|
|
"რეზონანსი "
ქართველოლოგია საფრთხეშია, აცხადებს ინსტიტუტის დირექტორი მარი ოთარაშვილი
ქართველოლოგთა გარკვეული ჯგუფი მიიჩნევს, რომ ამიერიდან ქართველოლოგიას, როგორც მეცნიერებას, სრული განადგურება ემუქრება. საამისოდ იმოწმებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამეცნიერო ეროვნული ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსს, სამეცნიერო გრანტის მოსაპოვებლად, სადაც არც ერთმა, მათი აზრით, ფასეულმა ქართველოლოგიურმა პროექტმა არ გაიმარჯვა. აღნიშნულს მეცნიერების ნაწილი მიზანმიმართულ კამპანიად თვლის, რაც, მათი აზრით, იმას ნიშნავს, რომ ქართველოლოგიასა და ქართულ ენათმეცნიერებაში დღემდე არსებული შეუსწავლელი საკითხები სამუდამოდ გაიყინა. აღნიშნულს არ ადასტურებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სამეცნიერო ფონდი. რამდენიმე დღის წინ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა 2007 წლის 14 მაისს გამოცხადებული კონკურსის შედეგები შეაჯამა. სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, 5 მილიონი ლარით დაფინანსდება გამარჯვებული 108 სამეცნიერო პროექტი. ქართველოლოგები კი ამბობენ, ამ შედეგების მიხედვით, ფაქტობრივად, ქართველოლოგიის ბევრი დარგი გაიწირა. ქართველოლოგთაგან "რეზონანსს" ქართველური დიალექტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი, ტარიელ ფუტკარაძე ესაუბრა. ტარიელ ფუტკარაძე: "ქართველოლოგიური, ჰუმანიტარული, ეკონომიკური და სოციალური მეცნიერებების მიმართულებებით შედეგები "რუსთაველის ფონდმა" გამოაცხადა. "მთავარი, რაც გაკვირვებას იწვევს, ის არის, რომ რუსთაველის ფონდის მიერ ქართველოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური მიმართულებების პროექტები საერთო კონკურსით შეფასდა და არა - სფეროების მიხედვით დიფერენცირებულად. მაგ., პროექტმა "რისკის მართვა ფერმერულ მეურნეობაში" 2 ქულით აჯობა ჩემი ინსტიტუტის ქართველოლოგიურ პროექტს "ქართველური დიალექტოლოგიური, ეთნოგრაფული და ფოლკლორული მემკვიდრეობის ელექტრონული კორპუსი"; სამეცნიერო კვლევა ითვალისწინებს დავიწყება-დაკარგვის საფრთხის წინაშე მდგარი ქართველური ენობრივ-კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენას; ამ მიზნით საველე ექსპედიციები უნდა ჩატარებულიყო იმერხევში, იმერეთში, სვანეთში, სამეგრელოსა და რაჭაში; "მოგეხსენებათ, რომ განსაკუთრებით საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებს მიღმა არსებულ ქართველურ თემებში დიდი საფრთხის ქვეშაა ქართველური მემკვიდრეობა... პროექტი ასევე ითვალისწინებს სამწიგნობრო ენის ლექსიკური მარაგის გამდიდრებას ქართველური დიალექტური (მეგრული, ლაზური, სვანური, ტაოური, იმერხეული, რაჭული, იმერული...) ლექსიკით." ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წელს რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსდა 31 პროექტი. ფუტკარაძის თქმით, ამათგან არც ერთი არ არის ისეთი, რომელიც შეისწავლის: ქართული სამწიგნობრო ენის ფონემატურ სტრუქტურას, ქართული ენისა და ქართველური ენა-კილოების მორფოლოგიას, ქართული ენისა და ქართველური ენა-კილოების სინტაქსს, ქართველური ენა-კილოების სისტემურ ანალიზს, ქართველური ეთნოლოგიისა და ფოლკლორისტიკის ფუნდამენტურ პრობლემებს, საქართველოს არქეოლოგიას, საქართველოს ისტორიას, ქართველური ენა-კილოების ლექსიკას... "ასევე, არც ერთი პროექტი არ დაფინასდა, რომელიც ითვალისწინებდა: საინგილოში, ლაზეთში, ფერეიდანში, სვანეთში, აჭარაში, ხევსურეთში, სამეგრელოში, თუშეთში, მთა რაჭაში, სამცხეში, ჯავახეთში, მაჭახელში, ლივანაში, იმერხევში, ტაოში, საქართველოს მთასა თუ ბარში კომპლექსურ საველე ექსპედიციებს ქართული ხალხური ფასეულობისა და საუნჯეების შესასწავლად... არადა, განათლების სამინისტროს სამეცნიერო ფონდში საკონკურსოდ მრავლად იყო წარდგენილი ასეთი პროექტები, რომლებიც უმრავლეს შემთხვევაში ულოგიკო, თითიდან გამოწოვილი მიზეზების გამო 40-მდე სამეცნიერო პროექტიდან არც ერთი არ დაფინანსდა," - აცხადებს ფუტკარაძე. აღსანიშნავია, რომ ქართველოლოგიური ცენტრები არსებობდა: თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, თელავის, ზუგდიდის, სოხუმის, გორის, ცხინვალის, ახალციხის უნივერსიტეტებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. ადრე ყველა ამ ქალაქსა და უნივერსიტეტში აქტიურად ხორციელდებოდა ქართველოლოგიური კვლევა-ძიებანი; ცენტრალური ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ფინანსდებოდა ათასზე მეტი სამეცნიერო პროექტი. ბოლო წლებში კი, როგორც ფუტკარაძე ამბობს, გაუქმებისთვის გაიწირა თბილისს გარეთ არსებული ყველა ქართველოლოგიური ცენტრი. ამის მიზეზებად ფუტკარაძე ქართველოლოგიისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი მცირე თანხას, პრიორიტეტების არარსებობას, ექსპერტთა არაკომპეტენტურობას და სხვადასხვა დარგის არადიფერენცირებულებას ასახელებს; ტარიელ ფუტკარაძე: "საქართველოს სახელმწიფოს მიერ დეკლარირებულია ქართველოლოგიის პრიორიტეტი, მაგრამ საქმით ეს არ ჩანს. ჰუმანიტარული მეცნიერებები საქართველოში ადრე იმპერიის ინტერესების მიხედვით იგეგმებოდა. ქართველოლოგიამ უნდა დაძლიოს საბჭოური ინერცია; ამისათვის საჭიროა სახელმწიფომ რეალურად განსაზღვროს მისთვის სასიცოცხლო ჰუმანიტარული დარგების პრიორიტეტები (ასე ხდება ყველა ნორმალურ ქვეყანაში); "გარდა ამისა, სამინისტრო ამაყობს, რომ ექსპერტთა აბსოლუტური უმრავლესობა უცხოელია; უცხოელი ექსპერტები წყვეტენ ქართველოლოგიაში რა უნდა დაფინანსდეს... უცხოელ ექსპერტებს როგორ შეუძლიათ განსაზღვრონ ქართველოლოგიის პრიოროტეტები. ქართველოლოგიისთვის არსებითი ბევრი პროექტი შარშანაც და წელსაც ძირითადად უცხოელ ექსპერტთა მიერ ჩავარდა. ესეც რომ არა, კონკურსის დროს დიფერენცირებული არ იყო სხვადასხვა დარგის პროექტები: რუსთაველის ფონდმა ულოგიკოდ გააერთიანა რვიდან ორი სამეცნიერო მიმართულება: ქართველოლოგიის მეცნიერებები და ჰუმანიტარული, ეკონომიკური და სოციალური მეცნიერებები; ამის გამო განსაკუთრებით დაიჩაგრა ქართველური ენათმეცნიერება; ქართველოლოგიის მიმართულებაში საერთოდ გაიწირა ქართველური დიალექტოლოგია, ქართველური ეთნოგრაფია, ქართველური ფოლკლორისტიკა..." ყოველივე ამის შემდეგ ფუტკარაძე, როგორც თავად უწოდებს - ერთ "საშიშ" ტენდენციაზე მიუთითებს: "ბოლო პერიოდში საქართველოშიც გააქტიურდნენ უცხოელთაგან დაფინანსებული ჯგუფები, რომელიც ქართველთა ნაწილს ქართველად აღარ თვლიან... ზოგიერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პარალელურად აყალიბებენ მეცნიერების ახალ დარგებსაც: სვანოლოგიას, ლაზოლოგიას და ა.შ. თუ ასე გაგრძელდა, ქართველოლოგია მალე შეიძლება ქართლელოლოგიად იქცეს... აშკარაა რომ ვიღაცას ქართველოლოგიის არამხოლოდ ფინანსური, არამედ ცნობიერი "სეკვესტრის" გეგმაც აქვს." თავად ფუტკარაძისა და მისი თანამშრომლების პროექტები, მიუხედავად იმისა, რომ პირველმა ექსპერტმა 100-დან 93, მეორემ კი 87 ქულა დაუწერა, უცხოელ ექსპერტთავანაც ძალიან კარგი რეცენზიები მიიღეს, მაინც არ დაფინანსდა. ტარიელ ფუტკარაძე: "აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის 24 სპეციალისტი ფაქტობრივად მოწყდა ქვეყნისთვის დიდად საჭირო საქმეს; ინსტიტუტი, რომლის ორგანიზებული სიმპოზიუმები, გამოქვეყნებული კრებულები, მონოგრაფიული გამოკვლევები თუ სახელმძღვანელოები მსოფლიოს ყველა ქართველოლოგისთვის ცნობილია, უკვე მეორე წელია გაუგებარი მიზეზების გამო დაუფინანსებელი რჩება. "ასეთი რეცენზია იყო შარშანაც. ამის მიუხედავად, ქართველური დიალექტოლოგიის ინსტიტუტი აგერ უკვე მერამდენე წელი სახელმწიფოსგან არ ფინანსდება და ნადგურდება... მაინც რა დავაშავეთ. ფიზიკას თუ ინგლისურ ენას მთელ მსოფლიოში იკვლევენ; მაგ., ქართველური ენათმეცნიერების კვლევა კი საქართველოშიც მაქსიმალურად იზღუდება... გამოსავალი ერთადერთია: სახელმწიფომ უნდა გამოყოს საგანგებო თანხა ქართველოლოგიისთვის, რომელიც მიზანმიმართულად უნდა მიეცეს სახელმწიფო უნივერსიტეტებს. რუსთაველის ფონდის გრანტები კი დამატებით პერსპექტივა უნდა იყოს," - აცხადებს ფუტკარაძე. ყოველივე აღნიშნულის გასარკვევად "რეზონანსი" განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამეცნიერო ეროვნულ ფონდს დაუკავშირდა. ნათია ჯოხაძე, ფონდის დირექტორი: "კონკურსში 1 085 პროექტი მონაწილეობდა. იყო 8 სამეცნიერო მიმართულება, მათ შორის - ქართველოლოგია. რეალურად, 5 მილიონი (რაც შეადგენდა საკონკურსო ფონდის ბიუჯეტს) გაწვდა. პრიორიტეტი - როგორც ასეთი, არ დასახელებულა. პრიორიტეტის დასახელება არ არის ფონდის კომპეტენცია. პრიორიტეტების განსაზღვრის კომპეტენცია მეცნიერებათა აკადემიას ეკუთვნის. როცა ეს იქნება განსაზღვრული, შესაბამისად, ფონდიც პროექტების დასაფინანსებლად მეტ ბიუჯეტს გამოყოფს. სწორედ ამიტომ, 8 მიმართულებას თანაბარი ყურადღება ეპყრობოდა. "შემოსული პროექტები, რომლებიც ასქულიანი სისტემით ფასდებოდა, შესაფასებლად ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს ეგზავნებოდათ. უფრო სწორად, შეფასების პირველი ეტაპი საერთაშორისო ექსპერტებს ეკუთვნოდათ. იმ შემთხვევაში, თუ პროექტებს არ ერგოთ საერთაშორისო ექსპერტი, პროექტები შესაფასებლად ადგილობრივ მეცნიერებს გადაეცემოდათ. შემდეგ მივიღეთ ექსპერტების მიერ დაწერილი ქულები. ამ ქულებიდან საბოლოოს გამოთვლა მოხდა სპეციალური მეთოდიკით, რომელიც დაამუშავეს ერთობლივად თსუ-ის ფიზიკოს-მათემატიკოსებთან ერთად ფონდის წარმომადგენლებმა. მოხდა პროექტების რანჟირება ქულების მიხედვით: ანუ, 100 ქულიდან ჩამოვდივართ ქვევით დამავალი პრინციპით. გამსვლელი ქულა სხვადასხვა მიმართულებაში სხვადასხვა ქულა იყო. ბუნებრივია, ნებისმიერ კონკურსს აქვს თავისი ბიუჯეტი და იმ ბიუჯეტის ფარგლებში დაღმავალი პრინციპით ზევიდან ქვევით ჩამოდიხარ და როგორც ბიუჯეტი იწურება, იქ წყდება დაფინანსება. "ჩვენი შეფასებით, ეს კონკურსი საკმაოდ მაღალი დონის იყო. ძალიან ბევრმა პროექტმა მაღალი ქულა მიიღო, მათ შორის ქართველოლოგიურმა პროექტებმაც. ქართველოლოგია და ჰუმანიტარული მიმართულებები კონკურსში გაერთიანებული იყო. ჯამურად მათთან გამსვლელი ქულა იყო 92, ანუ პროექტი, რომელმაც მიიღო 91,6 ქულა, ვერ გავიდა, შესაბამისად, დაფინანსებაც ვერ მიიღო. თუმცა 91,6 ქულა ასბალიან სისტემაში საკმაოდ მაღალი შეფასებაა, მაგრამ მასზე გათვლილი კონკრეტული ბიუჯეტი ამ ქულებს ვერ გასწვდა." როგორც ჯოხაძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, კონკურსში ქართველოლოგია არ დაჩაგრულა, საამისოდ კი გამარჯვებულ პროექტებს ასახელებს; ნათია ჯოხაძე: "კონკურსზე ქართველოლოგია არ დაჩაგრულა. ამის დასტურად შემიძლია ჩამოგითვალოთ კონკურსზე გასული ქართველოლოგიური პროექტები: "ბიზანტია ქართულ წყაროებში", "ქალის უფლებრივ-ქონებრივი მდგომარეობა სამხრეთ საქართველოში", "პეტრე უმიკაშვილის ხელნაწერთა კოლექციის ელექტრონული დამუშავება", "ქართული ხელნაწერი წიგნი", "ქართული სასულიერო მწერლობის ისტორია", "ქართული განმარტებითი ლექსიკონის რვატომეულის ახალი რედაქცია" და ა.შ."
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |