|
|
"რეზონანსი "
საქველმოქმედო აქცია და სანდრა რულოვსის წიგნის პრეზენტაცია ბექა მირიანაშვილი
"შერატონ მეტეხი პალასში" საქველმოქმედო ჰუმანიტარული ორგანიზაციის (თწსწ) და საქართველოს საგანმანთლებლო და შრომითი საქმიანობის ურთიერთდახმარების საერთაშორისო ფონდის (პშუმ) ორგანიზებით, ორდღიანი გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. "უპირველეს ყოვლისა, დიდ პატივისცემას გამოვხატავ საქართველოს პრეზიდენტის მეუღლის, ქალბატონი სანდრა რულოვსის მიმართ, რომელიც ქველმოქმედებით გამოირჩევა. თურქეთი ყოველთვის კეთილი თვალით უყურებს საქართველოში სასიკეთო მოვლენებს. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ჩაღლარის სასწავლო დაწესებულებებისა და პშუმ-ის მუშაობას დადებითად აფასებს. მინდა, ამ ორგანიზაციებს წარმატებული საქმიანობისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. შარშან ანდაზით მოგმართეთ, შეეცადეთ, რომ თქვენს ჯიბეებში ობობამ არ დაიბუდოს მეთქი, ახლა კი გეუბნებით, თქვენი ძვირფასი, ფუმფულა ხელები ჯიბეებში ჩაიყავით," - განაცხადა გამოფენა-გაყიდვის საზეიმოდ გახსნისას თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ერთან თეზგიორმა. გამოფენის გახსნას მრავალი ადამიანი დაესწრო, რომელთა შორის უმრავლესობა თურქი სტუმარი იყო. ამ აქციას სანდრა რულოვსის წიგნის "სანდრა რულოვსი, იდეალისტის ნაამბობი. საქართველოს პირველი ლედი" თურქული თარგმანის პრეზენტაციაც დაემთხვა. ცნობილია, რომ ეს წიგნი რამდენიმე წლის წინათ გამოიცა და სხვადასხვა ენაზეც ითარგმნა. "ასეთი აქცია რამდენჯერმე გაიმართა და უკვე პოპულარობა მოიპოვა. ამიტომაც ხალხმრავლობაა "შერატონ მეტეხი პალასში." აქცია სანდრა რულოვსის წიგნის პრეზენტაციას დაემთხვა, რომელიც გამორჩეული ქველმოქმედია. გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხით მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებს ეხმარებიან და გაჭირვებულ სტუდენტებს სტიპენდიებს უნიშნავენ. პშუმ ის ორგანიზაციაა, რომელიც აქტიურობით გამოირჩევა და სხვადასხვა საქველმოქმედო აქციას ატარებს. ტრადიციად ქცეულმა ღონისძიებამ მასშტაბურობა შეიძინა," - აღნიშნა შავი ზღვის უნივერსიტეტის პრორექტორმა, პროფესორმა გიული ალასანიამ. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ჩაღლარის სასწავლო დაწესებულებების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მესუთ ბოზქირმა სტუმრებს მადლობა მოახსენა მობრძანებისთვის: "თქვენგან შემოსული თანხა ისევ თქვენივე ხალხს დაუბრუნდება... მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და კიდევ ერთხელ მივულოცო მიხეილ სააკაშვილს საქართველოს პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევა. კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს უღრმეს პატივისცემას მისდამი." აქციაზე გასაყიდად თურქული წარმოების საყოფაცხოვრებო და საკანცელარიო ნივთები, ტანსაცმელი, ჭურჭელი და სხვადსხვა წვრილმანი გამოიტანეს. "მეოთხე წელია ეს გამოფენა-გაყიდვა იმართება. შემოსული თანხით წელს გაჭირვებულ ორსულ ქალებს დავეხმარებით. ჩვენი ფონდი, ძირითადად, მრავალშვილიანი ოჯახების, ორსული ქალებისა და ჩვილი ბავშვების ჯანმრთელობასა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნავს. ხშირად გვიგზავნიან წერილებს, რომლებშიც ქალები საკუთარ პრობლემებზე მოგვითხრობენ. მათ ზოგჯერ წამლით, გამოკვლევით, თანხით და სასტარტო პაკეტით ვეხმარებით. პშუმ-ი ხშირად გვეხმარება და დაახლოებით ათ სტუდენტს სტიპენდიასაც ურიგებს. ეს თანხა სიმბოლურია და 40 ლარს შეადგენს," - განაცხადა თწსწ-ს დირექტორმა სანდრა ელისაბედ რულოვსმა.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |