|
|
"ახალი 7 დღე "
რუბრიკა მემორიალი
უზადო კაცი უცნაურია და უკუღმართი, რომ მასზე მე ვწერ... და თითქოს ვწერ იმიტომ, რომ სამაგიერო პატივი მივაგო. ეს შეუძლებელია... ... წლების განმავლობაში ჩემი წიგნების კარადის თაროზე, ყველაზე გამოსაჩენ ადგილას, ჟურნალი ცისკარი ინახებოდა - 1978 წელი, N 4. ჟურნალის გარეკანის ზედაპირი ხუნდებოდა, იცრიცებოდა, მაგრამ ჩემთვის უცვლელი, გაუხუნარი და გაუნელებლად თბილი რჩებოდა მთავარი - ცისკრის იმ გამოშვებაში გამოქვეყნებული, ჩემდამი მოძღვნილი ზურაბ რცხილაძის მოთხრობა გზა მშვიდობისა... იქვე, ცისკრის გვერდით, ზურაბის ქალაქური მოთხრობების კრებული - ავტორის პორტრეტით სატიტულო გვერდზე, ავტორისავე ავტოგრაფით - მაღალი, მახვილკუთხიანი ასოებით: ლერი მაისაშვილს - ძმური სიყვარულით... მე მეამაყებოდა მასთან მეგობრობა. მეამაყებოდა, ჩემს კაბინეტში შემომსვლელთა მზერა ზურაბის პორტრეტზე რომ ჩერდებოდა დიდხანს, მემაყებოდა, რომ პაუზის შემდეგ აუცილებლად ვიტყოდი ჩემთვის ძალიან სასიამოვნო ფრაზას: ზურაბ რცხილაძეა, ჩემი მეგობარი, მწერალი, ჟურნალისტი... ჩემი მხრიდან ეს ერთგვარი სნობიზმი იყო, - ზურაბის მოხსენიება რეგალიებით, თუმცა ისიც მშვენივრად ვიცოდი, რომ თვითონ ზურაბი ვერასდროს ჰგუობდა, თანამედროვე ენით რომ ვთქვა, სავაჭრო ნიშნებს... იმიტომ, რომ იგი უზადო კაცი იყო. უზადო გარეგნობის, უზადო ქცევის, უზადო კულტურის, უზადო არტისტიზმისა და გემოვნების... უზადო - სცენაზე, სუფრაზე, საფეხბურთო მოედანზე... მისთვის უცხო იყო ამპარტავნული თავმდაბლობა და ქედმაღლური ამპარტავნება. იგი არასდროს ცდილობდა, არც სხვაზე გულმოწყალე და მიმტევებელი გამოჩენილიყო და არც სხვაზე გულზვიადი. ამას ვერც ისწავლი და ვერც ვერავის ესესხები. - ცისფერი ტრიოს სიმღერის ნათიაო...-ს ანონსში კონფერანსიემ: კომპოზიტორი ზურაბ რცხილაძეო, გამოაცხადა, - გვიყვებოდა ზურაბი მეგობრებს, - გავცეცხლდი - რა კომპოზიტორი მე ვარ, უბრალოდ გეთქვა: მუსიკა ზურაბ რცხილაძისა-მუთქი... ზურაბის მეგობრებს მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით გაგვიკვირდა, როგორ შედგა გიზო ნიშნიანიძის არაჩვეულებრივად თბილი და ნოსტალგიური პაემანი ვერაზე ზურაბის გარეშე! 50-იანი, 60-იანი წლების ვერისუბანი, თბილისი - იმ წლების უპოპულარულესი ბიჭის, ზურაბ რცხილაძის, გარეშე! ალბათ, ჩვენი წყენა და გაკვირვება ზურაბთან არ უნდა შეგვემჩნია, არ უნდა გვეთქვა მისთვის ის, რაც, ალბათ, თავადაც ცოტათი უკვირდა და სწყინდა. თუმცა მაშინ სრულიად მშვიდად გვიპასუხა: ბატონი გიზო ასე ხედავს ვერას და აქ კომენტარები ზედმეტიაო. ჩვენ მეგობართა დიდი წრე გვაერთიანებდა. თითოეული ჩვენგანი ცდილობდა, კაცური ერთგულებით გაგვემაგრებინა ერთმანეთისთვის მხარი - ისე, რომ მეგობრის მხარზე დაყრდნობისას დაცემისა არ შეგვშინებოდა. ახლა ვფიქრობ, რომ გაჭირვების დროს გვერდით დადგომა, შეიძლება, ქცევის ნორმაა, შეიძლება, უფრო რთული სითბოსა და სიყვარულის ყოველდღიური ჩვენებაა. ზურაბს ეს ჩვენზე უკეთ შეეძლო. ერთხელ, ახალი წლის დამდეგს, - იმ წლებში, როდესაც ადამიანებს ხალასი სალამიც კი დავიწყებოდათ, ჩემს დიდი ხნით დაცარილებულ საფოსტო ყუთში იშვიათი ბარათით გაკვირვებულმა ფოსტალიონმა ღია მოსალოცი ბარათი ჩაუშვა. ახალი წლის მილოცვისას ყველა საოცრად ცრურმორწმუნენი ვხდებით. ველაფერს ვწონით და ვზომავთ - სიტყვებს, ნაბიჯებს, მარჯვენას, მარცხენას... ყოველგვარი ცრურწმენა მაშინვე დაიმსხვრა, როდესაც კონვერტზე მაღალი, მახვილკუთხიანი ასოები დავინახე - ზურაბის ხელწერა - წერილი ვერიდან ვერაზე - ფასანაურის ქუჩიდან თარხნიშვილზე. მივხვდი - ბარათი ისეთ რამეს იტევდა, რასაც ერთმანეთს ტელეფონით ვერ ვეტყოდით. ლექსი იყო: ამ წუთისოფლის ჩარხის ტრიალში შემოგვადნება წლები - ფიფქები, მაგრამ მე მჯერა - დიდი ხნის შემდეგ, ჩვენ, როგორც ძმები, ერთად ვიქნებით... როდესაც ზურაბის მძიმე ავადმყოფობის შესახებ შევიტყვე, ჩემდა უნებურად, მეხსიერების სამოთხემ დავიწყებული ეპიზოდი ამოატივტივა: ოცდაათი წლის წინათ ჩვენ, ახალგაზრდები, ლაღები, საკუთარ თავში დარწმუნებულები, სუფრასთან ვისხედით. ლექსი და სიმღერა, რა თქმა უნდა, ზურაბისა იყო. სიკვდილ მითხოვს, გენაცვალე, - გენაცვლები, გენაცვალე, ოღონდ გზაი გამასწავლე, - კითხულობდა ზურაბი და ჩვენ ირგვლივ მხოლოდ ლექსისა და გრძნობის სილამაზე იყო. ავადმყოფობისა და სიკვდილის აჩრდილი ვიგრძენი ახლა და საკუთარმა უმწეობამ დამთრგუნა, როცა მისთვის არაფრის გაკეთება არ შემეძლო. თვითონ კი ისეთი ირონიით უყურებდა განსაცდელს, რომ მისი სულის სიმაღლისა შემშურდა. ... იმ დღეს, როდესაც ზურაბი მიწას მივაბარეთ, მისი მეგობრები ერთად ვიდექით და ველოდით. ველოდით ერთ-ერთ ჩვენგანს, რომელიც მუდამ პოულობდა საჭირო სიტყვებს ასეთ დროს - მიშა მესხის, თენგიზ ჩანტლაძის, თენგიზ სანიკიძის, გარი ვლადიმერაშვილის დაკრძალვის დღეებში... ველოდით ამაო ლოდინით - იმ დღეს სწორედ ის მეგობარი წავიდა ჩვენგან. ლერი მაისაშვილი
(c) გაზეთი " ახალი 7 დღე "
2007 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |