"რეზონანსი "
# 32
ოთხშაბათი, 6 თებერვალი, 2008 წელი

თეატრო! მე შენ მიყვარხარ ყველაზე მეტად ქვეყანაზე, შენ ჩემი სიხარული ხარ, ჩემი ბედნიერება ხარ, სიცოცხლე ხარ ჩემი!

თეატრი - ზღაპარია, ჩვენ მიერ ოსტატურად შექმნილი საოცარი სამყარო. ის რაღაცით უნდა მოგვაგონებდეს ცხოვრებას, ზოგჯერ ჰგავდეს კიდეც მას, ზოგჯერ ძალიანაც (ეს მასალაზეა დამოკიდებული), მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს უნდა იყოს საოცარი სამყარო თეატრისა, შემოქმედის, პოეტის სულში დაბადებული. ეს ზღაპარია, რომელსაც ჩვენ ცხოვრების შესახებ ვყვებით. და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას ჩვენ ვყვებით და ყველაფერი მაყურებლის ამ ზღაპრით გატაცების ჩვენეულ უნარსა და შესაძლებლობაზეა დამოკიდებული.

არიან ადამიანები, რომელთაც ეშინიათ თეატრისა. ისინი მოვიდნენ თეატრში იმიტომ, რომ ოდესღაც გაიტაცა ამ ზღაპარმა. მაგრამ, როდესაც თეატრში მოვიდნენ, მათ მოიგონეს უსულგულო სიტყვები იმის შესახებ, რომ თეატრში ყველაფერი ისეთივე ჩვეულებრივი უნდა იყოს, როგორც ცხოვრებაში. ეს იმიტომ, რომ მათ არ შეეძლოთ უჩვეულოს შექმნა. მათ არ სურთ გაიგონ, რომ ცხოვრების სიმართლე თეატრში მხოლოდ მაშინ დაიბადება, როდესაც იქნება "უჩვეულო", მაგრამ მათ ეშინიათ ამ "უჩვეულოსი" და ამბობენ, რომ იგი მავნებელია.

მე მძულს თეატრი, სადაც არაფერია უჩვეულო! მე მძულს თეატრი, სადაც არაფერია თეატრალური, გამოგონილი (თუმც, ძალიან მართლად), წარმტაცი, ჯადოსნური. მე მხოლოდ ასეთი თეატრი მინდა და სხვა არანაირი. საიდუმლოებების, ზღაპრების თეატრი, ზღაპრებისა და ადამიანთა ვნებების მშვენიერი ლაბირინთების შესახებ, ზღაპრებისა თავად ჩვენს შესახებ, ოღონდ წარმტაცი, ელვარე, ამაღელვებელი ზღაპრებისა!

მე ვხედავ მას, მივრბივარ მისკენ, მინდა ჩავეხუტო - ის იქ არის წინ, ხელი უნდა ჩავავლო, გულში ჩავიკრა, არ გავუშვა, კოცნით დავახრჩო - თეატრი...

აი, წინ არენაა, ვიცი, რომ აქ შეტაკება მოხდება თეატრის გამო. არ მეშინია ამ შეტაკებისა, ვერ დავიქადნი, რომ გამარჯვებაში სრულიად დარწმუნებული ვარ (ვერც ერთი ჩვენგანი ბოლომდე ამაში დარწმუნებული ვერ იქნება, დარწმუნებულნი მხოლოდ იდიოტები და უნიჭონი არიან - თვით ჩანაფიქრია მათი იმდენად პრიმიტიული, რომ ცხადია, შესასრულებლადაც ადვილი), მაგრამ სიხარულით მივდივარ ამ ბრძოლაში.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com