|
|
"რეზონანსი "
კუკავა: ჯერჯერობით არც ერთ საკითხზე შეთანხმება არ არის ეკა ბასილაია
სამშაბათს გახდება ცნობილი, დააკმაყოფილებს თუ არა ხელისუფლება ოპოზიციის 17 მოთხოვნას და დაიწყება თუ არა 15 თებერვლიდან მასშტაბური საპროტესტო აქციები. "ნინო ბურჯანაძესთან დიალოგი მიმდინარეობს. სამშაბათისთვის წამოდგენილი იქნება პოზიციების საბოლოო ვარიანტი... ჩვენი მოთხოვნები ყველა შემთხვევაში შესრულდება - უბრალოდ შეიძლება გადაწყდეს შეთანხმების გზით 15 თებერვლამდე, ან 15 თებერვლის შემდგომ საპროტესტო აქციების შედეგად," - აცხადებს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის თავმჯდომარესთან დაწყებული მოლაპარაკებების აქტიური წარმმართველი კახა კუკავა. შეგახსენებთ, რომ 29 იანვარს "ერთიან ეროვნულ საბჭოში" გაერთიანებულმა 12 პარტიამ ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს 17 პუნქტიანი მემორანდუმი გაუგზავნეს. მემორანდუმის მიხედვით, ოპოზიცია ითხოვს განხორციელდეს კონსტიტუციური ცვლილება, რომლის თანახმადაც ახლადარჩეულ პარლამენტს წარედგინება მთავრობის ახალი შემადგენლობა, გამოძიებულ იქნეს 7 ნოემბრის მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევის, პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმისა და ზეწოლის ფაქტები, გადაყენებულ იქნას შს მინისტრი, გენერალური პროკურორი და გაუქმდეს პოლიტიკური პოლიციის ქვედანაყოფები, შეიქმნას სამართალდამცავი ორგანოების მონიტორინგის სისტემა. ასევე, პარიტეტის საფუძველზე დაკომპლექტდეს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რეალურად ამოქმედდეს კერძო ტელევიზიებზე მონიტორინგის სისტემა, ე.წ "მიხნიკის ჯგუფი", აღდგეს საჯარო დაწესებულების, სასამართლოს სხდომების საჯაროობა და მედიის დასწრების თავისუფლება. პარლამენტის არჩევნები დაინიშნოს მოქმედი პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე, სრული პარიტეტის პრინციპით დაკომპლექტდეს ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაცია, ცესკოს თავმჯდომარე დაინიშნოს მხარეებს შორის შეთანხმებით, შემუშავებულ იქნეს საარჩევნო კოდექსის ახალი რედაქცია, სადაც გათვალისწინებული იქნება წინასწარი გამოკითხვების (ეგზიტპოლების) გამოქვეყნების და დარღვევების გასაჩივრების ეფექტური მექანიზმები. მემორანდუმის ამ რადიკალური და პრინციპული მოთხოვნების შესრულებას საეჭვოს ხდის ექსპერტების უმრავლესობა, თუმცა ოპოზიცია არშესრულების შემთხვევაში საპროტესტო აქციებით იმუქრება და როგორც კუკავა აცხადებს, "ვარდების რევოლუცია მონაგონი იქნება." რას უნდა ველოდოთ 15 თებერვალიდან. ამ თემაზე "კონსერვატორი" და გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა საუბრობს. "ბ": ნინო ბურჯანაძესთან დიალოგი წარმატებულით მიმდინარეობს. კახა კუკავა: ჯერ წარმატებაზე და წარუმატებლობაზე საუბარი ნაადრევია. მხარეთა პოზიციები გაიცვალა. სამშაბათისთვის შევთანხმდით, რომ უკვე წარმოდგენილი იქნება პოზიციების საბოლოო ვარიანტი. ზოგიერთი იქნება საკანონმდებლო პროექტი, ზოგი იქნება საკადრო შემოთავაზებები. სამშაბათამდე რაიმე შედეგებსა და პროგნოზზე საუბარი ნაადრევია. "ბ": არსებობს შანსი, რომ ოპოზიციის მემორანდუმის 17 მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდეს. კ.კ: ეს დამოკიდებულია არა მხოლოდ დიალოგის წარმატებაზე, არამედ მთლიანად ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები როგორ - რა ტემპებით და რა ტემპერატურით - განვითარდება. "ბ": თუკი პოზიციები გაიცვალა, პარლამენტის თავმჯდომარემ რა შემოთავაზება მოგცათ. კ.კ: ამაზე კომენტარის გაკეთება სამშაბათის შემდეგ იქნება შესაძლებელი. დღეს უბრალოდ მოსმენილი იქნა 17-ვე საკითხი და გაკეთდა საჭირო განმარტებები. იქ სხვა შეთანხმება-შემოთავაზებებზე საუბარი არ ყოფილა. ჯერჯერობით არც ერთ საკითხზე შეთანხმება არ არის. "ბ": ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ თქვენ მიერ დათქმულ 15 თებერვლამდე ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლებელია... კ.კ: საუბარია იმაზე, რომ ყველა საკითხი იურიდიულად უნდა იქნეს მოწესრიგებული. 15 თებერვლამდე ყველა საკითხთან დაკავშირებით უნდა იქნეს პოლიტიეკური ნება დადასტურებული და იურიდიულ პროცედურებს ზოგ შემთხვევაში ცოტა მეტი დრო სჭირდება და ჩვენ ამაზე არ გვაქვს პრობლემა. "ბ": თუკი პოლიტიკური ნება არ იქნა მიღებული, რას აპირებთ. კ.კ: 15 თებერვალს შევიკრიბებით რუსთაველის გამზირზე. "ბ": აცხადებდით, რომ თუკი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა "ვარდების რევოლუცია" მონაგონი იქნებაო. ახალ რევოლუციას უნდა ველოდოთ. კ.კ: დაიწყება საქართველოს უახლოეს ისტორიაში ყველაზე უფრო მასშტაბური საპროტესტო აქციები. "ბ": და არა რევოლუცია. კ.კ: ჩვენ რევოლუციას არ ვგეგმავთ, ვგეგმავთ მხოლოდ საპროტესტო აქციებს. "ბ": ექსპერტები საუბრობენ, რომ ხალხი რადიკალურ ქმედებებს ითხოვს, ოპოზიცია აკავებს. შეძლებთ რევოლუციისათვის განწყობილი ხალხის მასის შეკავებას. კ.კ: ჩვენ გადავდგამთ რადიკალურ ნაბიჯებს... ეს აქციები იქნება მასშტაბური, რადიკალური აქციები, მაგრამ იქნება კონსტიტუციის ჩარჩოებში. "ბ": თუკი ხალხმა რევოლუცია მოითხოვა. კ.კ: კონსტიტუციურ ფარგლებში განხორციელდება ყველაფერი. "ბ": პერმანენტული აქციების დარბევას ელოდებით. კ.კ: ეს, ალბათ, ხელისუფლებას უნდა ჰკითხოთ. ჩვენ მზად ვართ მაგ ვარიანტისთვისაც. ვერანაირი დარბევა საპროტესტო აქციებს ვერ შეაჩერებს. "ბ": ისევ მოთხოვნებს დავუბრუნდები. თუკი მოთხოვნების ნაწილი არ შესრულდა, თქვენი გაერთიანება მიიღებს თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას. კ.კ: ეს მოთხოვნები ყველა შემთხვევაში შესრულდება, უბრალოდ საუბარია იმაზე, შესრულდება 15 თებერვლამდე, თუ შესრულდება 15 თებერვლის შემდგომ. გამოვრიცხავთ იმას, რომ რომელიმე მოთხოვნა არსებითად დარჩეს გადაუწყვეტელი. "ბ": მიგაჩნიათ, რომ თარხნიშვილი გადადგება ცესკოს უფროსობიდან, სოდ-ი და კუდ-ი გაუქმდება და ა.შ. კ.კ: აუცილებლად... "ბ": ამაზე დაგთანხმდებათ ბურჯანაძე. კ.კ: თანხმობა არ მოუციათ, ამიტომაც ვამბობ, რომ შეიძლება ეს საკითხები გადაწყდეს შეთანხმების გზით 15 თებერვლამდე, თუ ვერ შევთანხმდით, გადაწყდება 15 თებერვლის შემდგომ საპროტესტო აქციების შედეგად. ხელისუფლება იძულებული იქნება, რომ ამ დათმობებზე წავიდეს.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |