|
|
"ახალი 7 დღე "
ელენე თევდორაძე: პირველად მე ვთქვი, რომ... მარიკა გორდელაძე
მე ყოველთვის ვფიქრობ და ვაანალიზებ ჩემს ქმედებებს, ცხოვრებას. დგება დრო, როდესაც გრძნობ, რომ შენი შესაძლებლობები ამოიწურა, აღარ შეგიძლია იმის გაკეთება, რასაც ადრე აკეთებდი. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ მეოთხე მოწვევის პარლამენტში აღარ უნდა მოვიდე, - ეს სიტყვები ცნობილ პოლიტიკოსს, ქალბატონ ელენე თევდორაძეს, ეკუთვნის. ის ქართულ პოლიტიკას მოქმედი პარლამენტის კონსტიტუციური ვადის ამოწურვისთანავე დატოვებს. ქალბატონი ელენე იმ პოლიტიკოსთა რიგს არ მიეკუთვნება, რომლებმაც დიდ პოლიტიკაში ადგილი ეროვნულ მოძრაობაში მონაწილეობით დაიმკვიდრეს. თუმცა 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოში არსებული პოლიტიკური კატაკლიზმების მიმართ გულგრილი არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდის პოლიტიკაში არ მონაწილეობდა, საკუთარ მოქალაქეობრივ ვალს სხვა ადგილას იხდიდა. როგორც თავად ამბობს, დიდ პოლიტიკაში სპონტანურად მოვიდა და არასდროს უფიქრია პოლიტიკოსობაზე. მიუხედავად ამისა, დღეს მიიჩნევს, რომ ელენე თევდორაძის ცხოვრება, როგორც წარმატებული პოლიტიკოსი ქალისა, შედგა. რატომ ტოვებს დიდ პოლიტიკას ელენე თევდორაძე? სად იყო მისი ადგილი სამოქალაქო ომის პერიოდში? ვინ მოიყვანა იგი მოქალაქეთა კავშირში? რაზე სწყდება დღეს გული? როგორია პოლიტიკოსი ქალის ცხოვრება პოლიტიკის მიღმა? ახალი 7 დღე ესაუბრება ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, ქალბატონი ელენე თევდორაძეს.
- ქალბატონო ელენე, თქვენ განაცხადეთ, რომ მიდიხართ პოლიტიკიდან. რატომ და როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება? - ჩემი ცხოვრების განმავლობაში ყოველთვის ვიცოდი, თუ როდის იყო საჭირო ჩემი ჩართვა ნებისმიერ საქმეში და როდის - არა. ჩემს ცხოვრებაში დადგა დრო, როცა ვგრძნობ, რომ ვეღარ ვაკეთებ იმას, რასაც ადრე ვაკეთებდი. ჩემი შესაძლებლობები ამოწურულია, ამიტომაც გადავწყვიტე პოლიტიკიდან წასვლა. საკუთარ თავს მეოთხე მოწვევის პარლამენტში ვერ ვხედავ. - 90-იანი წლების დასაწყისიდან საქართველოში მიმდინარეობდა აქტიური პოლიტიკა. საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა, გამოიარა სამოქალაქო ომი... რა დოზით მონაწილეობდით ამ პერიოდში პოლიტიკაში? სად იყო ელენე თევდორაძე სამოქალაქო ომის დროს? - ნამდვილად ვერ დავიტრაბახებ, რომ ამ პერიოდში აქტიურად ვმონაწილეობდი აქციებში თუ ა. შ. სკოლაში ვმუშაობდი. ჩემი ძირითადი ამოცანა იყო ის, რომ, როდესაც სიტუაცია დამძიმდა თბილისში, მოხდა 9 აპრილი და ა. შ. ჩემი მოსწავლეები არ გამხდარიყვნენ მსხვერპლნი. ჩემს სკოლაში სწავლობდნენ ამიერკავკასიის რუსული სამხედრო ოლქის ოფიცრების შვილები. მაშინ რუსი ოფიცრების მიმართ აგრესიული განწყობა იყო (არსებული პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე). არსებობდა საფრთხე, რომ შემოსულიყვნენ სკოლაში და ამ ბავშვებისთვის ზიანი მიეყენებინათ. ამის დიდი ალბათობა იყო. გარდა იმისა, რომ ამეცილებინა ჩემი მოსწავლეებისთვის ეს საფრთხე, ვუხსნიდი ბავშვებს, რომ ისინი არაფერ შუაში იყვნენ, რომ მათი მამები არ იყვნენ საქართველოს მიმართ ლოიალურად განწყობილნი, მაგრამ ეს მათი ბრალი არ იყო. ჩვენ მათ გაძლიერებულად ვასწავლიდით საქართველოს ისტორიას და ყურადღებას ვამახვილებდით იმაზე, რატომ სურდა საქართველოს დამოუკიდებლობა და რისთვის იბრძოდნენ ქართველები. ამ პერიოდში, სწორედ, ეს იყო ჩემი ამოცანა. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ბევრი რამ გავაკეთე. ასეთი ფაქტიც მახსოვს: ერთხელ სკოლაში ერთ-ერთი მეცხრეკლასელის მამა მოვიდა (რუსი ოფიცერი) და მადლობა გადაგვიხადა. მან გვითხრა, რომ ბავშვისგან უფრო მეტი რამ გაიგო საქართველოს შესახებ, ვიდრე მან იცოდა. ისიც კი თქვა, რომ, თუ დადგება დრო და გაიყვანენ რუსულ შტაბებს, ის იფიქრებს საქართველოში დარჩენაზე. არ ვიცი, რამდენად გულწრფელი იყო ის ადამიანი და მართლაც დარჩა თუ არა საქართველოში, მაგრამ ასეთი ფაქტი ნამდვილად მოხდა. იმაში ნამდვილად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენს ყოფილ მოსწავლეებს, რომლებიც მშობლებს გაჰყვნენ, ნამდვილად გაჰყვათ ქართველი ხალხის მიმართ კარგი დამოკიდებულება. გულწრფელად გეტყვით, რომ აქტიური მონაწილეობა არ მიმიღია ამ პერიოდის საპროტესტო აქციებში, ეროვნულ მოძრაობაში. თუმცა არც გულგრილი ვყოფილვარ. არასდროს დამავიწყდება: 8 აპრილს, როდესაც სკოლაში მივდიოდი სოლოლაკიდან საბურთალოზე, რუსთაველი აქციების გამო გადაკეტილი იყო, ტრანსპორტი არ დადიოდა და ფეხით მივდიოდი. როდესაც გავცდი იმელის შენობას, გამოჩნდნენ რუსული ტანკები. დავინახე, რომ ახალგაზრდებმა გააკეთეს ცოცხალი ჯაჭვი და წინ აღუდგნენ ამ ტანკებს. შიშის მიუხედვად, მაშინვე ქუჩაში მდგომ ხანშიშესულ ადამიანებს მივმართე, რომ დავმდგარიყავით ამ ახალგაზრდების წინ. ამ დროს გაისმა შეძახილები: ზვიად გამსახურდია მოდის! რამდენიმე წუთში ზვიადი, მართლაც, მოვიდა და მან დაიწყო მოლაპარაკებები რუს ჯარისკაცებთან. მე იქ დავრჩი, სანამ ტანკები არ წავიდნენ. 9 აპრილს, როდესაც ის შემზარავი ფაქტი მოხდა, ქუჩაში არ ვყოფილვარ, მაგრამ დილით, საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ქუჩაში გავედი. ქუჩაში მდგომ რუს ჯარისკაცებს ვეჩხუბებოდი იმის გამო, რომ სამსახურში არ მიშვებდნენ. მე ჩემი მოვალეობის შესრულებით ვიხდიდი ჩემს მოქალაქეობრივ ვალს. - თქვენ, როგორც ერთ-ერთმა ქართველმა დედამ, როგორ მოიხადეთ ეს ვალი? იღებდა თუ არა თქვენი შვილი მონაწილეობას ამ პერიოდის პროცესებში? - ამ პერიოდში ჩემი შვილი ჩემთან არ ცხოვრობდა. მას თავისი ოჯახი ჰყავდა. მე არ ვაკონტროლებდი და არ ვეუბნებოდი იმას, რა უნდა გაეკეთებინა. მაგრამ ვიცი, რომ ის ამ პერიოდის პროცესებში მონაწილეობდა. როდესაც მოხდა შეტაკება ზვიად გამსახურდიასა და ოპოზიციას შორის კინოს სახლთან, ვიცი, რომ კოტე იქ იყო და ზვიადს მიჰყვებოდა. როდესაც უკვე საომარი მოქმედებები დაიწყო, მან ჩათვალა, რომ ამ პროცესებში მონაწილეობას არ მიიღებდა. მისთვის, როგორც ადამიანისთვის, ძალადობა ყოველთვის მიუღებელი იყო და დღესაც მიუღებელია. - თქვენი პოლიტიკური კარიერა 1995 წლიდან დაიწყო. როგორ მოხვდით პოლიტიკაში? ვინ მიგიყვანათ მოქალაქეთა კავშირში? - პოლიტიკაში სპონტანურად მოვედი. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში სამოქალაქო ომი დამთავრებული იყო, ქალაქში მძიმე სიტუაცია იყო. პრაქტიკულად, შუძლებელი იყო დღის მეორე ნახევარში გარეთ გასვლა. ძარცვავდნენ, აყაჩაღებდნენ ხალხს. ადამიანებს ოჯახებში უცვივდებოდნენ, ხოცავდნენ... ამ ყველაფერმა შინაგანად ჩემი აღშფოთება გამოიწვია. თავს ვეღარ ვიკავებდი, რომ არ გამომეხატა ჩემი პოზიცია. ჩემს მეზობლად ცხოვრობდა რესპუბლიკური პარტიის წევრი ირაკლი მაჭავარიანი. მან იცოდა ჩემი ხასიათი და დამოკიდებულება და შემომთავაზა ამ პარტიაში მისვლა. გარდა ამისა, კარგად ვიცნობდი მერაბ კოსტავას და დედამისს. ჩვენი მშობლები მეგობრობდნენ, ბავშვობიდან ახლო ურთიერთობა მქონდა ამ ადამიანთან. ირაკლი მაჭავარიანს ამ ჯგუფთანაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა და გადავწყვიტე, შევსულიყავი ამ პარტიაში. მაგრამ, როცა ედუარდ შევარდნაძემ საქართველოში ჩამოსვლა გადაწყვიტა, მე მასზე დიდ იმედებს ვამყარებდი. მიმაჩნდა, რომ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში მან, მართლაც, დიდი საქმე გააკეთა. მას დიდი საერთაშორისო ავტორიტეტი ჰქონდა. მიმაჩნდა, რომ ჯაბა იოსელიანის და კიტოვანის სახელმწიფო არ გვჭირდებოდა. სწორედ ამ დროს რესპუბლიკურ პარტიაში მოხდა განხეთქილება. ერთი ნაწილი არ მიესალმებოდა შევარდნაძის ჩამოსვლას და მის მხარდაჭერას, ხოლო მეორე ნაწილი, ჩემი ჩათვლით, პირიქით ფიქრობდა. როდესაც დაიწყო მოქალაქეთა კავშირის დაფუძნება, დაახლოებით ოცმა ადამიანმა დავტოვეთ რესპუბლიკური პარტია და ახალ ორგანიზაციას შევუერთდით. ვერ ვიტყვი, რომ ამ პერიოდშიც აქტიური ვიყავი. ჩემი პოლიტიკური აქტიურობა მაშინ დაიწყო, როდესაც ლოთი ქობალიას ჯარები ქუთაისში შევიდნენ და ამასთან დაკავშირებით მთავრობამ თბილისელებს ფილარმონიის დარბაზში შეკრება შემოგვთავაზა. დარბაზში ვუსმენდი გამომსვლელებს და გაკვირვებული ვიყავი იმით, რომ არც შამფურს წვავდნენ და არც მწვადს. ეს შეკრება ჩატარდა მას შემდეგ, რაც იგორ გიორგაძესა და გია ყარყარაშვილს შორის მოხდა სამხედრო შეტაკება. მთავრობა, შევარდნაძის ჩათვლით, დარბაზში იჯდა. აი, მაშინ, აბსოლუტურად ყველასთვის უცნობი, ავედი ტრიბუნასთან და სიტყვა მოვითხოვე. ნახევრად რუსულად და ნახევრად ქართულად მთავრობას მივმართე: თუ თქვენ არ შეგიძლიათ წესრიგის დამყარება, მაშინ სახელმწიფო სამსახური უნდა დატოვოთ-მეთქი. ვთქვი, რომ, როდესაც ქვეყანაში ორი მინისტრი ერთმანეთს უპირისპირდება, ორივემ უნდა დატოვოს თანამდებობა. ჩემი გამოსვლის შემდეგ გია ყარყარაშვილმა განაცხადა, რომ ის გადადგება. ეს იყო ჩემი პირველი განაცხადი პოლიტიკაში. ამის შემდეგ ზურაბ ჟვანიამ დამირეკა, მითხრა, რომ მოისმინა ჩემი გამოსვლა და მიაჩნია, რომ მე უნდა ვიმუშავო ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. მაშინვე შემომთავაზა, შემექმნა სამუშაო ჯგუფი და დამეწყო აქტიური მუშაობა ამ სფეროში. განსაკუთრებული აქცენტების გაკეთება მთხოვა ციხეებზე. აქედან ჩავერთე პოლიტიკურ საკითხებში. ეს ყველაფერი თავისთავად მოხდა. შემდეგ მოახლოვდა არჩევნები. ისევ ბატონმა ზურაბ ჟვანიამ შემომთავაზა პარტიის სიაში შესვლა. მე კატეგორიული უარი ვუთხარი, მაგრამ მაინც შემიყვანა. სიით 76-ე ვიყავი. არანაირი აქტიური მონაწილეობა არ მიმიღია წინასაარჩევნო პერიოდში. დარწმუნებული ვიყავი, რომ ვერ გავიდოდი. გარდა ამისა, გულით სკოლის დატოვება არ მინდოდა. მაგრამ მოხდა ისე, რომ მოქალაქეთა კავშირის სიით პარლამენტში 91 ადამიანი მოხვდა. მოვხვდი მეც. ზურაბ ჟვანიამ ისევ პენიტენციალურ სისტემაში მუშაობის გაგრძელება დამავალა. ასე გავხდი პარლამენტის წევრი და დავიწყე მუშაობა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. - შეგიძლიათ თუ არა, გაიხსენოთ თქვენი, როგორც ადამიანის უფლებათა დამცველის, ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატებები და გულსატკენი წარუმატებლობები? - ძალიან ძნელია, ვილაპარაკო ცალკეულ წარმატებებზე. მაგრამ გეტყვით, რომ მე ვიყავი პირველი ადამიანი პოლიტიკაში, მთავრობაში, რომელმაც ხმამაღლა განაცხადა, რომ პატიმარსაც აქვს უფლებები. არ მახსოვს, ეს განცხადება რომელ გადაცემაში გავაკეთე, მაგრამ მახსოვს, ტელევიზიაში მივიტანე ძველი კანონები და საჯაროდ ვთქვი, თუ რა უფლებები აქვს პატიმარს. ამ განცხადებამ საზოგადოებაში აგრესიული დამოკიდებულება გამოიწვია. მე ჩავთვალე, რომ საზოგადოება უნდა მომემზადებინა ამისთვის და მას უნდა სცოდნოდა მთავარი - კანონი ყველასთვისაა. იმისთვისაც კი, ვინც ეს კანონი დაარღვია და გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. ჩემი აზრით, ყველაზე დიდი მიღწევა ის იყო, რომ საზოგადოების აზროვნება პატიმრების მიმართ შეიცვალა. სერიოზული მიღწევა იყო ისიც, რომ შევძელით რეფორმების ჩატარება, პოლიციას ხელიდან გამოვგლიჯეთ ციხეები და გადავეცით იუსტიციის სამინისტროს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ისევ და ისევ მე ვიყავი პირველი სახელმწიფო მოხელე, დეპუტატი, მმართველი პარტიის წარმომადგენელი, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს ჰყავს პოლიტიკური პატიმრები ზვიადისტების სახით. ამ განცხადებამ იმდენად გააღიზიანა ედუარდ შევარდნაძე, რადიოში განაცხადა, რომ თუ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი და სხვები დაუმტკიცებდნენ მას ამას, ის მზად იყო, გადამდგარიყო. გავიდა დრო და მოქალაქეთა კავშირის საპარლამენტო მდივანმა, ჯონი ხეცურიანმა, განაცხადა, რომ საქართველოს არ ჰყავს სუფთა პოლიტიკური პატიმრები, მაგრამ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულები ნამდვილად არსებობენ. შევარდნაძე არ გადადგა. მე დიდ ყურადღებას ვაქცევდი ციხეში მყოფ ზვიადისტებს. ბედნიერი ვიყავი, როცა პარლამენტმა მიიღო დადგენილება და ეს ადამიანები გათავისუფლდნენ პატიმრობიდან. დღეს მე ძალიან მტკივნეულად აღვიქვამ იმას, რაც ციხეებში ხდება. ერთხელ მიშა სააკაშვილსაც ვუთხარი, რომ მე ვიქნებოდი კმაყოფილი და ვალმოხდილის შეგრძნებით წავიდოდი პოლიტიკიდან, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნებოდა ისეთი პენიტენციალური სისტემა, როგორსაც მე ვხედავ ევროპის ქვეყნებში და როგორიც წარმომიდგენია, როგორც იდეალი. მე წინ მაქვს კიდევ ერთი წელიწადი და რამდენიმე თვე და იმედს არ ვკარგავ, რომ ამ სფეროში სიტუაციის გამოსწორებას მოვახერხებთ. ის, რომ დღეს პატიმრების მიმართ ისევ არასწორი დამოკიდებულებაა, გაიზარდა მათი სიკვდილიანობის შემთხვევები, გადატვირთულია ციხეები და ელემენტარულად კანონში დაწერილიც კი არ სრულდება, არის ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი და წარუმატებლობა. - ქალბატონო ელენე, თქვენმა სახელმა გაიჟღერა გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეში. სწორედ, თქვენ გადაეცით გიორგი სანაიას კასეტა, რომელიც ვეფხია მარგოშვილმა გამოგატანათ. სასამართლომ, რომელსაც მართავდა ხელისუფლება, ეს კასეტა არ მიიჩნია არსებითი მნიშვნელობის მქონედ. თქვენი აზრით, რატომ გაჩუმდა ახალი ხელისუფლება და რატომ არ დაბრუნდა ძიებაში გიორგი სანაიას საქმე? სცადეთ თუ არა თქვენ პირადად გიორგის უფლებების აღდგენისათვის ბრძოლა? - დიახ, მე ამ საქმესთან დაკავშირებით დამკითხეს და სასამართლოზე ვთქვი ყველაფერი. რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ დამირეკა მისმა მეუღლემ და მთხოვა გიორგის საქმის ისევ ძიებაში დაბრუნება. მე მას დახმარებას მაშინვე დავპირდი, თუმცა მას შემდეგ ჩემთვის აღარ მოუმართავს. მე მზად ვიყავი, ისევ დამეფიქსირებინა ის, რაც ვიცოდი. არ მაქვს იურიდიული უფლება, რომ პირადად დავაბრუნო ეს საქმე ძიებაში. დღესაც სიამოვნებით დავეხმერები ოჯახს მათი სურვილის შემთხვევაში. - თქვენ იყავით ერთ-ერთი აქტიური პოლიტიკოსი ქალი, რომელმაც მონაწილეობა მიიღეთ ვარდების რევოლუციაში. როგორი იყო პირადად ელენე თევდორაძის მისია ამ რევოლუციაში? - რატომღაც ყველას ჰგონია, რომ რევოლუცია იყო მხოლოდ ის დღეები, რომლებიც ხალხმა ქუჩაში გაატარა. ამ რევოლუციისათვის მზადება ბევრად უფრო ადრე დაიწყო და ბევრი რამ გაკეთდა. ის კრიტიკა, რომელიც ჩვენგან ისმოდა, სააკაშვილის, ჟვანიას გუნდისგან, ამზადებდა ნიადაგს რევოლუციისთვის. ამ პერიოდში ძალიან აქტიური ვიყავი. ვიყენებდი ყველა ბერკეტს, მომენტს თუ ტრიბუნას, მელაპარაკა იმ ფაქტებზე, რომლებიც დაკავშირებული იყო კორუფციასთან და უსამართლობასთან. არ მინდა, ვიტრაბახო, მაგრამ ჩემი კოლეგები ხშირად მეუბნებოდნენ, რომ ხალხს ჩემი სჯეროდა. სწორედ, ჩემი გამოსვლები აღიზიანებდა განსაკუთრებით ხელისუფლებას. მე ძალიან ბევრ ინფორმაციას ვფლობდი ციხიდან და ამ ყველაფერს ღიად ვაცხადებდი. ეს სწორად მიმაჩნდა და ამიტომ ვამბობდი. რაც შეეხება ამ პერიოდის ქუჩის აქციებს, ყველა აქციაში ვმონაწილეობდი. თუმცა მიმაჩნია, რომ, მიუხედავად ჩვენი აქტიურობისა, ეს რევოლუცია ხალხმა მოახდინა. - როგორია ელენე თევდორაძე პოლიტიკის მიღმა? - ვფიქრობ, რომ ელენე თევდორაძის, როგორც ბედნიერი ქალის, ცხოვრება არ შედგა. მაგრამ შედგა, როგორც ბედნიერი ადამიანის. მე მყავს ძალიან კარგი შვილი, შვილიშვილი და რძალი. ყოველთვის მქონდა იმის შესაძლებლობა, მეკეთებინა საყვარელი საქმე. ჩემი ძალა, დრო, ენერგია მთლიანად ჩემს საქმიანობაში ჩავდე და არა პირად ცხოვრებაში. გეტყვით, რომ მე ვარ უბრალო ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი ოჯახი, ახლობლები და თავისი საქმე. - როგორი დედაა ელენე თევდორაძე? თქვენ შვილი მარტომ გაზარდეთ. რა სირთულეები გქონდათ ამ მხრივ? - მე, მართლაც, მარტო ვზრდიდი შვილს. გულწრფელად გეტყვით, რომ სოციალური თვალსაზრისით მძიმე ცხოვრება მქონდა. მამა ადრე გარდამეცვალა, დედა ყოველთვის ავადმყოფობდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მხოლოდ მის პენსიაზე ვცხოვრობდით. შემდეგ, როდესაც მუშაობა დავიწყე, სიტუაცია გამოსწორდა, მაგრამ ეს საკმარისი ნამდვილად არ იყო, თუმცა ყოველთვის იმით ვცხოვრობდი, რაც მქონდა. ზოგჯერ მეცინება ამაზე, მაგრამ ვალიც კი არასდროს ამიღია. მეშინოდა, ვაითუ ვერ გადავიხადო-მეთქი. განებივრებული არასდროს ვყოფილვარ. არც ჩემი შვილი ყოფილა გამინებივრებია, მაგრამ სიყვარულს არ ვაკლებდი. რა თქმა უნდა, გამიჭირდა მარტო შვილის გაზრდა, მაგრამ არასდროს ვწუწუნებდი. - თქვენ მიეკუთვნებით იმ თაობას, რომელმაც თავისი ახალგაზრდობა კომუნისტურ პერიოდში გაიარა. რა განსხვავებებია თქვენსა და დღევანდელ თაობებს შორის? - მათი შედარებაც კი არ შეიძლება. მე მივეკუთვნები იმ თაობას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იზრდებოდა. ჩვენ ვიყავით საბჭოთა სისტემის პროდუქტები. როდესაც რადიოში აცხადებდნენ, რომ საბჭოთა კავშირის ბავშვები ყველაზე ბედნიერები არიან, ჩვენ ამის გვჯეროდა. მაგრამ ჩვენ არ ვიყავით აგრესიულები. ჩვენ უფრო მეტად ვიყავით ერთმანეთის მოსიყვარულეები, ვიდრე დღევანდელი თაობა. მე ყოველთვის ბავშვებთან მქონდა ურთიერთობა და ასეთი აგრესია, დღეს რომ არის მოზარდებს შორის, არასდროს მინახავს. ამიტომაც გახშირდა მკვლელობები, ნარკოტიკების მიღება და ა. შ. ჩვენს პერიოდში მსგავსი რამ ნამდვილად არ იყო. მიუხედავად ამისა, დღეს ვხედავ, რომ მოვიდა თაობა, რომელიც დარწმუნებულია საკუთარ თავში, რომლებიც ამბიციური და მიზანმიმართულია. ეს ძალიან მახარებს. - უფროსი თაობის ადამიანები ნელ-ნელა გადიან ასპარეზიდან. თქვენ უკვე ხართ ბებიების თაობის წარმომადგენელი. არაერთი დიდი ლიტერატურული ნაწარმოები მიეძღვნა ამ თემას, თუ როგორ მტკივნეულად განიცდიან ამ თაობის წარმომადგენლები ზედმეტი ადამიანის კომპლექსს. ხომ არ შიშობთ, რომ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ თქვენც შეგექმნებათ ასეთი კომპლექსი? - არა. მე არაჩვეულებრივი შვილი მყავს და, დარწმუნებული ვარ, არასდროს მაგრძნობინებს იმას, რომ ზედმეტი ვარ. მინდა გითხრათ, რომ ჩემსა და ჩემს შვილს შორის ცხოვრების განმავლობაში ჩამოყალიბდა ისეთი ურთიერთობა, რომ არ ვიცი, სად მთავრდება ჩემი დედობა და სად იწყება ჩვენი მეგობრობა. ნამდვილად არ ვიცი, რას გავაკეთებ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, მაგრამ ყველა მეუბნება, რომ სახლში დამჯდარი პენსიის მოლოდინში ვერ ვიქნები.
(c) გაზეთი " ახალი 7 დღე "
2007 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |