"რეზონანსი "
# 32
ოთხშაბათი, 6 თებერვალი, 2008 წელი

იანვარში ხანძრის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

ლანა ბერიძე

2008 წლის იანვარში 252 ხანძარი დაფიქსირდა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაღუპა და ათობით ადამიანი დაშავდა. გასული წლის მონაცემებით კი სულ 2825 ხანძარი აღინიშნა და 16 ადამიანი დაიღუპა.

გუშინ გაზის აფეთქების შედეგად მეტრომშენის დასახლებაში ყვარლის ქუჩის 388-ში 2 სართულიანი კორპუსის ერთი ნაწილი ჩამოინგრა. ამავე კორპუსში მცხოვრებმა მერი მიქავამ და მისმა მეუღლემ კი სხეულის 12-14%-იანი დამწვრობა მიიღეს. გუშინვე მოსკოვის პროსპექტის 347-ში ხანძრის შედეგად ერთი ადამინი დაშავდა. თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების პრესცენტრის ინფორმაციით, ორივე შემთხვევა მსხვერპლის გარეშე დასრულდა.

როგორც "რეზონანსს" საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის მოადგილე ნუგზარ მაისურაძემ უთხრა, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზამთარში უფრო მეტი ხანძარი ხდება, ვიდრე ზაფხულში, მცდარია. მისი თქმით, მოსახლეობა ასე იმიტომ ფიქრობს, რომ ზამთარში მომხდარი ხანძრების უმეტესებობა საცხოვრებელ სახლებში ხდება, ზაფხულში კი ხანძრის ძირითადი ობიექტი ტყის მასივები და ბალახია.

"ხანძრების რაოდენობა ზაფხულშიც არანაკლებია, უბრალოდ, საქმე ისაა, რომ ზაფხულში ხანძარი ძირითადად ბალახს და ტყის მასივებს უჩნდება, ზამთარში კი ხანძრების უმეტესი ნაწილი საცხოვრებელ სახლებსა და შენობებში ხდება. ზამთარში ხანძარს ძირითადად არასწორად დამონტაჟებული გამათბობელი და ძველი ელექტროგაყვანილობა იწვევს. ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსაახლეობის უყურადღებობა," - განაცხადა ნუგზარ მაისურაძემ.

მისივე განცხადებით, წელს მომხდარი ხანძრების უმეტესობა სწორედ არასწორად დამონტაჟებულმა გამათბობლებმა და ძველმა ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია.

"ვურჩევ მოსახლეობას, ყურადღებით იყვნენ ელექტროხელსაწყოებთან და გამათბობელ საშუალებებთან. არავითარ შემთხვევაში არ დატოვონ ბავშვი მარტო გამათბობელთან, არ ჩართონ ერთდროულად ბევრი ელერქტროხელსაწყო, თორემ შესაძლოა გადატვირთვა მოხდეს და ამან ხანძარი გამოიწვიოს. საერთოდ, კარგია, როცა პერიოდულად ძველი ელექტროგაყვანილობა იცვლება, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ეს თანხებთან არის დაკავშირებული, რასაც მოსახლეობა ვერ ახერხებს, ამიტომ ყურადღებით მაინც უნდა იყვნენ," - ამბობს ნუგზარ მაისურაძე.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com