|
|
"რეზონანსი "
გაუმარჯოს თეატრს! ჩემს სიყვარულს...
დღეს მიხეილ თუმანიშვილის დაბადების დღეა. მის მიერ დაარსებული მისი სახელობის თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგემ, მანანა ანთაძემ გადმოგვცა მისი დღიურის ჩანაწერები, რომელსაც მაესტროს იუბილეზე გთავაზობთ.
თეატრო! ჩემი შენდამი სიყვარული საოცარია! მე შენ მიყვარხარ ისე, როგორც შეიძლება გიყვარდეს ქალი, როდესაც ის ახალგაზრდაა და ლამაზი, როდესაც მის გამოხედვაში ჯერ არ სჭვივის ცხოვრების გამოცდილება, როდესაც მისი თმისა და თვალების ხილვა თავბრუს გხვევს, როდესაც მისი მიხვრა-მოხვრა ზებუნებრივად გეჩვენება, როდესაც მისი გამოხედვა ღრმაა და მრავლისმეტყველი, როდესაც მისი გრძნობა ჯერ სუფთაა და გამოუცდელი.
თეატრო! მე შენ მიყვარხარ ვნებით და დამოუკიდებლად! მე შენ მიყვარხარ ისე, როგორც შეიძლება გიყვარდეს მზე და ჰაერი, ნაკადულის რაკრაკი და მსუბუქი ქროლვა ნიავისა, ისე, როგორც შეიძლება ვარსკვლავებით მოჭედილი ღამეული ცისა და ნაწვიმარზე ჯადოსნური ცისარტყელის სიდიადის წინაშე იხრიდე ქედს. მე შენ მიყვარხარ ვნებით ზედმეტი სიტყვების გარეშე, უბრალოდ, მთელი ჩემი არსებით, ისე როგორც შეიძლება გიყვარდეს სიცოცხლე და ბედნიერება.
თეატრო! მე გაღმერთებ შენ! მე უშენობით ვიტანჯები, როგორც ბავშვი უსათამაშოდ. მე არ მინდა სიცოცხლე ფარდის, კულისების, ორკესტრის, მსახიობების, დეკორაციების, პიესების და პარიკების გარეშე. მე მიყვარს ფარდა, ყველანაირი ფარდა, მიყვარს სხვების მიერ შექმნილიც და ჩემი გამოგონებულიც - ყოველ ჯერზე ახალი (მათი გამოგონება მილიონობით შეიძლება), მე მიყვარს მსახიობები, რადგან ყოველი მათგანისგან ასობით მხატვრული სახის გამოძერწვა შეიძლება - ცოცხალი, საინტერესო, მკვეთრი, გონებამახვილურად გადაწყვეტილი სახეებისა. მე მიყვარს პარიკები და გრიმი, იმიტომ, რომ ისინი მოტყუებაში გვეხმარებიან - თეატრი ხომ ლამაზი ტყუილია, მე მიყვარს პიესები - კარგი პიესები, იმიტომ, რომ ისინი სიცოცხლეს შთაბერავენ მომავალ სპექტაკლს. როდესაც პირველად შეხვდები კარგ პიესას, შეყვარებულ მოსწავლესავით თრთოლვა ამიტანს, ყოველ ჩვენგანს კი მშვენივრად ესმის და კარგად ახსოვს, რას ნიშნავს "შეყვარებული მოსწავლე". მე მიყვარს საორკესტრო ორმო, როდესაც იქ დაფდაფები გრგვინავენ ანდა სიმშვიდისმომგვრელი მელოდია იბადება.
თეატრო! მე შენ მიყვარხარ! მე შენ მიყვარხარ საპრემიერო დღეებში, როდესაც შენ, გახარებული, ჩირაღდნებითა და ფერებით ხარ აკაშკაშებული, როგორც მეჯლისზე, და მიყვარხარ ჩვეულებრივ, უღიმღამო, ზოგჯერ დამთრგუნველ დღეებშიც. მე შენ მიყვარხარ ღამით, როდესაც სპექტაკლის შემდეგ შეიძლება მოკალათდე შენს სავარძელში და მღელვარებით უცქირო ნახევრადჩაბნელებულ დარბაზს, ერთადერთი საკონტროლო, მორიგე ნათურა რომ ანათებს მხოლოდ. მე მიყვარს შენი უზარმაზარი, დაცარიელებული სცენა და მის შუაგულ უადგილოდ მთვლემარე მარტოხელა მეხანძრე. მე მიყვარს ღამით დადუმებული დაფადფებისა და კონტრაბასების ცქერა, საორკესტრო ორმოს ამ მუდმივ მობინადრეთა, რომლებიც, ქარაფშუტა ვიოლინოებისგან განსხვავებით, თეატრს ღამითაც არ ტოვებენ. მე შენ მიყვარხარ ისეთი, როგორიც ხარ.
თეატრო! ასე რატომ მიყვარხარ. მე მსიამოვნებს სუნი შენი დეკორაციებისა, წებოს საღებავებისა, საოცრად მიყვარს გახურებული ფარნები, აფიშების შარიშური და სათეატრო მუზეუმის სიჩუმე. ზოგჯერ მინდება, ამოვიგანგლო სცენის მტვრიან მოხატულ უკანა ფარდებში. საოცრად მიყვარს დეკორაციებზე სირბილი და საამქროებში ჩხუბი, იმიტომ, რომ ვიცი, ნამდვილ თეატრალებს არ სწყინთ ასეთი "ომი" - ეს თეატრის ცხოვრებაა.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |