|
|
"რეზონანსი "
ტექდათვალიერება ზოგი ავტოტრანსპორტისთვის სავალდებულო იქნება: ფეხით მოსიარულეები ტექშემოწმების შემოღებას ეთანხმებიან, მძღოლები - ეწინააღმდეგებიან ეკა გულუა
თებერვლიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელები ვალდებულები იქნებიან, თავიანთ საკუთრებაში არსებული ტრანსპორტი ტექდათვალიერებაზე გაატარონ. ახალ მექანიზმს სახელი ეცვლება და მას სავალდებულო ტესტირების ფირნიშები ერქმევა. საჭირო ტექნიკური რეგლამენტი ერთიანმა სატრანსპორტო ადმინისტრაციამ და შსს-მ შეიმუშავეს, თუმცა მის შესახებ მძღოლებმა არაფერი იციან. ფირნიშები მწვანე და ყვითელი ფერის იქნება. თუ ადრე მასზე დაფიქსირებული იყო გაცემის ვადა, ახალ ფირნიშზე მხოლოდ მოქმედების ვადა აისახება. ის საქარე მინის ქვედა მარცხენა კუთხეში განთავსდება. გადამზიდავები ფირნიშს ტესტირების ცენტრში უფასოდ მიიღებენ. ტესტირება რეგულარულ და საერთაშორისო გადაყვანებზე დასაქმებული ავტობუსებისთვის, სახიფათო ტვირთების გადამზიდავ სატრანსპორტო საშუალებებისთვის და 3 ტონაზე მეტი ტვირთამწეობის სატვირთო ავტომობილებისთვის იქნება სავალდებულო. საჭიროა თუ არა ტექდათვალიერება.
ქვეითად მოსიარულეები მკაცრი ტექდათვალიერების მომხრენი არიან, მძღოლთა უმეტესობა კი ამბობს, რომ ეს საჭირო არ არის, რადგან წარსულში არ გაამართლა. გამოკითხული 50 ფეხითმოსიარულეთაგან 50-ვემ აღნიშნა, რომ თუ ტექდათვალიერება ამოქმედდება, ისინი უფრო უსაფრთხოდ იქნებიან. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს. ნანა ვერულაშვილი: "ყველა სახის ტრანსპორტი ტენიკურად გამართული უნდა იყოს. ამისათვის კი მკაცრი კონტროლია საჭირო. ერთ მაგალითს გეტყვით, ძირითადად სამარშრუტო ტაქსით მიწევს მოძრაობა და შემიძლია ვთქვა, რომ "მარშრუტკების" 99% ტექნიკურად გაუმართავია. შესაბამისად, ისინი საავარიო სიტუაციას ხშირად ქმნიან, მანქანა მწყობრიდან გამოდის და მგზავრებს შუა გზაში გვიწევს ჩამოსვლა. არც ერთი ნორმალური ადამიანი არ გეტყვით, რომ ქალაქში ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტი არ უნდა დადიოდეს. გარდა ამისა, არანაკლები პრობლემაა, გამონაბოლქვი. რომ დააკვირდეთ, 10 მანქანიდან 7 მაინც შავ ბოლს უშვებს. ეს ხომ ჩვენს ჯანმრთელობას აზიანებს. თანახმა ვარ, შემოწმების მექამიზმი მაქსიმალურად მკაცრი იყოს". ტექდათვალიერების შემოღებას ოთარ ვახტანგაძეც ეთანხმება, თუმცა იმასაც ამბობს, რომ ეს კორუფციის წყარო არ უნდა იყოს: "კარგი ქნეს, რომ რამდენიმე წლის წინ ტექდათვალიერება გააუქმეს, იცით, რატომ. ვინც ფულს გადაიხდიდა, ტექნიკურად გამართულობის საბუთს ყველას აძლევდნენ. თუ ამჯერადაც ასე მოხდება, აზრი არა აქვს. ქალაქელები ვიხრჩობით, ტრასები გადატვირთულია და ტრანსპორტის 50%-ზე მეტი ამორტიზებულია. ასეთი მანქანები არ უნდა მოძრაობდეს". მძღოლების უმეტესობას სიახლე არ მოსწონს
ტექდათვალიერების შემოღებას განსაკუთრებით სამარშრუტო ტაქსის მძღოლები აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ სისულელეა. მათი ეჭვით, ეს ყველაფერი "მარშრუტკების" გასაქრობად კეთდება. "რა დროის ტექდათვალიერება იყო. ჯერ სხვა პრობლემებს მიხედონ და მერე ამას. თუ მკაცრი კონტროლის მექანიზმი ამოქმედდა, "მარშრუტკების" 50%-ზე მეტი ვერ იმოძრავებს. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ტრანსპორტი საკმარისი არ იქნება და შესაბამისად, მგზავრობის ფასებიც გაიზრდება. დიდი ხანია, ჩვენ გაქრობას გვიპირებენ და ვერ მოახერხეს, თუმცა თუ ტექდათვალიერებას აამოქმედებენ, ბუნებრივად გავქრებით. ისეთ სტანდარტებს დაგვიწესებენ, ვერ დავაკმაყოფილებთ და იძულებულები გავხდებით, მანქანები გავაჩეროთ," - გვითხრა ერთ-ერთი "მარშრუტკის" მძღოლმა. რაც შეეხება მსუბუქი მანქანების მძღოლებს, ისინი თანახმანი არიან ტექდათვალიერება გაიარონ, თუმცა მინიმალური თანხის სანაცვლოდ. მძღოლთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ეს საჭირო არ არის. რამდენიმემ კი აღნიშნა, რომ აუცილებელია, რადგან ქალაქში უამრავი გაუმართავი მანქანა მოძრაობს რაც მათ საფრთხეს უქმნის. "ახალი მანქანების გარდა, ტექდათვალიერება ყველას უნდა შეეხოს"
ტექდათვალიერებასთან დაკავშირებით საავტომობილო ფედერაციის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძეს ვესაუბრეთ. მისი თქმით, ეს აუცილებელია, თუმცა ჯერჯერობით ინფორმაციებს არ ფლობს რა სტანდარტებზეა საუბარი. მისივე თქნმით, მანქანას, რომელსაც 4 სამუხრუჭე მექანიზმიდან მხოლოდ ერთი უმუშავებს, ის გზაზე არ უნდა დადიოდეს. შალვა ოგბაიძე: ფირნიშები იგივეა, რაც ადრინდელი ტექდათვალიერება, მხოლოდ სახელწოდება იცვლება. სამწუხაროა, რომ ჯერ სტანდარტები ცნობილი არ არის, ავტოტრანსპორტის მფლობელებს რა მოთხოვნები წაეყენება. კარგი იქნება, თუ წინასწარ სოციალური აგიტაცია ჩატარდება, რომ ეს აუცილებელია. ამას მე ვეთნხმები. "რ": იქნებ დააკონკრეტოთ, რატომ არის ტექდათვალიერება აუცლებელი. შ.ო: ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენთან არსებული საგზაო მოძრაობის წესები განსაზღვრავს ავტომანქანების უწესრიგობების იმ აუცილებელ ჩამონათვალს, რისი გამოვლენის შემთხვევაში მანქანას ექსპლოატაცია იკრძალება. ეს არის საბურავის პროტექტორის ზომა, მინის მწმენდების გაუმართავი მუშაობა ან მწყობრიდან გამოსვლა, გამონაბოლქვში მომწამლავი ნივთიერების კონცენტრაციის მომატება, სამუხრუჭე სითხის გაჟონვა. ეს არის ისეთი ტიპიური უწესრიგობები, რომელიც მანქანის ექსპლოატაციას კრძალავს. ამიტომ მთავარია არა ფირნიშის არსებობა, არამედ მანქანის რეალური მდგომარეობა უსაფრთხოებისა და ეკოლოგიის თვალსაზრისით. "რ": ხშირია შემთხვევები, როცა ჩამოთვლილი წესები დარღვეულია. შ.ო: რა თქმა უნდა, თუმცა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის დროს მანქანის ტექნიკური მდგომარეობა არ კლასიფიცირდება. მაგალითად, ხშირია შემთხვევა, როცა მანქანა დამუხრუჭების დროს საკურსო მდგრადობას კარგავს. მკვეთრი დამუხრუჭების დროს არაერთი მანქანა გვინახავს, რომელიც ვერ ჩერდება. ვერ დავეთანხმები როცა ამბობენ, საწყალმა ადამიანმა რა ქნასო. მანქანას, რომელსაც 4 სამუხრუჭე მექანიზმიდან მხოლოდ ერთი უმუშავებს, ის გზაზე არ უნდა დადიოდეს. "რ": მართალია, ტექდათვალიერება ადრეც არსებობდა, თუმცა ის დიდი კორუფციის წყარო იყო. როგორ ფიქრობთ, ახალმა მეთოდმა რა სისტემით უნდა იმუშაოს და ისევ კორუფციულ გარიგებებს და გაუმართავ ტრანსპორტს ხომ არ მივიღებთ. შ.ო: სამწუხაროდ, არ ვიცი, რა სტანდარტები იქნება დადგენილი. ჩემი აზრით, ძირითადი მოთხოვნა, რომელიც უნდა გაითვალისწინონ, ის უნდა იყოს, რომ ახალ, ნულოვანი გარბენის მქონე მანქანებს ტექდათვალიერება არ უნდა შეეხოს. ამას გარდა, ჩვენი საავტომობილო პარკის სპეციფიკის გათვალისწინებით, სადაც, სამწუხაროდ, ძალიან დიდი ნაწილი 90-იან წლებში გამოშვებული მანქანებია, ისეთი სტანდარტები უნდა დადგინდეს, რომლის იქითაც მოძრაობა უნდა ეკრძალოთ. ცალკე პრობლემაა გაცვეთილი საბურავებით ვაჭრობა, რაც ჩვენთან ძალიან სარფიან ბიზნესად გადაიქცა. თუ სახელმწიფო აქაც თავის სიტყვას იტყვის და ახალი საბურავის შემომტან ფირმებს წაახალისებს, ნახმარი საბურავების შემოტანა შემცირდება, რაც მანქანების გამართულობაზე აისახება. "რ": თქვენი აზრით, მინიმუმ რამდენწლიანი და რა ტიპის მანქანები უნდა დაექვემდებარონს ტექდათვალიერებას. შ.ო: ახალი მანქანების გარდა, ტექდათვალიერება ყველას უნდა შეეხოს. ეს მთელ მსოფლიოში ასეა და აუცილებელია ყველა სახის ტრანსპორტისთვის. როცა ტექდათვალიერება გაუქმდა, ეს თანხა დიდი ნამდვილად არ იყო, რომ მისი გადახდა ვინმეს გაძნელებოდა. ეს იყო წელიწადში 25 ლარამდე მსუბუქი მანქანისათვის, რაც საკმაოდ მიზერული თანხაა. მაშინ იმიტომ გაუქმდა, რომ კონტროლის რამდენადმე გამკაცრებამ საკმაოდ დიდი რიგები გამოიწვია. ამის შემდეგ სახელმწიფომ ჩათვალა, რომ ამ სფეროში დიდი კორუფცია გაჩნდა. საქართველოში ნამდვილად არ გაჭირდება პატიოსანი ადამაინების მოძიება, ვინც ამას წესიერად განახორციელებს. "რ": როგორ ფიქრობთ, ის ბიურო რომელიც ტექდათვალიერებას განახორციელებს, სახლემწიფო უნდა იყოს თუ კერძო. შ.ო: ეს უნდა იყოს კერძო, თუმცა სახელმწიფოს ხელში უნდა დარჩეს მათი რეგულირება და აკრედიტაცია. სახელმწიფომ მანქანა კი არ უნდა აკონტროლოს, მან უნდა აკონტროლოს პიროვნება, რომელიც ამ მანქანის სტანდარტებთან შესაბამისობაზე დასკვნას გასცემს. თუ ყალბ ცნობას გასცემენ, უნდა არსებობდეს დიდი ჯარიმა და, შესაბამისად, ის ფირმა ამ საქმიანობას უნდა ჩამოშორდეს. "რ": რაც შეეხება ფასებს, როგორ ფიქრობთ, ფასები რამდენად ხელმისაწვდომი იქნება. შ.ო: ყველაზე მკაცრი ევროპული სტანდარტებია. თუ შევთანხმდებით, რომ საქართველომ უნდა განსაზღვროს მინიმალური მოთხოვნა, ეს დიდ თანხებთან დაკავშირებული არ იქნება. ჩვენი ავტოპარკი ისეთი მანქანებისგან შედგება, ვშიშობ, კონტროლის ოდნავი გამკაცრების შემთხვევაში რომელიმე მანქანამ ამ პროცედურის გავლა შეძლოს. "რ": ანუ, ქალაქში გადაჭედილი ტრანსპორტი შესაძლებელია შემცირდეს. შ.ო: ჯერჯერობით ვერ ვნახე შემთხვევა, როცა მანქანა, რომელიც ქალაქს ჭვარტლავს, თვლები აქვს გაჩაჩხული, ფარები აქვს აცა-ბაცა, უკან გამოსდის შავი ბოლი, გაბზარული აქვს წინა საქარე მინა და ასე შემდეგ, გააჩერეს. ეს ყველაფერი სატრანსპორტო ადმინიტრაციამ უნდა განახორციელოს. ველოდები, ის მოახლოებულ სტანდარტებს რომელ არასამთავრობო ორგანიზაციასთან მოთელავს, რომ მოსახლეობა ინფორმირებული იყოს. გული მწყდება, რომ მსგავსი დოკუმენტები ძალიან ხშირად რომელიღაც კაბინეტში, რომელიღაც ჩინოვნიკის ტვინის ნაჟურს შეადგენს და სპეციალისტებთან და ექსპერტებთან შეჯერებული არ არის".
საქართველოში 1989 წელზე ძველი 250 ათასი ავტომანქანაა
საქართველოში 2000-2005 წლების გამოშვების 17 ათასი, 1995-1999 წლების - 45 ათასი, 1990-1994 წლების - 117 ათასი, 1985-1989 წლების - 120 ათასი, 1985 წლამდე გამოშვების კი 130 ათასი ავტომანქანაა. ასეთ მონაცემებს საქართველოს ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირი აქვეყნებს. კავშირის ცნობით, საწვავის წვის შედეგად გარემოში მავნე ნივთიერებების გამოფრქვევის დონე დამოკიდებულია სწორედ სატრანსპორტო საშუალებების ვარგისიანობასთან. კავშირის თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილის თქმით, მანქანების უმრავლესობას კატალიზატორული სისტემა არ გააჩნია ან ის მწყობრიდანაა გამოსული. კატალიზატორული სისტემა კი ხელს უწყობს მანქანას საწვავის ბოლომდე დაწვას და მავნე ნივთიერების გარემოში გამოფრქვევა მინიმუმამდე მცირდება.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |