|
|
"რეზონანსი "
"ყველაფერი ოქრუაშვილის პარტიის ოფისის კონფისკაციისკენ მიდის": რა შემთხვევაშია ნებადართული დაყადაღებული ქონებით სარგებლობა ია აბულაშვილი
გენპროკურატურამ მოძრაობას "ერთიანი საქართველოსთვის" ათონელის 16-ში მდებარე დაყადაღებულ ოფისში შესვლაზე ოფიციალურად უთხრა უარი. პარტიის წევრთა თქმით, ეს უარი სასამართლოში გასაჩივრდება, ვინაიდან, კანონმდებლობის მიხედვით, ასეთ შემთხვევებში იკრძალება ოფისის განკარგვა და არა გამოყენება. გარდა ამისა, პარტიის ერ-ერთი ლიდერი გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ თავად ოფისის დაყადაღებაც უკანონოდ მოხდა, რადგან ათონელის ქუჩაზე მდებარე აღნიშნული შენობა პარტიის ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის გარდა კიდევ ათ იურიდიულ პირს ეკუთვნის და შესაბამისად, ხელისუფლებას მისი დაყადაღების უფლება არ აქვს. "რეზონანსი" აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურის პრესსამსახურის წარმომადგენელს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ამ საკითხის ირგვლივ დეტალურ პასუხს ფინანსური პოლიცია ამზადებს. როგორია კანონის პოზიცია ქონებაზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებით და სადამდე შეძლებს ყადაღა შენარჩუნებას - ამ საკითხების ირგვლივ "რეზონანსი" თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორს, პარლამენტარ გია მეფარიშვილს ესაუბრა. გია მეფარიშვილი: ქონებაზე ყადაღის დადება, როგორც "სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების" ჩატარება, გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 24-ე თავით. ჩვენი კანონმდებლობა ზუსტად განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევაში დაედება მოქალაქის ქონებას ყადაღა და როგორია ყადაღის დადების მიზანი და საფუძველი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიის 190-ე მუხლი ამომწურავად ჩამოთვლის ყადაღის დადების მიზანს და საფუძველს. კერძოდ, ნორმაში აღნიშნულია, რომ სარჩელის, სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, სასამართლოს შეუძლია ყადაღა დაადოს ეჭვმიტანილის, ბრალდებულის ან განსასჯელის, მისი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ანდა დაკავშირებული პირის ქონებას; მათ შორის საბანკო ანგარიშებს, თუ არის მონაცემები, რომ ქონებას გადამალავენ, დახარჯავენ ანდა, რომ ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული. თუ არსებობს მონაცემები იმის თაობაზე, რომ ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული, მაგრამ ამ ქონების მოძიება ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია დააყადაღოს ამ ქონების ეკვივალენტური ღირებულების ქონება. თუ ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან განსასჯელი თანამდებობის პირია, შუამდგომლობა სასამართლოს წინაშე აღიძვრება პირის ქონების, მათ შორის, საბანკო ანგარიშების დაყადაღების, აგრეთვე თანამდებობის პირის მიერ სახელმწიფოს სახელით დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შეჩერების ან სარჩელის უზრუნველყოფის, სხვა ღონისძიებების განხორციელების თაობაზე. გარდა ამისა, მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს პროცედურას, როდესაც ყადაღა დაედება ქონებას, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნას დანაშაულის მომზადების, აგრეთვე დანაშაულის აღკვეთის უზრუნველსაყოფად. თუ საკმარისი საფუძველია იმისა, რომ ქონება გამოყენებული იქნება დანაშაულის ჩასადენად (საქართველოს სისიხლის სამართლის კოდექსის 323-ე 330-ე და 331-ე პრიმა მუხლებით), ქონებაზე ყადაღის დადება მესაკუთრეს უკრაძალავს ქონების განკარგვას, ხოლო აუცილებელ შემთხვევაში - აგრეთვე ქონებით სარგებლობას. ამას გარდა, კანონმდებლობა ზუსტად განსაზღვრავს იმ ქონების ჩამონათვალს, რომელზეც არ შეიძლება ყადაღის დადება. სახელდობრ, კანონი კრძალავს ყადაღის დადებას ბრალდებულისა და მისი ოჯახის წევრების კვების პროდუქტზე, სათბობზე, პროფესიულ საქმიანობის ინვენტარსა და სხვა საგნებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ადამიანის ნორმალურ სასიცოცხლო პირობებს (ეს არის სხვა პროფესიული იარაღი თუ ინსტრუმენტები, ყავარჯნები და ა.შ). საქართველოს სისხლის სამართლით ქონებაზე ყადაღა იდება მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, რომლის ასლი ეძლევა გამომძიებელს და პროკურორს. თავისი შუამდგომლობის შესაბამისად, მოსამართლის ბრძანებაში უნდა აღინიშნოს: ვის ქონებას ედება ყადაღა; სად და ვისთან ინახება იგი; რა საგნებისაგან; ფასიანი ქაღალდებისაგან; ფულისაგან ან სხვა ფასეულობებისაგან შედგება იგი; ერთობლივი საკუთრების რომელ წილს ედება ყადაღა; ვის ევალება ყადაღის დადების შესახებ ბრძანების შესრულება; დასაშვებია, თუ არა იმ შემთხვევაში როცა ქონების ჩაბარებაზე უარია მიღებული, ვის და სად ეძლევა ჩხრეკის ჩატარების უფლება; რა თანხას უნდა დაედოს ყადაღა სარჩელის უზრუნველსაყოფად. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 195-ე მუხლი განსაზღვრავს ასევე ყადაღის დადებას გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. ე.ი. თუ არსებობს საფუძველი ვარაუდისათვის, რომ ქონებას გაანადგურებენ ან გადამალავენ, აღნიშნულ ქონებას ედება ყადაღა და ყადაღის დადებიდან 24 საათის განმავლობაში უნდა დადასტურდეს გადაუდებლობით განხორციელებული, ქონებაზე ყადაღის დადების კანონიერება შესაბამის სასამრთლოში. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა განსაზღვრავს, ასევე, ვრცელ ჩამონათვალს იმ უფლებებისა, რომლითაც აღჭურვილი არიან პირები, რომელთა ქონებასაც დაედო ყადაღა. ამ უფლებით სარგებლობა გააჩნიათ იმ პირებს, ვის ქონებასაც დადებული აქვს ყადაღა, ან მათ წარმომადგენლებს. ეს ყველაფერი კანონის პოზიციაა. "რ": სანამდე შეიძლება ყადაღის შენარჩუნება. გ.მ: ესეც განსაზღვრულია კანონმლდებლობით. ყადაღა დადებულია კანონით დადგენილი წესით, აღნიშნული განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ როდის, რა პირობებში მოხდება შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება სისხლის სამართლის აღნიშნულ საქმეზე. ასე რომ, ქონების ყადაღის არსებობა მთლიანად დაკავშირებულია სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებასთან. "რ": ყადაღა დაედო ბრალდებულის ქონებას, მაგრამ დარჩა კიდევ 10 სუბიექტი, რომელიც ამ ქონების თანამფლობელები არიან. არის თუ არა უფლებამოსილი საფინანსო პოლიცია აუკრძალოს ამ ოფისით სარგებლობა დანარჩენ პირებს. გ.მ: მოქმედი კანონმდებლობა ზუსტად განსაზღვრავს ბრალდებულის წილზე დადებული ყადაღის პროცედურებსაც. ყადაღა ედება ბრალდებულის წილს, ხოლო თუ არსებობს მონაცემები, რომ საკუთრება შეძენილია ან გაზრდილია დანაშაულებრივი გზით, ყადაღა დაედება მთელ ქონებას ან მის მეტ ნაწილს. ყადაღა ედება ბრალდებულის, მისი ოჯახის წევრების ქონებას. დასაყადაღებელი ქონების წილის განსაზღვრისას გაითვალისწინება დანაშაულში ბრალდებულის მონაწილეობის ხარისხი. ყველა შემთხვევაში ბრალდებულის ქონების ღირებულება, რომელსაც ყადაღა ედება, არ უნდა აღემატებოდეს იმ ზიანის საერთო თანახას, რომლის მიყენებაში მონაწილეობდა ყველა ბრალდებული. "რ": მაშინ რატომ დაედო ათონელის ქუჩაზე განლაგებულ ოფისს ყადაღა. გ.მ: აქ სამართლებრივი არგუმენტები ერთი მხრივაც შეიძლება იქნას მოყვანილი და მეორე მხრივაც, მაგრამ მიუხედავად საქართველოს სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში შეტანილი გაუთვალისწინებელი ცვლილებებისა, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, რითაც მთლიანად გაპარტახდა საკანონმდებლო ბაზა, გაისმის ერთი კითხვა, რომელსაც ასევე პასუხი უნდა გაეცეს: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 1998 წლის აგვისტოში საქმეზე "ფურცხვანიძე საქართველოს წინააღმდეგ" არაკონსტიტუციურად ცნო ქონების კონფისკაცია, როგორც სასჯელის დამატებითი სახე. ამ გადაწყვეტილებამ მაშინ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ საქართველოს სისიხლის სამართლის კოდექსში კვლავ იქნა აღდგენილი ქონების კონფისკაცია, როგორც სასჯელის დამატებითი სახე. ეს ნორმა აქტუალობას დღესაც არ კარგავს. ასე რომ, თუ ქონების კონფისკაციის მიზნით ეს ოფისი დაყადაღებულია, ეჭვს გარეშეა, რომ ჩვენი "დამოუკიდებელი სასამართლო" ამ ქონებას მის მფლობელს ჩამოართმევს. განაჩენით დაინტერესებულ მხარეს ფართო პერსპექტივა ეშლება დავა გადაიტანოს ევროპის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლოში. ასე რომ, ქონების კონფისკაციის უზრუნველსაყოფად საქართველოს ხელისუფლებას, ადრე თუ გვიან დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. მართალია, თანამდეროვე ქართული სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდლებლობა ქონების კონფისკაციას, როგორც სასჯელის სახეს ითვალისწინებს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ეს კანონები წინააღმდეგობაში მოდიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, რომელიც დღეს ძალაშია და თავისი იურიდიული ძალით უფრო მაღლაა, ვიდრე მოქმედი სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა. თუნდაც მოხდეს ათონელის ქუჩაზე ამ ქონების ჩამორთმევა, რაც აუცილებლად მოხდება, დავა ამით არ დასრულდება.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |