"რეზონანსი "
# 32
ოთხშაბათი, 6 თებერვალი, 2008 წელი

"ქართული აკადემიის" განცხადება

როცა სახელმწიფოში საარჩევნო სამართალი ვერ იცავს დემოკრატიის იდეებს, სამართალზე საუბარი მხოლოდ ილუზიაა და სხვა არაფერი. ქართული დემოკრატიის უმთავრესი პრობლემა საარჩევნო სამართლის ერთპარტიულობის იდეოლოგიაა. ამიტომაც საქართველოს პარლამენტში მანკიერ ტრადიციად დამკვიდრდა კანონმდებლობის იმგვარი მოდიფიცირება, რომელიც მიზნად ისახავს მმართველი პარტიის რეიტინგის მუდმივ რეანიმაციას.

მოქალაქეთა კავშირიდან პირდაპირ ნაციონალ-დემოკრატებში გადაბარგებული საარჩევნო ტექნოლოგიის "სპეციალისტთა" გუნდი (ხ. გოგორიშვილი, მ. მაჭავარიანი და სხვ.) პირველ ხანებში აქტიურად იყენებდა არჩევნების გაყალბების ისეთ რესურსებს, როგორებიცაა: საარჩევნო ადმინისტრაცია, "მკვდარი სულებით" გაჯერებული საარჩევნო სია, პროპორციულ არჩევნებში 7%-იანი ბარიერის შემოღების შედეგად დაკარგული ხმები და ა.შ.

ცხადია, მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე ყველა ზემოაღნიშნული პრობლემა უსათუოდ უნდა მოგვარდეს, მაგრამ არსებითად ესეც ვერ შეცვლის ვითარებას, თუ სერიოზული და პრინციპული ხასიათის ცვლილებები არ განხორციელდა საარჩევნო კოდექსში.

სადღეისოდ ქართული საარჩევნო სამართლის უმთავრესი პრინციპი პარტიული იდეალიზაციაა. ჩვენში კანონმდებლობის საფუძველზე აიკრძალა საინიციატივო ჯგუფის ინსტიტუტი და ინდივიდუალური კანდიდატის მონაწილეობა მაჟორიტარულ არჩევნებში, პროპორციულ არჩევნებში კი - საზოგადოებრივ გაერთიანებათა მონაწილეობა როგორც დამოუკიდებელ სუბიექტად, ისე პოლიტიკურ პარტიასთან ბლოკში. პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნების დროს თანაბარი ხმების მომპოვებელ სუბიექტთა შორის გამარჯვებულის გამოვლენა ხდება საარჩევნო რეგისტრაციის თარიღითა და დროით, რაც არსებით წინააღმდეგობაშია პროპორციული არჩევნების არსთან. მაჟორიტარულ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებში არჩევნები პროცედურულად იმეორებს პროპორციულ არჩევნებს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ყველა მანდატს ერთი პარტია ისაკუთრებს.

ქართული "ნოვაციებით" "გამდიდრებული" უსამართლო საარჩევნო სისტემა 2006 წლის 23 ივნისს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების სახით იქნა შეტანილი და მიზნად ისახავს საპარლამენტო არჩევნებისათვის ნაციონალთა კატასტროფულად დაცემული რეიტინგის "ამოქაჩვას". მანამდე კი იგივე იდეა "წარმატებით" გამოიცადა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებზე. მაგალითად, თბილისი საკრებულოს არჩევნებზე ამომრჩეველთა მესამედმა მიიღო მონაწილეობა. ნაციონალებმა ხმების ორი მესამედით, ანუ 22%-ის მხარდაჭერით 34 მანდატი მოიპოვეს, ხოლო ოპოზიცია ხმების ერთი მესამედით მხოლოდ 3 მანდატს დასჯერდა. ამდენად, ხელისუფლებას, სხვა არაკანონიერი რესურსების გამოყენებაც რომ არ დასჭირდეს, ხელთ აქვს მის მიერვე დაკანონებული არამართლზომიერი - მარტივად რომ ვთქვათ, უსამართლო - რესურსი. იმავე მექანიზმის საპარლამენტო არჩევნების გამოყენების შემთხვევაში, ერთ პარტიას შესაძლებლობა ეძლევა მხარდამჭერთა ხმების 35-40%-ით გარანტირებულად მოიპოვოს საკონსტიტუციო თუ არა, საპარლამენტო უმრავლესობა მაინც. შესაბამისად, დავას არ უნდა იწვევდეს ის გარემოება, რომ ქართული საარჩევნო სამართალი ყველა დონის წარმომადგენლობითი ორგანოს ერთპარტიულ ფორმირებაზეა ორიენტირებული.

საპრეზიდენტო არჩევნებისაგან განსხვავებით, საპარლამენტო არჩევნები რთული შერეული სისტემით ტარდება. ამდენად, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ზოგიერთი სახელმწიფოს საელჩოთა დაპირებანი საპრეზიდენტო არჩევნებში გამოვლენილი დარღვევების გამოსწორებაში დახმარების შესახებ, ადვილი შესაძლებელია, დაპირებადვე დარჩეს, თუკი დროულად არ გადაწყდება საარჩევნო ადმინისტრაციის პარიტეტულ საწყისებზე ფორმირების საკითხი და თუკი არჩევნებამდე თუნდაც ერთი-ორი თვით ადრე არ დაიწყება პროცესი საარჩევნო სიის მკვდარი სულებისაგან გასაწმენდად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის პრაქტიკული განხორციელება რამდენადმე შეზღუდავს არჩევნების გაყალბების ალბათობას, თუმცა არ იქნება საკმარისი - სადღეისოდ არჩევნების ნორმა ერთპარტიულ შედეგზეა დაპროგრამებული. ამიტომაც, აუცილებელია საარჩევნო კოდექსში შემდეგი ცვლილებების შეტანა:

- მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქის საარჩევნო სისტემიდან უნდა გამოირიცხოს პარტიული სიის იდეა და ერთპარტიული გამარჯვების პრინციპი, რომელთა მიხედვითაც საარჩევნო სუბიექტი პარლამენტის მთელი უფლებამოსილების ვადით ხდება მანდატის მფლობელი (საკუთარი სარეზერვო სიის მონაცვლეობის პრინციპით).

- მაჟორიტარული საარჩევნო სისტემისათვის აღდგეს საინიციატივო ჯგუფის ინსტიტუტი, ინდივიდუალური კანდიდატის პასიური საარჩევნო უფლება და დადგინდეს გამოკლებული დეპუტაციის მონაცვლეობის პრინციპი.

- მაჟორიტარული და პროპორციული არჩევნებისას თანაბარ ხმათა მოპოვების პირობებში მაჟორიტარული სისტემის კრიტერიუმად ამოქმედდეს უბნებში გამარჯვებების რაოდენობა, ხოლო პროპორციულობის პრინციპს არავითარი დამატებითი კრიტერიუმი არ ჭირდება, რამდენადაც მანდატები უნდა განაწილდეს მიღებული ხმების პროპორციულად.

რასაკვირველია, პრეზიდენტის საპარლამენტო უმრავლესობისათვის არჩევნების გაუყალბებლობის შემთხვევაშიც კი ზემოაღნიშნული ცვლილებები პრინციპულად მიუღებელი იქნება. საარჩევნო კანონმდებლობის სამართლიანობა და დემოკრატიზაცია უნდა გახდეს უპირველესი სახალხო მოთხოვნა, რათა საარჩევნო კანონმდებლობამ, ბოლოს და ბოლოს, იტვირთოს კონკურენტუნარიანი მრავალპარტიული სისტემის ფორმირების მეთოდოლოგიური ფუნქცია.

2006 წლის 6 თებერვლის კონსტიტუციურ რეფორმასთან დაკავშირებით ევროსაბჭოს ვენეციის კომისიას - "დემოკრატია სამართლით" - ჰქონდა სერიოზული შენიშვნები, რომელთა გათვალისწინება თავიდან აგვაცილებდა ბევრ საკანონმდებლო ხარვეზს. მიზანშეწონილი იქნება საარჩევნო კოდექსის ნაკლოვანებათა სწორედ ზემოაღნიშნული კომისიის ექსპერტიზა და პარლამენტის მიერ ექსპერტიზის შედეგების გათვალისწინება.

და, თუ პრეზიდენტის საპარლამენტო უმრავლესობა მაინც შეუვალ პოზიციას დაიკავებს, რჩება ერთადერთი გამოსავალი, რომელიც ოპოზიციის წინაშე სტრატეგიული ხასიათისა და მნიშვნელობის ამოცანას აყენებს:

ვინაიდან მრავალსუბიექტიანი პროპორციული არჩევნები ე. წ. დაკარგული ხმების სახით მმართველი პარტიისათვის მნიშვნელოვან რესურსს ქმნის, მთელი ოპოზიციური სპექტრი ერთ კონსოლიდირებულ ორგანიზმად უნდა გაერთიანდეს და ერთიანი ძალისხმევით უნდა შეეცადოს პასიური ბოიკოტის მომხრე ამომრჩეველთა ჩართვას არჩევნებში. ამგვარმა გაერთიანებამ უნდა შეიმუშაოს სტრატეგიული ერთიანობის გარანტია საარჩევნო სიაში კვოტების წინასწარი გადანაწილებითა და სტრატეგიული მიმართულებების გარშემო სამომავლო ფრაქციული თანამშრომლობით.

ასეთ შემთხვევაში ამომრჩეველსაც რჩება მარტივი არჩევანი გუშინდელსა და ხვალინდელ საქართველოს შორის და სამოქალაქო საზოგადოებაც მიაღწევს იმ დონეს, როდესაც შეუძლებელი გახდება დღეს მოქმედი ერთპარტიული სისტემის ფიქრშიც კი დაშვებაც.

ჩვენი აზრით, სწორედ ეს უნდა გახდეს ამომრჩეველთა მოქალაქეობრივი ნებისა და პასუხისმგებლობის ახალი ტალღის აღმძვრელი და მანვე უნდა შესძინოს საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დატვირთვა.

მომავალ არჩევნებში საპარლამენტო ან საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსული ოპოზიცია ფაქტობრივად ნიშნავს უფლებამოსილებაშეზღუდულ პრეზიდენტს. შესაბამისად, პარლამენტი გადაიქცევა ძირითად პოლიტიკურ ცენტრად და პრეზიდენტი ვერ შეძლებს საკუთარი შეხედულებისამებრ სამთავრობო გუნდის ფორმირებას.

თუ საქართველოს ფაქტობრივ პრეზიდენტს არ ექნება პარლამენტის უმრავლესობის მხარდაჭერა, რეზერვში რჩება 2004 წლის კონსტიტუციური რეფორმა - მას შეუძლია სამჯერ უარყოფილი მთავრობა და სამთავრობო პროგრამა გამოიყენოს პარლამენტის დათხოვნის საბაბად, მაგრამ, - ყოველივე წინარე ფაქტორების გათვალისწინებით, - ეს იმავდროულად იქნება მისი ფაქტობრივი განაცხადი გადადგომის შესახებ.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com