"რეზონანსი "
# 32
ოთხშაბათი, 6 თებერვალი, 2008 წელი

სტუდენტების გასაჭირი: არააკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების ერთადერთი გამოსავალი - აკრედიტებულ სასწავლებელში გადასვლა!

მარი ოთარაშვილი

მას შემდეგ, რაც საქართველოში არსებული უმაღლესი სასწავლებლებიდან ძალიან ბევრი აკრედიტაციის გარეშე დარჩა, არააკრედიტებული სასწავლებლების სტუდენტები ერთი რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ: ისინი აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში თუ არ გადავლენ, სასწავლო 4 კურსის შემდეგ სახელმწიფო დონის დიპლომის ნაცვლად, უმაღლეს სასწავლებელს სრულიად გამოუსადეგარი დიპლომით დატოვებენ. აღნიშნულს ადასტურებს აკრედიტაციის ეროვნული ცენტრიც. როგორც მისი წარმომადგენლები აცხადებენ, არააკრედიტებული უნივერსიტეტების სტუდენტები აკრედიტებულში უნდა გადავიდნენ, ეს კი, როგორც ცენტრშივე ამბობენ, პრობლემა არაა.

როგორც ცნობილია, სტუდენტს სასწავლო წლის განმავლობაში ორჯერ შეუძლია გადავიდეს სხვა უმაღლესში - კერძოდ, პირველი ან მეორე სემესტრის დასრულების შემდეგ.

აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლა შეუძლიათ იმ სტუდენტებს, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩაირიცხნენ 2005-2006 ან 2006-2007 სასწავლო წლებში.

ასევე აკრედიტებული და არააკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იმ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელშიც გავლილი საგანმანათლებლო პროგრამა კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებულად ეთვლებათ.

ერთი უმაღლესი სასწავლებლიდან მეორეში გადასვლა ხდება სტუდენტთა მობილობის პროგრამით. სხვა უმაღლეს სასწავლებელში გადასვლის მსურველი სტუდენტი ამოწმებს განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდს ან უკავშირდება მისთვის სასურველ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და არკვევს მობილობისთვის დარეგისტრირებული ვაკანტური ადგილების რაოდენობას. აღსანიშნავია, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ ადგილებზე გადაყვანის წესით სტუდენტთა ჩარიცხვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ადგილები დარეგისტრირებულია და გამოქვეყნებულია განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ.

სხვა უმაღლეს სასწავლებელში გადასასვლელად საჭიროა, სტუდენტმა მიმართოს შერჩეულ სასწავლებელს და რექტორის სახელზე დაწეროს განცხადება გადასვლასთან დაკავშირებით, წარადგენოს პირადი საქმის ასლები;

აღნიშნულის საფუძველზე მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაადგენს აკადემიური პროგრამების შესაბამისობას სტუდენტის მიერ ათვისებულ სასწავლო კურსებსა და მიმღებ სასწავლებელში მისთვის სასურველ პროგრამას შორის.

თუ მსურველთა რაოდენობა აღემატება მიმღები სასწავლებლის მიერ გადაყვანის წესით ჩარიცხვისათვის გამოქვეყნებული ადგილების რაოდენობას, აკადემიური შესაბამისობის დადგენის შემდეგ სტუდენტი აბარებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით გადასაყვან წერილობით გამოცდას;

სემესტრის დაწყებამდე არანაკლებ ორი კვირით ადრე, სტუდენტს მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ეცნობება გადაყვანის წესით მისი შესაძლო ჩარიცხვის შესახებ;

სტუდენტის ჩარიცხვის შესახებ ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს რექტორი გამოსცემს სტუდენტების გადაყვანის წესით ჩარიცხვის შესახებ აქტის პროექტზე განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ დადებითი დასკვნის გაცემის შემდეგ.

აკრედიტაციის დაკარგვით გამოწვეულ პრობლემებზე უნივერსიტეტ "აჭარას" სტუდენტები საუბრობენ.

თეა ქამუშაძე (აქ და სხვაგან რესპონდენტთა გვარი მათი სურვილისამებრ შეცვლილია): "გავიგეთ, რომ რაკი ჩვენმა უნივერსიტეტმა ვერ გაიარა აკრედიტაცია, მის კურსდამთავრებულებს აღარ შეგვიძლია სახელმწიფო დონის უმაღლესი განათლების დიპლომის მიღება. ყოველივე ამის შესახებ სექტემბერს, სასწავლო წლის დაწყებისთანავე, რექტორმა გამოგვიცხადა: ასეა საქმე და თავს უშველეთ, სადმე გადადითო. ისიც კი გვვითხრეს: გადასვლის უფლება 4 სასწავლებელში გაქვთო და ახლა თუ არ მოახერხეთ გადასვლა, მერე ვეღარ შეძლებთო. ანუ ახლა, სანამ მე-3 კურსზე ვარ, თუ არ გადავედით სხვა უმაღლეს სასწავლებელში, დავრჩებით ამ არააკრედიტებულში. არადა თვითონ ლომაიასგან მაქვს გაგებული, რომ სტუდენტები, რომლებიც ეროვნული გამოცდებით ჩაირიცხნენ უმაღლეს სასწავლებელში, აკრედიტაციის დაკარგვის შემთხვევაშიც სახელმწიფო დონის დიპლომს მიიღებდნენ. ახლა აღმოჩნდა, რომ თურმე ეს ასე არ მოხდება."

ანა ირემაშვილი, სტუდენტი: "ამ სემესტრში სხვა უმაღლეს სასწავლებელში გადასვლის მხოლოდ ერთი შანსი დამრჩა. თუ ვერ მოვახერხე, აღარაფერი მეშველება, რაც იმას ნიშნავს, რომ კერძო უმაღლესი სასწავლებლის დიპლომს მოგვცემენ. ასეთი დღეში ვართ სასწავლებლის მეორე და მესამე კურსი, მინიმუმი 100 კაცი მაინც. ეს მარტო ჩვენს სასწავლებელში. წარმოაიდგინეთ, რამდენია აკრედიტაციადაკარგული უნივერსიტეტი საქართველოში!.. რატომ უნდა მომხდარიყო ასე მაშინ, როცა ეროვნული გამოცდები ჩავაბარე და სამინისტრომ თვითონ გამანაწილა ამ სასწავლებელში. ახლა კი მე უნდა ვირბინო სხვაგან გადასასვლელად, თანაც გამოცდის ჩაბარებაც მომიწევს.

"რაკი არააკრედიტებული სასწავლებლიდან აკრედიტებულში გადასვლის შანსი ახლა მაქვს, შევიტანე კიდეც საბუთები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ასევე საქართთველოს ტექნიკურ უნივერსიტეტშიც, მაგრამ ძალიან ცოტა შანსია იმისა, რომ რომელიმეში მოვხვდე. მოგეხსენებათ, ამის რამდენი მსურველია და შესაბამისად - რამხელა კონკურსი იქნება. მე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობ. თსუ-ის ჟურნალისტიკის დეპარტამენტმა კი მისაღები ადგილები არ დაუშვა. იძულებული გავხდი, საბუთები ფილოლოგიის ფაკულტეტზე შემეტანა. აქ კი სხვა, განსხვავებული საგნების ჩაბარება მომიწევს. თუ ვერ გადავედი ვერც ერთში, გამოდის, რომ ამ სასწავლებელს სრულიად გამოუსადეგარი დიპლომით ხელდამშვენებული დავტოვებ."

თამარ ნემსაძე, სტუდენტი: "ჩვენზე წინ ვინც დაამთავრა, ეროვნული გამოცდებით არ იყო ჩარიცხული და, აქედან გამომდინარე, სხვა სისტემით მოუწია სწავლის პროცესის დასრულება. შესაბამისად, სწავლის დასრულების ისეთი დოკუმენტი წაიღო, როგორსაც შეჰპირდნენ - უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დონის დიპლომი. ჩვენ როცა ჩავირიცხეთ, ამ სასწავლებელს აკრედიტაცია ჰქონდა. ახლა რომ ვერ გაიარა, ჩვენი ბრალი ხომ არ არის. ჩვენ რატომ უნდა ვეძებოთ სხვა უმაღლესი სასწავლებლები, რომლებშიც შეიძლება, ვერც მოვხვდეთ. ეროვნული გამოცდების შემდეგ ხომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გადაგვანაწილა ამ უნივერსიტეტში. ახლა კი თავიანთ ნათქვამს უარყოფენ და იმას ჩაგვძახიან: გადადით სხვა უნივერსიტეტებში, რადგან თქვენი არააკრედიტებული სასწავლებელს თურმე აღარ აქვს უფლება, სახელმწიფო დონის დიპლომი მოგვცეს. ჩვემი აზრით, რაკი ჩვენმა უმაღლესმა სასწავლებელმა ვერ გაიარა აკრედიტაცია, თვითონ სამინისტროს უნდა გადავენაწილებინეთ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში."

რა უნდა ქნან არააკრედიტებული უმაღლესი სასწავლებების სტუდენტებმა, რომლებსაც სტუდენტთა მობილობის პროგრამაში არ გაუმართლათ, ამის გასარკევევად აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრს დავუკავშირდით.

"არააკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები უნდა გადავიდნენ აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში, წინააღმდეგ შემთხევაში, ისინი სახელმწიფო დონის დიპლომს ვერ მიიღებენ. არააკრედიტებულიდან აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში გადასვლა არავის გაუჭირდება: ამისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად აკრედიტაციის ეროვნულმა ცენტრმა უკვე იზრუნა - აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაკანსიების რაოდენობა უკვე დიდია და თვითონ გადასვლის პროცესიც მარტივია," - განაცხადეს აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com