|
|
"რეზონანსი "
მერაბიშვილი გაუპატიურებაში ბრალდებულ პოლიციელს მფარველობს.
(ინტერპრესნიუსი) ბათუმის სასამართლომ 50 000 გირაოს სანაცვლოდ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ გაუპატიურებაში ბრალდებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების ოპერატიული თანამშრომელი გიორგი ჩიქოვანი გაათავისუფლა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საინფორმაციო სააგენტო "სი-ეიჩ-ენი"-დან აცნობეს. მათი თქმით, აღნიშნულ ინფორმაციას გაზეთი "ბათუმელები" ავრცელებს. გაზეთის ცნობით, დანაშაულის "აღიარებისა და მონანიების" შემდეგ სპეცსამსახურის თანამშრომელი წინასწარი პატიმრობიდან გირაოთი გაათავისუფლეს. როგორც სტატიის ავტორი ეთერ თურაძე იტყობინება, ბათუმის სასამართლო უმეტეს შემთხვევაში გირაოთი არ ათავისუფლებს სხვა, გაცილებით ნაკლები სიმძიმის დანაშაულებში ეჭვმიტანილებს. "სი-ეიჩ-ენის" ინფორმაციის მიხედვით ცნობილი ხდება, რომ ამ საკითხს საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარიც იკვლევს. 32 წლის გიორგი ჩიქოვანი, პროკურატურის საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ერთდროულად კუდ-ის ოპერატიული თანამშრომელიცაა და გამომძიებელიც. სამართალდამცავებმა იგი ფაქტზე დააკავეს. პროკურატურის მიერ წარდგენილი საბრალდებო დასკვნის მიხედვით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების ოპერატიული თანამშრომელი, გამომძიებელი გიორგი ჩიქოვანი 28 აგვისტოს ღამეს, სახლში შეეჭრა მოქალაქე ს. წ.-ს და განსაკუთრებული სისასტიკით გააუპატიურა: "ჩიქოვანმა წ-ს რამდენჯერმე დაურეკა პირად ტელეფონზე და მოსთხოვა სქესობრივი კავშირის დამყარება. წ-მ კი მობილური ტელეფონი გათიშა და დაიმედებულმა იმით, რომ ჩიქოვანი მას ვეღარ შეაწუხებდა, დაიძინა. ამის შემდეგ ჩიქოვანმა გადაწყვიტა, ქალის ნების საწინააღმდეგოდ ბინაში შესულიყო და სქესობრივი კავშირი დაემყარებინა. "მან თავზე ნიღაბი ჩამოიცვა, მეოთხე სართულზე აძვრა და ბინაში აივნიდან შევიდა. ნიღბის მოხსნის შემდეგ, როცა დანის დემონსტრირებით მიზანს ვერ მიაღწია, თავისი განზრახვა განსაკუთრებული სისასტიკით მოიყვანა სისრულეში. ამისათვის მან დაზარალებულს სცემა თავისა და ტანის არეში, რის შედეგადაც მას განუვითარდა ტვინის შერყევა, ქვედაყბის ძვლის მოტეხილობა, ორივე თვალბუდის მრავლობითი სისხლანაჟღენთები. იყო დაზარალებულის სისასტიკით ცემა", - წერია საბრალდებო დასკვნაში. ამავე დოკუმენტის მიხედვით, გიორგი ჩიქოვანმა გადალახა ს.წ.-ის წინააღმდეგობა, ამ მდგომარეობაში მყოფი ადვილად დაიმორჩილა და მისი ნების საწინააღმდეგოდ დაამყარა სქესობრივი კავშირი ძალადობით. როგორც დაზარალებულმა "ბათუმელებს" განუცხადა, მათ ზუსტად არ იცოდნენ, ნამდვილად იყო თუ არა გათავისუფლებული ჩიქოვანი და სასამართლოში ამის გადასამოწმებლად მივიდნენ: "გვეუბნებოდნენ გაათავისუფლესო, მაგრამ ვერ წარმოგვედგინა. ახლა ჩემი თვალით დავინახე". გაუპატიურებაში ბრალდებულ ჩიქოვანის მფარველობაში, დაზარალებულები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვანო მერაბიშვილს ადანაშაულებენ: "ჩიქოვანს ბავშვობიდან ვიცნობ, უბნელები ვართ. რამდენჯერმე ჩემთან აქვს ნათქვამი, რომ მერაბიშვილისა და ახალაიების ძმაკაცია და თუ რამე დამჭირდებოდა, ყველაფერში დამეხმარებოდა. მეუბნებიან, რომ სამსახურში ისევ აღადგინეს, ეტყობა, ეს ამ კავშირების წყალობით მოახერხა". როგორც "ბათუმელებთან" საუბრისას დაზარალებულის დედა აცხადებს, გაჩუმების სანაცვლოდ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ოჯახს მრავალ მატერიალურ სიკეთეს დაჰპირდნენ, ხოლო მას შემდეგ, რაც ამ ხერხებმა არ გაჭრა, კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები მათთვის დამახასიათებელ მუქარაზე და ზეწოლაზე გადავიდნენ.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |