|
|
"რეზონანსი "
"იავნანას" აქცია სამი ოჯახის გადასარჩენად გრძელდება: პაატა ბურჭულაძის ფონდი კიდევ ერთ საქველმოქმედო საღამოს გამართავს და მას თბილისს მიუძღვნის ლელა ოჩიაური
თებერვლის ბოლოს პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდი "იავნანა" მორიგ საქველმოქმედო აქციას მართავს. საღამო თბილისს ეძღვნება და მასში, სხვა ცნობილ ხელოვანებთან ერთად, როგორც ჩაფიქრებულია, მონაწილეობას მიიღებენ საზღვარგარეთ მოღვაწე ორი მეტად პოპულარული და მაყურებლის საყვარელი მსახიობი - ლევან უჩანეიშვილი და რეზო ჩხიკვიშვილი. ამ დღეს გაიხსნება "იავნანას" მიერ მომავლის გადასარჩენად დაგეგმილი კიდევ ერთი აქციის ყულაბები, საიდანაც ამოღებული თანხა სამ უბინაო მრავალშვილიან ოჯახს მომხმარდება. ეს აქცია სამ კვირას უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ ქველმოქმედების მსურველთა უწვეტი ნაკადის გამო, უკვე თვეზე მეტია მიმდინარეობს და კიდევ ერთი თვე გაგძელდება. ყულაბები ახალი წლის წინა დღეებში სავაჭრო ცენტრ "ჯი-თი-სი"-სა და "პოპული-სითი"-ში დაიდგა, "ჯი-თი-სი"-ს, "საქართველოს ბანკისა" და სუპერმარკეტების ქსელის "პოპული" ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერითა. საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობის მიღება სავაჭრო ცენტრებში მისულ საზოგადოებას ყოველ დღე შეეუძლია. მათ შეუძლიათ ამ ყულაბებში თუნდაც ხურდა ჩაყარონ და "საქართველოს ბანკის" ნარინჯისფერი სამაჯურები, წარწერით - "ერთად გადავარჩინოთ მომავალი" - მიიღონ. ეს ქველმოქმედად გახდომას ნიშნავს, თუნდაც იმიტომ, რომ ყველაზე მცირე შემოწირულობაც კი გადამწყვეტი იქნება იმ ოჯახებისთვის, რომელთა შვილები უსახსრობისა და უსახლკარობის გამო ბავშვთა სახლში იზრდებიან. ამჯერად, "იავნანა" ბინებს შეუძენს - რვა მცირეწლოვანი შვილის დედას, რომელსაც შემოსავლის მინიმალური წყაროც კი არ გააჩნია. იგი დროებით თავშესაფარში ცხოვრობს, ნესტიან ბინაში, ყოვლად გაუსაძლის პირობებში, რის გამოც მისი უმცროსი ვაჟი ასთმური ბრონქიტით დაავადდა. ბავშვები მტკივნეულად განიცდიან ბავშვთა სახლში ყოფნას და დედასთან დაბრუნებას ითხოვენ. მეორე მრავალშვილიანი ოჯახი მტკვრის სანაპიროზე მატარებლის ძველ ვაგონში ცხოვრობს, მეექვსე ვაჟი 4 წლისაა. ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების არქონის გამო, ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. 6-შვილიან მარტოხელა დედას, რომელიც ბავშვებთან ერთად 6კვ.მ. დროებით თავშესაფარში ცხოვრობს და დაუყოვნებლივ სჭირდება საზოგადოების თანადგომა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის იძულებული გახდება შვილები ბავშვთა სახლში მიაბაროს. მკითხველს შევახსენებ, რომ საქველმოქმედო ყუთების იდეა 14 დეკემბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, მონტსერატ კაბალიეს საქველმოქმედო კონცერტზე გამოცხადდა, მაშინ, როდესაც "იავნანას" ყულაბები დარბაზში პირადად პაატა ბურჭულაძემ ჩამოატარა, პატარა თანაშემწეებთან ერთად. ამ ყუთებში სხვადასხვა რაოდენობის თანხა მთელმა დარბაზმა ჩაყარა. ამავე კონცერტზე კიდევ ერთ ახალ პროექტს ჩაეყარა საფუძველი. პაატა ბურჭულაძის თქმით: "რამდენიმე თვის წინ გამოგვეხმაურა "საქართველოს ბანკი" და ბატონმა ლადო გურგენიძემ, მაშინ ბანკის მმართველმა, გამოთქვა სურვილი, რომ "იავნანასთან" ერთად ბანკში შექმნილიყო ფონდი და საქმე ერთობლივად გვეკეთებინა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იყო ბანკის სურვილი და ინიციატივა და არანაკლებ სასიამოვნოა და გასახარებელი, რომ როდესაც ამის შესახებ "ჯეოსელის" დირექტორმა შეიტყო (რომელთანაც საუბარი, ერთად რაღაცის კეთებაზე, ადრეც იყო), აქციაში მონაწილეობის სურვილი მანაც გამოთქვა. ეს მოგვცემს საშუალებას შევაგროვოთ თანხა, რათა "იავნანა" არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ შემოწირულებებზე და ყოველ წუთას ხელგაწვდილი არ დადიოდეს ორგანიზაციებში." ამ აქციის ფარგლებში "საქართველოს ბანკი" ნებისმიერი შემოწირულობიდან, რა თანხაც უნდა იყოს, ერთ ლარს გაიღებს და "იავნანას" გადაურიცხავს. ხოლო "ჯეოსელი" (რომლის თანამშრომლები "იავნანასთვის" საკუთარი ხელფასიდან გარკვეულ თანხას იხდიდნენ) საქმეში მილიონნახევრამდე აბონენტით ჩაებმვა. მსურველებს მონაწილეობის მიღება ორი ფორმით შეუძლიათ - აკრიფონ მარტივი ნომერი 30-30 და მეორე, გააკეთონ ელექტროხელმოწერა, გახდნენ აბონენტი და მათ ავტომატურად, "ჯეოსელის" შემოსავლიდან, ყოველთვიურად ერთი ლარი ჩამოეჭრებათ. ფონდისთვის პირველი შენაწირი მონტსერატ კაბალიემ გაიღო, რომელმაც "საქართველოს ბანკის" საფირმო სამაჯური (რომლის "საწყისი" ფასი 1 ლარი იყო) 10 ევროდ შეიძინა. ასევე პირველი იყო პაატა ბურჭულაძე, რომელმაც "ჯეოსელის" საქველმოქმედო ნომერი 30-30 პირველმა აკრიფა და ახალ ფონდში პირველი თანხა შეიტანა. იმ საღამოს "იავნანას" ყულაბაში პირველი შესაწირი ისევ მონტსერატ კაბალიემ ჩაუშვა. მან 2000 დოლარი, მისმა ქალიშვილმა, მონტსერატ მარტიმ კი, 1000 დოლარი გაიღეს. პაატა ბურჭულაძემ საზოგადოებას აუწყა, რომ ფულს აფხაზი გოგონას ქრისტინესთვის აგროვებდა, რომელსაც დამწვრობის შემდეგ სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა, მაგრამ არც აფხაზეთის თვითაღიარებული და არც რუსეთის ხელისუფლება, დაპირების მიუხედავად, ბავშვს არანაირად არ დაეხმარნენ. ამჯერად, "იავნანას" ახალი აქციის წარდგინებაზე, ფონდის სამხატვრო ხელმძღვანელმა, თეონა ჯორბენაძემ საზოგადოებას აუწყა, რომ მონტსერატ კაბალიეს კონცერტის დროს შეგროვილი თანხით (20000 ლარი და 6000 დოლარი) კი, ქრისტინეს კლინიკა "მედლაინის" ექიმებმა ოპერაცია უკვე გაუკეთეს. "რეზონანსი: როგორ დაითანხმეთ მონსერატ კაბალიე თბილისში ჩამოსვლასა და საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობაზე. პაატა ბურჭულაძე: ხშირად ვამბობ, რომ, რაც უფრო დიდია მომღერალი, მით უფრო ადვილია მისგან თანხმობის მიღება საქველმოქმედო პროექტში მონაწილეობაზე. მე დიდი ხანია ვმეგობრობ მონსერატთან და მის ოჯახთან. საქართველოში ჩამოსვლაზე თანხმობა მონტსერატისგან პირველი შეთავაზებისთანავე მივიღე. კაბალიეების ოჯახს 70-იანი წლებიდან აქვს საქველმოქმედო ფონდი, რომელიც უნარშეზღუდულ ბავშვებს ეხმარება. მათ გულთან ახლოს მიიტანეს ჩვენი ბავშვების პრობლემაც. საერთოდ, მონტსერატი, ისევე როგორც ყველა გამოჩენილი ხელოვანი, დიდ დროს უთმობს ქველმოქმედებას. "რ.": თქვენი წყალობით, საკუთარ ოჯახებს 146 ბავშვი დაუბრუნდა. ფონდი ძალიან მნიშვნელოვან საქმეებს ახორციელებს. რას ნიშნავს თქვენთვის "იავნანა". პ.ბ.: მინდა გითხრათ, რომ ეს მხოლოდ ჩემი წყალობით არ მომხდარა - ყველა ჩვენგანის წყალობითაა, ვინც ფონდში გავერთიანდით. "იავნანას" გარშემო მართლაც ძალიან დიდი, ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოება შეიკრიბა და ძალიან მიხარია, რომ ამ დიდ საქმეს ყველა ერთად ვაკეთებთ. როდესაც სცენაზე მოღვაწეობის 25 წლისთავი მქონდა, თბილისში ვიყავი და მსოფლიოს კვების პროგრამის ("ვორდ ფუდ"-ის) წარმომადგენლებმა ჩემს საღამოზე სიტყვით გამოსვლის ნება მთხოვეს. გამოვიდნენ და ხალხს მოახსენეს, თუ რას აკეთებდნენ საქართველოში. აღმოჩნდა, რომ თურმე 100000-ბით ადამიანს კვებავდნენ. შემდეგ, როდესაც "მომავლის სახლში" ვნახე, რა მდგომარეობაში არიან საქართველოში მცხოვრები ბავშვები, გაოცებული დავრჩი. გადავწყვიტე, რომ აუცილებელია მათი დახმარება, თუმცა, მართალია, მაშინ ასეთ მასშტაბზე ვერ ვიფიქრებდი, წარმოუდგენლადაც მიმაჩნდა - ამ საქმეში აბსოლუტურად გამოუცდელი ვიყავი. შევკრიბე რამდენიმე მეგობარი, დავსხედით, დავილაპარაკეთ და ნელ-ნელა, ნელ-ნელა დავიწყეთ. 146 ბავშვი, ცხადია, თავისთავად კარგი რეზულტატია, მაგრამ, ვფიქრობ, ბევრად მეტი შეგვიძლია გავაკეთოთ და მე მგონი, ყოველ წელს, ოჯახებში, 100-მდე ბავშვი (შეიძლება უფრო მეტიც) უნდა დავაბრუნოთ. ჩემი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მაქსიმალურად მოვიზიდოთ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები. მათი რიცხვი ძალიან დიდია. პირველ რიგში, მინდა, ისინი დავაინტერესოთ, ვინც შეძლებულია. ვფიქრობ, ისინი უბრალოდ ვალდებული არიან, რომ ბავშვების დაეხმარონ. "რ.": თქვენ, "იავნანას" ეგიდით, ქართველი მუსიკოსების მონაწილეობით, ძალიან წარმატებული გალა კონცერტები გქონდათ გერმანიაში, ისრაელში, ესპანეთში, ინგლისში. პ.ბ.: ჩემთვის საამაყოა, რომ ჩვენი უცხოური საქველმოქმედო გალა კონცერტები უკვე დაუკავშირდა "ქართული სეზონის" სახელს. კულტურის სამინისტროსთან ერთად კონცერტი მადრიდში გვქონდა, რომლის დასასრულს, ესპანელი მაყურებელი კითხულობდა, თუ სად იყო საქართველო. ერთმა ქალბატონმა კი, ხმამაღლა განაცხადა - დღესვე ვყიდულობ ბილეთს და საქართველოში მივდივარო. ეს გალა კონცერტები არამხოლოდ ჩვენს ბავშვებს ეხმარება, არამედ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენი ქვეყნისა და კულტურის პოპულარიზაციის საქმეში. ლონდონში, ჩვენი ფონდის დიდი მხარდამჭერის "საქართველოს ბანკის" ლონდონის ბირჟაზე გასვლის ერთი წლის იუბილესთან დაკავშირებით, მათი თავიანთი პარტნიორები სწორედ "იავნანას" მხარდასაჭერად გამართულ საქველმოქმედო საღამოზე მოიწვიეს და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი აქცია იყო. სამი ოჯახის გადასარჩენად გამართული აქციის პრეზენტაციაზე, სავაჭრო ცენტრ "ჯი-თი-სი"-ში, მისი გენერალური დირექტორის თათა სახელაშვილის ინიციატივით, გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი თამრიკო ჭოხონელიძისა და მისი სტუდიის პატარა წევრების მონაწილეობით. მათ მოსასმენად, კონცერტზე სპეციალურად იყვნენ მოწვეული "მომავლის სახლის" აღსაზრდელები, რომლებმაც დამოუკიდებლად და თამრიკო ჭოხონელიძესთან ერთად რამდენიმე სიმღერა შეასრულეს. მისივე აკომპანიმენტით და მასთან ერთად, პირადი ინიციატივით, საახალწლო სიმღერა "მოწყენილი სახეები დღეს არ იქნება...", იმღერა პატარა "იავნანელმა", "იავნანას" მეგობარმა ნიკოლოზ კვინიხიძემ, რომელიც ამ დღისთვის საგანგებოდ, სადღესასწაულო შავ კოსტუმსა და პეპელა-ჰალსტუხში იყო გამოწყობილი. კონცერტში მონაწილეობდა ლინდა თურქოშვილი - გოგონა, რომელიც "იავნანას" სამხატვრო ხელმძღვანელმა თეონა ჯორბენაძემ 2 წლის წინ თამრიკო ჭოხონელიძის სტუდიაში მიიყვანა. ამ ისტორიაში უცნაური არაფერი იქნებოდა, ერთი გარემოება რომ არა - ლინდა "მომავლის სახლში" იზრდება. იგი თამრიკოსთან შეხვედრასა და მის სტუდიაში სწავლაზე ოცნებობდა და არათუ ეს ოცნება აუსრულდა (აღსანიშნავია, რომ თამრიკო ჭოხონელიძე გოგონას სრულიად უანაგაროდ ამეცადინებს), არამედ ისიც, რაზეც ალბათ, ფიქრსაც კი ვერ ბედავდა. ვოკალის პედაგოგმა ლინდას ბუნებრივი მონაცემები ისე დახვეწა, რომ იგი "ევროვიზიის" ფინალში 12 საუკეთესო ბავშვს შორის მოხვდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ლინდა პაატა ბურჭულაძის ფონდის სტიპენდიანტია. "მომავლის სახლის" ბავშვებს "ჯი-თი-სი"-ში გაერთიანებულმა თითქმის ყველა მაღაზიამ და "პოპული-სითიმ" უამრავი, ნაირ-ნაირი საშობაო საჩუქარი გადასცეს. ამავე დროს ისინი დაასაჩუქრეს გაზეთმა "ცნობის ფურცელი" და "მეტეხი-ჯგუფმა". ამ აქციის განმავლობაში "პოპული-სითისა" და ამ ბრენდის სუპერმარკეტების ქსელში იყიდება "თელიანი ველის" მიერ მონტსერატ კაბალიეს პატივსაცემად ექსკლუზიურად ჩამოსხმული, უნიკალური ღვინის "მონტსერატი" 100 ბოთლი, მომღერლის გამოსახულებიანი ეტიკეტით და ასევე, მის პატივსაცემად დამზადებულ, სასუვენირო შოკოლადის ფილებთან (რომლებიც მონტსერატ კაბალიეს კონცერტის პროგრამებსაც ამშვენებდა) კომპლექტში. ცხადია, გაყიდვიდან შემოსული თანხაც ქველმოქმედებას მოხმარდება. კეთილი მაგალითი რომ ცუდზე არანაკლებ გადამდებია, "იავნანას" შემთხვევაში, ხშირად შეიძლება დავრწმუნდეთ. ქველმოქმედების ის მასშტაბი, რომელიც პაატა ბურჭულაძის ფონდმა გაშალა, მისი მრავალრიცხოვანი სამეგობრობები (და უკვე არამხოლოდ საქართველოში, არამედ, მსოფლიოშიც, რომელთაგან ერთ-ერთია, საქართველოს ელჩი ესპანეთში ზურაბ პოლოლიკაშვილი, რომელმაც ესპანეთში "იავნანას" სამი სამეგობრო შექმნა და მათთან ერთად რეგულარულად ეხმარება სოციალურად დაუცველ სამ ქართულ ოჯახს), ასზე მეტი ოჯახი, რომელსაც უკვე საკუთარი ბინა თუ სახლი აქვს, სოციალური დახმარებების მთელი სპექტრი, "საქართველოს ბანკისა" და "ჯეოსელის", "პოპულისა" და "ჯი-თი-სის" ინიციატივები, და ა.შ. ამას ადასტურებს. ამას ადასტურებს "პოპულისა და "ჯი-თი-სი"-ში სამი ოჯახის გადასარჩენად მიმდინარე აქციის დროს სამი ხელოვანის - ნატო მეტონიძის, დათო დოიაშვილისა და ნიკა მემანიშვილის მიერ კუთვნილი ჰონორარის - 5000 ლარის "იავნანას" სამეურვეო ბავშვებისთვის შეწირვის ფაქტი, თბილისის მერიასთან შეთანხმებით. ან, თუნდაც კარგად ცნობილი ხმის რეჟისორის, გენა მამედოვის (რომელსაც "ჯი-თი-სი"-ს კონცერტის მუსიკალურ-ხმოვანი მხარე მიჰყავდა), შემოწირულობა - 1000 ლარი. "იავნანას" საქველმოქმედო ყუთები "ჯი-თი-სი"-სა და "პოპული"-ს ქსელში მოქალაქეების შენაწირებით ყოველ დღე ივსება და თებერვლის ბოლოს, ჩვენ მომსწრე გავხდებით, როგორ იპოვის თავშესაფარს კიდევ სამი უბინაო ოჯახი, როგორ დაუბრუნდებიან დედებს ბავშვები პაატა ბურჭულაძის ფონდისა და ამჯერად არა ბიზნესმენებისა თუ შეძლებული ადამიანების, არამედ ნებისმიერი მსურველის მიერ გაღებული თანხის წყალობით
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |