|
|
"რეზონანსი "
ბაღაფშს აფხაზური გაზეთი ფინანსურ მაქინაციებში ადანაშაულებს
(ინტერპრესნიუსი) აფხაზური გაზეთი "ჩეგემსკაია პრავდა" აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშსა და მისი გარემოცვის უახლოეს წევრს რუსლან ბიგვავას ჩელიაბინსკურ ფირმა "აქსელთან" ფინანსურ მაქინაციებში ადანაშაულებს. გაზეთის ინფორმაციით, "აქსელი" აფხაზეთში 2001 წელს გამოჩნდა და ქარხანა "სოხუმხელსაწყოს" ერთ-ერთი კორპუსი 2 მილიონ დოლარად იმ მოტივით შეიძინა, რომ მასში საქონლის ბაზრობა უნდა მოეწყო, მაგრამ ბაზრობის ორგანიზება მოვაჭრეთა პროტესტის გამო ვერ განხორციელდა. გაზეთის მტკიცებით, "აქსელსა" და აფხაზეთის ხელისუფლებას შორის ურთიერთობები მას შემდეგ გაუმჯობესდა, როცა ხელისუფლების ინიციატივით ფირმა "აქსელ-სია" შეიქმნა, რომლის თანადამფუძნებელი ბაღაფშის გარემოცვის წევრი რუსლან ბიგვავა გახდა. ამის შემდეგ "აქსელ-სიამ" დე ფაქტო პრეზიდენტის რეზიდენციის ერთ-ერთი კორპუსი იჯარით აიღო, რომელშიც "პრეზიდენტის" ოფიციალური საიტის რედაქცია განთავსდა. ფირმამ დააფინანსა საიტის შექმნაც. "აქსელ-სიამ" სერგეი ბაღაფშს ორი ძვირადღირებული ავტომანქანა შეუძინა. ერთი მანქანა 120 ათასი, ხოლო მეორე 80 ათასი დოლარი ღირს. ასევე, ბაღაფშის დაცვას ხელფასს უხდის. გარდა ამისა, ფირმა "აქსელმა" 2006 წელს კომპანია "აფხაზტოპს" 2 მილიონი აშშ დოლარი კრედიტი გამოუყო, რომელიც კომპანიამ რამდენიმე ტრანშის სახით მიიღო. სტატიის ავტორის ინალ ხაშიგის განმარტებით, მიუხედავად მცდელობისა, შეუძლებელი გახდა იმის დადგენა, თუ რის ხარჯზე დათმო ფირმა "აქსელის" ხელმძღვანელმა სერგეი ბესკროვნიმ "სოხუმხელსაწყოს" კორპუსი და ვარაუდს გამოთქვამს, რომ ხელისუფლებასა და ფირმა "აქსელს" შორის ბოლო წლებში სერიოზული ფინანსური გარიგება შედგა. გაზეთის განმარტებით, ამ გარიგებათა შესახებ საზოგადოება ვერც ვერაფერს გაიგებდა, რომ არა ფირმა "აქსელ-სიასადმი" "აქსელის" მიერ წაყენებული პრეტენზიები, რომელთა განხილვა ამჟამად ადგილობრივ სასამართლოში მიმდინარეობს. "აქსელი" რუსლან ბიგვავას "აფხაზტოპისათვის" ტრანშის სახით გამოყოფილი 2 მილიონი დოლარის კუთვნილებას ედავება.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |