|
|
"რეზონანსი "
ბრძოლა უკანონო პატიმრობის წინააღმდეგ ელზა წიკლაური
თაღლითობისა და დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით დაკავებული ქიშვარდ კირკიტაძის ადვოკატი პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს და ამის არგუმენტად გამოძიების პროცესში აღმოჩენილ უზუსტობებს ასახელებს. მეტიც, როგორც "რეზონანსთან" საუბარში ადვოკატი მერაბ ჩიქოვანი აცხადებს, კირკიტაძეს 1 თვისა და 23 დღის განმავლობაში უკანონოდ იმყოფებოდა საპყრობილეში, რაც კანონის უხეში დარღვევაა და პატიმრის დაუყონებლივ გათავისუფლებას ითვალისწინებს. ჩიქოვანი ამბობს, რომ საქმეში არსებული უზუსტობების გამო უახლოეს მომავალში ხელახალი გამოძიების დაწყების თხოვნით გენერალურ პროკურატურასაც მიმართავს და იმედოვნებს, რომ ამ ეტაპისთვის პროცესი სამართლიანად წარიმართება. საქმის მასალების თანახმად, ქიშვარდი კირკიტაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 2001 წლის 31 იანვარს დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით დაიწყო. კირკიტაძემ დანაშაული წინასწარი გამოძიების მიმდინარეობისას აღიარა და სასამართლოზეც დაადასტურა. თუმცა, როგორც "საიას" იურისტი და კირკიტაძის ადვოკატი მერაბ ჩიქოვანი აცხადებს, პატიმრის უფლებები დღემდე ირღვევა. საქმის აღძვრის შემდეგ მაშინდელმა გლდანი-ნაძალადევის სასამართლომ კირკიტაძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ შეუფარდა. 2004 წლის 11 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც სასამართლომ საქმე რამდენიმეჯერ დააბრუნა ხელახალ ძიებაში, კირკიტაძეს დაუმატეს ახალი ბრალდება 180 მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ბ", "გ" და მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტით. 2004 წლის 29 დეკემბერს საქმე შევიდა სასამართლოში განსახილველად, საქმის განხილვისას მოსამართლე გია ფურცელაძემ ვერ დაიცვა კანონით განსაზღვრული ვადები და კირკიტაძე სრულიად უკანონოდ ამყოფა პატიმრობაში 1 თვითა და 23 დღით. საქმიდან ირკვევა, რომ მოსამართლემ 12-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ 2005 წლის 3 ნოემბერს დადგენილებით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - შეუცვალა პოლიციის ზედამხედველობით. მეორე დღეს კი, 2005 წლის 4 ნოემბერს, მოსამართლემ სასწრაფო წესით მოიწვია სასამართლო სხდომა და კირკიტაძეს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. ის ამჟამად ქსნის #7 დაწესებულებაში იხდის სასჯელს. სასამართლოს დადგენილება კირკიტაძემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლოში საქმე განსახილველად დაეწერა მოსამართლე მანანა ოთარაშვილს. 2006 წლის 31 იანვარს სასამართლომ გამოიტანა კერძო განჩინება, სადაც მოსამართლე ოთარაშვილმა მიუთითა, რომ საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას დაირღვა კანონით გათვალისწინებული უფლებები, ორთვიან საპატიმრო ვადას სასამართლომ გადააცილა ერთი თვითა და 23 დღით. საქმე რეაგირებისთვის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს გადაუგზავნა. (სწორედ ამ ეტაპზე მოხდა საქმეში "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ჩართვა). თუმცა ამის შემდეგ რა მოხდა და მოჰყვა თუ არა ამ განჩინებას რაიმე შედეგი, კირკიტაძის ადვოკატისთვის უცნობია. მოგვიანებით კირკიტაძის ადვოკატმა გენერალურ პროკურატურას საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით მიმართა. თუმცა, როგორც მერაბ ჩიქოვანი აცხადებს, პასუხი მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც ერთი და იგივე მოთხოვნით გენპროკურატურას რამდენჯერმე მიმართეს. პროკურატურაში საქმეზე წინასწარი გამოძიებაც დაიწყო, თუმცა ჩიქოვანი აცხადებს, რომ ამ პერიოდშიც დარღვეული იყო კირკიტაძის უფლებები. "ამ გამოძიების მიმდინარეობისას ქიშვარდ კირკიტაძე მიმდინარე გამოძიებისას არ იყო ცნობილი როგორც დაზარალებული, ვგულისხმობ, იმ პერიოდს, როდესაც მას უკანონოდ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 თვითა და 23 დღით. ერთი, რაც ცნობილია, ისაა, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა საქალაქო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე გია ფურცელაძე და ასევე #5 სასაჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელი. მაგრამ, ეს არ იყო სამართლიანი, ამიოტომ უახლოეს დღეებში ვაპირებთ, რომ წინასწარი გამოძიების მოთხოვნით გენპროკურატურას კიდევ ერთხელ მივმართოთ და დაიწყოს სამართლიანი გამოძიება. თუ გამოძიება კანონის წესით წარიმართება, მაშინ კირკიტაძე უნდა იქნეს ცნობილი დაზარალებულად და დაუყონებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან. უნდა დადგინდეს ამ საქმის ობიექტური ჭეშმარიტება", - განუცხადა "რეზონანსს" მერაბ ჩიქოვანმა. ამასთან, ადვოკატისთვის გაუგებარი რჩება საქმის ის დეტალი, სადაც პროკურორი ვინმე გოგლაძე, რომელიც საქმის აღძვრიდან წარმოადგენდა ბრალდების მხარეს, რატომ შეიცვალა განაჩენის გამოცხადების დღეს ვინმე კაჭახიძის მიერ. "ჩვენ გენერალურ პროკურატურას ამის გარკვევასაც მოვითხოვთ", - აღნიშნა ჩიქოვანმა.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |