|
|
"რეზონანსი "
მერიაში იფიცებიან, რომ მთაწმინდის პარკს მალე გახსნიან ანა ადუაშვილი
მთაწმინდის პარკი უახლოეს თვეებში გაიხსნება. ამ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. ამას გარდა, როგორც მუნიციპალიტეტში ირწმუნებიან, ბადრი პატარკაციშვილის აწ უკვე ყოფილ პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს და მას მერია საკუთარი ბიუჯეტიდან აფინანსებს. შეგახსენებ, რომ "ბომბორაში" საპატრულო პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმი 7 ნოემბერს შევიდნენ და პარკი დააყადაღეს. დაყადაღების ოფიციალურ მიზეზად თბილისის მერია ინვესტორი "ლინქსის" (კომპანია, რომელიც პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდა და რომლის მფლობელი ბადრი პატარკაციშვილია) მიერ 2005 წელს გაფორმებული კონტრაქტის პირობების უხეშ დარღვევას ასახელებს. კერძოდ, სამუშაოების დასრულებისათვის საჭირო ვადების გადაცილებას და საიჯარო თანხის გადაუხდელობას. თბილისის ვიცე-მერის, მამუკა ახვლედიანის განცხადებით, შპს "ლინქსს" საიჯარო თანხა 2005 წლის შემდეგ არ გადაუხდია. "კონტრაქტით გათვალისწინებული იყო, რომ სამუშაოები დროულად უნდა დამთავრებულიყო და, რაც მთავარია, შესვლა ქალაქის მაცხოვრებლებისთვის და სტუმრებისთვისაც უფასო უნდა ყოფილიყო. ასევე აღსანინავია, რომ იჯარა, რომელიც კანონის მიხედვით იყო განსაზღვრული და მინიმალურ თანხას წარმოადგენდა, დროულად უნდა ყოფილიყო გადახდილი. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში უამრავი დარღვევა განხორციელდა, მათ შორის ისიც, რომ 2005 წლიდან დღემდე არაა გადახდილი საიჯარი თანხა," - აცხადებს მამუკა ახვლედიანი. თავად შპს "ლინქსის" წარმომადგენლები მერიის ამ ბრალდებებზე კომენტარის გაკეთებისაგან თავს იკავებენ. კომპანიის ადვოკატი გიორგი ბოჭორიშვილი "ბასტას" თავდაპირველად ინტერვიუზე დათანხმდა, თუმცა იმ მიზეზით, რომ მას ხელმძღვანელობა პრესასთან ურთიერთობის თავიდან არიდებას ურჩევს, საბოლოოდ უარი განაცხადა. ოფიციალური კომენტარი არც მთაწმინდის პარკის დირექტორმა ირაკლი სასანიამ გააკეთა. "ლინქსის" წარმომადგენლების მიერ კომენტარებისგან თავის შეკავების საკითხზე განსხვავებული ვერსია აქვს გაზეთ "ჯორჯიან თაიმსს". მათი ცნობით, "ლინქსის" წარმომადგენლები ამბობენ, ჩვენი ტელეფონები ისმინება და თუ მერიის ბრალდებებს მედიის საშუალებით დავუპირისპირდებით, სერიოზული პრობლემები შეგვექმნებაო. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიის ადვოკატი გიორგი ბოჭორიშვილი "ჯორჯიან თაიმსისთვის" მიცემულ ინტერვიუში მაინც აცხადებს,, რომ მათთვის წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლოა და "ლინქს" იჯარის გადახდის ვადა 2007 წლის 2 დეკემბერს ეწურებოდა... მთაწმინდის პარკთან დაკავშირებით ინფორმაციას არც საკრებულოს ოპოზიცია ფლობს. ლეიბორისტი გიორგი გუგავა აცხადებს, რომ ამ საკითხზე ინფორმაციის მოპოვება მისთვისაც შეუძლებელია. "მერია და საკრებულო ბლოკირებულია, შესაბამისად, იმის შესახებ თუ რა ხდება რეალურად მთაწმინდის პარკში, ინფორმაციის მიღებას ჯერჯერობით ვერც ჩვენ ვახარხებს," - განუცხადა გუგავამ "ბასტას". მამუკა ახვლედიანი: "2004 წელს გამოცხადდა კონკურსი მთაწმინდის პარკის რეაბილიტაციის, ინვესტიციების მიზიდვისა და გრძელვადიანი იჯარის შესახებ. კონკურსში შპს "ლინქსმა" გაიმარჯვა და გაუფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მას ევალებოდა კონკურსის პირობების სრული დაცვა, კერძოდ პარკში ინვესტიციების მიზიდვა, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, ატრაქციონების და სხვადასხვა გასართობი საშუალებების დამონტაჟება. ამას გარდა, ქალაქის მთავრობამ არაერთხელ მიმართა შპს "ლინქსს", რომ განეხორციელებინათ საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებები, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუწყდებოდათ ხელშეკრულება. მათ არც კი გვისმინეს, შესაბამისად ვხელშეკრულება შეწყდა..." აღსანიშნავია, რომ პარკის გახსნას მისი ხელმძღვანელობა ოქტომბრის ბოლოს, ან ნოემბრის დასაწყისში გეგმავდა. ამის შესახებ "რეზონანსს" პარკის დირექტორმა ირაკლი სასანიამ ჯერ კიდევ ოქტომბრის დასაწყისში განუცხადა. ამ პერიოდში "ბომბორა" ყოველ კვირა დღეს იხსნებოდა და ბავშვებს ყოველგვარი სასყიდლის გარეშე მასპინძლობდა. შეგახსენებთ, რომ პარკის ოფიციალური გახსნა 7 ნოემბრის ცნობილი მიზეზების გამო არ მოხერხდა. ამას გარდა, საზოგადოებაში უკვე დიდი ხანია ვრცელდება ინფორმაცია, თითქოსდა მთაწმინდის პარკიდან მერიამ უკვე დამონტაჟებული ატრაქციონები გამოიტანა და მათ დედაქალაქის სკვერებსა და პარკებში დადგმას უპირებს. მერიაში ამ ინფორმაციასაც უარყოფენ. "იმასაც კი ამბობენ, რომ "ბომბორადან" მერიამ ატრაქციონები მოიპარა და სხვა პარკებში გადაანაწილაო, მაგრამ ამას სიმართლესთან არავითარი საერთო არ აქვს, სრული სისულელეა," - აცხადებენ მერიის პრესსამსახურში. პრესსამსახურის ვერსიას ადასტურებენ "ბომბორას" დაცვის წევრებიც. "7 ნოემბერს პარკში რომ შემოვიდნენ არავითარი ძალა არ უხმარიათ, უბრალოდ გვითხრეს დაგვნებდითო... ყველა ატრაქციონი ადგილზეა, არავის წაუღია. ტერიტორიას ამჟამად პარკის დაცვის თანამშრომლებთან ერთად დაცვის პოლიციაც იცავს," - განაცხადა "ბასტასთან" საუბრისას პარკის დაცვის თანამშრომელმა, რომელმაც ვინაოვის დასახელებისაგან თავი შრიკავა. "ის თანხები, რომელიც პარკის რეაბილიტაციისათვის დახარჯა კომპანია "ლინქსმა", დაითვლება და სრულად ანაზღაუდება თბილისის მერიის მიერ. საკუთარი ძალებით და კეთილსინდისიერი ინვესტორების დახმერებით ვაპირებთ მთაწმინდის პარკის რეაბილიტაციის პროექტის დასრულებას, რათა თბილისის სიამაყე კვლავ ჩვენი თანამოქალაქეების სამსახურში ჩადგეს," - აცხადებს მამუკა ახვლედიანი. უფრო რადიკალურადაა განწყობილი 7 ნოებრის კიდევ ერთი აქტიური მონაწილე, საკრებულოს თავჯდომარე ზაზა ბეგაშვილი. მისი თქმით, მერია არასოდეს არ დაუშვებს, რომ მთაწმინდის პარკი უმოქმედოთ იყოს. ზაზა ბეგაშვილი: "დედაქალადის მთავობა არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს, რომ ყველასათვის საყვარელ პარკს უმოქმედობის გამო "არაშენდა პარკი" დაერქვას. ის არის ჩვენი თანამემამულეების თავშეყრის უსაყვარლესი ადგილი, რომელიც აუცილებლად დაიბრუნებს თავის ძველ იერსახეს და იქნება ის პარკი, სადაც თითეული ჩვენგანი, ჩვენი მშობლები და შვილები დაისვენებენ. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ყველა პროექტი, რომელიც პატარკაციშვილს უნდა განეხორციელებინა საქართველოში, იგივე ყულევის ტერმინალი, ბაკურიანი, თბილისის ცირკი და "მაუდი", ჩავარდნილია, არადა ამ პროექტებს მრავალი ათასი ადამიანი იმედის თვალით უყურებდა და პატარა კაცებმა მათ ეს იმედი მოუსპეს. "ადგილობრივ არჩევნებში ჩვენ ხმები მოგვცეს ერთადერთი მიზნით, რომ თბილისი ყოფილიყო სინათლის, სისუფთავის და აღმშენებლობის ქალაქი. ჩვენ პატარა კაცებს, ოქროს მოყვარულ კაცებს და მათ დაფინენსებულ კაცუნებს არ უნდა მივცეთ უფლება, რომ ქალაქი სიბნელის, ნგრევის, სიბინძურის და უბედურების ზონად გადიქცეს. აუცილებლად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ყველა ჩვენი მიზანი და დაპირება დათქმულ ვადებში შევასრულოთ."
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |