|
|
"ახალი თაობა "
მოსკოვი საქართველოსთან გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება
პოლიტოლოგი ჰენრი კუპრაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება არა მარტო რუსეთის აგრესიული, ანტიქართული პოლიტიკისგან დაიცავს, არამედ ქვეყანა შეძლებს მოიპოვოს ტერიტორიული მთლიანობისა და სახელწიფოებრივი დამოუკიდებლობის გარანტიები. ამასთან, ექსპერტი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე კრემლის მთავარი ამოცანაა, არ დაუშვას საქართველოს ნატოში გაწევრიანება ან ყველანაირად შეაფერხოს მისი ალიანსში მიღების პროცესი იმ დრომდე მაინც, ვიდრე საგარეო-პოლიტიკური ვითარება მისთვის სასიკეთოდ არ შეიცვლება. "ნატოში გაწევრიანება საქართველოს ისტორიის ამ მომენტისთვის ეს არის უპირველესი სახელმწიფოებრივი ამოცანა, რასაც ამაგრებს რეფერენდუმზე გამოხატული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მხარდაჭერა. ერთი რამ ცხადია, ამ ეტაპზე რუსეთმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის ჩაშლა რომ მოახერხოს, ეს სახელმწიფოს განვითარებას სავალალო პერსპექტივას შეუქმნის", - აცხადებს კუპრაშვილი. როგორც ექსპერტი განმარტავს, გარდა აფხაზური და ოსური ბერკეტებისა, საქართველოში ჯერ კიდევ შემორჩენილი აგენტურული ნარჩენების მეშვეობით მოსკოვი ცდილობს მისთვის სასარგებლოდ გამოიყენოს ქვეყანაში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ პროცესებში არსებული წინააღმდეგობები. "ეს ნათლად გამოჩნდა 2-7 ნოემბრის ცნობილი მოვლენების დროს. ცხადია, რომ კრემლის წისქვილზე წყლის დასხმა არ უფიქრიათ არც მომიტინგეებს და არც ოპოზიციის ლიდერებს, თუ არ ჩავთვლით ოპოზიციურ სივრცეში რუსული სპეცსამსახურების მიერ ჩანერგილ კარგად შენიღბულ აგენტებს. მოსკოვი ბევრს ელის საქართველოში 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ წარმოშობილი წინააღმდეგობებისგანაც და გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება", - აღნიშნავს ჰენრი კუპრაშვილი. არსებული სიტუაციიდან გამოსავალი, ექსპერტის თქმით, პოლიტიკოსების სიბრძნეზე და სახელმწიფოებრივ აზროვნებაზეა დამოკიდებული. მედიანიუსი
(c) გაზეთი "ახალი თაობა"
2008 წელი მოგვწერეთ opentext@flashmail.com |