|
|
"ახალი 7 დღე "
ეთერ ჭკადუა - ხელოვანი ქალი ქალის შესახებ: ჩემი პერსონაჟი არის უცხოელი გოგონა, სახასიათო ეთნიკური სახით, ფსიქოლოგიურად - კონფლიქტური ია მერკვილაძე ნიუ იორკი - კინგსტონი, აშშ
მხატვრებს კუნძულები ყოველთვის უყვარდათ. არც მთლად უკაცრიელი, რომ ტანჯულ რობინზონად თავი არ ეგრძნოთ. მიწის ეს ეგზოტიკური ნაწილი დიდი ცივილიზაციისგან საკმაოდ დაშორებული და ხელშეუხებელი უნდა ყოფილიყო. გალეარის, პოლინეზიის, მარკიზის კუნძულები, ვალაამე, კარპი, მარტინიკა და, რასაკვირველია, პოლ გოგენის ტაიტი. გეოგრაფია მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიხსენიებს კუნძულს კუნძულად, თუ მას ოთხივე მხრიდან წყალი შემორკალავს. თუ მხოლოდ სამი მხრიდან აკრავს წყალი, მაშინ კუნძული კი არა, ნახევარკუნძულია. ნამდვილ დიდ და პატარა, უცნობ-ნაცნობ კუნძულებს ვინ მოთვლის... პოეტ-კუნძულებს, მხატვარ-კუნძულებს, ადამიან-კუნძულებს, იდეა-კუნძულებს... ჰოდა, ასეთები თუ ჩნდებიან, ისინი თავიანთ სეხნიებს მოიძიბენ და მათკენ მიუწევთ სული და გული. იამაიკაც ასეთი კუნძულია. კაშკაშა მზიანი, ზღვის სურნელით და ლომის ქოჩრიანი ბობ მარლეის რეგეით მარილმოყრილი. პოლ გოგენს სარბიელად ტაიტის ნაცვლად იამაიკა რომ არ აერჩია, ალბათ, სწორედ იქ დაწერდა თავის ნოა-ნოას. საუკუნეების წინათ კოლუმბმა ახლად აღმოჩენილ კუნძულს ფერდინანდისა და იზაბელას სახელი უწოდა. ახლა კი მას სულ სხვაგვარად ჰქვია. აი, ისე, რობერტინო ლორეტი რომ შემოსძახებდა ხოლმე: ჯამა-ა-ა-ა-ი-კა!!! დედაქალაქი კინგსტონია. მსოფლიოში რამდენიმე ქალაქი არსებობს ამ სახელით, მაგრამ ისეთი, როგორიც იამაიკისაა - არსად. რამდენი ქართველი ცხოვრობს კარიბის ზღვის ნებიარაზე, ადრე მეკობრეების, ახლა კი ტურისტებისთვის საოცნებო ტერიტორიაზე, არავინ იცის. ვეჭვობ, რომ იქ საერთოდ ჭაჭანებდეს ჩვენებური. მხოლოდ ერთს ვიცნობ - მხატვარ ეთერ ჭკადუას. იგი რამდენიმე თვეა, კარიბის ზღვის ბინადარია, ნიუ იორკიდან საცხოვრებლად იამაიკაზე გადავიდა, უფრო სწორად, გადაფრინდა. კუნძულია, ნახევარკუნძული კი არა. კუნძულამდე მხოლოდ მიფრენა ან მიცურვაა შესაძლებელი. არცთუ დიდი ხნის წინათ ეთერ ჭკადუა ვენეციის ბიენალედან დაბრუნდა. ორი ქართველი მხატვრის ინსტალაციების გვერდით ამერიკის მოქალაქე ეთერ ჭკადუას ქალებიც გამოიფინა. ეთერმა თავისი ნახატები დედის, გულიკო კვარაცხელიას, ხსოვნას მიუძღვნა. ვენეციის 52-ე საერთაშორისო გამოფენას, რომელზეც ქართველები პირველად წარდგნენ თავიანთი პავილიონით, ისეთივე ეკლექტური სახელწოდება ჰქონდა, როგორიც ეთერ ჭკადუას ნახატებია: იფიქრე გრძნობით და იგრძენი გონებით. ქართველ ამერიკელ მხატვარზე, რომელსაც სამშობლოში არასდროს ჰქონია გამოფენა, უცხოელი კრიტიკოსები აღმატებული ტონით საუბრობენ და მრავლისმთქმელი ეპითეტებით ამკობენ მას: მგრძნობიარე, მოთამაშე, ჰალუცინატორული რეალიზმი, ფლამანდიური სტილი, მაღალპროფესიული ნატურალიზმის კულტურა, პოეზიისა და ვნების სისადავე... ვენეციაში ეთერ ჭკადუა პირველად იყო წარდეგნილი თავისი ათი ნახატით: მზითვი, დაგვიანებული სტუმარი, დემონი, ტურისტი, მოღალატე ცოლი, სალომე, მოცეკვავე, აუტსაიდერი, ტყვე, მტაცებელი. ვენეცია, რასაკვირველია, მკვეთრად განსხვავდება იამაიკისგან, მაგრამ ისიც ახლობელია, რადგან ძველ კედლებში ახალი კულტურა დააბიჯებს. ეთერ ჭკადუას ხომ კონტრასტი იზიდავს. ეთერი და მისი ძმა, ამჟამად ცნობილი დიზაინერი გოჩა ჭკადუა, ისეთ ოჯახში დაიბადნენ, რომელშიც ინგლისურზე, ცეკვასა და მუსიკაზე სიარული მხოლოდ სვეტსკი მოდა არ იყო. მშობლების პროფესია ხელოვნებას უშუალოდ არ უკავშირდებოდა, მაგრამ, როგორც იმდროინდელ ჩვეულებრივ ქართულ ინტელიგენტურ ოჯახს სჩვეოდა, ჯეროვანი განათლება და ხელოვნებისადმი სიყვარული ჭკადუებთანაც საკულტო იყო. მამა ამბაკო ჭკადუა ლინგვისტია, ამჟამად კანადაში მოღვაწეობს, დედა - გულიკო - ინჟინერი იყო. - ხატვა დედამ დაგვაწყებინა, - მიამბობს ქ-ნი ეთერი, - ხელოვნების გარდა, სპორტზე დავყავდით მშობლებს: თხილამურებზე. ინგლისურ ენას ინტენსიურად გვასწავლიდნენ. მე და გოჩა ტყუპებივით ვიზრდებოდით. სკოლაში შესვლამდე გოჩას თავი გადახოტრეს და მეც მომინდა თავხოტორობა. სკოლაში ერთ კლასში ვსწავლობდით, ერთ მერხზე ვისხედით. ხუთებზე დავამთავრეთ თბილისის პირველი საშუალო სკოლა, შემდეგ - სამხატვრო აკადემია. მერე დედა გარდაიცვალა და ამბაკო გახდა დედაც და მამაც. ძალიან ლიბერალური, გამგები, შვილებისთვის თავდადებული მამა იყო. მე კი ჩვენი ბინის კედლები დავანგრიე, შევცვალე ყველაფერი. ამით დედას საბოლოოდ გამოვემშვიდობე და ცხოვრების ახალი ეტაპი დავიწყე - დედის გარეშე... - კედლების დანგრევა საქართველოსთან გამომშვიდობებასაც დასჭირდა? - საქართველოსთან განუწყვეტილი ნოსტალგიის გრძნობა მაკავშირებს. საზღვარგარეთ ყოველთვის მეკითხებიან, საიდან ვარ. დაინტერესებულთ გულდასმით ვუყვები საქართველოს შესახებ, ქართული ენისა და ანბანის უნიკალურობის, ომების, მთების, ქეიფების, ამხანაგების შესახებ. ამ თხრობის დროს აბსტრაქტულად საქართველოში ვმოგზაურობ. ორ წელიწადში ერთხელ თბილისში ჩავდივარ, რათა ქართული ბატარეა დავტენო. - სამხატვრო აკადემიიდან ვის გაიხსენებთ? - აკადემიაში ჩაბარებამდე ხატვას თინა მაცაბერიძე, შემდეგ კი თაზო ხუციშვილი მასწავლიდა. პირველ წლებში მოდელირებას ლიდა ავალიანთან ვსწავლობდი, შემდეგ კი ფერწერის განყოფილებაზე, ჟორა ჯაშის სახელოსნოში, გადავედი. დავამთავრე მონუმენტური ფერწერა კოკა იგნატოვის სახელოსნოში. ფანქრით ხატვას განუმეორებელი პედაგოგები გვასწავლიდნენ. აკადემიაში ძალიან ბევრს ვიცინოდით, რადგანაც თანაკურსელებს, პედაგოგებს, მოდელებს - ყველას უნიკალური იუმორის გრძნობა გვქონდა. საზაფხულო პრაქტიკა ახალქალაქის სამხატვრო ბაზაზე, მართლაც რომ, დაუვიწყარი იყო. ყვლაფერი მიყვარდა, ყველაფერი მიხაროდა, დიდად არაფერი მაწუხებდა, ვიყავი ოპტიმისტი და, როგორც ახლა, მაშინაც ყველაფერს პოზიტიურად ვუყურებდი. სტუდენტობისას ნატურიდან ვხატავდი. რასაც ვხედავდი, ის გადამქონდა ტილოზე. პარალელურად, იმ დროს ხელოვნების შესახებ არსებულ ინფორმაციას ვკრებდი, ხან ევროპელი იმპრესიონისტების, ხანაც - აბსტრაქციონისტების, ხანაც სიურეალისტების გავლენის ქვეშ ვექცეოდი. 1988 წელს, დიპლომის დაცვის შემდეგ, ცოლად გავყევი ამერიკელ ქართველოლოგს, ქევინ თუითს, და აშშ-ში წამოვედი. ამერიკაში ჩამოსვლისთანავე კონცეპტუალური ხელოვნების მამები გავიცანი და მათი გავლენაც განვიცადე. ეს ჩემს ნახატებშიც იგრძნობა. ადამიანი, მისი გამომეტყველება, ყოველთვის იყო ჩემი დაკვირვების საგანი. ახლა კი გრძნობას ვხატავ. ვიზუალურად ჩემი ნახატები ფიგურატულია, ემოციურად - იმპრესიონისტული, აზრობრივად - კონცეპტუალური. როგორც თავგადასავლების მაძიებელს, მოგზაურობა ძალიან მიყვარს. წინასწარ არაფერს ვგეგმავ და იმის დიდი ინტერესი მაქვს, რა იქნება ხვალ. - იამაიკა ამიტომაც აირჩიეთ? - დიახ. დედაქალაქში დავიქირავე ბინა-სახელოსნო. გარშემო მთები და ტროპიკული მცენარეებია. მთელი წელი ზაფხულია. ადრე ნიუ იორკში ანონიმურობა მომწონდა. ჩემი აზრით, ყველამ უნდა იცხოვრობს ნიუ იორკში ათი წელიწადი მაინც და ნიუ იორკული ცხოვრების ექსპერიმენტი ჩაიტაროს. ახლა კი პატარა კუნძულზე ყოფნა მომწონს, ხალხი ერთმანეთს იცნობს. მომწონს ამ ქვეყნის კულტურა, მუსიკა, ინგლისურის იამაიკური დიალექტის, პატუას, ჟღერადობა. ხალხი ტკბილი და ღიმილიანია, მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით მეტი პრობლემა აწუხებთ, ვიდრე ამერიკელებს. - უცხო გარემოში როგორ აიდგით ფეხი? - ვფიქრობ, ამერიკას სავსებით ბუნებრივად შევეწყვე. ჩემი აზრით, ეს იმით იყო განპირობებული, რომ ახალგაზრდა, 23 წლის, ვიყავი, ლეგალური სტატუსი მქონდა და ჩემს ხელოვნებას ბევრი შემფასებელი და მნახველი ჰყვადა. მეხმარებოდა ისიც, რომ ქევინი არის ძალიან მცოდნე და გამგები პიროვნება. ჩემი ამერიკული აზროვნების სწორად წარმართვაში, ქევინთან ხანმოკლე ურთიერთობას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. ხანდახან ვფიქრობ, რომ არსად არაფერია ადვილი, ხანაც ვფიქრობ, რომ ყველაფერი ადვილია. ყველაზე მეტად მეხმარება ჩემი ინტუიცია, ნებისყოფა, თავდაჯერებულობა და ბრძნული ქართული ანდაზები. - გვიამბეთ კალიფორნიაში თქვენი მოღვაწეობის შესახებ. - ჩიკაგოში ჩემი გამოფენის გამართვის შემდეგ კალიფორნიაში, სანტა ბარბარას უნივერსიტეტში, მიმიწვიეს. ხატვას, ფერწერას ვასწავლიდი და ცოტა ხნით კიდეც მომწონდა ამგვარი ექსპერიმენტი. მერე კი ნიუ იორკის აკადემიაში ვასწავლიდი. ამას დიდი დრო მიჰქონდა და ამიტომ პედაგოგობა იმ დროისთვის გადავდე, როცა ტილის შექმნა აღარ მომინდება. მაშინ 25 წლის ვიყავი. ჩემი სტუდენტები ჩემზე უფროსები იყვნენ. პირველად ვიყავი ასეთი თავისუფალი, პირველად მქონდა ხელფასი და ფული. ჩიკაგოდან ჩამოვედი და მანქანა ვიყიდე. საღამოობით ჩემს არტისტ ამხანაგებთან ერთად ვატარებდი დროს. კარგად მახსოვს ეს საინტერესო წლები. რამდენჯერმე სოლიდური გრანტიც ავიღე. ეს თანხა მეხმარებოდა დროის იმ მონაკვეთში, როცა ნახატები არ იყიდებოდა. - რატომ წამოხვედით არტისტული სოჰოდან? - როცა 1992 წელს კალიფორნიიდან ნიუ იორკში გადავბარგდი, მის ერთ-ერთ უბანში, სოჰოში, სახელოსნო დავიქირავე. სოჰო ადრე იმით იყო ცნობილი, რომ იქ არტისტები ცხოვრობდნენ. ცნობილ გალერეათა უმეტესობაც სწორედ იქ იყო განლაგებული. იმ უბანში ხშირად შეხვდებოდით ხელოვან ხალხს, საინტერესო ტიპებს, რომლებიც სტილით ძალიან განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. მაგრამ დღეს არტისტები წავიდნენ ამ უბნიდან, რადგანაც სოჰოში ცხოვრება ძალიან გაძვირდა, სოჰო შეიცვალა, გადაიტვირთა მაღაზიებით და ძლიერ ბურჟუაზიული გახდა. - არ ვიცი, რატომ, მაგრამ თქვენმა ნახატებმა ფრიდა კალო გამახსენა... - ეს ზედაპირულად, მაგრამ, თუ კარგად დააკვირდებით, ფრიდა კალოს ვერ მიმამსგავსებთ. ალბათ, მხოლოდ შავი წარბებით. ფრიდას ნახატები ფრიდაზეა, მის ტკივილზეა. ჩემი ნახატები არ არის ჩემზე. პერსონაჟი მხოლოდ გარეგნულად მგავს, ისიც - ხანდახან. მისი შინაგანი ბუნება მრავალხმრივია, თითქოს სხვადასხვა ადამიანისგან შედგება. ჩემი ნახატები ცოტათი სასაცილოა, ფრიდასი - ტრაგიკული. ჩემს იმიჯს მსახიობივით ვიყენებ და ვცვლი კომპოზიციის მოთხოვნის მიხედვით. ფრიდას ტექნიკა უფრო იმპრესიონისტულია, ჩემი კი - კლასიკური. - ისტორიას მხატვარ მამაკაცთა სახელები მეტი ახსოვს, ვიდრე ქალთა. როგორ ფიქრობთ, რატომ? - უწინ ქალები მამაკაცებზე ფინანსურად იყვნენ დამოკიდებულნი. ამიტომაც მათი როლი საზოგადოებაში, ძირითადად, ოჯახით შემოფარგლებოდა. ქალის საქმიანობას მამაკაცი განსაზღვრავდა. ქალების ხელოვნება, ძირითადად, გამოიხატებოდა ძველ ხალიჩებში და იშვიათად - მწერლობაშიც. მაგალითად, მურაშიკუ შიკიბუ. მხატვრობაში კი მამაკაცთა სიმრავლე იმის ბრალიცაა, რომ კაცები ბოლომდე იხარჯებიან ამ საქმეში. ხელოვნებას კი სწორედ ეს სჭირდება. თანამედროვე ხელოვნებაში ბევრი ქალია და, ვფიქრობ, დღევანდელი ხელოვნების ნამდვილ მკვლევარს უნდა აინტერესებდეს, თუ რას და როგორ ხატავენ და გამოხატავენ ქალები. არასდროს მიფიქრია ქალისა და მამაკაცის ხატვის განსხვავებულ მანერაზე, მაგრამ ვიცი, რომ ეს განსხვავება არსებობს. თუმცა ორივე მშვენიერია. - პირადი ცხოვრებაც ხელოვნებით შეპყრობამ ხომ არ გადაფარა? - განქორწინების შემდეგ ოჯახი არ შემიქმნია, ამის დრო არ მაქვს. ჩემს ცხოვრებაში პირადი, ალბათ, მხოლოდ 15 პროცენტია. დანარჩენი გამოგონილია ანდა ათასგვარი ადამიანის ფსიქიკაზე დაკვირვებით არის აგებული. ჩემი აზრით, ოჯახური ცხოვრებისა და შემოქმედების თანაარსებობა შეუძლებელია. აქ რეალური კომპრომისი უნდა იყოს. მე თავისუფლება მჭირდება, ის კი მხოლოდ მარტო მყოფ ადამიანს აქვს. ვმოგზაურობ სხვადასხვა ქვეყნებში მაშინ, როცა მსურს. მუშაობას მაშინ ვამთავრებ, როცა მინდა, და დასასვენებლადაც მაშინ მივდივარ, როცა მომესურვება. არ ვიცი, სხვისთვის რა სჯობს, მაგრამ მე მარტო უფრო მეტს ვაკეთებ. უფრო მეტად ვარ კონცენტრირებული ჩემს იდეებზე. - თქვენი ნახატების გმირები თქვენ ძალიან გგვანან. ასე არ არის? - დიახ, ყველას მე მამსგავსებენ, რადგან მათ შავი თვალ-წარბი და ჩემს მიერ შექმნილი გამომეტყველება აქვთ. ყველაზე უფრო მგავს ქალი ზებრაზე. თუმცა მაინც არ მიმაჩნია, რომ ჩემი ნახატები ჩემი ავტოპორტრეტებია. ისინი, უბრალოდ, გარეგნულად მგვანან. როცა ნახატზე ვმუშაობ, ყველაფერს დედასა და მამას ვუძღვნი. დედა ვერ მოესწრო ჩემი ნაუშევრების ნახვას. მამა კი მთელი ცხოვრება თავისი უსაზღვროდ გამგები ბუნებით მეხმარება. - ახლა როგორ ქალს ხატავთ? - ახლა ვმუშაობ ნახატზე, რომელზედაც ქალს ხელში დიდი შემწვარი გოჭი უჭირავს, დაბნეულია და არ იცის, სად წაიღოს... დღეს ჩემს ნახატებში მაინტერესებს სულიერი კონფლიქტი, განცდები, იმპულსები. უწინ მხატვრები მშვიდ და სადა ქალებს ხატავდნენ, მაგრამ ეს მდგომარეობა ხომ მხოლოდ გარეგნული ნიღაბია. - რამდენად მნიშვნელოვანია მხატვრის თვალისათვის უცხო ქვეყანაში ყოფნის გამოცდილება? - განსხვავებები კულტურათა შორის ძალიან საინტერესოა და მე მათ კარგი მკვლევარივით ვსწავლობ. ინტერესი კულტურულ შოკს გამორიცხავს. მახსოვს, პირველად ძალიან გამიკვირდა, როგორი სერიოზულობით საუბრობდნენ ამერიკელები რელიგიის შესახებ, - მე ხომ ათეისტურ ოჯახსა და საზოგადოებაში გავიზარდე... ეს რელიგიური ეპიზოდები ისე მომწონდა, როგორც წარსულის გადმონაშთები. ჩემთვის პოლიტკორექტულობაც ახალი და ყურადსაღები იყო. თუმცა ამას ხანდახან ცინიკურადაც ვუყურებ. არადა, იგი დღეს აუცილებელია. აღტაცებული ვრჩები, როცა სხვადასხვა ქვეყნებში ძალიან მსგავს, ნაცნობ სიტუაციას ვაწყდები ან ისეთ პიროვნებას ვხვდები, რომელიც ხასიათით ჩემს ნაცნობს ჰგავს. ეს მოულოდნელი დამთხვევები მაცვიფრებს და წარსულთან მაკავშირებს. - სხვათა თვალი როგორ აფასებს თქვენს ნახატებს? - ჩემს ნახატებს ასე უწოდებენ: მაგიური რეალიზმი, მაგიური ფემინიზმი, ჰალუცინაციური რეალიზმი... არსებობს ზოგადი მოთხოვნილება, რომ ხელოვანი რაიმე მიმდინარეობაში მოაქციონ. მე კი სულაც არ ვაპირებ, რომელიმე მიმდინარეობის ჩარჩოში მოვექცე, პირიქით. - მაგიური ფემინიზმი იმიტომ, რომ, ძირითადად, ქალებს ხატავთ? ქალის სხეული ხელსაყრელი ინსტრუმენტია ექსპრესიისათვის? - თუ კარგად დააკვირდებით, ჩემს პერსონაჟ ქალებს თითქმის ყოველთვის მამაკაცებთან აქვთ დიალოგი, თუმცა მამაკაცი ყოველთვის არ არის მოქცეული ტილოს საზღვრებში. ქალების გამომეტყველება სადღაც ახლო-მახლო მამაკაცის არსებობას არასდროს გამორიცხავს. ქალი გამომწვევია. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ქალის სხეული ჩემს ნახატებში ხელსაყრელი ინსტრუმენტია, რათა პიროვნების ხასიათი სხვადასხვა ასპექტით გამოვხატო. ნახატისათვის ქალის ხასიათსა და განწყობას არა მარტო ქალის, არამედ კაცის ხასიათზე დაკვირვებით ვქმნი. ქალს სახეზე ქართულ თვალ-წარბს ვუხატავ, - ქართული განზომილების შესაძენად. შემიძლია ვთქვა, რომ ხელოვნების ისტორიაში კაცები წერდნენ ქალების შესახებ და კაცები ხატავდნენ ქალებს. ქალები მამაკაცის ფანტაზიის შესაბამისად იყვნენ გაიდეალებული. დღეს კი ხელოვანი ქალი გვიყვება იმის შესახებ, რომ ქალი ხანდახან დემონია, ხანდახან - შვილების მკვლელი, სექსუალურად აზარტული, ქალი ხომ ყველანაირია. - ამერიკის რომელ გალერეებში არის გამოფენილი თქვენი ნამუშევრები? - ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ამჟამად კი ვთანამშრომლობ სფეროუნ უესთუოთერის გალერეასთან. ჩემი ნახატები ერთგვარი ჰიბრიდია აზიურისა და ევროპულის, ტრაგედიისა და კომედიის, კლასიკურისა და თანამედროვე ხელოვნების. ვფიქრობ, რომ სწორად გავაკეთე ყველა ეპოქალური მიმდინარეობის გავლენის სინთეზი, რაც თავის დროზე თვითონ განვიცადე. ჩემი ტექნიკა ყველასთვის ნაცნობი და შრომატევადი, კლასიკური იტალიურ-ფლამანდრიული ტექნიკაა, ხოლო ჩემი პერსონაჟი არის სოჰოს ტიპი, უცხოელი გოგონა, რომელსაც სახასიათო ეთნიკური სახე აქვს. იგი ეკლექტურია, ფსიქოლოგიურად - კონფლიქტური. ამერიკელები ამბობენ, რომ ჩემი კომპოზიციები მოულოდნელი და ძლიერია. - დღეს რა არის მოდური და გაყიდვადი და რა - არა? - მოდაშია ფოტოგრაფია, ვიდეო, კომპიუტერული ხელოვნება. ყველა ხელოვნების მიმდინარეობას თავისი თაყვანისმცემელი ჰყავს, არსებობს სხვადასხვა დონეები, სხვადასხვა ფენები. კოლექციონერებიც გემოვნებით განსხვავდებიან. ჩემს დილერს ენცო სპერონეზეს გემოვნების შემქმნელს უწოდებენ. მე მემაყება, რომ მას ჩემი ნახატები უყვარს. სპერონეზე იტალიელია და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი დილერი გახლავთ. სწორედ, იმ რანგის, რომლებიც ხელოვნების ისტორიას ქმნიან. იგი ჩემს სახელოსნოში ცნობილმა კონცეპტუალისტმა სკულპტორმა ნოთ ვიტალმა მოიყვანა. სპერონეზემ ბოლო ათი წლის განმავლობაში შექმნილი ჩემი ყველა ნახატი შეიძინა. ყველაზე საინტერესო, ახალი, მოულოდნელი ხელოვნების ნიმუში წინ უსწრებს თანამედროვეობას, მის სტანდარტებს, ამიტომ მის ქმნილებებს არ ყიდულობენ. მხატვარი კი ყოველდღიური ყოფითი პირობების გამო შეიძლება, აგონიაში ჩავარდეს. ხელოვნების სამყაროში მხოლოდ ნამდვილ დილერს და კოლექციონერს აქვს ავტორიტეტი. მათი ორივე თვალი სწორია. მათ აქვთ იმის უნარი, რომ ხელოვანს გასაძლისი გარემო შეუქმნან, თუმცა ხანდახან ამაზე დიდი დრო იხარჯება. ნამდვილი დილერი, ისევე, როგორც ნამდვილი ხელოვანი, ადვილად არ მიდის კომპრომისზე. სწორედ ისინი ქმნიან ხელოვნების ისტორიას. ამგვარი პიროვნებებისა და მხატვრის ტანდემი ქმნის ახალ ტენდენციას, ისევე, როგორც ეს მოდის სამყაროშია. როცა ახალი ტანსაცმელი მაღაზიის ვიტრინაში ჰკიდია, კოლექციონერი თუ ჩვეულებრივი მყიდველი ხედავს მას და ყიდულობს. - 5-10 წლის წინათ რუსულ ავანგარდზე საკმაოდ დიდი მოთხოვნილება იყო ევროპა-ამერიკაში... ახლა რა მდგომარეობაა? - რუსული ავანგარდი საინტერესო იყო, ის იყო რევოლუციური, მე არ ვადევნებ თვალს შოტჰებყ-ის და სხვა ასეთ აუქციონებს, ამიტომ ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ. 1988 წელს, როცა მე ჩამოვედი, საბჭოთა ხელოვნების მიმართ მართლაც არსებობდა დიდი ინტერესი. იგი სიახლე იყო უცხოელთათვის და იმ წლებში საბჭოთა მხატვრების ნამუშევრები შედარებით ადვილად იყიდებოდა. ეს პერიოდი უკვე დამთავრდა. დღეისათვის კარგი გემოვნების კოლექცია უნდა იყოს აქამდე არსებული ხელოვნების ყველა მიმდინარეობის ჰარმონიული ნაზავი.
(c) გაზეთი " ახალი 7 დღე "
2007 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |