"ახალი თაობა "
# 263
სამშაბათი, 23 სექტემბერი, 2008 წელი

სააკაშვილის რეჟიმისთვის ბოლო შემოდგომაა: ხელისუფლებამ დამღუპველი სამხედრო ავანტიურა განახორციელა

შორენა კოწოწაშვილი

ინტერვიუ ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთ ლიდერ ნესტან კირთაძესთან

- ქალბატონო ნესტან, რუსეთი რომ პოზიციების დათმობას არ აპირებს, ამას ის ფაქტებიც ადასტურებს, რომელიც თუნდაც სამეგრელოს რეგიონში ფიქსირდება. რას უნდა ველოდეთ რუსეთის მხრიდან და როგორ ფიქრობთ, დასრულდა საქართველოს ტერიტორიების ანექსიის პროცესი?

- ეს კითხვა ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს, რადგან საზოგადოება იმ პროპაგანდისტული მანქანის გავლენის ქვეშ არის, როდესაც მხოლოდ ინფორმაცია მიეწოდებათ იმის თაობაზე, რომ დასავლეთი საქართველოს მხარს უჭერს. ანუ მთელი დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგია. საქმე ისაა, რომ მოვლენათა ანალიზის შედეგად თანდათანობით ჩნდება იმ ხელშეკრულების შინაარსი, რომელიც ომის დაწყების წინ გაფორმდა რუსეთსა და სამშვიდობო პროცესში ჩართულ ევროკავშირის ხელმძღვანელ სარკოზს შორის. დღეს უკვე ცხადია, რომ მედვედევსა და სარკოზს შორის დადებულ ხელშეკრულებაში, არც მეტი, არც ნაკლები, დაფიქსირებულია საქართველოს ტერიტორიული დაშლა. ამ ვითარებაში რუსეთს ერთადერთი პასუხისმგებლობა ეკისრება - გაიყვანოს ჯარები მხოლოდ ბუფერულ ზონებამდე. უცხოურ პრესაში ყოველდღიურად ისმის რუსეთის ხელისუფლების კითხვა ევროპის მიმართ, რომ მათ დღემდე არ შეუსრულებიათ ის პასუხიმგებლობა, რომელიც აიღეს თავიანთ თავზე. სავარაუდოდ, ვგულისხმობ არა მხოლოდ ხელშეკრულებაში დადებულ პუნქტებს, რომელიც იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული, რომელზეც არის ორი სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერაც. ეს არის ეროვნული კატასტროფის დამადასტურებელი ფაქტი, რომელსაც რუსეთის, საფრანგეთის და საქართველოს პრეზიდენტები აწერენ ხელს. არამედ მეორე საკითხი: სავარაუდოდ ევროპა დაჰპირდა რუსეთს, რომ იგი ამ ხნის განმავლობაში მოახდენდა ზეგავლენას საქართველოში რეჟიმის შეცვლასთან დაკავშირებით. რუსეთის პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი ყოველდღე ახსენებენ საფრანგეთს და სიმბოლურად ევროკავშირს, რომ მათ მიერ აღებული პასუხისმგებლობა დღემდე განუხორციელებელია. ულტიმატუმის წესით ეს საკითხი სავარაუდოდ გააქტიურდება.

- საქართველოს რომელიმე კუთხეს ხომ არ შეექმნება საფრთხე?

- ჯერჯერობით ნათელია, რომ გარკვეული ტიპის დაძაბულობა იგრძნობა სამეგრელოს მხრიდან, რაც არ არის გამორიცხული, რომ უფრო ფართომასშტაბიან სამხედრო ტიპის ღონისძიებაში იყოს ჩართული. არ არის გამორიცხული სხვა ტერიტორიებიც. მხედველობაში მაქვს 8 აგვისტოს შემდგომი რუსული საინფორმაციო სააგენტოები, როცა ერთი მეორის გვერდით გამოფენილი იყო ორგანიზაცია "ჯავახკის" განცხადება სამცხე-ჯავახეთის ავტონომიის გამოცხადებასთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, ეს ავანტიურისტული ორგანიზაცია, რომელიც უკვე დიდი ხანია არსებობს, როგორც ნაღმი საქართველოში, გულისხმობდა აგრეთვე ქვემო ქართლის ავტონომიას. ღმერთმა დაიფაროს საქართველო ამ ტიპის ორგანიზაციის განცხადებების რეალიზაციისგან. მაგრამ, ეს საფრთხე, ეს ნაღმი პრაქტიკულად არსებობს საქართველოში. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს ნაღმი რაიმენაირად არ აფეთქდეს. ეს ნაღმი სერიოზულია, რეალურია და ამისთვის "ჯავახკი" იდეოლოგიურად დიდი ხანია ემზადება.

- ხელისუფლება აცხადებს, რომ არც ერთი გოჯი მიწის დაკარგვას ხელისუფლება არ აპირებს. ამ დროს კი ოპოზიციის ნაწილი საკმაოდ მკაცრად ითხოვს ხელისუფლების პასუხისმგებლობას. რას ნიშნავს ხელისუფლების განცხადებები?

- საქმე ისაა, რომ დასავლეთის ლიდერი ქვეყნების, იგივე აშშ-ს განცხადებები, რომელიც მიმართული იყო რუსული აგრესიის წინააღმდეგ, ამ ხელისუფლებამ წარმოადგინა, როგორც ხელისუფლების მხარდამჭერი. გარდა აშშ-ს პირველი პირებისა, რომლებიც, ვფიქრობ, პოლიტიკურად იძულებული იყვნენ, ამ სიტყვის კარგი გაგებით, რომ ეხსენებინათ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, თუმცა, მათ შესანიშნავად იციან, რომ ეს მართლაც მათ მიერვე განხორციელებული ექსპერიმენტი იყო და არაფერი ჰქონდა საერთო დემოკრატიულ არჩევნებთან და ხალხის სუვერენულ ნებასთან. ამის გამომხატველი უამრავი დოკუმენტური მასალა მათ მაგიდაზე დევს. რასაკვირველია, ხელისუფლების მხარდამჭერი განცხადებები არ გაუკეთებიათ. მაგრამ იმის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ, რომელმაც, ხაზს ვუსვამ, მოახდინა დამღუპველი სამხედრო ავანტიურა, რაც საფუძველი გახდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაშლისა, რომელიც არ არის გამორიცხული, შეიძლება გაგრძელდეს. ამ ავანტიურის შედეგი იყო ათიათასობით ადამიანის მსხვერპლი, მასობრივი მკვლელობებია, მათ შორის საქართველოს გენოფონდის მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურება. ასი ათასზე მეტი ახალი ლტოლვილი გაჩნდა ქვეყანაში. ამ ავანტიურის შედეგი იყო ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაფიქსირება საქართველოს ტერიტორიაზე, მუდმივი დესტაბილიზაცია და მუდმივი მძიმე მდგომარეობა, რომელიც დღეს არსებობს. ასეთ ვითარებაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების პროპაგნდისტული პიარი არის მხოლოდ პოლიტიკური თავშესაფარი. პრაქტიკულად დღეს უკვე გავიდა გარკვეული პერიოდი და გაჩნდა დაღვინებული განცხადებები ევროპის, აშშ-ს და სხვა სახელმწიფოების მხრიდან, მხედველობაში მაქვს სულ ახალი განცხადებები, რომელიც კონდოლიზა რაისის პირველმა მოადგილემ გააკეთა სენატში მოსმენის დროს. როდესაც ევროპა თანხმდება უპირობოდ იმასთან დაკავშირებით, რომ მათ სჭირდებათ ნავთობის და გაზის სტაბილური მომწოდებელი რუსეთის სახით და რუსეთსაც სჭირდება სტაბილური პარტნიორი, ანუ გამსაღებელი ევროპის სახით. ისინი ბევრად უფრო მეტ საერთოს ნახულობენ, ვიდრე კონფრონტაციისას. აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, უფრო მეტწილად დიდი სახელმწიფოები თანდათანობით თანხმდებიან ურთიერთთანამშრომლობაზე, ვიდრე რადიკალიზმზე და ურთიერთკონფრონტაციაზე. საქართველოს ხელისუფლების საკითხი კი ქართველმა ხალხმა და ოპოზიციამ ღირსეულად უნდა დააყენოს, გაააქტიუროს და დღის წესრიგიდან არ მოხსნას ვადამდელი არჩევნების საკითხი, იმიტომ, რომ ასეთი არის ლოგიკა. ეს არის სამართლიანობა. წინააღმდეგ შეთხვევაში უბრალოდ გაუგებარი გახდება საქართველოს დარჩენილ ტერიტორიაზე ამ რეჟიმის გაგრძელება.

- ფუჭი იმედები აქვს სააკაშვილის ხელისუფლებას, რომ დასავლეთის მხარდაჭერით შეძლებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას?

- აბსოლუტურად ფუჭია ეს იმედი და უფრო მეტწილად აქცენტები, რომლითაც ევროპას შეახსენებენ პასუხიმგებლობის იმ მონაკვეთს, რაც მათ აიღეს საპასუხისმგებლოდ. ხელშეკრულებაში ეს არ არის ჩაწერილი, მაგრამ ევროპული პასუხისმგებლობა არის საქართველოში რეჟიმის შეცვლის დემოკრატიული გზების აუცილებელი წინაპირობების ჩამოყალიბება. ხალხს ობიექტური ნების გამოხატვის შესაძლებობა წართმეული აქვს და როგორც ხედავთ, ამ საკითხზე უცხო სახელმწიფოების იღებენ თავის თავზე პასუხისმგებლობას.

- როგორ შეაფასებდით სააკაშვილის წლიურ ანგარიშს პარლამენტში? რა იყო ეს, რეალობისგან გაქცევის მცდელობა თუ დასავლეთის ზეწოლის შედეგად გაკეთებული განცხადებები?

- რასაკვირველია, დასავლეთის ზეწოლა თვალშისაცემი იყო. ყველამ მოვისმინეთ ნატოს გენერალური მდივნის მოკლე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მოხსენება. იმ დროს, როდესაც ნატოს გენმდივანი საქართველოში ჩამოდიოდა, სხეფერის რამდენიმე სერიოზული ინტერვიუ გაჩნდა სერიოზულ გამოცემებში. ამის პარალელურად გაჩნდა ერთი და იგივე ტექსტი: რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ უახლოესი მომავლისთვის. ამ ტექსტში იყო პრაქტიკულად რეკომენდაციები. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს რეკომენდაციები სააკაშვილის მხარდამჭერმა ერთ-ერთმა დასავლურმა სახელმწიფომ გაავრცელა. სწორედ ეს ტექსტი წაიკითხა სააკაშვილმა სხეფერთან შეხვედრის დროს "ქორთიარდ მარიოტში".



(c) გაზეთი "ახალი თაობა"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

2008 წელი

TOP.GE 
SpyLOG

მოგვწერეთ opentext@flashmail.com