ასე რომ, ინტერნეტმა სერვისი გაგვიუმჯობესა.

- წიგნებისა და გაზეთების ელექტრონული ვერსიების არსებობამ ხომ არ შეასუსტა წიგნის როლი საზოგადოების წინაშე?

- 80-იან წლებში ამერიკაში ფიქრობდნენ, რომ ნიუ იორკ თაიმსის ელექტრონული ვერსიის არსებობა საზოგადოებაზე უარყოფით გავლენას მოახდენდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ასე არ იყო. წიგნი ან გაზეთი შეიძლება სახლში განტვირთვის მიზნითაც წაიკითხო, ინტერნეტი კი ამის საშუალებას არ იძლევა. გარდა ამისა, ინტერნეტში შეიძლება მოიპოვო გაზეთის რამდენიმე ასეული ნომერი, ბიბლიოთეკებს კი აქვთ არქივები, რომლებიც საშუალებას იძლევა, მონახო შენთვის სასურველი ნებისმიერი გაზეთის ნებისმიერი ნომერი.

- მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიოთეკის მომსახურება ბევრად იაფია, რატომ ირჩევს საზოგადოება ინტერნეტ-კაფეს?

- ინტერნეტი ხელს უწყობს წიგნის კითხვას. მაგრამ, სამწუხაროდ, ინტერნეტი დღეს მხოლოდ თბილისსა და რამდენიმე მსხვილ ქალაქშია. რას აკეთებს საქართელოს დანარჩენი მოსახლეობა? თქვენ გინახავთ, როგორ ვრცელდება პრესა ბორჯომში? იქაურ ბიბლიოთეკებში ყველა წიგნი ძველია, თითოეულს რამდენიმე ასეული ადამიანი კითხულობს. წიგნი არ განახლდება, ინტერნეტი კი ყოველ წამს ივსება რაღაც სიახლით. მკვლევრებმა გამოიკვლიეს საიტის სასიცოცხლო არეალი და აღმოჩნდა, რომ ის მხლოლოდ 48 საათს ცოცხლობს. ამდენივე საათს ცოცხლობს ბუზიც! ასე რომ, საიტების არქივების შექმნა თითქმის შეუძლებელია. ამის გვერდით კი, წიგნის საშუალებით, საუკეთესო ექსპონატების შენახვა შეიძლება.

- ინტერნეტმა საზოგადოება ხომ არ გააზარმაცა?

- საზოგადოება ყოველთვის ზარმაცი იყო. ხალხს არასოდეს ეხალისებოდა წიგნის კითხვა. მას სურს მხოლოდ ინფორმაციის მიღება და რაც უფრო მარტივი გზით მიაღწევს ამას, მისთვის მით უკეთესი იქნება.

- ამჟამად მიმდინარებს სასწავლო დაწესებულებების კომპიუტერებით აღჭურვა. თქვენი აზრით, ეს უფრო მნიშვნელოვანია თუ იმავე სასწავლო დაწესებულებების სათანადო ლიტერატურით უზრუნველყოფა?

- ალბათ, კომპიუტერით, იმიტომ, რომ ინტერნეტი უფრო აუცილებელია ამჯერად, ვიდრე ლიტერატურა. ჩემი აზრით, არ არის საჭირო, ყველა დაწესებულებას ჰქონდეს საკუთარი ლიტერატურა, სამაგიეროდ, საჭიროა ინტერნეტი, მით უმეტეს, რომ ახლა სწავლება გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე, რაც სავსებით პრაქტიკული და მისაღებია.

- დაბოლოს, ბიბლიოთეკა რას უნდა ელოდოს ინტერნეტისგან?

- ბიბლიოთეკისა და ინტერნეტის არსებობა დღეს უერთმანეთოდ წარმოუდგენელია. მოდით, ასე ვთქვათ: ორივეს აქვს რაღაც დადებითი და უარყოფითი. ენციკლოპედიების საკითხში იმარჯვებს ინტერნეტი, მაგალითად: სამედიცინო ენციკლოპედია ჯერ გამოსული არ იყო, რომ უკვე დაძველდა, ენციკლოპედიების ელექტრონული ვერსიების არსებობამ კი ეს ხარვეზი გამოასწორა. რაც შეეხება მხატვრულ ლიტერატურას - აქ იმარჯვებს წიგნი. მე მირჩევნია, მხატვრული ლიტერატურა მქონდეს თაროზე, ხოლო უცხოური პრესა გამოვიწერო ინტერნეტით და გავეცნო მათ ელექტრონულ ვერსიებს. ეს გაცილებით იაფიცაა და მოსახერხებელიც. ასე რომ, ინტერნეტი ბიბლიოთეკის სერვისის მრავალფეროვნების ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია.



(c) გაზეთი " ახალი 7 დღე "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი




2007 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com