"ახალი თაობა "
# 263
სამშაბათი, 23 სექტემბერი, 2008 წელი

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი გელათის კვლევით სამუშაოებს გაეცნო

ეკა ირემაშვილი

კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრმა შუამთის მონასტერში მიმდინარე სარეაბილიტაციაო სამუშაოების მონახულების შემდეგ, გელათში მიმდინარე კვლევითი სამუშაოები დაათვალიერა.

როგორც კულტურის მინისტრი აღნიშნავს, მიუხედავად აგვისტოს თვეში ჩვენს ქვეყანაში განვითარებული უმძიმესი მოვლენებისა, კულტურული მემკვიდრეობის 2008 წლის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ყველა საერთაშორისო პროექტი გრძელდება.

გელათის მონასტერი ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლია, რომელიც შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანეს ცენტრს წარმოადგენს. იგი მდებარეობს ქალაქ ქუთაისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელას ხეობაში. გელათის მონასტერი 1106 წელს დავით აღმაშენებელმა დააარსა.

სამონასტრო კომპლექსი შემოსაზღვრულია გალავნით. ანსამბლში შედის სხვადასხვა ქრონოლოგიური ფენის (ძირითადად XII-XIII სს.) შენობები. გელათი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ცენტრალურ-გუმბათოვან მთავარ ტაძარს, ორ ბოძსა და საკურთხეველის კედლებზე დაყრდნობილი გუმბათი აქვს, აღმოსავლეთ მხარეს კი სამი წახნაგოვანი წერილი აფსიდი. ეკლესიისთვის სხვადასხვა დროს მიუშენებიათ: დასავლეთ მხარეს - სტოა, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან კი ეკვდერები. გარედან ტაძარი მოპირკეთებულია ეკლარის თლილი ქვით, ფასადები დამუშავებულია რთული რიტმის დეკორატიული თაღებით და თითქმის სრულიად მოკლებულია ჩუქურთმებს. ფართო და უხვად განათებული შიგა სივრცე საზეიმო შთაბეჭდილებას ტოვებს. კედელ-კამარები ერთიანად დაფარულია სხვადასხვა დროის მხატვრობით.

მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით, XII საუკუნის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაა. გეგმითა და ფორმებით იგი მთავარ ტაძარს იმეორებს, მაგრამ უფრო მცირე ზომისაა. შიგნიდან კედლები დაფარულია XVI საუკუნის მოხატულობით. მთავარი ტაძრიდან 9 მ-ზე აღმართულია XIII-XIV საუკუნეების წმიდა ნიკოლოზის სახელობის ორსართულიანი ეკლესია. გეგმით სწორკუთხა ქვედა სართული ოთხივე მხარეს თაღებითაა გახსნილი, ხოლო მეორე სართული ჯვარისებრი მოხაზულობის პატარა ეკლესიაა. მთავარი ტაძრის ჩრდილოეთ-დასავლეთით XIII საუკუნის სამრეკლოა, რომლის ქვედა ნაწილი - თაღებით გახსნილი ქვის ფანჩატური - წყაროზეა დაშენებული. მის თავზე პატარა სათავსოა, ხოლო სულ ზემოთ კი სამრეკლო.

გელათის ანსამბლში შედის აგრეთვე აკადემია, რომელმაც ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია. გეგმით სწორკუთხა შენობას აღმოსავლეთით სამი შესასვლელი ჰქონია. მოგვიანებით შუა შესასვლელისათვის მდიდრულად მორთული კარიბჭე მიუშენებიათ. კედლების გასწვრივ ქვის დასაჯდომები იყო გაყოლებული. შენობას დიდი სარკმლები ანათებდა და კედლები მოხატული ჰქონდა.

მთავარი ტაძრის კონქში დაცულია ცნობილი გელათის მოზაიკა, დასავლეთ სტოაში კი XII საუკუნის ფრესკები, რომლებზეც გამოსახულია საეკლესიო კრება, ხოლო სამხრეთ ეკვდერში XIII საუკუნეში შესრულებული, დავით ნარინის ორი პორტრეტი. მოხატულობა არაერთხელ განუახლებიათ. განსაკუთრებით საყურადღებოა ისტორიულ პირთა პორტრეტები (XVI ს.): ჩრდილოეთ კედელზე გამოსახული არიან იმერეთის სამეფო ოჯახის წევრები. აქვეა დავით აღმაშენებლის ფრესკული გამოსახულება, რომელიც, როგორც ჩანს, ადრინდელ მხატვრობას მიეკუთვნება, მაგრამ XVI საუკუნეში აღუდგენიათ ძველი ნახატის მიხედვით.

გელათის მონასტრის გალავნის სამხრეთით, მთავარ შესასვლელში, დავით აღმაშენებლის საფლავია. მონასტერი სამეფო სახლის საკუთრება და საძვალე იყო, ტერიტორიულად ახლოს მდებარეობდა სამეფოს პოლიტიკურ ცენტრთან, ქუთაისთან. აქ არის დასაფლავებული სრულიად საქართველოს თითქმის ყველა მეფე: დავით IV აღმაშენებელი, დემეტრე I, გიორგი III, თამარი (თამარის ისტორიკოსების ცნობით) და სხვა. იმერეთის მეფეები: ბაგრატ III, გიორგი II, გიორგი III, გიორგი VI, ალექსანდრე V, სოლომონ I და სხვა.

გელათის მონასტერი ერთ-ერთი მდიდარი ფეოდალური სენიორია იყო. მის მფლობელობაში შედიოდა ვრცელი მიწა-წყალი. მეურნეობაში წამყვანი დარგი იყო მიწათმოქმედება, განვითარებული მევენახეობა, ღვინის, თაფლისა და სანთლის სასაქონლო-საბაზრო წარმოება მონასტერს დიდ ფულად შემოსავალს აძლევდა.

XII-XV საუკუნეებში გელათის მონასტერს მინიჭებული ჰქონდა სრული ავტონომია, აღიარებდა მხოლოდ მეფის უმაღლეს უფლებას. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსაც კი არ ჰქონდა არავითარი სახელისუფლო ძალა (გარდა მღვდლების კურთხევისა). გელათის მონასტერში მეფეს ჰყავდა თავისი პირადი წარმომადგენელი. მონასტრის უფროსი მონაზვნები და მოძღვართმოძღვარი სამეფო დარბაზის წევრებად ითვლებოდნენ. XIII საუკუნის II ნახევარსა - XV საუკუნეში ქვეყნის პოლიტიკური-ეკონომიური დაკნინების გამო (მონღოლების, თემურლენგის შემოსევები, გამწვავებული შინაფეოდალური საადგილმამულო ბრძოლები) გელათის მონასტრის ეკონომიური და კულტურული ცხოვრება შეფერხდა. მისი ძველი მდგომარეობა ნაწილობრივ აღადგინა გიორგი ბრწყინვალემ.

საქართველოს პოლიტიკური დაშლის (XV საუკუნის II ნახევარი) შემდეგ გელათის მონასტერი დასავლეთ საქართველოს მეფეების ხელში გადავიდა. 1510 წლის 23 ნოემბერს იგი გადაწვა იმერეთში შემოჭრილმა ოსმალთა ჯარმა. იმერეთის მეფეებმა ბაგრატ III-მ და გიორგი II-მ გელათის მონასტერში დიდი მასშტაბის სამეურნეო და სამშენებლო სამუშაოები ჩაატარეს. მათ კაპიტალურად შეაკეთეს და მოხატეს ტაძრები, განაახლეს გაუქმებული და მიტოვებული ეკლესია-ეკვდერები, შესწირეს მონასტერს ახალი მამულები. ბაგრატ III-ს თანამედროვენი გელათის "მეორედ აღმშენებელს" უწოდებდნენ. მას მხარში ედგნენ გელათის ეპისკოპოსი მელქისედეკ საყვარელიძე და დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ევდემონ ჩხეტიძე. XVI საუკუნის 20-იან წლებში ბაგრატ III-მ გელათის მონასტერში საეპისკოპოსო კათედრა დააარსა, რამაც გარკვეულად აამაღლა მონასტრის პოლიტიკური-მორალური და ეკონომიური მდგომარეობა. XVI საუკუნის II ნახევარში დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენცია ბიჭვინთიდან გელათში გადმოიტანეს.

XVIII საუკუნიდან გელათის მონასტერში დიდი მასშტაბის აღდგენითი სამუშაოები გასწიეს გიორგი VI-მ, ალექსანდრე V-მ, სოლომონ I-მა, სოლომონ II-მ და გელათის ეპისკოპოსებმა. XVIII საუკუნის დამლევს მონასტერი ფლობდა 42 სოფელს.

იმერეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების (1810 წ.) შემდეგ გელათის მონასტერი საეკლესიო სენიორიიდან სახელმწიფო დაწესებულებად - შტატის მონასტრად იქცა.

ჯერ კიდევ XII საუკუნეში, დავით აღმაშენებლის თაოსნობით, გელათის მონასტერში დიდი შემოქმედებითი საქმიანობა გაჩაღდა. სხვადასხვა დროს აქ მოღვაწეობდნენ არსენ იყალთოელი, იოანე პეტრიწი, არსენ ბულმაისიმისძე, პეტრე გელათელი, ევდემონ ჩხეტიძე, ექვთიმე საყვარელიძე, გედეონ ლორთქიფანიძე (XVII ს.), ანტონ I, ზაქარია გაბაშვილი და სხვა.

გელათის მონასტერში ინახებოდა მდიდრულად მორთული და მინიატურებით შემკული ქართული ხელნაწერები, რომელთა დიდი ფონდი აქ ძველთაგანვე არსებობდა, აგრეთვე ქართული ჭედური ხელოვნების ბევრი შესანიშნავი ნიმუში (მაგ. ხახულის ღვთისმშობლის ხატი). გელათის მონასტრის ზღუდის გარეთ დაახლოებით 150 მ-ზე, მის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, შემორჩენილია სოხასტერის მონასტრის (საყუდებულ ბერთა სამყოფელი) ნანგრევები - ეკლესიების, კოშკის ტიპის საცხოვრებელი სახლებისა და სხვა ნაშთები. მონასტრის სამხრეთ-დასავლეთით მაღალ კონცხზე წმიდა საბას სახელობის დარბაზული ეკლესიის (X-XI სს.) ნანგრევებია. მის მახლობლად, გზის გაღმა, წმიდა ილიას სახელობის ეკლესიაა. მოშორებით, მდინარე წყალწითელის ხეობაში, ე.წ. "დავითის კონცხზე", მტრის თავდასხმისაგან მონასტრის დამცველი დიდი მრგვალი კოშკის ნანგრევები. 1923 წელს გელათის მონასტერი დახურეს. ამჟამად კი იგი ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ფილიალია.

ამ დროისათვის გელათის საკათედრო ტაძარში ქართველ რესტავრატორებთან ერთად გერმანელი ექსპერტები საქართველოს ოკუპაციის პერიოდშიც მუშაობდნენ. გელათის რეაბილიტაციისთვის კვლევითი სამუშაოები უკვე დასრულებულია - კულტურის მინისტრი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ქართველი და გერმანელი ექსპერტების დასკვნებს და განხორციელებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

კულტურის მინისტრის განცხადებით, გელათის სამონასტრო კომპლექსზე კვლევითი-სადიაგნოსტიკო სამუშაოები უკვე ერთი წელია მიმდინარეობს. ამ დროისთვის მოპოვებულია მნიშვნელოვანი საინფორმაციო მასალა, რომელიც სპეციალისტებს გელათის სრული რეაბილიტაციის განხორციელებაში დაეხმრება.



(c) გაზეთი "ახალი თაობა"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

2008 წელი

TOP.GE 
SpyLOG

მოგვწერეთ opentext@flashmail.com