"რეზონანსი "
# 29
ორშაბათი, 3 თებერვალი, 2008 წელი

გურჯაანის საკრებულოს შენობაში ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენეს

(ინტერპრესნიუსი) გურჯაანის საკრებულოს შენობაში ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის შესახებ "ადამიანის უფლებათა ცენტრი" იუწყება. მათი ინფორმაციით, სხდომის დარბაზიდან გამოსულ ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს, თავს საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაზა კობიაშვილი დაესხა და საჯაროდ აგინა.

"ჩინოვნიკების გაღიზიანება სხდომის დარბაზში ჟურნალისტის მიერ დასმულმა მწვავე შეკითხვებმა გამოიწვია. დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს წევრები რაიონში არსებული მუზეუმების გაუქმების ინიციატივით გამოვიდნენ, სანაცვლოდ, დარჩენილი თანხით კი ხელფასების გაზრდას ცდილობდნენ," - აცხადებენ ცენტრში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ინციდენტის შესახებ შს გურჯაანის სამმართველოში წინასწარი გამოძიება დაიწყო. ჟურნალისტმა პოლიციას არაერთხელ მოსთხოვა, ზაზა კობიაშვილის შემოწმება, იყო თუ არა იგი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, რაც ამ დრომდე არ დაკმაყოფილდა. ჟურნალისტი კობიაშვილისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის სასამართლოს მიმართავს.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com