"ახალი 7 დღე "
# 26
6-13 ივლისი, 2007 წელი

რუსუდან შარაძე: მე ვნახე, როგორ კლავდნენ მამას: გამოძიება აღიარებს: მკვლელი არ არის ბარათელი

ლია ტოკლიკიშვილი

ჩემთვის ძალიან ძნელი იყო იმ წუთების ნახვა, როგორ კლავენ მამას. ოთახში ვიჯექი ორ გამომძიებელთან და ჩემს ორ ადვოკატთან ერთად. მთელი ღამე ფსიქოლოგიურად ვემზადებოდი ამ ვიდეოფირის სანახავად. ალდაგის ორი ვიდეოთვალი აფიქსირებდა კომპანიის მიმდებარე ტერიტორიას ასე 5-6 მეტრის მანძილზე. როგორც ჩანს, ვიღაცამ ვერ გათვალა, რომ ყველაფერი იქვე ფიქსირდებოდა. მაღალი, მსხვილი, წარმოსადეგი, ასე მეტრი და 80 სანტიმეტრის სიმაღლის კაცი მიჰყვებოდა მამას რამდენიმე ფეხის ნაბიჯზე. მამა მშვიდად მიდის. მხარზე ჩანთა აქვს გადაკიდებული. ოდნავ თავჩაღუნულია და ეტყობა, რომ რაღაცაზე ფიქრობს. მერე მანძილი კაცსა და მამას შორის მინიმუმამდე მცირდება. ესვრის უკნიდან, თითქმის კეფაზე მიბჯენით. მიწაზე დავარდნილს, ზემოდან ქვემოთ პირდაპირი დამიზნებით ისევ ესვრის ორჯერ. მერე ჩქარი ნაბიჯით ადის შანიძის ქუჩის მიმართულებით.

რუსუდან შარაძემ ეს სიტყვები ჟურნალისტებს გუშინ, 5 ივლისს, მამის, გურამ შარაძის, სახელობის ქართული ემიგრაციის მუზეუმში განუცხადა. ინფორმაცია ნაწილობრივ გადასცა რამდენიმე ტელეარხმა. ტელეკომპანია იმედი, რომელიც თავისუფალი აზრის ფლაგმანად არის მიჩნეული, თავისუფალი კამერის უქონლობის გამო ვერ დაესწრო პრესკონფერენციას, რომელზეც თანამედროვეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და სასტიკი მკვლელობის გაუხმაურებელი დეტალები უნდა გახმაურებულიყო.

გახმაურდა ძალზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ყველაზე ობიექტური და უდავო სამხილი - ვიდეომასალა, რომელზეც ჩანს, რომ კაცი, რომელიც გურამ შარაძეს 20 მაისს მელიქიშვილის და შანიძის ქუჩების გადაკვეთაზე ესვრის, გიორგი ბარათელი არ არის.

რუსუდან შარაძე, ახალი 7 დღისთვის: ეს ერთხმად ვაღიარეთ ყველამ, ვინც ამ კადრს ვუყურებდით პროკურატურაში. მათ შორის, საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელმა ზაალ გურგენიძემ. არაფერი ემთხვევა ბარათელის გარეგნობას. ვისაც ერთხელ მაინც ჰყავს ნანახი გიორგი, უმალ დარწმუნდება, რომ კაცი, რომელიც მამას ესვრის, ის არ არის. განსხვავებული სიმაღლე, თმა, სიარულის მანერა, მხარ-ბეჭი.

გურამ შარაძის ადვოკატის, ნინო ნიშნიანიძის თქმით, მან როგორც კი გაიგო ასეთი ფირის არსებობის შესახებ, გურამ შარაძის ოჯახთან ერთად შუამდგომლობით მიმართა გამოძიებას და მოითხოვა ფირის ნახვის უფლება. ასეთი შესაძლებლობის ხელიდან გაშვება მას უგუნურებად მიაჩნია. ფიქრობს, რომ ყველა ფაქტი, რისი მოძიებაც შეიძლება დღეს, უნდა მოიძიონ. უნდა მოიძიონ ყველა შესაძლებლობის გამოყენებით. ამიტომ გადაწყვიტეს პოზიციის შეცვლა. გამოძიებასთან ურთიერთობის დაწყება (პოზიციას არ იცვლიან მხოლოდ მკვდრები და შეურაცხადები). შედეგმა არ დააყოვნა. მათთვის მოულოდნელად, შუამდგომლობის შეტანიდან ორი დღის შემდეგ დააკმაყოფილეს მათი თხოვნა და ვიდეოფირის სანახავად მიიწვიეს.

რუსუდან შარაძე: ჩემთვის ეს ფსიქოლოგიურად უდიდესი სტრესი იყო. პრინციპში, იმაში უნდა დავრწმუნებულიყავი, რაც ისედაც კარგად ვიცოდი - რომ მამასთვის გიორგი ბარათელს არ უსვრია. სანამ ვიდეოფირს ვნახავდი, მე ჩემს ადვოკატებთან ერთად შევხვდი და ვესაუბრე მრავალ ადამიანს, მათ, ვინც გურამის სიკვდილის შემთხვევითი მოწმეები გახდნენ. თითოეული მათგანის მიერ ჩვენთვის მოწოდებული მკვლელის აღწერილობა ერთნაირი იყო: მაღალი, - ამბობდა ყველა. გიორგი ბარათელი, რომელსაც მე, როგორც ჩემი ძმის თანამშრომელს, ვიცნობდი და წლების წინ შევხვედრივარ, მაღალი არ არის. მეტრი და 60 სანტიმეტრი ძლივს იქნება. მოშვებული თმით, - ამბობდა ყველა. გიორგის თმა საერთოდ არ აქვს და დაკავების მომენტში ყველამ ნახა - თმა გადაპარსული ჰქონდა. ერთი სიტყვით, მოწმეები სულ სხვა გარეგნობის კაცს აღწერდნენ, გიორგი ბარათელისგან რადიკალურად განსხვავებულს. მაგრამ ვიდეოფირის ნახვამ მაინც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მე მინდა, ეს ფირი ანახონ ყველას, ანახონ საჯაროდ, რათა ყველა დარწმუნდეს, რომ ბარათელი ტყუილად ჰყავთ დაპატიმრებული. თუკი ერთი კაცი მაინც მიამსგავსებს გიორგი ბარათელს ვიდეოფირზე აღბეჭდილ მკვლელს, მე მზად ვარ, რომ ხმა აღარ ამოვიღო.

გურამ შარაძის ოჯახის და საგამოძიებო ჯგუფის შეხვედრა სადაზღვევო კომპანია ალდაგის ვიდეოკამერის მიერ დაფიქსირებული მასალის სანახავად იყო ოფიციალური და მისი შედეგი დოკუმენტურად გაფორმდა პროკურატურაში.

ქალბატონი ნინო ნიშნიანიძე: მე დაწვრილებით დავწერე ფირით ნახული მასალის აღწერილობა. ყველა დეტალი. მკვლელის გარეგნობა. მისი ყველა ვიზუალური ნიშანი. ეს ჩანაწერი ხელმოწერებით დადასტურდა და პროკურატურაში დაიდო.

დაზარალებული მხარისთვის ეს არის ერთადერთი გარანტია იმისა, რომ ფირი არ შეიცვლება. თუმცა, ალბათ, უფრო მეტი სიფრთხილისთვის, უკეთესი იქნებოდა, შარაძის ოჯახს და მის ადვოკატებს ფირის კოპირება მოეთხოვათ.

ქალბატონი ნინო ნიშნიანიძე: ამ ეტაპზე უნდობლობის გამოხატვის არავითარი საფუძველი არ გვაქვს. მაქსიმალური ოპტიმიზმით ვარ განწყობილი. გამოძიებას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ და საჯაროდ ვადასტურებთ, რომ ყველაფერში დავეხმარებით, თუკი, ცხადია, დასჭირდებათ ჩვენთან შემდგომი თანამშრომლობა და დახმარება.

ქალბატონი ნინო ნიშნიანიძე გურამ შარაძის ოჯახის ინტერესებს დაიცავს ადვოკატ ნუგზარ ბირკაიასთან ერთად.

ჩვენ ერთად მოვდივართ ჯერ კიდევ ბატონი გურამის სიცოცხლიდან, იმ გახმაურებული საქმეებიდან, რომლებიც მის უკანონო დაპატიმრებებს შეეხებოდა. პროკურატურასთან თანამშრომლობის პარალელურად, ჩვენ, იურისტთა ის ჯგუფი, რომელმაც უკვე დაიწყო დამოუკიდებელი გამოძიება, ისევ გავაგრძელებთ მუშაობას. ჩვენს ჯგუფს კონსულტაციებს უწევს ბევრი ცნობილი იურისტი, მაგალითად, ბატონი ოთარ გამყრელიძე. მოპოვებული მასალები საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ, თუ გამოძიება დაინტერესდება, ამ საქმეს აქვს გახსნის პერსპექტივა.

ადვოკატ ნინო ნიშნიანიძეს პროკურატურასთან თანამშრომლობაში არ უგულისხმია ამ უწყებისთვის იმ მოწმეების ვინაობის გამხელა, რომლებმაც შარაძის მკვლელი შემთხვევის ადგილზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე პირადად ნახეს. ამ აზრს ეთანხმება რუსუდან შარაძეც. მათ მიაჩნიათ, რომ ადამიანები საქართველოში ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ტერორში იმყოფებიან. ჩვენ ვერ ვაიძულებთ მათ, ითანამშრომლონ გამოძიებასთან. ეს მათი შინაგანი გნაწყობილების და არჩევანის საქმეა. კანონი მოქალაქეს არ ავალდებულებს, რომ მისცეს ჩვენება. გამოძიება მოვალეა, თავად მოძებნოს მოწმეები. თუ საჭიროა, დაიცვას მათი კონფიდენციალობა, მისცეს დაცვის გარანტიები. დამერწმუნეთ, თუ მოინდომეს, მათ ამის გაკეთება, ასეთი ადამიანების მოძებნა არ გაუჭირდებათ. პრესაში ქვეყნდება საინტერესო მასალები, სხვათა შორის, ისეთი, რომლებისთვისაც ჩვენც არ მიგვიკვლევია. გარდა ამისა, პრესასთან ჩვენი საგამოძიებო ჯგუფიც თანამშრომლობს და აწვდის საინტერესო ფაქტებს. კანონის თანახმად, გამოძიება ვალდებულია, პრესაში გამოქვეყნებული ყველა ასეთი ინფორმაცია ცნობად მიიღოს და შეისწავლოს, გადაამოწმოს. საგამოძიებო ჯგუფის წევრებთან შეხვედრამ და მათთან ურთიერთობის დაწყებამ იმედი ჩამისახა, რომ ისინი სწორი მიმართულებით იმუშავებენ .

ერთი სიტყვით, როგორც ადვოკატი ნინო ნიშნიანიძე აცხადებს, მათი მხარე იქნება კატეგორიული, მომთხოვნი, პრინციპული, მიზანმიმართული და კოლეგიალური. დააყენებს ყველა საჭირო შუამდგომლობას. მათ შორის, საჯაროდ, მოწმეთა მიერ პრესაში მიცემული ჩვენების საფუძველზეც.

საგამოძიებო ჯგუფთან თანამშრომლობის დაწყება და მათთვის ნდობის გამოცხადება ცხადია ნიშნავს იმასაც, რომ გურამ შარაძის ოჯახის წევრებიც მისცემენ ჩვენებებს.

ოჯახი მაშინ აცხადებდა უარს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე, როცა მე, მათ ადვოკატს, იგნორირებას მიკეთებდნენ. დღეიდან ისინი ჩვენი, ჩემი და ნუგზარ ბირკაიას, კონსულტაციებითა და თანდასწრებით მისცემენ გამოძიებას ჩვენებებს.

რუსუდან შარაძე: ნდობა გამოძიების მიმართ გამიჩნდა, რადგან მათ მანახეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფირი. მკვლელი, ფაქტობრივად, ვნახე. მე უკვე ვიცი, როგორია იგი. ჯერ კიდევ ცოცხალი გურამისგან ათიოდე ნაბიჯის მოშორებით მოძრაობს მისივე მიმართულებით. ორი რაკურსით არის გადაღებული - ერთზე მხოლოდ ის ჩანს, რომ უკან მიჰყვება. მეორეზე უკვე კარგად ჩანს, როგორ დაეწევა, ესვრის, წააქცევს, წაქცეულს დაადგება თავზე, ჯერ ერთხელ დაახლის, მერე - ძალიან მცირე პაუზის შემდეგ ისევ დაახლის. ფირი ძალიან უხარისხოა, მაგრამ ის მთავარს ამტკიცებს, იმას, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ქუჩა-ქუჩა ვეძებდით და ვამტკიცებდით მე და ჩემი ადვოკატები, რომ მკვლელი არ არის დაკავებული. დაკავებული არის უდანაშაულო ადამიანი, გიორგი ბარათელი. ფირი მთავრდება მეორე საკონტროლო გასროლის შემდეგ. აქედან, როგორც აგვიხსნეს, ტექნიკური ხარვეზის გამო, ვეღარ გააგრძელა ვიდეოთვალმა გადაღება. სიმართლე რომ გითხრათ, ეს ჩემთვის ცოტა უცნაურია. მაგრამ მიხარია, რომ უფრო მთავარი ფირზე შენარჩუნებულია.

კიდევ ერთს მინდა გავუსვა ხაზი - მამას გარდაცვალების შემდეგ მთავარი, რაც მოვიძიე, იყო ის, რომ თავად ეს საზოგადოება არ შეეგუება სიცრუეს. ამას წინათ წიგნის მაღაზია საუნჯედან გამოვდიოდი. ვიღაც მამაკაცი წამომეწია. ხელი მომკიდა და მთხოვა ერთი წუთით გავჩერებულიყავი. ვერ ვიცანი. მითხრა, ბარათელის ყოფილი ადვოკატი - ჯუმბერ მილორავა ვარო. ძალიან ვწუხვარ ყველაფრის გამო და, ალბათ, ისიც იცით, რომ ბარათელს აღარ ვიცავო. მე მხოლოდ ის ვუპასუხე, რომ ბარათელი დამნაშავედ არ მიმაჩნდა. მილორავას არაფერი უპასუხია. თანხმობისა და თანაგრძნობის ნიშნად მხოლოდ თავდახრილი იდგა და ბოდიშს მიხდიდა.

რუსუდან შარაძე ფიქრობს, რომ ბრძოლას აზრი აქვს და გამოძიებაც შესაძლოა, დაინტერესებული იყოს სიმართლის გარკვევით. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი (ოჯახის წევრები) ამ ფირს ვერასდროს ნახავდნენ.

თუ უკან წაიღებს გამოძიება ამ ფირს და მასზე აღბეჭდილ სინამდვილეს, მით უარესი მათთვის. უკვე დამტკიცდება, რომ გამოძიება დაინტერესებულია მკვლელობის გადაბრალებით უდანაშაულო ადამიანისთვის. თუმცა უკვე ნაკლებად ვვარაუდობ ასეთ რამეს. სხვათა შორის, პირადად საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ზაალ გურგენიძემ, ჩვენი პირველი შეხვედრისთანავე საკმაოდ დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ახლაც, ვიდეოფირის ნახვის დღეს, იგივე შჭთაბეჭდილება შემექმნა. ზაალ გურგენიძემ თქვა ხმამაღლა, ჩვენთან ერთად, ჩვენსავით აღშფოთებულმა - სრულიად გარკვევით: დიახ, ეს არ არის ბარათელი. ბატონ ბოხუას, მის მოადგილეს, არაფერი უთქვამს. არ ვიცი, რატომ. შეიძლება, მას საერთოდ არ ჰყავს ნანახი ბარათელი. გურამ გურგენიძემ ეს თქვა სრული პასუხისმგებლობით. მას არაერთხელ ჰყავს ნანახი ბარათელი, რადგან გამოძიებას ხელმძღვანელობს საქმის აღძვრის დღიდან, ბარათელის დაკავების დღიდან.

რუსუდან შარაძემ განაცხადა, რომ მათი ოჯახის ყველა წევრი აცხადებს მზადყოფნას გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის:

ცხადია გიორგიც, ჩემი ძმა, რომელიც, როგორც თითოეული ჩვენგანი, ძალზე მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. მაგრამ მამას გვერდით ხომ ის იყო ბოლოს! ის მზად არის, გამოძიებას გადასცეს თავის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია.

- რას ეტყვის გიორგი შარაძე გამოძიებას?

როგორც რუსუდან შარაძე აცხადებს, ალბათ, იმას, რომ ის, მართლაც, ძალზე ახლო იცნობს გიორგი ბარათელს, რომ ის, კოკა ყანდიაშვილთან ერთად, დაეხმარა მას სასჯელაღსრულებითი კოლონიიდან გამოსვლის შემდეგ სტუდია აუდიენციაში დასაქმებაში, რომ ხშირად ეხმარებოდა მას შემდეგაც, რომ ცუდი არასდროს არაფერი გაუკეთებია მისთვის.

- როგორც ჩემთვის არის ცნობილი გიორგი შარაძეს შემჩნეული ჰქონდა მამის მკვლელობის წინა დღეებში საეჭვო გარემოებები: თვალთვალი ოჯახის მისამართით, საეჭვო სატელეფონო ზარები...

- თვალთვალი ახლაც გრძელდება. არაერთხელ შემინიშნავს ადამიანი, რომელიც შორიახლო მომყვება ან საიდანღაც მადევნებს თვალ-ყურს. გიორგის მამას მკვლელობამდე, მართლაც, ჰქონდა შენიშნული ასეთი შემთხვევები. არ ვიცი, მამასთან ჰქონია თუ არა ამაზე საუბარი. ჩვენი ოჯახი ლაშას მკვლელობის შემდეგ თითქოს იმ აზრს შეეგუა, რომ გურამ შარაძე საყვარელი ადამიანების სიკვდილით უნდა გაემწარებინათ. როგორც ეს ლაშას მოკვლით გააკეთეს. ჩვენ მართლა ყველაზე ნაკლებად მოველოდით, რომ გურამ შარაძის მისამართით ნასროლი ტყვია პირადად გურამ შარაძეს მოხვდებოდა.



(c) გაზეთი " ახალი 7 დღე "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი




2007 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com