|
|
"რეზონანსი "
გუგა კვიტაშვილი - გამოქვეყნებულმა ჩანაწერმა ცხადყო, რომ სამართლებრივად პატარკაციშვილს დანაშაული არ ჩაუდენია მირანდა დვალი
ბადრი პატარკაციშვილის პრესმდივნის, გუგა კვიტაშვილის შეფასებით, "ალიაში" გამოქვეყნებულმა პატარკაციშვილ-კოდუას საუბრის ჩანაწერის სრულმა ტექსტმა ცხადყო, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით პატარკაციშვილს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. ბიზნესმენის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე კი აცხადებს, რომ "პატარკაციშვილს პროვოკაცია სამართალდამცავებმა მოუწყვეს". ამავე დროს გუგა კვიტაშვილი უარყოფს ინფორმაციას, რომ აღნიშნული აუდიოჩანაწერი გაზეთში მან მიიტანა და სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ არაერთი თხოვნის მიუხედავად, პატარკაციშვილმა მას გახმაურებული საუბრის აუდიოჩანაწერი არ გადასცა. პრესმდივნის აზრით, ჩანაწერიდან ირკვევა, რომ შსს-ს მაღალჩინოსანი მიდის პატარკაციშვილთან და საქმის კურსში აყენებს იმის თაობაზე, რომ მას დავალებული აქვს არჩევნების გაყალბება და ხალხის პროტესტის შემთხვევაში ძალის გამოყენება. "რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ადამიანი საუბარში თავად გამოთქვამს მზადყოფნას, დიდი თანხის სანაცვლოდ გამოამზეუროს გაყალბებული ბიულეტენებით სავსე ტომრები," - ამბობს კვიტაშვილი. იგი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პატარკაციშვილი უარს ამბობს შსს-ს მაღალჩინოსნის ყველა წინადადებაზე, რომელიც დაკავშირებულია ისეთ ძალადობრივ ქმედებებთან, რომლის განხორციელების შემთხვევაში არ გამოირიცხება ადამიანების დაშავება. გუგა კვიტაშვილი ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ პატარკაციშვილი უარს ამბობს, რაიმე დაუშავდეს მინისტრ ვანო მერაბიშვილის დაცვის რომელიმე წევრსაც კი მაშინ, როცა სწორედ საქართველოს შსს-მ დაუკვეთა ჩეჩენ საველე მეთაურს მისი ლიკვიდაცია. "პატარკაციშვილს ბრალი იმაში ედება, რომ მან გამოხატა სურვილი, გადაეხადა უზარმაზარი თანხა, რათა არ გაყალბებულიყო საპრეზიდენტო არჩევნები და არ ესროლათ ხალხისათვის," - აღნიშნავს ბადრი პატარკაციშვილის პრესმდივანი გუგა კვიტაშვილი. პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პატარკაციშვილსა და ირაკლი კოდუას შორის ლონდონში შემდგარი საუბრის მთავარ საკითხად, შეხვედრის ინიციატორის ვინაობის გარკვევას მიიჩნევს. ამბობს, რომ მასზე მძიმე შთაბეჭდილება დატოვა "ალიაში" ამ საუბრის სრული ჩანაწერის გამოქვეყნებამ. მისივე შეფასებით, გამოქვეყნებული მასალის გაცნობამ მას იმაზე მეტი კითხვა გაუჩინა, ვიდრე ის ვარაუდობდა. ხუხაშვილის განმარტებით, თუ პატარკაციშვილი-კოდუას გამოქვეყნებული საუბარის სტენოგრაფიულობა დადასტურდა, ყველაზე პრინციპული "შეხვედრის ინიციატორის ვინაობის გარკვევის საკითხია." ხუხაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ იურისტი არ არის, მიაჩნია, რომ პატარკაციშვილი-კოდუას ჩანაწერთან დაკავშირებული ისტორია სამართლებრივ ჭრილში უნდა გადავიდეს და საგამოძიებო ორგანოებს უნდა მიეცეს იმის დადგენის საშუალება, თუ ვინ იყო შეხვედრის ინიციატორი და ორგანიზატორი. ხუხაშვილის აზრით, ამ ისტორიაში მტყუან-მართლის დადგენა მხოლოდ მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, როცა ამ საქმეს პოლიტიკური ასპექტი ჩამოშორდება და პატარკაციშვილი-კოდუას საქმეს საგამოძიებო ორგანოები სამართალდამცავ ჭრილში განიხილავენ. ამავე დროს პატარკაციშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის შეფასებით, პატარკაციშვილი-კოდუას საუბრის სრული ჩანაწერის გამოქვეყნებამ საზოგადოება დაარწმუნა, რომ პატარკაციშვილს პროვოკაცია სამართალდამცავებმა მოუწყვეს. "სამართალდამცავებმა პატარკაციშვილს პროვოკაცია მოუწყვეს, კოდუასთან საუბრის ჩანაწერი დაამონტაჟეს და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციით საქართველოს საზოგადოება პატარკაციშვილთან მიმართებაში შეცდომაში შეიყვანეს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ხაჭაპურიძემ. მისივე თქმით, გამოქვეყნებულ მასალაში კარგად ჩანს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ ბიზნესმენ პატარკაციშვილს ქვეყანაში არეულობისა და შუღლის დაშვება არ უნდოდა და ამისათვის ყველა, მხოლოდ კანონით დაშვებული ზომის მიმართვას გეგმავდა, ხოლო ის, რაც ტელევიზიებმა აჩვენეს, "დამონტაჟებულია და სამართალდამცავებმა მტკიცებულებთა ფალსიფიცირებით საქართველოს მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანეს". ხაჭაპურიძე დარწმუნებულია, რომ პატარკაციშვილი დამნაშავე არ არის და ეს სამართალდამცავებმაც კარგად იციან, მაგრამ მათ პატარკაციშვილის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკური მიზანშეწონილობის გათვალისწინებით არასწორი ბრალდებით აღძრეს. მისივე თქმით, გამოძიება გრძელდება და პატარკაციშვილის ადვოკატები ბიზნესმენის წინააღმდეგ აღძრული საქმის შეწყვეტისათვის ბრძოლას კვლავაც გააგრძელებენ.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |