"რეზონანსი "
# 34
პარასკევი, 8 თებერვალი, 2008 წელი

საქმეების განსახილველად ევროპელ მოსამართლეებს მოიწვევენ: ევროპასთან სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე მუშაობა წელს დაიწყება

სოფო ქვლივიძე

ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივებასა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარე წელს დაიწყება. ვიცე-პრემიერის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების მოსამზადებელი სამუშაოები უკვე ჩატარებულია. გარდა ამისა, მისი თქმით, შესაძლოა, მიმდინარე წელს ქართველ მოსამართლეებთან ერთად, კომერციული და სს დავები ევროპელმა მოსამართლეებმა გადაწყვიტონ.

ამ საკითხებზე "რეზონანსი" ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძეს ესაუბრა.

"რ": რა ვალდებულებების შესრულება მოუწევს საქართველოს მიმდინარე წელს სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

გიორგი ბარამიძე: ევროკავშირთან რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით ვგეგმავთ თანამშრომლობას. პირველ რიგში, გამოვყოფდი ევროკავშირის უფრო აქტიურ ჩართვას საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების საქმეში და კანონის უზენაესობის განმტკიცებასთან მიმართებაში.

ეს შეეხება სასამართლო სისტემის რეფორმირებას. გარდა დაგეგმილისა, ვაპირებთ, რომ ამ კუთხით უპრეცედენტო ნაბიჯი გადავდგათ. პრეზიდენტმა მოუწოდა ევროკავშირს მოვიწვიოთ საქართველოში ევროპელი მოსამართლეები, რომლებიც შეძლებენ ქართველ მოსამართლეებთან ერთად წარმართონ როგორც კომერციული დავები, ისე სს საქმეები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად ბევრი წინგადადგმული ნაბიჯისა, სამწუხაროდ, სასამართლო ხელისუფლებისადმი ნდობა ნაკლებია.

ნდობის მოპოვებას დრო დასჭირდება. ამიტომ გვინდა არაორდინალური ნაბიჯები გადავდგათ, რომ სასამართლო ხელისუფლებისადმი ნდობა გაიზარდოს. ეს მოგვიტანს როგორც, ერთი მხრივ, პოლიტიკურ სტაბილურობას, ამავე დროს უფრო მეტ ინვესტიციებს ქვეყანაში.

ჩვენი სურვილია, რომ გავაღრმავოთ ეკონომიკური თანამშრომლობა ევროკავშირთან და ჩვენი პრიორიტეტი იქნება, რომ მიმდინარე წლის ზაფხულიდან, როცა საფრანგეთი იქნება ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, დავიწყოთ მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

ამისათვის მოსამზადებელი ყველა სამუშაო უკვე ჩატარებულია. მარტში გავრცელდება ევროკავშირისავე ჩატარებული კვლევა იმის შესახებ, თუ რამდენად მზადაა საქართველო ამისათვის.

ჩვენ გვაქვს წინასწარი ინფორმაცია, რომ ამ კვლევის შედეგები დადებითი იქნება. შემდეგ ამას მოჰყვება პროცედურები ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მანდატის მიღებასთან დაკავშირებით და ყველაზე უარეს შემთხვევაში სექტემბრიდან, ევროკავშირი მზად იქნება მოლაპარაკებების დასაწყებად.

"რ": სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები როდის დაიწყება.

გ.ბ: მიმდინარე წელს ვგეგმავთ მოლაპარაკებებს ამ საკითხზე, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა გაიარონ უფრო ადვილი პროცედურები ევროკავშირში შესასვლელად. პირველ ეტაპზე ვსაუბრობთ სტუდენტებზე, მეცნიერებზე, კულტურის სფეროს წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებზე, სპორტსმენებზე, დიპლომატებსა და იმ ადამიანებზე, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ესაჭიროებათ ევროკავშირში შესვლა. იმედი გვაქვს, რომ ამ წლის ბოლოსათვის პირველი რეზულტატები გამოიკვეთება.

"რ": როდის იგეგმება უფრო მაღალი დონის შეთანხმების გაფორმება ევროკავშირთან.

გ.ბ: ჩვენი მიზანია, რომ სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა 5 წლის ნაცვლად 3 წელში შევასრულოთ. ამ დროისათვის იწურება ევროკავშირ-საქართველოს პარტნიორობის შეთანხმების ვადაც. ამის შემდეგ იქნება საუბარი იმაზე, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობის თვისობრივად უფრო მაღალ საფეხურზე გადავიდეთ. ბევრი რამ არის დამოკიდებული თავად ევროკავშირზე, მაგრამ ვეცდებით, რომ ამ გრაფიკით ვიმოძრაოთ.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com