"რეზონანსი "
# 33
ხუთშაბათი, 7 თებერვალი, 2008 წელი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალ - სოციალური მუშაობის - სპეციალობას ეუფლებიან

ლელა ოჩიაური

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პირველად საქართველოს საგანმანათლებლო სფეროს ისტორიაში, ახალგაზრდებს (და არამხოლოდ მათ) ახალი სპეციალობის დაუფლება შეუძლიათ. ამ პროფესიას სოციალური მუშაკი ეწოდება, რომლის საქმიანობის სფერო საკმაოდ დიდია, მნიშვნელობა საზოგადოების ცხოვრებაში კი - მეტად საჭირო და შედეგიანი.

ამ თემაზე "რეზონანსს" ესაუბრება უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიის და სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, საერთაშორისო პროექტის აკადემიური ხელმძღვანელი საქართველოს მხრიდან, სრული პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი.

"რეზონანსი": როგორ დაიწყო უნივერსიტეტში ახალი სპეციალობის დანერგვა და ამოქმედება.

იაგო კაჭკაჭიშვილი: ევროკომისიის, ე.წ. "კემპუს ტასისის" პროგრამამ 2005-2008 წლებში დააფინანსა სამწლიანი პროექტი, სახელწოდებით, სოციალური მუშაკის მუშაობის განათლების დაფუძნება საქართველოში. ამ პროექტის ძირითადი მიზანი იყო საქართველოში, კერძოდ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გახსნილიყო ახალი - სოციალური მუშაობის - სპეციალობა და მომზადებულიყო სასწავლო პროგრამები ამ სპეციალობის ფარგლებში.

კერძოდ, აქცენტი გაკეთდა საბაკალავრო კურიკულუმის მომზადებაზე, აქცენტი გაკეთდა სამაგისტრო პროგრამის მომზადებაზე და მომზადდა კიდევ ერთი - სერთიფიცირების პროგრამა, კონკრეტულად იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამჟამად დასაქმებული არიან, როგორც სოციალური მუშაკები, თუმცა სოციალური მუშაკის განათლება სპეციალურად არც ერთ უმაღლეს სასწავლებელში არ მიუღიათ, მათი საბაზო განათლება იყო ან პედაგოგობა, ან ფსიქოლოგობა და ა.შ. ეს ადამიანები გადამზადდნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მოკლევადიანი პროგრამების ფარგლებში და განიცდიდდნენ კვალიფიკაციის შემდგომი ამაღლების საჭიროებას. ამ პროექტმა ისიც გაითვალისწინა, რომ მათი კვალიფიკაცია საჭიროებს ამაღლებას, ისინი საჭიროებენ უფრო მეტ მომზადებას და ამიტომ პროექტს კიდევ ერთი სასწავლო პროგრამა დაემატა - მოქმედი სოციალური მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლების, ანუ სერთიფიცირების პროგრამა, რომელიც იმდენად პოპულარული აღმოჩნდა, რომ შემდეგ "გაეროს" ბავშვთა ფონდმა დააფინანსა ამ პროგრამის მეორე სასწავლო წელი და ახლა მივიღეთ ძალიან სასიამოვნო ცნობა იმისა შესახებ, რომ "იუნსეფი" (ანუ "გაეროს" ბავშვთა პროგრამა) მესამე სასწავლო წელსაც დააფინანსებს. სერთიფიცირების კურსი გახლავთ 30-კვირიანი.

"რ.": როგორ და რა პრინციპით ხდება სწავლება.

ი.ა.: ეს 30 კვირა, ასე ვთქვათ, იჭიმება ერთი წლის განმავლობაში, ცხადია, სხვადასხვა შუალედით. სოციალური მუშაკები აგროვებენ 60 კრედიტს - ანუ ესაა საკმაოდ მნიშვნელოვანი, საკმაოდ დატვირთული პროგრამა, კურსები, რომლებიც სპეციფიკურად შეეხება სოციალური მუშაობის სფეროს; ამ პროგრამის ფარგლებში სოციალური მუშაკები წერენ და ახორციელებენ კვლევით პროექტებს და ა.შ. საბაკალავრო პროგრამა კეთდება ოთხწლიანი სწავლების ბაზაზე, სამაგისტრო პროგრამა კეთდება ორწლიანი სწავლების ბაზაზე.

მთავარი მიზანი, როგორც უკვე მოგახსენეთ არის სამი ტიპის კურიკულუმის შექმნა - საბაკალავრო, სამაგისტრო და სერთიფიცირების. საბაკალავრო კურიკულუმი უკვე შექმნილია და ის წარმატებით ხორციელდება. კერძოდ, ბაკალავრების პირველი ნაკადის მიღება ჩვენ დავიწყეთ 2006 წლიდან; 2007 წელს მივიღეთ სოციალური მუშაკების მეორე ნაკადი; სერთიფიცირების კურსის პროგრამა გავახორციელეთ 2 წლის განმავლობაში - 2006-2007 წლებში და 2008 წელს, პრაქტიკოსი სოციალური მუშაკების მესამე ნაკადის მიღება დავიწყეთ.

"რ.": მაგისტრები.

ი.კ.: სამაგისტრო პროგრამის ამოქმედება დაიწყება 2008 წლიდან. განსაკუთრებით მინდა აღინიშნოს, ჩაფიქრებულია, რომ ეს პროგრამა სტუდენტებისთვის იყოს ერთობლივი ხარისხის მიმნიჭებელი. ერთობლივი ხარისხი იქნება ორი უნივერსიტეტის - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შეფილდ-ჰალამის უნივერსიტეტის, დიდი ბრიტანეთიდან. ეს იქნება პირველი პრეცედენტი საქართველოში სოციალური მეცნიერებების სფეროში, როდესაც სამაგისტრო ხარისხს ორი უნივერსიტეტი გასცემს და სამაგისტრო სერთიფიკატზე ორი უნივერსიტეტის ბეჭედი იქნება.

მთლიანად, პროექტი სამი უნივერსიტეტის კონსორციუმის ბაზაზე ხორციელდება. ჩვენი პარტნიორები არიან ბრიტანელები და სლოვენიელები. კერძოდ, პროექტში ჩაბმულია, როგორც წამყვანი მხარე - შეფილდ ჰალამის უნივერსიტეტი შეფილდიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ლუბლიანის უნივერსიტეტი სლოვენიიდან.

სასწავლო პროგრამების შექმნის გარდა, პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ე.წ. დამატებითი, საგანმანათლებლო აქტივობები, რომლებიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უფრო ეფექტური იყოს სპეციალისტების მომზადება ამ სფეროში.

კერძოდ, პროექტი ითვალისწინებს აუცილებელი სასწავლო ლიტერატურის შექმნას და გამოცემას. რამდენადაც ეს სფერო ჩვენთვის, ქართველებისთვის, სრულიად ახალია და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტები არ გვყავს და ამ დარგში პროფესურა არ არსებობს, ამიტომ გადავწყვიტეთ, ითარგმნოს ის სახელმძღვანელოები და ის ე.წ. ლიდერები, რომლებიც აპრობირებულია, ძირითადად, ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტეტებში; შევარჩიეთ ექვსი ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი, რომელიც სტუდენტებს გამოადგებათ იმისთვის, რომ კურსების ათვისებაში აქტიურად, ნაყოფიერად გამოიყენონ. ერთი წიგნი უკვე ითარგმნა და გამოვიდა, ორი - ითარგმნა და მზადდება გამოსაცემად და დარჩენილი სამი წიგნი - თარგმანის პროცესშია. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ექვსი წიგნი ყველაზე პოპულარული, მიღებული და გავრცელებული ლიტერატურაა სტუდენტებისთვის ამ სფეროში.

წიგნების თარგმნის გარდა, ასევე გათვალისწინებულია და ეს აქტივობა უკვე განხორციელდა - სარესურსო ცენტრის შექმნა, სტუდენტებისთვის.

"რ.": რას წარმოადგენს ეს ცენტრები.

ი.კ.: სარესურსო ცენტრი გულისხმობს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნას სასწავლო პროცესისთვის. აქ იგულისხმება კომპიუტერული ბაზა, ინტერნეტის ხელმისაწვდომობა, ბიბლიოთეკის შექმნა და ყველა იმ ტექნიკური საშუალების უზრუნველყოფა, რომელიც ხელს შეუწყობს სწავლების ეფექტურად წარმართვას - ქსეროკოპირების მანქანები, პრინტერები და ა.შ.

სარესურსო ცენტრი, საბედნიეროდ, უკვე დაფუძნდა. გვაქვს 20, ყველაზე თანამედროვე კომპიუტერი; 24-საათიანი ინტერნეტმომსახურება; დაახლოებით, 2000-მდე წიგნი სოციალური მუშაობის სფეროში, სპეციფიკურად, საბაზისო ლიტერატურა (სხვათა შორის, არაჩვეულებრივი წიგნები, რომლებიც ნაწილობრივ შევიძინეთ პროექტის ფულით, ხოლო ბიბლიოთეკის უდიდესი ნაწილი, როგორც შემოწირულობა, გადმოგვცა ბირმინჰემის უნივერსიტეტმა) და უნდა ვთქვა, რომ ამ სფეროში ყველაზე მდიდარი ლიტერატურა არამარტო საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში, ჩვენთაა.

სარესურსო ცენტრი არის რაღაცნაირად ოაზისი უნივერსიტეტში, სადაც ნებისმიერ სტუდენტს ნებისმიერ დროს შეუძლია იმუშაოს კომპიუტერთან, იმუშაოს ინტერნეტში, გამოიყენოს ბიბლიოთეკა, ქსეროკოპირების მანქანა, გააკეოს ნებისმიერი საქმე და ა.შ.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა რამდენიმე სასწავლო ვიზიტი ჩვენს პარტნიორ - შეფილდ-ჰალამისა და ლუბლიანის - უნივერსიტეტებში. მოხდა საგანმანათლებლო ტრენინგების ჩატარება ჩვენი პედაგოგებისთვის, პრაქტიკის პედაგოგებისთვის.

"რ.": სად პოულობთ პედაგოგებს.

ი.კ.: უნდა გითხრათ, რომ სოციალური მუშაობა ინტერდისციპლინური მუშაობაა და სხვადასხვა მეცნიერებას, რასაკვირველია, პირველ ყოვლისა, სოციალურ მეცნიერებებს, შეუძლიათ ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება, კონტრიბუცია გასწიონ სოციალური მუშაობის კურიკულუმის შექმნაში. ამიტომ, ამაში აქტიურად არიან ჩართული სოციოლოგიის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები, მაგრამ პროგრამაში ლომის წილი პროფესიონალ სოციალურ მუშაკებზე მოდის.

ვინ არიან ეს ადამიანები. ესენი არიან ახალგაზრდები, ვინც სოციალური მუშაობის სამაგისტრო ხარისხი ამერიკის ორ, წამყვან - კოლუმბიისა და ვაშინგტონის სენტ-ლუისის უნივერსიტეტებში მოიპოვა. მათ, სოროსის პროგრამის ფარგლებში - ღია საზოგადოების ინსტიტუტს აქვს პროგრამა, რომელიც ამ ორ უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხის მიღებას უზრუნველჰყოფს. ეს შესაძლებლობა გამოიყენა, დაახლოებით, 10-მდე ქართველმა. მათ მიიღეს მაგისტრის ხარისზი, დაბრუნდნენ საქართველოში და შექმნეს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, რომელიც ინსტიტუციურად ჩაბმულია ამ სასწავლო პროგრამის განხორციელებაში. თითქმის ყველა ეს ადამიანი, ერთი-ორის გარდა (ისინი სხვაგან არიან დასაქმებული და ჩვენთან თანამშრომლობის დრო არა აქვთ) ჩაბმულია ჩვენთან საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამაში, როგორც ლექტორები. ამ სფეროში ჩვენ დასაკარგი ადამიანი არ გაყავს. ამჯერად, ორი თუ სამი ადამიანი ამერიკულ უნივერსიტეტებში ისევ ეუფლება სოციალური მუშაობის პროფესიას და მათთან უკვე გვაქვს შეთანხმება, რომ როდესაც ჩამოვლენ, ინსტიტუციური თანამშრომლობის საფუძველზე, ჩვენს უნივერსიტეტში, კურსებს აიღებენ.

თუ ზოგადად შევაფასებთ, შეიძლება ითქვას, რომ დღეს არსებობს იმის ძალიან ღირებული შესაძლებლობა, რომ სტუდენტები სოციალურ მუშაობას, თუ ძალიან ხმამაღალ ნათქვამად არ ჩამომართმევთ, დაეუფლონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

"რ.": მაინც, რა არის სოციალური მუშაობის არსი.

ი.კ.: სოციალური მუშაობა ესაა პრაქტიკაზე ორიენტირებული სპეციალობა. თუ შეიძლება ასე ითქვას, თეორიული სპეკულაციები აქ ყველაზე ნაკლებია და მიღებულ ცოდნას აქვს ერთადერთი მიმართულება - პრაქტიკა და პრაქტიკაში ამ ცოდნის დანერგვა. სხვა მიზანი ამ ცოდნის დაგროვებას არა აქვს. ამიტომ, როგორც ევროპულ უნივერსიტეტებში ხდება, ბაკალავრიატის პროგრამის და სხვათა შორის, სამაგისტრო სწავლების პროგრამის მესამედი მაინც, მოდის პრაქტიკულ სწავლებაზე.

ჩვენ მოვახდინეთ, დაახლოებით, 30 სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციის იდენტიფიცირება, რომლებსაც საქმიანობის ძალიან დიდი ამპლიტუდა აქვთ, მაგრამ ძირითადად სოციალურ პრობლემებზე მუშაობენ. სამიზნე ჯგუფებად ჰყავთ - ბავშვები, ნარკომანები, მოხუცები, სოციალურად შეჭირვებულები, ფსიქიკურად დაავადებულები - ანუ ის ადამიანები, რომლებიც მარგინალებად ითვლებიან, იმიტომ, რომ მათ საზოგადოებასთან ადაპტაციის პრობლემები აქვთ.

ჩვენ შევხვდით, მოველაპარაკეთ ორგანიზაციებს, რომლებიც ამ სფეროს კურირებენ და მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ჩვენი სტუდენტები მათთან პრაქტიკას გაივლიან. თითო ორგანიზაცია აიყვანს ერთ ან ორ სტუდენტს, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ, სწავლის პროცესში მიღებული ცოდნა პრაქტიკულ საქმიანობად აქციონ.

ეს არაა უბრალოდ ჩართულობა. ამით ისინი კრედიტებს აგროვებენ, ანუ ჩართულობას აკადემიური წონა აქვს. ჩვენ მოვახერხეთ, მოგვემზადებინა თითოეული ორგანიზაციის ერთი წარმომადგენელი მაინც, როგორც პრაქტიკის მასწავლებელი. მათ ჩაუტარდათ საკმაოდ ინტენსიური ტრენინგები, ძირითადად, ჩვენი უცხოელი პარტნიორების მიერ. ასე, რომ ეს ადამიანები ადგილზე უხელმძღვანელებენ სტუდენტებს, მათ მუშაობას შეაფასებენ, მათ შრომას საკრედიტო გამოხატულებას მისცემენ და ეს კრედიტები ჩართული იქნება შეფასების საერთო სისტემაში. ეს კომპონენტიც ძალიან მნიშვნელოვანი და აწყობილია ამ პროექტის ფარგლებში.

სოციალური მუშაკები საქართველოში დღეს ყველაზე უფრო სჭირდებათ ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. ჯერ ერთი არსებობს სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც ჰქვია - ბავშვთა დეინსტიტუციონალიზაციისა და ბავშვთა მიტოვების პრევენციის პროგრამა. ამ პროგრამის მიზანია, რომ შეაჩერონ, შეაკავონ ბავშვების ბავშვთა სახლებში ანუ ე.წ. ინსტიტუციებში ჩაბარების შემთხვევები; დეინსტიტუციონალიზაცია კი გულისხმობს ბავშვების დაბრუნებას ინსტიტუციებიდან, ძირითადად, ბიოლოგიურ ოჯახებში ან ცალკეულ შემთხვევებში, "მიღებ ოჯახბეში", რომლებსაც აქვთ სურვილი, რომ ბავშვი შეიფარონ.

ამ პროცესში სოციალურ მუშაკთა ფუნქცია არის მუშაობა კონკრეტულად ოჯახებთან, მათი შესწავლა, მათ შესახებ ძალიან დეტალური ინფორმაციის მოგროვება - ეკონომიკური, სოციალური, ფსიქოლოგიური პროფილის შესახებ და ა.შ. და არამხოლოდ შესწავლა, არამედ ოჯახების მომზადება იმისთვის, რომ ბავშვი ადეკვატურ გარემოში დაბრუნდეს ან ოჯახების მომზადება იმისთვის, რომ მათ ბავშვების ინსტიტუციებში ჩაბარების მოტივაცია არ გაეღვიძოთ.

აღმოჩნდა, რომ ეკონომიკური მიზეზი არაა ერთადერთი, რის გამოც მშობლები ბავშვს ინსტიტუციაში აბარებენ, ეს ერთ-ერთი მიზეზია. ამას სხვადასხვა სოციალური გარემოება აპირობებს და სოციალური მუშაკი არის ადამიანი, რომელიც ოჯახებს სოციალური პრობლემების მოგვარებაში ეხმარება. ის პირველ ყოვლისა მედიატორია ოჯახსა და სხვადასხვა ინსტიტუციას შორის, რომელთაც ოჯახის პრობლემის მოგვარება ევალებათ, მაგრამ ოჯახმა არ იცის, როგორ იმოქმედოს, ვის მიაკითხოს, რა ენაზე დაელაპარაკოს, რა დოკუმენტები შეაგროვოს ამისთვის.

სოციალური მუშაკები აქტიურად არიან ჩართული ქუჩის ბავშვების სოციალური ადაპტაციის პროცესში. ცდილობენ, სახლიდან წამოსული და ქუჩაში მყოფი ბავშვები ოჯახში დააბრუნონ ან სანამ ოჯახებში დააბრუნებენ (ზოგჯერ ეს შეიძლება არც იყოს შესაძლებელი), რაღაც ინსტიტუციებში მიიყვანონ, რომ მათ ჰქონდეთ თავშესაფარი და შეექმნათ ცხოვრების და სწავლის პირობები.

თუმცა, სოციალურ მუშაკთა საქმიანობის მასშტაბი და გეოგრაფია იზრდება. ისინი უკვე აქტიურად მონაწილეობენ ნარკომანების ადაპტაციის პროცესში; ასევე ხდება მათი ჩართვა მოხუცებთან ურთიერთობაში; ისინი ასევე მივიდნენ იმ ადამიანებთან, რომლებსაც ოჯახური ძალადობის მსხვერპლს უწოდებენ, ვისაც კონფლიქტების გამო მოუწიათ ოჯახების დატოვება, სხვა თავშესაფარი არა აქვთ და იძულებული არიან მიაკითხონ ე.წ. დღის ცენტრებს, რომლებიც საქართველოში ჩამოყალიბდა, როგორც ძალადობისგან დაცვის ქსელი. არსებობს არასამთავარობო ორგანიზაცია, რომელიც დღის ცენტრებს უზრუნველჰყოფს და იყენებს სოციალური მუშაკების მომსახურეობას.

ამ სპეციალისტების მოთხოვნა ბაზარზე არსებობს და ძალიან მნიშვნელოვანია ფაქტია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკვე მოამზადებს ამ პროფესიის ადამიანებს. ბაკალავრიატის პირველი გამოშვება ჩვენ 2010 წელს გვეყოლება და მინდა გითხრათ, რომ ეს არ იქნება პრაქტიკაში მუშაობის გამოცდილება არმიღებული სტუდენტები, ამიტომ მათი ჩართვა პრაქტიკაში და რეალური პრობლემების მოგვარებაში შესაძლებელია.

საბედნიეროდ, კოორდინაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ძალიან მჭიდროა, არანაირი "აცილება" არა გვაქვს, შეიძლება ვთქვათ, რომ მათი დაკვეთაცაა, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი გადავამზადოთ და რაც შეიძლება მეტ სტუდენტს გავუღვივოთ მოტივაცია, რომ ამ სპეციალობას დაეუფლოს.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com