"რეზონანსი "
# 32
ოთხშაბათი, 6 თებერვალი, 2008 წელი

ხელისუფლებას საარჩევნო წინაპირობებს არასამთავრობოებიც უყენებენ

ელზა წიკლაური

საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარების მიზნით ხელისუფლებას წინაპირობას უკვე არასამთავრობოებიც უყენებენ. გუშინ რამდენიმე ა-ო-მ 10-პუნქტიანი წინაპირობა გამოაქვეყნა, სადაც ძირითადი აქცენტი საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწასა და ამომრჩეველთა სიების სრულყოფაზეა გამახვილებული. "დრო საკმარისია, მთავარია, პოლიტიკური ნება," - აცხადებს "რეზონანსთან" საუბარში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი ჩხეიძე.

10-პუნქტიანი დოკუმენტის ავტორები არიან საია, "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება". ისინი საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწას და ამ პროცესში ოპოზიციური პარტიების, ქართული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, დამოუკიდებელი ექსპერტების და სხვა დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფას ითხოვენ.

ოპოზიციის მემორანდუმის ანალოგიურად ა-ო მოითხოვენ საარჩევნო კომისიის პარიტეტული პრინციპებით დაკომპლექტებას, მისი მუშაობის გამჭირვალობას, "რათა გაიზარდოს საზოგადოების ნდობა საარჩევნო კომისიის მიმართ". ასევე, საუბარია ამომრჩეველთა სიების სრულყოფაზე.

"საპრეზიდენტო არჩევნებზე დამატებითი სიების არსებობამ ძალიან ბევრი პრობლემა შექმნა, ამიტომ აუცილებელია, რომ ამ სიების დახვეწა და კომპიუტერიზაცია მოხდეს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ საპარლამენტო არჩევნები დამატებითი სიებით არ ჩატარდეს," - აცხადებს გიორგი ჩხეიძე.

ამავე წინაპირობაში არასამთავრობოები ხელისუფლებას არჩევნების თარიღის დროულად გამოცხადებისკენ მოუწოდებენ, რადგან ყველა საარჩევნო სუბიექტს და სადამკვირვებლო ორგანიზაციას სათანადოდ მომზადების საშუალება მიეცეს.

ა-ო-ები კონკურენტული საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფასა და წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შეზღუდვასაც მოითხოვენ. "აუცილებელია მედიასაშუალებების თავისუფლების გარანტირება და მათ მიერ სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტების წინასაარჩევნო კამპანიების არადისკრიმინაციულად გაშუქების უზრუნველყოფა," - ნათქვამია მე-5 პუნქტში.

მე-9 პუნქტში კი საუბარია საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული საჩივრების საფუძვლიანი განხილვის უზრუნველყოფასა და ამ კუთხით საარჩევნო კანონმდებლობის სრულყოფასთან დაკავშირებით.

გიორგი ჩხეიძე: "საჩივრების თემა არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც საპრეზიდენტო არჩევნებისას მომზადებული არც ერთი საჩივარი, პრაქტიკულად, არ განხილულა. ამიტომაც ვითხოვთ, რომ ხელისუფლებამ ამასაც დიდი ყურადღება მიაქციოს."

მე-10 პუნქტში კი არასამთავრობოები ამომრჩეველთა დროულ ინფორმირებაზე საუბრობენ.

"ეს არის ჩვენი რეკომენდაცია, რომელიც ხელისუფლებას წავუყენეთ და რომელიც აუცილებელად გათვალისწინებული უნდა იყოს. თითოეული მათგანი არის პრიორიტეტული და ხელისუფლებას მასზე მუშაობა უკვე დაწყებულიც კი უნდა ჰქონდეს. თუმცა დროის თვალსაზრისით არც ახლაა გვიან. აქ მთავარია მხოლოდ პოლიტიკური ნება, ურთიერთკოორდინაცია და აქტიური მუშაობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყველა ეს წინაპირობა ყველა სუბიექტრის მიერ იყოს გათვალისწინებული", - დასძინა გიორგი ჩხეიძემ.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com