"რეზონანსი "
# 33
ხუთშაბათი, 7 თებერვალი, 2008 წელი

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი იქნება: ზაზა ბეგაშვილს ჩინეთში ელჩად უშვებენ

სოფო ქვლივიძე

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე იცვლება. ზაზა ბეგაშვილს ჩინეთში ელჩად უშვებენ. მის შემცვლელად კი სახელისუფლებო კულუარებში ზაალ სამადაშვილის კანდიდატურა განიხილება. საკრებულოს წევრები ჯერჯერობით თავმჯდომარის შეცვლის შესახებ ვერაფერს ამბობენ, თუმცა, ხელისუფლებას ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილი აქვს.

გადამდგარი ჩინოვნიკების დიპლომატიურ სამსახურში გადანაცვლების ტრადიცია გრძელდება. ბეგაშვილისთვის დიდი ხნის განმავლობაში არჩევდნენ თანამდებობას და საბოლოოდ ჩინეთზე შეჩერდნენ. მანამდე საკრებულოს თავმჯდომარეს კახეთში გუბერნატორად გაგზავნის საკითხიც განიხილებოდა, თუმცა, ამ საკითხს თელავში აქციები მოჰყვა.

ბეგაშვილი საკრებულოს თავმჯდომარეობიდან შესაძლო გადაყენების შესახებ ხმები კარგახანია ვრცელდება, თუმცა, მას აქამდე შესაფერისი პოსტი ვერ შეურჩიეს. კახეთისათვის მიუღებელ ბეგაშვილს, როგორც ჩანს, ახლა ჩინურის სწავლა მოუწევს.

თავად სამადაშვილთან დაკავშირება "რეზონანსმა" ვერ მოახერხა, თუმცა, ცნობილია, რომ ეს საკითხი ხელისუფლებაში დიდი ხანია იხილება და როგორც ჩანს, უკვე გადაწყვეტილიც არის.

თავმჯდომარის შეცვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე ანდრო ალავიძე არ ადასტურებს, თუმცა, არც უარყოფს. მისი თქმით, ეს საკითხი საკრებულოს მომავალს სხდომაზე გაჟღერდება. ალავიძე აღნიშნავს, რომ ახალი თავმჯდომარის კანდიდატურის განხილვა მას შემდეგ მოხდება, თუ პარლამენტი საკრებულოს თავმჯდომარეს ელჩად დაამტკიცებს.

"ვისზე შეჩერდება არჩევანი წინასწარ მიჭირს ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება. ამაზე საუბარი უხერხულიც კია, რადგან ზაზა ბეგაშვილი ხელმძღვანელობს საკრებულოს და ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ეს არ იქნება დაფარული საკითხი და როცა მას პარლამენტი ელჩად დაამტკიცებს, საკრებულოს სხდომაზეც ამის შემდეგ ვიმსჯელებთ. ახლა ეს საკითხი დღის წესრიგში, ბუნებრივია, ვერ დადგება, ვინაიდან ბეგაშვილი ჯერ გადამდგარი არ არის. ყველა შემთხვევაში, გარწმუნებთ, რომ ღირსეული კანდიდატურა დასახელდება," - აღნიშნავს ალავიძე.

მას შემდეგ, რაც ბეგაშვილი გადადგომის შესახებ განცხადებას დაწერს, საკრებულოს შემადგენლობა თავმჯდომარის კანდიდატურას დაასახელებს. მას საკრებულოს წევრთა 2-3-მა უნდა დაუჭიროს მხარი.

სამადაშვილის საკრებულოს თავმჯდომარედ შესაძლო არჩევის შესახებ კომენტარის გაკეთება უჭირს საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალების" ხელმძღვანელს გიორგი ხახნელიძეს. მისი თქმით, ჯერჯერობით, ეს თემა საკრებულოში არ განიხილება, ვინაიდან მოქმედ თავმჯდომარეს გადადგომის შესახებ განცხადება არ დაუწერია.

ხახნელიძე აღნიშნავს, რომ ახალი თავმჯდომარის საკითხი მის ფრაქციაში არ განხილულა, თუმცა, სამადაშვილის კანდიდატურა მისთვის მისაღებია.

სამაგიეროდ, როგორც დღევანდელი, ისე მომავალი თავმჯდომარის კანდიდატურა მიუღებელია ოპოზიციისათვის. თუმცა, საკრებულოში მხოლოდ 3 ოპოზიციონერი წევრია და მათი პოზიცია ამ საკითხის გადაწყვეტაზე გავლენას ვერ მოახდენს.

ბეგაშვილის ჩინეთში გაგზავნის შესახებ ვერსია საკრებულოს ოპოზიციონერ წევრ კობა დავითაშვილს მხიარულ განწყობაზე აყენებს.

რაც შეეხება სამადაშვილს, დავითაშვილის თქმით, "მიშა როდიონოვის არცერთი თანაგუნდელი" მისთვის მისაღები არ არის. ამ საკითხზე კონსერვატორ კახა კუკავას აზრით კი, ბეგაშვილის დიპლომატიურ თანამდებობაზე გადაყვანა "ჩინეთის მიმართ ფაშიზმს" ნიშნავს.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com