"ახალი 7 დღე "
# 27
13-20 ივლისი, 2007 წელი

რუსეთი აფხაზეთში: ოლიმპიური პრინციპი: მთავარია მონაწილეობა, ტერორისტული პრინციპი: მთავარია კვალის დროულად წაშლა

ნინო მუსერიძე

აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების პრემიერმინისტრს, ალექსანდრე ანქვაბს, უკვე მეოთხედ დაესხნენ თავს. ერთი შეხედვით, ტერაქტი ადგილობრივ კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის ბრძოლის შედეგია, მაგრამ ამ ბრძოლასაც პოლიტიკური კონტექსტი აქვს - დაპირისპირება ხაჯიმბასა და ბაღაფშის დაჯგუფებებს შორის ეკონომიკური სადავეების ხელში ჩაგდებისა და შენარჩუნების მიზნით ხდება. ანქვაბი აფხაზეთის პოლიტიკის რეალურად გამტარებელი ფიგურაა და პროაფხაზური ძალების ლიდერიც. ბაღაფში კი ანქვაბის ქმნილებაა...

გაზეთ კომერსანტის ვერსიით, აფხაზეთში მოსკოვის მთავრობა სერიოზულ ინვესტიციებს დებს. დე-ფაქტო პრეზიდენტმა ბაღაფშმა და მოსკოვის მერმა ლუჟკოვმა უკვე მოაწერეს ხელი შესაბამის ხელშეკრულებას. ანქვაბზე განხორციელებული ტერაქტი სწორედ ამ დოკუმენტს უკავშირდება, რადგან ანქვაბი რუსული ინვესტიციების გარანტია და მისი მოშორებით ვიღაცას ამ თანხის სხვა ბიზნესისთვის გამოყენება სურდა.

ქართველი ექსპერტები კი, ძირითადად, რუსული სპეცსამსახურების ხელწერაზე საუბრობენ. თავად დე-ფაქტო პრეზიდენტი მომხდარში ქართულ კვალს ეძებს. ოფიციალური თბილისი მიიჩნევს, რომ ეს საქმე მისი გასარჩევი არ არის და სანამ აფხაზეთში კონფლიქტი მოუგვარებელია, კრიმინალიც მაღალ დონეზე იარსებებს.

რაც შეეხება ტერაქტის განხორციელების პრაქტიკულ მხარეს, ტერორისტს ნაღმტყორცნიდან სროლის საკმაოდ კარგი გამოცდილება ჰქონდა: მანქანას მაშინ ესროლეს, როდესაც ის 10 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა. ისროლეს ხიდიდან, რომელიც გუდაუთაში მდებარეობს და საიდანაც საავტომობილო ტრასა კარგად კონტროლდება. ანქვაბი გუდაუთიდან სოხუმისკენ მიემგზავრებოდა. პრემიერმინისტრი, როგორც აფხაზური მხარე იუწყება, მსუბუქად დაიჭრა და საავადმყოფოდან იმავე დღეს გამოწერეს. დაშავდა მანქანის მძღოლიც. დე-ფაქტო პრეზიდენტმა მომხდარის გამო მოსკოვში ვიზიტი შეწყვიტა და ნახევარი მილიონი რუბლი ჯილდოდ დააწესა მისთვის, ვინც ტერაქტთან დაკავშირებით რამე ინფორმაციას გასცემს.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე, მიიჩნევს, რომ ტერაქტში ცალსახად რუსულ კვალზე საუბარი არ შეიძლება, რადგან ასე რომ იყოს, ეს ამბავი დიდი ხნის მოთავებული იქნებოდა. მართალია, ხაჯიმბა რუსეთის კაცია, მაგრამ ბაღაფშმაც მოახერხა რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება. მამუკა არეშიძე ტერაქტის მიზეზს უფრო უღრმავდება და შორს მიდის...

ახალი 7 დღე ესაუბრება მამუკა არეშიძეს.

- რა კონკრეტულ ინფორმაციას ფლობთ გუდაუთაში ალექსანდრე ანქვაბზე განხორციელებულ ტერაქტთან დაკავშირებით და რა კვალზე შეიძლება საუბარი? ისაუბრეთ თავად ანქვაბის შესახებ - რა ფიგურაა იგი აფხაზურ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში?

- თავის დროზე, კომუნისტურ პარტიაში მოღვაწეობის დროს, ანქვაბი სოხუმში საკმაოდ წარმატებული და გამორჩეული ფიგურა იყო. ის სოხუმიდან თბილისში შევარდნაძემ გადმოიყვანა და ამოირჩია, როგორც ნაციონალური კადრი. შევარდნაძის მიერ თბილისში ცენტრალურ კომიტეტში მისი გადმოყვანა და მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა განპირობებული იყო იმით, რომ ანქვაბი ცნობილი იყო თავისი მკაცრი დისციპლინით. ის შინაგან საქმეთა სამინისტროს შტაბის უფროსიც იყო. თუმცა შევარდნაძეს ასეთივე განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ბაღაფშის მიმართაც, რომელიც მაშინ ოჩამჩირის რაიკომის პირველი მდივანი იყო. ანქვაბისგან განსხვავებით, ბაღაფში ტოლერანტობითა და გახსნილობით გამოირჩეოდა, არ უჭირდა ადამიანებთან ურთიერთობა, საერთო ენის გამონახვა.

- მაგრამ, გამოდის, რომ აფხაზეთის საოლქო კომიტეტში იერარქიულ კიბეზე ასვლა ბაღაფშს მაინც გაუჭირდა და ის, ფაქტობრივად, იმ პერიოდში წინ აღარ წაწეულა. შევარდნაძემ მაინც ანქვაბი აირჩია. რატომ?

- ვფიქრობ, ამის მიზეზი ბაღაფშის ახალგაზრდობაც იყო და ისიც, რომ ასაკოვანი პარტნომენკლატურის კლანი სერიოზულად მუშაობდა ბორის ადლეიბას მეთაურობით. ადლეიბას ახალგაზრდების ინიციატივები ხელს მაინცდამაინც არ აძლევდა. 80-იანი წლების დასაწყისში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ის ხალხი, რომელიც აფხაზეთში ბოლშევიკური მოძრაობის სათავეებთან იდგა. მოკლედ, შევარდნაძემ ანქვაბი გამოარჩია და თბილისში გადმოიყვანა. პირადად ვიცნობ ანქვაბის რეფერენტებს, რომლებიც მასთან თბილისში მოღვაწეობის უკანასკნელ პერიოდში მუშაობდნენ. მათ გასაოცარი შიში და რიდი ჰქონდათ ამ კაცისა და მიიჩნევდნენ, რომ ის ძალიან დისციპლინინირებული და მოწესრიგებული ადამიანი იყო, რომელსაც სიტუაციის მართვა რეალურად შეეძლო. თავის აფხაზობას ანქვაბი არასოდეს კარგავდა და რაღაც გარკვეული სიტუაციის გამო გაქართველება არც უცდია. შესაძლოა, ჩემი ნათქვამი ვიღაცას არ მოეწონოს, მაგრამ, მიმაჩნია, რომ ეს თვისება დასაფასებელია. ანქვაბის სამეტყველო და სამუშაო ენა რუსული იყო. ქართულიც იცოდა, მაგრამ ქართულს არასოდეს იყენებდა. თუმცა ქართული ბაღაფშმა უკეთ იცის.

- 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც თბილისში სიტუაცია შეიცვალა, როგორ განვითარდა მოვლენები ანქვაბისთვის, როგორც პოლიტიკური ფიგურისთვის?

- ანქვაბმა თბილისი დატოვა. პრესტიჟულ უბანში, ვაკეში, ცხოვრობდა. ოთხოთახიანი ბინა ქართველ მეგობარს ჩააბარა და ისიც კარგად ინახავდა. უკანასკნელი ოთხი წელიწადია, არ ვიცი, გაიყიდა თუ არა ის ბინა. ანქვაბმა აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ლომინაძე შეცვალა. ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც ხელისუფლების ლეგიტიმურობა-არლეგიტიმურობის საკითხი ზღვარზე იდგა. შემდეგ ანქვაბს სერიოზული უთანხმოება მოუვიდა არძინბასთან და მან აფხაზეთიდან მოსკოვში გადაინაცვლა, სადაც ბიზნესმენი გახდა. რუსეთის მოქალაქეობაც მიიღო.

- რა გახდა არძინბასა და ანქვაბს შორის უთანხმოების მიზეზი? კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ვერ თანხმდებოდნენ თუ უფრო ფართო და ზოგადი სახის დაპირისპირება არსებობდა?

- უთანხმოების თემა კონფლიქტის ესკალაცია გახდა. არძინბა კონფლიქტის საომარ მდგომარეობაში გადასვლას უწყობდა ხელს, ანქვაბი კი, პირიქით, მიიჩნევდა, რომ ომი დამანგრეველი იქნებოდა აფხაზეთისთვის. მან იცოდა, რომ არძინბა თბილისიდან სოხუმზე დარტყმის პროვოცირებას ცდილობდა. შემდეგ, როდესაც არძინბა დაუძლურდა და აფხაზეთში ახალი პრეზიდენტის არჩევის შესაძლებლობა გაჩნდა, ანქვაბმა პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი თავის წამოყენება სცადა, მაგრამ ზუსტად იმ პერიოდში ჯერგენიას მეთაურობით, სასწრაფოდ მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრა ეკრძალებოდათ იმ პირებს, რომლებსაც უკანასკნელი 10 წელიწადი აფხაზეთში არ უცხოვრიათ და არც აფხაზეთის მოქალაქეები იყვნენ. ანქვაბი იძულებული გახდა, ისეთი ფიგურა მოეძებნა, რომელიც შეძლებდა არძინბასა და მის კრეატურას, ხაჯიმბას, პოლიტიკურად დაპირისპირებოდა და მორეოდა. ასე გაჩნდა ბაღაფშის პოლიტიკური ფიგურა.

- როგორც აღნიშნეთ, ბაღაფში, როგორც პოლიტიკური ლიდერი, ანქვაბმა შექმნა. მაგრამ იმ პერიოდში ბაღაფში ჩერნომორენერგოს ხელმძღვანელი იყო და ისედაც საკმაო პოპულარობით სარგებლობდა...

- ეთნიკურ ნიუანსსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ბაღაფში ძირძველი აფხაზური გვარია, არაადიღეური. ცნობილი ფაქტია, რომ გუდაუთელ და ოჩამჩირელ აფხაზებს შორის ყოველთვის არსებობდა გარკვეულ დონეზე დაძაბულობა. ბაღაფში კი ოჩამჩირელი აფხაზია და ქართველი ცოლი ჰყავს. რა თქმა უნდა, გუდაუთელ აფხაზებსაც ჰყავთ ქართველი ცოლები, მაგრამ გამონაკლის შემთხვევაში. მოკლედ, ანქვაბი-ბაღაფშის ტანდემმა ჯერგენიასა და ხაჯიმბას დამარცხება შეძლო.

- ანქვაბი და ბაღაფში უფრო პროაფხაზურ ძალებად მიიჩნევიან, ვიდრე ხაჯიმბა, რომელსაც რუსეთის პოლიტიკის აშკარა ხელწერა აქვს. განხორციელებული ტერაქტის კვალი საით მიდის?

- ანქვაბი პროაფხაზური ლიდერია, მაგრამ უკომპრომისოა როგორც ქართველების, ისე თავად აფხაზების მიმართაც. იმის გამო, რომ მასაც და ბაღაფშსაც ხშირად უკიჟინებენ პროქართულ ორიენტაციას, ისინი ცდილობენ, უფრო მეტად აფხაზები იყვნენ. სწორედ ამის გამოა, რომ, ანქვაბის ბოლოდროინდელი განცხადების თანახმად, მასზე განხორციელებულ თავდასხმაში ქართულ კვალზე მიუთითებს.

- კრიმინალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, აფხაზეთმა პოლიტიკური ლიდერის შეცვლის შედეგად რამდენად მტკივნეულად გადაიტანა ერთი კლანის ჩანაცვლება მეორე კლანით?

- მიმაჩნია, რომ, ვინც დღეს არის სოხუმის ხელისუფლებაში, მათი პირობითად კლანად მოხსენიება არასწორია. ეს უფრო ჯგუფია, რომელსაც აქვს გარკვეული ეკონომიკური ინტერესები. ეს ჯგუფი, ბუნებრივია, ცდილობს, რომ არძინბას კლანს ხელიდან გამოჰგლიჯოს ყველაფერი. არძინბას კლანში ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც არძინბას დასუსტების შემდეგაც ფლობდნენ აფხაზური ეკონომიკის ბერკეტებს და მართავდნენ მას. ესენი იყვნენ: პაშა, ზურაბ და აკა არძინბები. ისინი ძმები არ იყვნენ, მაგრამ ერთმანეთს ენათესავებოდნენ. არძინბასგან განსხვავებით, რომელიც ეშერელი იყო, ისინი გუდაუთელი არძინბები იყვნენ და ვლადისლავ არძინბას აგდებულად უყურებდნენ მისი ეშერული წარმოშობის გამო. არძინბებიდან ყველაზე პროქართული და პირველი, ვინც მიხვდა, რომ მოლაპარაკება ქართველებთან ღირდა და საჭიროც იყო, ლევან არძინბა იყო. მაგრამ, სანამ ამას მიხვდებოდა, ის ბესიკ ჯონუასთან ერთად ქართველების წინააღმდეგ მოქმედებდა. ჯონუამ რუსეთში ბანკი მენატეპი დააფუძნა. მან აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ პირველმა დაიწყო იარაღის შემოტანა. ბესიკ ჯონუასა და ლევან არძინბას ორბიტაზე კიდევ მოიაზრებოდა ცნობილი აჭარელი აფხაზი თენგიზ არშბა, რომელიც 80-იან წლებში საბჭოთა კავშირის სუკ-ის მაღალი თანამდებობის პირი იყო. მისი ძმა, ოთარ არშბა, დღესაც დუმის დეპუტატია. ძმები არშბები წარმოშობით ბათუმელები არიან. სწორედ ამ გუნდმა დაიწყო აფხაზეთში იარაღის შემოტანა და ამ მიზნით უპრეცედენტო რამ განახორციელა: ლადოგის ტბაზე სამხედრო ფლოტილია იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც საბჭოთა არმიის განიარაღება დაიწყო, ამ ჯგუფმა დიდი რაოდენობის თანხის გადახდის შედეგად ეს ფლოტილია დაშალა და მსუბუქი და ნახევრად მძიმე ცეცხლსასროლი იარაღი აფხაზეთში 1993 წლის დასაწყისში შემოიტანა. მაგრამ შემდეგ ლევან არძინბამ საკუთარი დამოკიდებულება შეცვალა. მას მეუღლე თბილისელი ქართველი ჰყავს. შესაძლოა, ამანაც განაპირობა მისი დამოკიდებულების შეცვლა და იმანაც, რომ კარგად გაერკვა ვითარებაში, მიხვდა, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა იმ ფორმით, როგორითაც მათ წარმოედგინათ, არ შედგებოდა. თანაც, პრაქტიკულად, რუსეთი აფხაზეთს ყლაპავდა. ლევან არძინბამ 1998 წელს მოსკოვში ზურაბ ჟვანიასა და აფხაზი ბიზნესმენების შეხვედრა მოაწყო. შემდეგ 2000 წლის ივნისში სიტუაციის გასაცნობად გუდაუთაში თბილისიდან რამდენიმე ადამიანი დაპატიჟა, მათ შორის, მეც. ეს შეხვედრა ძალიან მაღალ დონეზე წარიმართა, თუმცა არაოფიციალური ვიზიტი იყო. პირადად ჩემთვის იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ორი ღამე გაგრაში გავათიე...

- ამის შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები, როგორ განხორციელდა ძალთა ბალანსის გადანაწილება აფხაზეთის ხელისუფლებაში? უფრო სწორად, როგორი იყო კონკურენტების ჩამოშორების მექანიზმი გავლენის მქონე ჯგუფებს შორის?

- ძალთა გადანაწილება ნამდვილად დაიწყო. ხაჯიმბამ დაინახა, რომ, ერთი მხრივ, ვერ ერეოდა არძინბებს, მეორე მხრივ - ბაღაფშს. ამიტომ კონკურენტების მოცილება დაიწყო პირდაპირი გაგებით: ჯერ მოსკოვში მოკლეს აკა არძინბა, შემდეგ გუდაუთაში - ლევან არძინბა; შარშან მოსკოვში კი - ბესიკ ჯონუა. დღეს ბაღაფშის ჯგუფს მიადგა. ხაჯიმბას ჯგუფმა იცის, რომ, თუ ანქვაბი თავიდან არ მოიცილა, მაშინ ბაღაფშს ვერაფერს დააკლებს, რადგან ანქვაბი მთავარი ლიდერია. თბილისში, ზოგიერთი ექსპერტის მტკიცებით, ტერაქტს რუსული კვალი ამჩნევია, მაგრამ ასე ცალსახად არ არის მდგომარეობა. ასე რომ იყოს, საქმე დიდი ხნის მოთავებული იქნებოდა. ბაღაფშმაც მოახერხა რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება. თავდაპირველად რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას სოხუმში ბაღაფში არ სჭირდებოდა, მაგრამ შემდეგ შეურიგდა ბედს და სიტუაცია დაალაგა. მაგრამ ხაჯიმბა მაინც თავისას ცდილობს. ერთი რამ არის მნიშვნელოვანი, რაზეც დღეს არავინ საუბრობს: ზუსტად ვიცი, რომ 2003 წლის ზაფხულში პუტინმა დაიბარა ლუკოილის ხელმძღვანელი ვაგიკ ალპეროვი და მას ხაჯიმბა შეახვედრა. პუტინმა მათ პირდაპირი მითითება მისცა, რომ ოჩამჩირეში უზარმაზარი რაოდენობის ნავთობია და სასურველი იქნებოდა მათი ამ საქმით დაკავება. ლუკოილის ხელმძღვანელს, როგორც ბიზნესმენს, დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ სიტუაციიდან გამომძვრალიყო, რადგან მან გათვალა, რომ აფხაზეთი არაკონტროლირებადი და არასამართლებრივი ტერიტორიაა და იქ ჩაყრილი ფული, შეიძლება, გადაყრილი ყოფილიყო. ეს პროცესი შეჩერდა, მაგრამ ხაჯიმბა არ ისვენებს და ეკონომიკური სადავეების ხელში ჩაგდება სურს. ამიტომაც ცდილობს ანქვაბის მოცილებას. ტერაქტის მოწყობაში რუსული მხარის გამორიცხვა იმითაც არის განპირობებული, რომ რუსეთს ხელს არ უნდა აძლევდეს ოლიმპიური სოჭის სიახლოვეს ტერაქტების სერია. ანქვაბზე თავდასხმამ უკვე პოვა უარყოფითი გამოხმაურება აზიურ პრესაში. ერთ-ერთი გავლენიანი კორეული გაზეთის სტატიის სათაური ასე ჟღერს - ოლიმპიურ სოფელში პრემიერმინისტრს კლავენ. შესაძლოა, ეს ცოტა გაზვიადებული იყოს, მაგრამ ოლიმპიადის ჩატარებისთვის ისეთი ზონის არჩევა, რომლის სიახლოვეს ტერაქტები ხორციელდება, რუსეთისთვის სახარბიელოდ არ გამოიყურება. ყველაფრის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ ხაჯიმბას არაფერი გააჩერებს და ის ამ პროცესს გააგრძელებს. მის გუნდში ისეთი ადამიანებიც არიან, რომლებმაც იარაღის ტარების მეტი არაფერი იციან. ისინი არძინბას მმართველობის დროს იქაურობის ბატონ-პატრონებად თვლიდნენ თავს. დღეს მათ ხელ-ფეხი აქვთ შეკრული და კონტრაბანდული საქონლით (იარაღით, ხე-ტყით, ნარკოტიკებითა და საწვავით) ვეღარ ვაჭრობენ.

- რამდენად რეალურად მიგაჩნიათ, რომ ოლიმპიადის ჩატარებისთვის რუსეთმა აფხაზური ინფრასტრუქტურაც აითვისოს?! როგორ წარმოგიდგენიათ რუსული ფულის ლეგიტიმურად ჩადება არარუსულ მიწაზე?

- აბსოლუტურად რეალურია, რომ რუსეთმა ფული ჩადოს აფხაზეთში. სოჭის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მონახაზი რვა თვის წინ წარადგინეს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში. ამ მონახაზის ავტორები არიან კრასნოდარის მხარის გუბერნატორი, პროაფხაზური განწყობით ცნობილი ტკაჩოვი და რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ტიაგაჩოვი. მათ დოკუმნეტში სათადარიგო აეროპორტებად ბომბორასა და სოხუმის აეროპორტები დაასახელეს. ცნობილია, რომ ნებისმიერი ოლიმპიადის ჩატარების პირობებში სათადარიგო აეროპორტები აუცილებელია. მაგრამ ჟენევაში საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში ლამის თავზე დაახიეს ჩატანილი დოკუმენტი. ამ ფაქტის გამო მოსკოვის პოლიტიკური ხელმძღვანელობაც გაღიზიანდა, მაგრამ უფრო იმიტომ, რომ დოკუმენტის ავტორებმა მოვლენებს წინ გაუსწრეს: ჯერ არ იყო გადაწყვეტილი სოჭში ოლიმპიადის გამართვა. დარწმუნებული ვარ, რუსეთი რაღაც ნაბიჯებს გადადგამს იმისთვის, რომ აფხაზეთში ფეხი შეყოს. დღესაც იმ დოკუმენტში საჰაერო სივრცე ისეა შემოხაზული, რომ ხუთი კილომეტრი საქართველოს საჰაერო სივრცეა აღებული: მძიმე თვითმფრინავებისთვის დასაჯდომად სოჭის აეროპორტი მთების მხრიდან მოუხერხებელია, ამიტომ ზღვიდან შემოსვლა არის საჭირო. გამორიცხული არ არის, რომ ტურისტების ნაწილი გაგრაში აღმოჩნდეს, რადგან გაგრიდან ადლერამდე ძალიან მცირე მანძილია. ერთი სიტყვით, მოსკოვი აფხაზეთს რაღაც ფორმით, სათადარიგო საბაბით, მაინც გამოიყენებს. თამაშების გამართვამდე კი ოლიმპიადისთვის საჭიროა უამრავი სამშენებლო მასალა და ცოცხალი მუშახელი. აფხაზეთის ხე-ტყისა და შავი მარმარილოს ათვისება არ უნდა გამოვრიცხოთ.

- უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ყურადღება კონცენტრირებულია ცხინვალის პრობლემაზე, ხოლო აფხაზეთმა უკანა პლანზე გადაინაცვლა. იმ დროს, როდესაც ცხინვალზე ხდებოდა საზოგადოების ყურადღების კონცენტრაცია, რა პროცესებს ჰქონდა ადგილი აფხაზეთში?

- აფხაზეთი ყოველთვის უგულებელყოფილი იყო. უკანასკნელ პერიოდში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი არაფერი ხდებოდა. ეს კუთხე ღვთის ანაბარაა მიტოვებული. აფხაზეთის პრობლემას გალელი სტუდენტების გათავისუფლება-არგათავისუფლების დონეზე ვუყურებთ. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით უმოქმედობას ტაქტიკური თვალსაზრისით გამართლება ჰქონდეს: პაუზა უნდა გაკეთებულიყო. მაგალითად, აფხაზებს უნდა დაენახათ, რომ კოდორის მოვლენების შემდეგ მათ არ ვერჩით. ცნობილია, რომ კოდორის მოვლენებმა აფხაზეთის მოსახლეობა ძალიან შეაშფოთა. ცხინვალის მიმართულებით ყურადღების გააქტიურებას კი თავისი ლოგიკა აქვს - იქ სანაკოევის ფიგურა გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მას მარიონეტულს უწოდებენ, მიმაჩნია, რომ ასეთი ფიგურის არსებობა სოციალური შეკვეთა იყო.

- შეიძლება თუ არა აფხაზეთში პროქართულ ძალებზე საუბარი და იმ განწყობაზე, რომელმაც, შესაძლოა, აფხაზი სანაკოევი შვას? რამდენად შესაძლებელია ასეთი მოდელის განვითარება აფხაზეთში?

- გამორიცხულია, რადგან აფხაზეთსა და ცხინვალში მოვლენებისადმი დამოკიდებულებაც განსხვავებულია. აფხაზეთში მეტი სისხლი დაიღვარა. ცხინვალში ისეთი მთავრობაა, რომელიც, შეიძლება, ვერ იტანს ქართველებს, მაგრამ იძულებულია, ურთიერთობა ეკონომიკურ დონეზე მაინც შეინარჩუნოს. აფხაზეთში არ სჭირდებათ ასეთი ურთიერთობები, რადგან მათ უმდიდრესი სოჭის რაიონი ესაზღვრებათ. ცხინვალს კი - გაძვალტყავებული მეზობელი ჩრდილოეთ ოსეთის სახით. ნატოში საქართველოს გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებითაც განსხვავებული მიდგომა არსებობს: ცხინვალში მიაჩნიათ, რომ თბილისთან მოლაპარაკება იქამდე ჯობია, ვიდრე ნატოში შევალთ და გავძლიერდებით. აფხაზეთში კი ფიქრობენ, რომ საქართველოს ნატოში შესვლის შემდეგ უნდა მოილაპარაკონ მხარეებმა, რადგან აფხაზები გარანტირებულნი იქნებიან თავდასხმისგან.

- როგორც ცნობილია, აფხაზეთი სრული დამოუკიდებლობის მომხრეა, ხოლო ცხინვალი რუსეთთან გაერთიანების სურვილით ხელმძღვანელობს...

- საქმეც ესაა, აფხაზები ამაყი და ამბიციური (კარგი და ცუდი გაგებით) ხალხია. მათთვის დამოუკიდებლობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს და რუსეთთან ურთიერთობასაც. გრძნობენ, რომ მცირერიცხოვნების გამო რუსულ ზღვაში ითქვიფებიან. თუმცა ჩვენთან საუბრისას ხმამაღლა ამბობენ, გვირჩევნია, ზღვაში დავიხრჩოთ, ვიდრე გუბეშიო, მაგრამ ასე არ ფიქრობენ. რუსეთის მიმართაც შინაგანი ანტაგონიზმია რუსეთის მოუხეშავი, თავხედური პოლიტიკის გამო მცირე ერების მიმართ. აფხაზები ადიღეელებსაც ზემოდან უცქერიან, რადგან მიაჩნიათ, რომ სოხუმი კონფედერაციისა და კავკასიის მთიანეთის დედაქალაქია. აქედან გამომდინარე, გამოსავალს ვერ პოულობენ. რა თქმა უნდა, ხშირად ქართული მხარეა დამნაშავე, რადგან ჩვენ ან არ ვიცით, ან არ გვინდა გავიგოთ, რა უნდათ აფხაზებს და ამიტომაც ქართული მხარე კონტრღონისძიებებს არ ატარებს. ძირითადად, ჩვენ საერთაშორისო ფორმატით შემოვიფარგლებით, რაღაც ბწკენებით, მაგრამ ურთიერთობის განვითარების დოქტრინა ან კონცეფცია, რომელიც აფხაზი ხალხის სურვილს ითვალისწინებს, არ გვაქვს. აფხაზი ხალხის უპირველესი სურვილი საკუთარი თავის გადარჩენა და რეგიონში დომინანტად ყოფნაა.

- როგორია ადგილობრივი პრესის განწყობა? რამდენად უწყობენ ხელს მედიასაშუალებები დიალოგს თბილისსა და სოხუმს შორის? და თუ არსებობს განსხვავება თბილისთან დამოკიდებულებაში ცხინვალისა და სოხუმის მასმედიებს შორის?

- აბსოლუტურად უარყოფითი დამოკიდებულებაა. არასამთავრობო დონეზე რაღაც ძვრები არის, მაგრამ პრესა გადაკეტილია და საზოგადოებისთვის ქართული პოზიციის მიწოდება არ ხდება. მე შევიტყვე, რომ რუსეთის ერთ-ერთმა დიდმა და გავლენიანმა ტელეკომპანიამ (შეგნებულად არ ვასახელებ) სამი დღის წინ საკუთარ თანამშრომლებს საქართველოში გამოუგზავნა ცირკულარი, რომელშიც პირდაპირ აცხადებენ საყვედურს, რომ ისინი დაღალა ირინა გაგლოევამ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტელეკომპანია პრორუსულ კამპანიას ატარებს, ისინი გაგლოევას მიერ მიწოდებულ ინფორმაციებზე უარს აცხადებენ, რადგან აღარ ენდობიან. ცირკულარში პირდაპირ წერია, რომ გაგლოევა ტყუის. საქმე ის არის, რომ გაგლოევას მიერ მიწოდებული ინფორმაციის გამო ტელეკომპანია უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა - გაგლოევამ გადასცა, ქართული ჯარები მოგვადგნენ და ჯავიდან 70 კილომეტრში არიანო. ეს ტყუილიც არის და სიმართლეც: ჯავიდან 70 კილომეტრში ერგნეთია, სადაც ისედაც დგას ქართული შენაერთი. ამიტომ მოსკოვიდან რუსეთის ტელეკომპანიის აქაურმა თანამშრომლებმა მკაცრი მითითება მიიღეს, რომ, თუ მართლა არ მოხდა სერიოზული რამ, გაგლოევას სახელი და გვარი აღარ გავიგონოთო. იმავეს აკეთებს აფხაზური მასმედია. არასამთავრობოები მეტ-ნაკლებად უწყობენ ხელს სახალხო დიპლომატიას, მაგრამ მათი ყველა ნაბიჯი იქაურ უშიშროებასთან თანხმდება. ეს კი ძალიან დამღლელი პროცესია და თუ ენთუზიასტი არ ხარ, ამას ვერ გააკეთებ.



(c) გაზეთი " ახალი 7 დღე "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი




2007 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com